საქმე №ას-1532-1452-2017 19 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვალდებულებისაგან გათავისუფლება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, სალომბარდე სესხებზე ვალდებულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 8 ოქტომბერს სს „ს.ბ–სა“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ბანკი“) და შ.ქ–ს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოვალე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება №567047/081015641, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით.
2. 2015 წლის 8 ოქტომბერს ბანკსა და მოვალეს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება №567040/081015641, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით.
3. 2015 წლის 8 ოქტომბერს ბანკსა და მოვალეს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება №567033/081015641, რომლის თანახმად, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 600 აშშ დოლარით.
4. სალომბარდე ხელშეკრულებების დარღვევის გამო, 2017 წლის 23 მარტის მდგომარეობით მოვალის დავალიანება საერთო ჯამში 4 541.90 ლარს შეადგენდა.
5. მოვალეს სს „პ–თან“ არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება 2 177.06 ლარის ოდენობით.
6. 2015 წლის 11 აგვისტოს ბანკსა და მოვალეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 2530 ლარით, კრედიტის ვადა შეადგენდა 24 თვეს, ხოლო პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 0% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. 2015 წლის 11 აგვისტოს ბანკსა და მოვალეს შორის შედგა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება 2 530 ლარზე, რომელიც წარმოშობილია სს „პ–თან“ არსებული დავალიანებიდან. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ბანკის მიერ გაცემული საბანკო ამონაწერით, რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ მხარეს სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ რამდენიმეჯერ გადახდილი აქვს სესხზე (2 530 ლარზე) დარიცხული სარგებელი, რითაც თავისი კონკლუდენტური მოქმედებით სესხის ხელშეკრულებას დაეთანხმა.
8. მოვალემ ბანკის მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:
8.1. მოვალესა და ბანკს შორის 2015 წლის 11 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ბათილად ცნობა;
8.2. 2015 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებულ სალომბარდე სესხებზე (№567047/081015641, №567040/081015641, №567033/081015641) პროცენტისა და ჯარიმის დარიცხვისა და ნივთების რეალიზაციის შეჩერება, 2016 წლის 29 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე სასამართლო დავის დასრულებამდე;
8.3. 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკისათვის გადახდილი თანხის, 600 ლარის დაბრუნება.
9. სარჩელის თანახმად, 2015 წლის 8 ოქტომბერს ბანკსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სალომბარდე კრედიტის ხელშეკრულება, რომელზეც მოვალე იხდიდა მინიმალურ სარგებელს. მოგვიანებით, მოვალემ გადაწყვიტა სესხის დაფარვა, მაგრამ მოპასუხემ უარი განუცხადა ვალდებულების შესრულების მიღებაზე. ბანკის განმარტებით, მოსარჩელეს სს „ტ.პ.ბ–ში“ ერიცხებოდა დავალიანება, რომელსაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, ვინაიდან სს „ტ.პ.ბ–ში“ დავალიანება არ ჰქონია და წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად სარგებლობდა საბანკო მომსახურებით. პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც სს „ტ.პ.ბ–ი“ შეიერთა მოპასუხემ. ამ უკანასკნელმა 2015 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელეს გაუფორმა ახალი ხელშეკრულება, რომელიც, როგორც მას განემარტა, წარმოადგენდა რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელესა და ბანკის წარმომადგენელს შორის საუბარი იყო, რომ ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 530 ლარზე, რომელშიც შედიოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე პროცენტიც. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ხელშეკრულება შედგა 2530 ლარზე. ამასთან, მოსარჩელეს თანხა არ მიუღია. მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს ხელი ეშლება სალომბარდე სესხის დაფარვაში, რომელიც არავითარ კავშირში არ არის საბარათე ვალთან.
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ბანკის მიმართ ერიცხება 2015 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება და მის მიერ მითითებული არცერთი გარემოება არ წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას 2015 წლის 11 აგვისტოს ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებამდე ვალდებულება არ გააჩნდა. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარდგენილი არ იყო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების შედეგად, ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი. მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარდგენილ დოკუმენტებზე - 2015 წლის 11 აგვისტოს რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე (2 530 ლარზე) და მოსარჩელის მიერ რესტრუქტურიზებული სესხის პერიოდულად დაფარვის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არც ის მითითება, რომ მას რესტრუქტურიზებული სესხის თანხა არ აუღია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების შედეგად, მოვალის მიერ დავალიანების აღიარება და ბანკის მიერ მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება, თუმცა აღნიშნული თანხა მოვალის მიერ მისი შეხედულებისამებრ კი არ განიკარგება, არამედ არსებული დავალიანების დაფარვას ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ანგარიშზე 2 530 ლარის ოდენობით სესხის თანხა განთავსდა, რომელიც, ამონაწერის მიხედვით, არსებული დავალიანების დაფარვას მოემსახურა.
16. სააპელაციო სასამართლომ ასევე უარყო მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ იგი ბანკის თანამშრომლებმა განზრახ შეიყვანეს შეცდომაში (მას ეგონა, რომ დავალიანება იყო 530 ლარი და არა 2 530 ლარი. აღნიშნული შეცდომა კი განპირობებული იყო იმით, რომ მან რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არ წაიკითხა). სასამართლოს მოსაზრებით, მოტყუებად ვერ დაკვალიფიცირდებოდა მოსარჩელის მიერ დოკუმენტზე მისი შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერის ფაქტი. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 81-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომ შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტების ბათილობა მოითხოვონ პირებმა, გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის შეფერხებას, კერძო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო სამართალურთიერთობები კი, პირველ რიგში, კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
17. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას. იგი თავისი არსით ახალი გარიგებაა, რომლითაც, როგორც წესი, ძველი დავალიანების აღიარება ხდება. შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების დადებით ძველი ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულების ძალით შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, ძველი დავალიანება ნამდვილად არსებობდა, თუ არა, ხანდაზმული იყო თუ არა იგი, წინმსწრები გარიგება ნამდვილი იყო თუ არა ან კიდევ ადრინდელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შესრულებული იყო თუ არა.
18. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული იყო ვალის რესტრუქტურუზაციის ხელშეკრულება, რომლის ბათილობის წინაპირობები არ არსებობდა, დავალიანება მოსარჩელეს სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
20. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
20.1. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არის იგივე ვალის აღიარება და თავისი არსით იგი ახალი გარიგებაა. სამართალი არ იცნობს ტერმინს „რესტრუქტურიზაცია“. აღნიშნული ტერმინი არ არის სამართლებრივი და, შესაბამისად, შეუძლებელია ვიმსჯელოთ იმაზე, რა არის რესტრუქტურიზაციის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, თუ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არის იგივე ვალის აღიარების ხელშეკრულება, მაშინ რა არის რეფინანსირების ხელშეკრულება და რით განსხვავდება იგი რესტრუქტურიზაციისაგან. რეფინანსირება გულისხმობს ძველი ვალის დაფარვას, თუმცა რეფინანსირების შემთხვევაში სამართლებრივად დადასტურებულია უკვე არსებული ვალი. რესტრუქტურიზაციას თუ ვალის აღიარებას დავარქმევთ, მაშინ უნდა არსებობდეს ძველი ვალი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ გადაიფარა ძველი ვალი. ვერც მოპასუხემ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, პირი შეიძლება აღმოჩნდეს ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან „თაღლითობის“ მსხვერპლი და მას ხელშეკრულება გაუფორმონ არარსებულ ვალზე. ასეთ ვითარებაში კი მხარეს არ გააჩნია თავის დაცვის არანაირი ბერკეტი. შესაბამისად, უნდა დამკვიდრდეს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხს. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გამოყენება კი არარსებული ვალის გამო დაუშვებელია;
20.2. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ძველი ვალის არსებობის გარეშეც შეიძლებოდა გაფორმებულიყო მსგავსი სახის სესხის ხელშეკრულება და მისი ბათილობა შეუძლებელია, ვინაიდან იგი ხელმოწერილია მსესხებლის მიერ. ბანკმა მოსარჩელე მოატყუა და როგორც კი მან ამის შესახებ შეიტყო, წერილობით მიმართა კიდეც ბანკს. საქართველოს კანონმდებლობა კი სხვა რაიმე ფორმას არ იცნობს იმისათვის, რომ დადასტურდეს მოტყუების ფაქტის არსებობა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ ბანკმა მასთან მოტყუებით გააფორმა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება მაშინ, როდესაც არანაირი ვალდებულება ბანკის მიმართ მას აღარ გააჩნდა. შესაბამისად, არსებობს აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
27. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
28. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).
29. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1301-1221-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
30. მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების ფაქტზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში არ არის ასახული ინფორმაცია ძველი დავალიანების გადაფარვის თაობაზე, ამით დასტურდება ბანკის მხრიდან მოსარჩელის მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 2530 ლარით, ხელმოწერილია გარიგების მონაწილე ორივე მხარის მიერ. ამასთან, კასატორიც არ ხდის სადავოდ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის ფაქტს, რაც თავისთავად გულისხმობს ხელმომწერი მხარის მიერ გარიგების შინაარსის, მასში ასახული პირობების გაცნობასა და მათზე თანხმობის გამოხატვას.
32. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ გარიგების გაფორმებისას მოსარჩელეს ჰქონდა შეუზღუდავი შესაძლებლობა გასცნობოდა მასში მითითებულ პირობებს (მათ შორის, იყო თუ არა ხელშეკრულებაში ასახული პირობა მოვალის მიერ ძველი დავალიანების გადაფარვის შესახებ) და, შესაბამისად, გამოეხატა მასზე თანხმობის ნება, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებაზე მოტყუებით ხელის მოწერისა და არარსებული ვალის მოტყუებით აღიარების შესახებ.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-445-445-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-901-859-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი; საქმე №ას-663-624-2012, 6 ივნისი, 2012 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ანგარიშიდან ამონაწერი, 2016 წლის 26 ოქტომბრის განცხადება, 2016 წლის 2 დეკემბრის წერილი, 2018 წლის 5 აპრილის განცხადება, მიღების ბარათი), მთლიანობაში „6“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 383-388).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის შ.ქ–ის წარმომადგენელს ლ.ქ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ანგარიშიდან ამონაწერი, 2016 წლის 26 ოქტომბრის განცხადება, 2016 წლის 2 დეკემბრის წერილი, 2018 წლის 5 აპრილის განცხადება, მიღების ბარათი), მთლიანობაში „6“ ფურცლად (ტომი 1, ს.ფ. 383-388);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე