Facebook Twitter

საქმე №ას-241-241-2018 25 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ს–ძე, ი.ა. (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი - კ.გ.

მოწინააღმდეგე მხარეები – ც.ო., ნ.ქ., ლ.ტ. (მოპასუხეები)

წარმომადგენლები - ნ.ფ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილების შეტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 1 დეკემბერს ი.ა–ს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან მსესხებელი) და ც.ო–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე ან მეორე აპელანტი), ნ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მეორე მოწინააღმდეგე მხარე), ლ.ტ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მესამე მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ფ–ძეს (ამ უკანასკნელის მიმართ შეწყდა საქმისწარმოება 2016 წლის 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი - 35 000 აშშ დოლარი, 12 თვით, თვიური 3%-ის სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 %.

2. სესხის მთლიანი თანხიდან პირველი მოპასუხის მიერ გაცემული სესხი - 11 000 აშშ დოლარი, მეორე მოპასუხის მიერ გაცემული სესხი - 11 000 აშშ დოლარი, მესამე მოპასუხის მიერ გაცემული სესხი - 11 000 აშშ დოლარი, ხოლო ი.ფ–ძის მიერ გაცემული სესხი 2 000 აშშ დოლარი იყო.

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი, პირველი და მეორე მოსარჩელე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, აპელანტები ან კასატორები) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი). იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. მსესხებელმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, სახელდობრ :

4.1. პირველ მოპასუხეს ჯამში 11 777 აშშ დოლარი (მითითებული თანხიდან 1000 აშშ დოლარი გადახდილია სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ) გადაუხადა, საიდანაც სარგებელი - 3960 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი თანხა - 7817 აშშ დოლარია.

4.2. მეორე მოპასუხეს მხოლოდ სარგებელი - 2325 აშშ დოლარი გადაუხადა, სესხის ძირითადი თანხა კი- არ დაუფარავს.

4.3. მესამე მოპასუხეს მხოლოდ სარგებელი - 3323 აშშ დოლარი გადაუხადა; სესხის ძირითადი თანხა კი-არ დაუფარავს.

5. 2016 წლის 14 ივლისს მოპასუხეთა მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა 3 სააღსრულებო ფურცელი გასცა, ესენია: N160775615 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სააღსრულებო ფურცელი), N160775421 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სააღსრულებო ფურცელი) და N160775208 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე სააღსრულებო ფურცელი).

6. პირველი სააღსრულებო ფურცლით მსესხებლის ვალდებულება პირველი მოპასუხის მიმართ განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 9000 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 945 აშშ დოლარით; მეორე სააღსრულებო ფურცლით, მსესხებლის ვალდებულება მეორე მოპასუხის მიმართ განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 11 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 1155 აშშ დოლარით; მესამე სააღსრულებო ფურცლით, მსესხებლის ვალდებულება მესამე მოპასუხის მიმართ განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 11 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო - 1155 აშშ დოლარით. სამივე სააღსრულებო ფურცლით, ვალდებულების შესრულების მიზნით, აღსასრულებლად მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

7. 2016 წლის 27 ივლისს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვეს 2016 წლის 14 ივლისს გაცემულ პირველ, მეორე და მესამე სააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანა, სახელდობრ:

7.1. პირველ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის - 9000 აშშ დოლარის შემცირება და პირველი მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების 3623 აშშ დოლარით განსაზღვრა;

7.2. მეორე სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის - 11 000 აშშ დოლარის შემცირება და მეორე მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების 6173 აშშ დოლარით განსაზღვრა;

7.3. მესამე სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის 11 000 აშშ დოლარის შემცირება და მესამე მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების 6176 აშშ დოლარით განსაზღვრა.

7.4. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მსესხებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ამ უკანასკნელს კრედიტორებისათვის გადახდილი აქვს სარგებლის სახით სოლიდური თანხა. მიუხედავად ამისა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების მიღებისას მოპასუხეებმა ანაზღაურებული თანხების შესახებ არ განაცხადეს. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთს 0.1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც აისახა სააღსრულებო ფურცლებში და დაარღვია როგორც მსესხებლის, ისე, მესაკუთრის უფლებები.

8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტეს, რომ მსესხებლის მიერ პირველი მოპასუხის ანგარიშზე 2015 წლის 29 დეკემბრამდე განხორციელებული ჩარიცხვა წარმოადგენდა სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას. მოპასუხეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსესხებლის მხრიდან საბანკო გადარიცხვების გზით 2014 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღეს მხოლოდ 9 332 აშშ დოლარი, რაც გულისხმობს სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილის გადახდას, ხოლო ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო არცერთ მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუსის მიერ გაცემულ პირველ სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ შევიდა ცვლილება და კრედიტორის - პირველი მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში, ნაცვლად 9000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 3623 აშშ დოლარით; სასარჩელო მოთხოვნა მეორე და მესამე მოპასუხეების ნაწილში მეორე და მესამე საააღსრულებო ფურცლებში ცვლილების შეტანის თაობაზე, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 623-ე, 361-ე, 327-ე, 328-ე, 403-ე, 429-ე, 624-ე მუხლები გამოიყენა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე პირველმა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სააღსრულებო ფურცელში მის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების ძირითადი თანხის ნაწილში, ნაცვლად 3623 აშშ დოლარისა, 8000 აშშ დოლარის განსაზღვრა მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეების მხრიდან მეორე და მესამე მოპასუხეთათვის სადავო თანხების ნაწილის გადახდის ფაქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ გასესხებული თანხის გადახდის თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მათთვის მხოლოდ თანხის ხელზე გადაცემის მითითება არ ქმნიდა მეორე და მესამე სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, პალატის განმარტებით, მითითებული სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2016 წლის 14 ივლისამდე პერიოდზე (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) 223 დღეზე გაანგარიშებით გონივრული იყო და არ არსებობდა მათი შემცირების საფუძველი;

12.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და არ დაუბრუნა მოსარჩელეებს ნასესხები თანხის ნაწილი 3183 აშშ დოლარი. სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია 2016 წლის 14 ივლისამდე პერიოდზე (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) გაანგარიშებით საააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 945 აშშ დოლარი. პალატის დასკვნებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ არსებული დავალიანების გამოთვლის წესი არც აპელანტთა მხრიდან არ უარყოფილა.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაიანგარიშეს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები, კერძოდ, პირველი მოპასუხის მიმართ მსესხებლის ვალდებულება იყო 2623 აშშ დოლარი, მეორე მოპასუხის მიმართ 6173 აშშ დოლარი, ხოლო მესამე მოპასუხის მიმართ 6176 აშშ დოლარი, სულ 14 972 აშშ დოლარი;

13.2. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში მსესხებელმა გადაიხადა 1600 აშშ დოლარი, რომელიც სასამართლომ არ ასახა გადაწყვეტილებაში, ამასთან, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მან დამატებით გადაიხადა 100 აშშ დოლარი, რის გამოც პირველი მოპასუხის მიმართ ვალდებულება შემცირდა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ქვითრები უნდა დაერთოს საქმის მასალებს;

13.3. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წარუდგინეს ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელიც საქმის განმხილველმა შემადგენლობამ არ მიიღო. მათ ასევე წარადგინეს პირველი მოპასუხის ხელწერილი, რომელიც ადასტურებდა მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებას, რადგან მითითებული ხელწერილით მტკიცდება, რომ კრედიტორებს თანხა მიღებული აქვთ და, ამის მიუხედავად, დამატებით ითხოვენ დავალიანების დაფარვას. აქედან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან არ გაითვალისწინეს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა კრედიტორების მიმართ თანხის ხელზე გადაცემას.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორთა ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს პირველი მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა და, საბოლოოდ, არასწორად განსაზღვრეს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორების სასარჩელო მოთხოვნაზე პირველი მოპასუხის მიმართ, სახელდობრ, სარჩელით კასატორები ითხოვდნენ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის 3623 აშშ დოლარით განსაზღვრას (იხ. ტ. І, ს.ფ.8). გამომდინარე იქიდან, რომ პირველ მოპასუხესთან მიმართებით ასანაზღაურებელი სესხის ძირითადი თანხა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულია იმდენით, რამდენსაც მოსარჩელე მხარე მოითხოვდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მოთხოვნა მითითებული ოდენობის კვლავ შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

18. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კასატორთა მხრიდან, მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემობა საქმის მასალებით არ დასტურდება.

სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეებს ეკისრებათ.

სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015).

ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სესხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს საქმეში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რადგან ის არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას მოპასუხეებისათვის კონკრეტული თანხების გადახდის თაობაზე. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებით დაუშვებელია სესხის დაბრუნების, ანუ ვალდებულების შესრულების, ფაქტობრივი გარემოების დადგენა.

ამდენად, მეორე და მესამე მოპასუხეებთან მიმართებით, ნასესხები ფულადი თანხის გამსესეხებლისათვის დაბრუნების ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ზემოხსენებული პირებისთვის მხოლოდ თანხის ხელიდან ხელში გადაცემაზე მითითება არ ქმნის მეორე და მესამე სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივ საფუძველს.

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.

20. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას დავის მიმდინარეობისას მათ მიერ გადახდილი თანხების ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ გადახდილი თანხები სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა არსებულ დავალიანებაზე, ხოლო შემდგომში გადახდილი თანხები წარედგინება აღმასრულებელს, რომელიც სააბოლოოდ განსაზღვრავს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას.

21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

22. კასატორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ს–ძისა და ი.ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი