Facebook Twitter

საქმე №ას-1464-1384-2017 19 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ბ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის:

1.1. მოსარჩელის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს 4077 (ოთხი ათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარამდე შემცირების დავალება;

1.2. მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს თანხიდან 36702 (ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორი) ლარის უკან დაბრუნების დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, მოპასუხის მიერ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონების (აგრეთვე მათი თანმდევი მომსახურების - მონტაჟის) შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (S-...) გაიმარჯვა მოსარჩელემ;

2.2. 2016 წლის 05 ივლისს მხარეებს შორის შედგა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ ჯამში 264799.67 (ორას სამოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებასა და მონტაჟს. საბავშვო ატრაქციონების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი, ხოლო საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 25 დეკემბრამდე;

2.3. 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ N5 წერილით მიმართა მოპასუხეს მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე, რაზეც, მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 4 აგვისტოს N09-01/581 და 8 აგვისტოს N07-01/1524 წერილებით ეცნობა, რომ ხელშეკრულებს ვადა უკვე ამოიწურა და მოსარჩელის მიმართ გავრცელდებოდა პირგასამტეხლო დღეში 529 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით;

2.4. 2016 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელის მიერ განხორციელდა 197280.07 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და ზედნადები;

2.5. 2016 წლის 23 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა აქტი, რომლის საფუძველზე დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ვადის გადაცილების გამო. აღნიშნული აქტის საფუძველზე მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების 22 დღიანი ვადაგადაცილებისთვის დაეკისრა პირგასამტეხლო - მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 264799.67 (ორას სამოცდაოთხი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც შეადგენს 529.60 (ხუთას ოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარს ყოველდღიურად, ჯამში კი 11651.20 (თერთმეტი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარს. მითითებული პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაფარული 2016 წლის 24 აგვისტოს, საბანკო ანგარიშსწორების გზით, იმ მიზეზით, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულების გადახდას და იგი აღმოჩნდებოდა უკიდურეს ფინანსურ მდგომარეობაში, რადგან ვერ შეძლებდა იმპორტირებული საქონლის მომწოდებელ უცხოელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას;

2.6. 2016 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა N2 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისგან ჩაიბარა 54516 (ორმოცდათოთხმეტი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა; იმავე დღეს შედგა აქტი ვადის გადაცლების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამატებით 55 დღიანი ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (264799.67 ლარის) 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში - 29128 (ოცდაცხრა ათას ას ოცდარვა) ლარი. აღნიშნული პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 2016 წლის 25 ოქტომბერს, საბანკო გადარიცხვის გზით, იმავე მიზეზით, რომ არ აღმოჩენილიყო უკიდურეს ფინანსურ მდგომარეობაში;

2.7. 2016 წლის 7 ნოემბერს მოპასუხის მიერ შედგა N3 გადახდის სერთიფიკატი, რომლის საფუძველზე დაფიქსირდა საბოლოო ანგარიშსწორება, კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულებიდან - 264799.67 ლარიდან, სულ მიღებულად ჩაითვალა 251796.07 (ორას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ღირებულების საქონელი და დარჩენილ გადასარიცხ თანხად დაფიქსირდა 13003.6 (ცამეტი ათას სამი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ჯამურ თანხად დაფიქსირებულ იქნა 40779.2 (ორმოცი ათას შვიდას სამოცდაცხრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი;

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

3.1. მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე კარგად იყო ცნობილი ტენდერის პირობები, რომლებიც შემდგომ აისახა ხელშეკრულებაში, კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების 2.5.1 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება შესაბამის სახაზინო კოდზე ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში. ამდენად, გაურკვეველია აპელირება იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა განხორციელდა იძულებით, ვინაიდან საფრთხე ემუქრებოდა მოპასუხის მხრიდან საერთო ღირებულების თანხის გადახდას;

3.2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა მოსარჩელის ბრალით და იგი საკუთარი ბრალის არარსებობის გამო არ ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. მოსარჩელეს ვადაგადაცილებული დღეების ოდენობაზე პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე იყო განსაზღვრული, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს 4077 (ოთხი ათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარამდე შემცირება და მოსარჩელის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს თანხიდან მისთვის 36702 (ოცდათექვსმეტი ათას შვიდას ორი) ლარის უკან დაბრუნება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით) შესყიდვის შესახებ მოპასუხის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (S-...) გაიმარჯვა მოსარჩელემ. აღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის 05 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოსარჩელის მიერ 264799,67 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდებასა და მონტაჟს. საბავშვო ატრაქციონების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 27 კალენდარული დღე, ანუ 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდი, ხოლო საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი, ხელშეკრულების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, 2016 წლის 25 დეკემბრამდე;

7.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, რომლის 10.1 პუნქტი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ფასის 0,2%-ის ოდენობით;

7.3. 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ მომწოდებელ ქვეყანაში - თურქეთში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ქარხანა მუშაობდა შეფერხებით და გაძნელდა საქონლის დროული მიწოდება. აღნიშნულ წერილზე მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 4 აგვისტოს №09-01/581 და 08 აგვისტოს №07-01/1524 წერილებით ეცნობა, რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და შესაბამისად, მასზე გავრცელდებოდა პირგასამტეხლო დღეში 529 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით;

7.4. 2016 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელის მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 197280,07 (ას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცი ლარი და შვიდი თეთრი) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება. მიწოდებულ საქონელზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები. 2016 წლის 23 აგვისტოს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა აქტი, რომლის საფუძველზეც დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა. ამავე აქტით მოსარჩელეს დაეკისრა ვადის 22 დღით გადაცილების გამო პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ფასის 0,2 %-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა დღიურად 529,60 ლარი, სულ ჯამურად კი 11 651,20 ლარი. აღნიშნული პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2016 წლის 24 აგვისტოს საბანკო გადარიცხვის გზით;

7.5. 2016 წლის 17 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგა მიღება- ჩაბარების აქტი №2, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ჩაიბარა 54516 ლარის ღირებულების საქონელი, რაზედაც გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა. იმავე დღეს, მხარეებს შორის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე გაფორმდა აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამატებით 55 დღიანი ვადაგადაცილებისათვის ყოველ დაგვიანებული დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (264799,67 ლარის) 0,2 %-ის ოდენობით, ჯამში 29128 ლარი. აღნიშნული პირგასამტეხლოც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2016 წლის 25 ოქტომბერს საბანკო გადარიცხვის გზით;

7.6. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ჯამურ თანხად დაფიქსირებული იქნა სულ 40779.2 ლარი, რომელიც მოსარჩელემ სრულად გადაიხადა. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის გაანგარიშებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ სამართლებრივი წესრიგიდან და სასამართლოში მყარად დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა არაგონივრული და არასამართლიანია, პირგასამტეხლოს სახით 40779.2 ლარის გადახდის ვალდებულება არ არსებობდა, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს. ამასთან, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაითვალა და შესაბამისად დააკისრა მოსარჩელეს, მაშინ, როცა ამ საკითხზედაც არსებობს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო დაითვლება ვადის გადაცილებით შეუსრულებელი ვალდებულებიდან;

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით [სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია, უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას], აგრეთვე, 976-ე მუხლის პირველი ნაწილით [პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლიდან გამომდინარე არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში] და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს 40779.2 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტი, აღნიშნული თანხა პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელეს მოპასუხისათვის (კრედიტორისათვის) უკვე გადახდილი აქვს, თუმცა, დავალიანების ოდენობისა და ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის 10-გზის შემცირება გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და მოვალე მხარისათვის მისი დაკისრება არ ეწინააღმდეგება კანონს ან/და საჯარო წესრიგს.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის „გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ N9 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ არის ცნობილი. ხელშეკრულების ასეთ პირობად კი მოპასუხის მიერ ყველა პრეტენდენტისთვის მითითებულ იქნა პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან /და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით;

13.2. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით განსაზღვრა მოპასუხის მიერ მიზნად ისახავდა არა ხელშეკრულების დარღვევისას პირგასამტეხლოს თანხის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ჩათვლას, არამედ ჩატარებულ ელექტონულ ტენდერში ისეთი გამარჯვებულის გამოვლენას, რომელიც მაღალი ალბათობით უზრუნველყოფდა ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებას;

13.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე. აღნიშნული კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მხარეები თავისუფალნი არიან ნების გამოვლენაში ხელშეკრულების დადებისას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ნება იყო, პირგასამტეხლო განსაზღვრულიყო 0.2%-ით, რათა დროულად შესრულებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც დათანხმდა ტენდერში მონაწილე პრეტედენტი. პირგასამტეხლოს თავიდანვე 0.02%-ით განსაზღვრის შემთხვევაში მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ, ერთი მხრივ, გაიზრდებოდა არაკვალიფიციურ პრეტენდენტთა მოზიდვის ალბათობა, მეორე მხრივ, შესაძლოა, სხვა პრეტენდენტსაც გასჩენოდა სურვილი მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, პირგასამტეხლოს შემდომი შემცირება არღვევს ტენდერში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია არ წარმოუდგენია. მისი პრეტენზია ეფუძნება მხოლოდ პირგასამტეხლოს განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორ გამოყენება/განმარტებას.

20. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

21. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

22. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, აგრეთვე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხისა და ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, რაც შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშკერულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.

25. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, იმ სამართლებრივი წესრიგიდან და სასამართლოში მყარად დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა არაგონივრული და არასამართლიანია, დავალიანების ოდენობის და ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს 10 გზის შემცირება გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორს არ წარმოუდგენია პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1835 (ერთი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარისა და 10 თეთრის 70% – 1284 (ერთი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარი და 57 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა(ა)იპ „ბ-ს“ (ს/კ: 4-....) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს №02698 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1835 (ერთი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ლარისა და 10 თეთრის 70% – 1284 (ერთი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარი და 57 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე