გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-105-65-კს-03 3 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 დეკემბერს ინდივიდუალურმა საწარმო “ა-მ” სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოეხდინა მოსარჩელის მიერ დღგ-ს ¹025168 და ¹026055 ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი 8378,8 ლარის ჩათვლა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ინდივიდუალურმა საწარმო “ა-მ” 2000წ. 16 სექტემბერს შეიძინა შპს “მ-საგან” ¹025168 სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურით 18860 ლიტრი, 14484,48 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი, საიდანაც დღგ-მ შეადგინა 2414,8 ლარი, ხოლო 29 სექტემბერს ¹026055 სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურით შპს “ალ-საგან” შეიძინა 42000 ლიტრი დიზელის საწვავი 35784 ლარად, საიდანაც დღგ-მ შეადგინა 5964 ლარი.
ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები მიიჩნია ყალბად და საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაუთვალა მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი დღგ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით, რამაც მთლიანობაში შეადგინა 8378 ლარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოეხდინა ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” მიერ სპეციალური დღგ-ს ¹025168 და ¹026055 ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი 8378,8 ლარის ჩათვლა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.
აპელანტ ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ შპს “მ-სა” და შპს “ალ-ს” საქმეში ჩართვის გარეშე და მათი საგადასახადო დოკუმენტების შეუდარებლად, შეუძლებელი იქნებოდა ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე-ნამდვილობის დადგენა და დავის გადაწყვეტა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “მ.” და შპს “ალ.”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის განჩინებით ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” შუამდგომლობით მოცემულ ადმინისტრაციულ დავაში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალური საწარმო “მ. ჩ-ე”.
შპს “მ-ს” დირექტორმა მ. თ-მა ქ. ქუთაისის სასამართლოში ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” საქმესთან დაკავშირებით წარადგინა საჩივარი, რომლითაც აღნიშნული საწარმოსა და ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრაციულ დავაში შპს “მ-ს” მესამე პირად ჩაბმას არ დაეთანხმა და მიუღებლად მიიჩნია იგი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ინდივიდუალურ საწარმო “ა-ს” შპს “მ-საგან” არასოდეს შეუძენია საწვავი, ასევე არ მიუღია საგადასახადო დეპარტამენტისაგან ყალბი სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა ¹025168 და მისით საწვავი არავისზე არ გაუყიდია, რაც თავის დროზე შესწავლილი და დადგენილი აქვს საგადასახადო დეპარტამენტს საგანგებო ლეგიონთან ერთად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივნისის განჩინებით შპს “მ-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსისათვის საგანგებო ლეგიონის მოკვლევის სამმართველოს უფროსის მიერ 2000წ. 11 ნოემბერს გაგზავნილი ¹8/868 წერილის თანახმად, მისი გაგზავნის მომენტისათვის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში წარმოებდა მოკვლევა ნავთობის დისტილატებისათვის განკუთვნილი ყალბი სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით დიზელის საწვავის რეალიზაციის ფაქტებზე და დადგენილი იყო, რომ 2000წ. 16 სექტემბერს ინდივიდუალურმა საწარმო “ა-მ” ყალბი ¹025168 სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურით შპს “მ-საგან” შეიძინა დიზელის საწვავი 14484,48 ლარად, საიდანაც დღგ-მ შეადგინა 2414,8 ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინების მოტივაცია და იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სწორედ კერძო საჩივარში მითითებული გარემოების შემოწმებისათვის ჩააბა საქმეში შპს “მ-” და შპს “ალ.”, კერძოდ, რათა დადგინდეს ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” მიერ წარმოდგენილი სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის სიყალბე-ნამდვილობა, ასევე თვით ამ ოპერაციის, კერძოდ, შპს “მ-სა” და შპს “ალ-ს” მიერ დიზელის საწვავის ინდივიდუალური საწარმო “ა-სათვის” მიწოდების ფაქტიც.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “ალ-ს” საქმეში ჩაურთველად და მათი საგადასახადო დოკუმენტაციის შეუდარებლად, შეუძლებელია ინდივიდუალური საწარმო “ა-ს” მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ნამდვილობა-სიყალბის დადგენა და მოცემული დავის გადაწყვეტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “მ-ს” დირექტორ მ. თ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “მ-ს” დირექტორ მ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.