საქმე #ას-1201-2018 24 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ბმა გრ. რ-ე 2012-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – გ. მ-ის, შპს „ს-ის“, თ. მ–ის და ნ. მ–ის უფლებამონაცვლე თ. შ-ის სარჩელის გამო, დ. ნ-ის, ა. ო-ის, ბმა „გ. რ-ე 2012-ის“, ჩ. ნ-ისა და თ. მ–ის მიმართ კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ბმა „გრ. რ-ე 2012-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბმა „გ. რ-ე 2012-ის“ თავმჯდომარე დ. ნ-ე და ა. ო-ისა და დ. ნ-ის წარმომადგენელი ა. ბ–ი (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.60-62) ესწრებოდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ.79). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2018 წლის 18 ივლისი, ხოლო 30-ე დღე – 2018 წლის 28 ივლისი. გამომდინარე აქედან, მხარეს შეეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2018 წლის 18 ივლისიდან 2018 წლის 28 ივლისამდე. საქმის მასალებით დგინდება, რომ კასატორთა წარმომადგენელ ალ. ბ–მა დასაბუთებულიო განჩინება ჩაიბარა 2018 წლის 7 აგვისტოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 29 ივლისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 ივლისს და დასრულდა 2018 წლის 18 აგვისტოს. მაგრამ ვინაიდან 18 აგვისტო დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2018 წლის 20 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2018 წლის 29 აგვისტოს, ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მხარე უთითებს 2018 წლის 27 აგვისტოს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ნ-ის, ა. ო-ისა და ბმა „გრ. რ-ე 2012-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე