საქმე №ას-1171-1091-2017 19 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.-ჯ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ზ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ჯ.“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 80 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ... ჩიხი №...-ში (ყოფილი ... მოედანი №...) მდებარე უძრავი ქონება. 2007 წელს მოპასუხემ მოსარჩელის მეზობლად შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით და 2011 წელს დაიწყო მათი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მიმდინარე მშენებლობისას გამოწვეულმა ვიბრაციებმა დააზიანა მოსარჩელის სახლის მზიდი კონსტრუქციები, შენობამ განიცადა დეფორმაცია და დაიწყო დაშლა. მიუხედავად სახლის მძიმე ავარიული მდგომარეობისა, მოსარჩელე აგრძელებს მასში ცხოვრებას, რადგან არ გააჩნია საკუთარი სახსრებით შენობის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა.
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ გამოუწვევია მის მიერ წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებს. სახლი დაზიანებულია სიძველის გამო და არ დასტურდება მასზე მშენებლობის ზემოქმედება. მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობაც.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 315 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქ. თბილისში, ... ჩიხი №...-ში მდებარე უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელისა და ზ. ლ-ის სახელზე;
7.2. შპს ,,ლ.” 2013 წლის დასკვნის თანახმად, შენობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მშენებლობის სამუშაოების წარმოებისას გამოწვეული ვიბრაციები შეიგრძნობა ბინებშიც, რის გამოც მოიმატა დეფორმაციებმა მზიდ კონსტრუქციებში. მშენებლის მიერ ქვაბულის ფერდის ჩამოქცევის შემაკავებელი ღონისძიებები შესრულებულია არასწორად: შპუნტის შემადგენელი მილები, მიუხედავად მათ შორის მცირე ბიჯისა, ვერ იკავებს მათ ზევით განლაგებულ შენობას, ვინაიდან მათ შორის სიმაღლეზე დიდი მანძილია (5 მეტრი), რამაც გამოიწვია ეზოს გრუნტის დაძვრა და შენობის უფრო მეტად დაზიანება;
7.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ... ჩიხი №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების დეფორმაციები და დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია მიმდინარე ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დროს გავრცელებული ვიბრაციებით და შენობის მზიდი კონსტრუქციების სიძველითა და ფიზიკური ცვეთით;
7.4. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის გაფრთხილების წერილით მოპასუხეს ეთხოვა სამშენებლო სამუშაოების შეჩერება კორექტირებული პროექტით გათვალისწინებული ნებართვის მიღებამდე. წერილიში მითითებულია, რომ მოპასუხე მშენებლობას აწარმოებს შეთანხმებული პროექტის სრული იგნორირებით: შეუსაბამოა შენობის პარამეტრები, ნიშნულები, გაბარიტები. მზიდი კედლების კონფიგურაცია და რკინა-ბეტონის კონსტრუქციული ჩონჩხი არ ესადაგება საპროექტოს. პროექტთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებით შესაძლოა დაზიანდეს მიმდებარე ტერიტორიაზე ... ჩიხი №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
7.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 ივლისის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... მოედანი №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მწვავე ავარიული, ექსპლუატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „შენობა მომიჯნავე ავარიული სახლის დემონტაჟამდე რთულ დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაში იყო, თითქმის მდგრადობის წონასწორობის ზღვრამდე. შენობას პრაქტიკულად ამოწურული აქვს სიმტკიცის მარაგი და ნებისმიერ უმნიშვნელო გავლენას, მაგალითად, დამატებით ზემოქმედებას (როგორიცაა ტექნიკის მოძრაობით გამოწვეული დინამიური დატვირთა-ვიბრაცია) ან საძირკვლებში გრუნტის პირობების ცვლილებას შეეძლო დაერღვია არსებული მდგომარეობა. ამ მხრივ საკვლევი შენობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არ არის გამონაკლისი და ამ კუთხით შპს ,,ა. ჯ.” მიერ წარმოებული მშენებლობა ზემოაღნიშნულ მიზეზთან ერთად თანაბარწილად უნდა იყოს განხილული. ზემოთხსენებული წონასწორობის მდგომარეობა სავარაუდოდ დაირღვა. შენობის მზიდ კედლებში დაფიქსირებული დეფორმაციები და ბზარების წარმოქმნა-განვითარების პროცესები ამის დასტურია“;
7.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 მაისის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ჩიხი №...-ში მდებარე, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული მთლიანი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2015 წლის 7 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 25 315 აშშ დოლარს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მოპასუხის ბრალეულობით დაზიანების ფაქტი.
9. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისთვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისთვის. ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა მშენებლობის დაწყებამდე სადავო შენობის მძიმე და ავარიული მდგომარეობა, მოპასუხე პასუხისმგებელი იყო სრულად აენაზღაურებინა ზიანი, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 21 დეკემბრის #9618/04/18 დასკვნით დასტურდება, რომ მიუხედავად შენობის საერთო მდგომარეობისა, თუ არ იქნებოდა გარეშე ფაქტორების ზემოქმედება, მოკლე პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელ სახლს არ ემუქრებოდა ჩამონგრევის საშიშროება. საქმის განხილვის პერიოდისთვის კი სადავო სახლის მდგომარეობა ექსპერტის მიერ შეფასებულია, როგორც ავარიული, ექსპლუატაციისთვის უვარგისი და საფრთხის შემცველი, შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის პრაქტიკულად აღდგენას არ ექვემდებარება. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედებით არა მხოლოდ დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, არამდე გახდა ექსპლუატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი.
11. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლით, 409-ე, 414-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დაზარალებულის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს მესამე პირის მიერ მისი საკუთრების უფლების ხელყოფისაგან დაცვა. შესაბამისად, დაზარალებულის ინტერესი გამოიხატება იმ ვითარების, მდგომარეობის აღდგენაში, რაც ვალდებულების დარღვევამდე არსებობდა. ამდენად, სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ე.-ა.“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნით განსაზღვრული თანხა - 17 500 ლარი ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს - სრულად აენაზღაურებინა ზიანი. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 მაისის დასკვნაზე, რომლითაც სადავო შენობა შეფასდა 25 315 აშშ დოლარად და აღნიშნა, რომ მოცემული საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული უძრავი ნივთის საბოლოო მაჩვენებელი წარმოადგენს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ შედეგს (ანალოგებზე მონაცემები მოპოვებული იქნა საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზის, საგაზეთო მონაცემების, ინტერნეტის და „რიელტური“ ფირმების მეშვეობით, რომელთა ინფორმაციასაც გააჩნია ყველაზე მაღალი ნდობა). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ნახევარსარდაფი არის ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი) და შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის, არამედ ნახევარსარდაფის ღირებულებაც. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 25 315 აშშ დოლარით განსაზღვრის ფაქტი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი, მოპასუხეს არც სამშენებლო ნორმები დაურღვევია. საქმეში არსებული არაერთი დოკუმენტით ირკვევა, რომ სადავო შენობა მშენებლობის დაწყებამდე სრულად ამორტიზებული, დემონტაჟს დაქვემდებარებული და ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყო. ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე ორი წლით ადრე გაცემულ, 2009 წლის 21 დეკემბრის #9618/04/18 დასკვნაში მითითებულია, რომ ... მოედანი #... და #...-ში მდებარე სახლები ამორტიზებულია და ექვემდებარება დემონტაჟს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც მოპასუხე მიიჩნია ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად. იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდებოდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობის ზემოქმედება, სასამართლოს უნდა დაედგინა შერეული ბრალი და მხარეთა შორის პასუხისმგებლობა გაენაწილებინა თანაბრად;
13.2. სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს შეფასება ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება მაშინ, როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტულად რა ღირებულების ზიანი მიადგა მოსარჩელის სახლს. ზიანის მიყენებისას უნდა ანაზღაურდეს არა სახლის საბაზრო ღირებულება, არამედ მიყენებული ზიანის ოდენობა. 2015 წლის 12 მაისის საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერ დადგინდა რა თანხით შემცირდა სადავო ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი წილის საბაზრო ღირებულება, ვინაიდან უცნობია კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენა აღნიშნულმა მშენებლობამ შესაფასებელ ობიექტს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის სახლი მშენებლობის დაწყებამდეც ამორტიზებული იყო;
13.3. მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი შპს „ე. ა.“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნით, რომლითაც მოსარჩელის სახლის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 17 500 ლარით;
13.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მშენებლობის ზემოქმედების შედეგად მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს ადასტურებდა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები - შპს „ლ.“ 2013 წლის 19 აპრილის დასკვნა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის და 2015 წლის 13 ივლისის დასკვნები, სპეციალისტ სერგო გოგმაჩაძის განმარტება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 აპრილის გაფრთხილება. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, კერძოდ, შპს „ე. ს.“ 2008 წლის 12 სექტემბრის დასკვნა, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 21 დეკემბრის და 2015 წლის 13 ივლისის დასკვნები, შპს „მ.“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნა, თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 2013 წლის 18 აპრილის წერილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება.
13.5. სასამართლო ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად არასწორად დაეყრდნო შპს „ლ.“ 2013 წლის 19 აპრილის დასკვნას, რომელიც გაცემულია ყოველგვარი კვლევისა და ანალიზის გარეშე, ასევე არასწორად იხელმძღვანელა სამხარაულის ექსპერტიზის 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნით, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებებს;
13.6. ზემოაღნიშნული დასკვნების საპირისპიროდ სასამართლომ არ შეაფასა შპს „მ.“ 2014 წლის 1 დეკემბერს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ვინაიდან ... ჩიხი #...-ში მდებარე შენობა ახლოს იმყოფებოდა მშენებარე შენობასთან, გათვალისწინებული იქნა ქვაბულის გამაგრებითი სამუშაოები (კერძოდ, მთელ პერიმეტრზე 50სმ ბიჯით მოეწყო 200 მმ-იანი ფოლადის მილებისგან შედგენილი შპუნტები და მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი). დასკვნაში მითითებულია, რომ იმისათვის, რათა პასუხი გაეცეს კითხვას თუ რა გავლენა მოახდინა მშენებარე შენობამ არსებულ ძველ (... ჩიხი ...) საცხოვრებელ სახლზე, საჭიროა, არსებული შენობისთვის მოეწყოს რამოდენიმე შურფი, დადგინდეს საძირკვლების ჩაღრმავება, კონსტრუქცია და კონფიგურაცია, ჩატარდეს სათანადო გაანგარიშებები, რაც მოგვცემს საშუალებას დადგინდეს დამატებითი შემამკვრივებელი ძაბვების სიდიდე და აქედან გამომდინარე განისაზღვროს საძირკვლების დამატებითი ჯდენის მნიშვნელობა, მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდეს ტექნიკური ზეგავლენის შეფასება. ამრიგად, აღნიშნული დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ ზიანის დადგენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მასში მითითებული კვლევის ჩატარება, მსგავსი სახის კვლევა კი ობიექტზე არ ჩატარებულა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
27. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
29. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
30. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე № ას-809-776-2016, 4 აპრილი, 2017 წელი).
31. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება კი მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №72-72-2018,15 თებერვალი, 2018 წელი).
32. განსახილველ დავაში მოსარჩელე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას (მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს) ადასტურებს მის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით.
33. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ ყველა დასკვნაში სადავო შენობა ხასიათდება როგორც მწვავე ავარიული, ექსპლუატაციისთვის უვარგისი და საფრთხის შემცველი, ამასთან, დასკვნების შინაარსით ირკვევა, რომ შენობის ავარიულობის ხარისხი გაზრდილია მოპასუხის მიერ შენობის მომიჯნავედ წარმოებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო. კერძოდ, ა) სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მის მზიდ კონსტრუქციებს მიღებული აქვს დეფორმაციები და დაზიანებები ძირითადად გამოწვეული მიმდებარე ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დროს გავრცელებული ვიბრაციებით და შენობის მზიდი კონსტრუქციების სიძველითა და ფიზიკური ცვეთით“ (იხ. ტ. 1, ს.ფ.128-130); ბ) სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ „თბილისში, ... მოედანი #...-ში მდებარე შენობა მომიჯნავე ავარიული სახლის დემონტაჟამდე რთულ დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თითქმის მდგრადობის წონასწორობის ზღვარზე, შენობას პრაქტიკულად ამოწურული აქვს სიმტკიცის მარაგი და ნებისმიერ უმნიშვნელო გავლენას, მაგალითად, გარე დამატებით ზემოქმედებას (როგორიცაა ტექნიკის მოძრაობით გამოწვეული დინამიური დატვირთვა-ვიბრაცია) ან საძირკველში გრუნტის პირობების შეცვლას შეეძლო დაერღვია არსებული მდგომარეობა... ამ მხრივ, საკვლევი შენობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები არ არის გამონაკლისი და შენობის მზიდ კედლებში დაფიქსირებული დეფორმაციები და ბზარების წარმოქმნა-განვითარების პროცესი ამის დასტურია... დარღვეულია შენობის სივრცული სიხისტე და მისი ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მწვავე ავარიული, ექსპლუატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი“ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 265-270); გ) შპს „ლ.“ დასკვნაში მითითებულია, რომ „შენობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას მშენებლის მიერ ქვაბულის ფერდის ჩამოქცევის შემაკავებელი ღონისძიებები შესრულებულია არასწორად: შპუნტის შემადგენელი მილები, მიუხედავად მათ შორის მცირე ბიჯისა ვერ იკავებს მათ ზევით განლაგებულ შენობას, ვინაიდან მათ შორის სიმაღლეზე დიდი მანძილია, რამაც გამოიწვია ეზოს გრუნტის დაძვრა და შენობის უფრო მეტად დაზიანება... სარდაფის ნაწილში, მზიდ აგურის კედელზე შეინიშნება დახრილი გამჭოლი ბზარები, პირველ სართულზე დაქანებულია იატაკი ეზოს მხარეს და კედლებს მიღებული აქვს ვერტიკალური გამჭოლი ბზარები, ასეთივე მდგომარეობაა მე-3 სართულზე. შენობის ტორსულ ნაწილში დარღვეულია კედლებს შორის კავშირი დიდი სიგანის ვერტიკალური ბზარებით, რის გამოც ამ ზონაში მოსალოდნელია მზიდი კედლის ჩამონგრევა-ჩამოზვავება“. დასკვნის ბოლოს სპეციალისტი გაფრთხილებას აძლევს მომიჯნავე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროს დამკვეთს და მშენებელს, რათა სამუშაოები აწარმოონ ისე, რომ არსებულ ავარიულ შენობაში არ გამოიწვიონ (ვიბრაციების გავლენით) დამატებითი დეფორმაციები. ამავე დროს, სპეციალისტი მიუთითებს არსებული შენობის მხარეს გრუნტის სტაბილიზაციის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გაგრძელების აუცილებლობაზეც (იხ. ტ. 1, ს.ფ. 41-47).
34. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსის ერთობლივი შეფასებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობის უარყოფითი ზემოქმედება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
36. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე№72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი).
37. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (კასატორმა) მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად მიუთითა შპს „მ.“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მითითებული დასკვნის თანახმად, ზიანის დადგენის ერთადერთ საშუალებად ობიექტზე შესაბამისი კვლევების (დადგინდეს საძირკველების ჩაღრმავება, კონსტრუქცია და კონფიგურაცია, ჩატარდეს სათანადო გაანგარიშებები, განისაზღვროს საძირკვლების დამატებითი ჯდენის მნიშვნელობა, მიღებული შედეგების საფუძველზე მოხდეს ტექნიკური ზეგავლენის შეფასება და სხვ.) ჩატარება მიიჩნეოდა, ხოლო ვინაიდან შენობაზე მსგავსი სახის კვლევა არ ჩატარებულა, აღნიშნული გამორიცხავდა მოპასუხის ბრალეულობით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით ცალსახად დასტურდება მოპასუხის მიერ ჩატარებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების უარყოფითი ზეგავლენა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება (საექსპერტო დასკვნის ან სხვა სახით) მოპასუხეს არ წარუდგენია, არ არსებობს მისი პრეტენზიის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილების საფუძველი. უფრო მეტიც, კასატორის მიერ მითითებულ შპს „მონოლითის“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არსებით გავლენას ახდენდნენ სადავო შენობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკვლევი შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა სეისმომედეგი მშენებლობის თანამედროვე ნორმების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მომიჯნავედ დაწყებული მშენებლობის გამო შენობა განიცდის დინამიკურ ზემოქმედებას (მაგ. ტექნიკის მიერ გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებისაგან), რის გამოც ექსპერტი საჭიროდ მიიჩნევს ჩატარდეს ვიბრაციულ დატვირთვებთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზი (იხ. ტ. 1. ს.ფ 177-180). ამრიგად, თავისთავად ის გარემოება, რომ ექსპერტი საუბრობს სხვადასხვა კვლევების ჩატარების მიზანშეწონილობაზე/აუცილებლობაზე, არ გამორიცხავს სხვა საექსპერტო დასკვნებით დადგენილ გარემოებას, მოპასუხის ქმედებით (მის მიერ წარმოებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო) მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების (ისედაც დაზიანებულ საცხოვრებელ სახლზე ავარიულობის ხარისხის გაზრდა) თაობაზე.
38. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის სასამართლოს მიერ არასწორად განსაზღვრის შესახებ, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგზე: ვინაიდან საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც ავარიული, ექსპლუატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი, შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის პრაქტიკულად აღდგენას აღარ ექვემდებარება (იხ. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 13 ივლისის დასკვნა), ამასთან, შენობის ავარიულობის გაზრდა გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულებიდან გამოანგარიშების თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის 408.1 და 409-ე მუხლების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება).
39. ასევე, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ქონების შეფასების დასკვნით.
40. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ.
41. მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
42. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილ შპს „ე. ა.“ 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნას მოსარჩელემ დაუპირისპირა ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის 2015 წლის 13 ივლისის დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულებების შინაარსის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე, ვინაიდან განსხვავებით შპს „ელკო აუდიტის“ დასკვნისგან (იხ. ტ. 2, ს.ფ 181-187) იგი შეიცავს ფაქტებით გამყარებულ არგუმენტაციას ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის სადავო ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. დასკვნას ახლავს დეტალური გაანგარიშება და ინფორმაცია ანალოგებისა და შეფასების მეთოდების შესახებ და მითითებულია, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებს დაეყრდნო შემფასებელი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას (იხ. ტ. 2, ს.ფ 282-298).
43. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
44. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ სუსგ საქმე №ას-280-280-2018, 18 ივლისი, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი წინამდებარე საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
49. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე ნაცვლად 1 265,75 აშშ დოლარის ეკვივალენტისა ლარში, რაც საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის შეადგენდა 3 137.79 ლარს (საკასაციო საჩივრის დავის საგანია 25 315 აშშ დოლარი, რომლის 5% შეადგენს 1 265,75 აშშ დოლარს), გადახდილია 3 157,79 ლარი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 9 ოქტომბერს №1419... საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3137,79 ლარის 70% – 2196,45 ლარი და 2017 წლის 11 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა.-ჯ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს შპს „ა.-ჯ.“ (ს/კ: 204560...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 9 ოქტომბერს №1419736 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3137,79 ლარის 70% – 2196 (ორი ათას ას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი და 45 თეთრი და ავთანდილ ნაცვალაძის მიერ 2017 წლის 11 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 20 (ოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე