Facebook Twitter

საქმე №ას-345-345-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.ბ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს.(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც, სს „ს.ბ–თან“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბანკი) 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე.

2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემოდა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩაეტარებინა მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდებოდა, რომ ბანკმა ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, სააგენტო უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმა, ამ უკანასკნელის მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

3. 2015 წლის 24 თებერვალს მოპასუხემ შპს „ნ– 2008“-ზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საწარმო, კომპანია ან მსესხებელი) გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა ბანკში არსებული სესხის რეფინანსირება, კვერცხმდები ვარიების შეძენა და კვერცხის საბეჭდი დანადგარის შეძენა.

4. 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ საწარმოს თანადაფინანსების ფარგლებში 8559.24 ლარი გადაუხადა.

5. სააგენტომ 2016 წლის 22 მარტს აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით განხორციელდა მესამე პირის - პ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი) სესხის რეფინანსირება, რაც ეწინააღმდეგებოდა პროექტისა და ხელშეკრულების პირობებს.

6. ბანკმა დაარღვია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობა, რაც გამოიხატა შეღავათიანი აგროკრედიტით მესამე პირის სესხის რეფინანსირებაში.

7. 2016 წლის 10 მაისს მოპასუხეს წერილობით ეცნობა მონიტორინგის შედეგებისა და ჯარიმის (17118.48 ლარი) დარიცხვის თაობაზე, თუმცა ამ წერილს მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

8. 2016 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ჯარიმის - 17118.48 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 24 თებერვალს მოპასუხემ კომპანიის სახელზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობა ბანკში არსებული სესხის რეფინანსირება, კვერცხმდები ვარიების შეძენა და კვერცხის საბეჭდი დანადგარის შეძენა იყო. აღნიშნული აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი სააგენტომ 2016 წლის 22 მარტს ჩაატარა და დაადგინა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით მესამე პირის სესხის რეფინანსირება განხორციელდა, რაც ეწინააღმდეგებოდა პროექტისა და ხელშეკრულების პირობებს, მეტიც - რამდენადაც მსგავსი მიზნობრიობა არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, მოპასუხეს ეკრძალებოდა მსგავსი მიზნობრიობის სესხის აგროკრედიტის ფარგლებში გაცემა, მოსარჩელესთან წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე. შესაბამისად, რადგანაც მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა ჯარიმა, მოსარჩელის მიერ მსესხებლისთვის გადახდილი თანადაფინანსების თანხის (8559.24 ლარი) ორმაგი ოდენობით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, 17118.48 ლარი იყო.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას, სააგენტო ინფორმირებული იყო როგორც აგროკრედიტის მიზნობრიობის შესახებ, ისე გაცემული 47913 ლარით მესამე პირის სესხის რეფინანსირების თაობაზე, რაც დასტურდებოდა სამმხრივ ხელშეკრულებაზე სააგენტოს ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 17 118.48 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულება, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე და 408-ე მუხლები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, დადგენილი იყო, რომ სააგენტომ ბანკს კომპანიასთან სამმხრივი შეთანხმების ნიმუშები ელექტრონული ფორმით გაუგზავნა, ხოლო ხელშეკრულებათა უზრუნველყოფა ამ უკანასკნელმა ისე განახორციელა, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხესა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნობრიობა და სხვა დეტალები წინასწარ ცნობილი არ ყოფილა, გარდა ამისა, უდავო იყო, რომ აღნიშნული გამოვლინდა მხოლოდ მონიტორინგის შედეგად. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ შეთანხმების ნიმუშზე ხელმოწერა არ მიუთითებდა სააგენტოს მხრიდან ბანკის მიერ გაცემული აგროკრედიტის მიზნობრიობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ სააგენტოს თანხმობა არ განუცხადებია, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანიის სახელზე აგროკრედიტის გაცემისას მოპასუხეს მესამე პირის სესხის რეფინანასირება მოეხდინა, ვინაიდან სამმხრივი შეთანხმება გულისხმობდა მხოლოდ მოპასუხე ბანკში არსებული კომპანიის (მსესხებლის) სესხისა და არა სხვა პირის სესხის რეფინანსირებას;

12.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელემ კომპანიას თანადაფინანსების ფარგლებში 8559.24 ლარი გადაუხადა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მოპასუხეს ჯარიმის სახით მართებულად დააკისრა აღნიშნული თანხის ორმაგი ოდენობა - 17 118.48 ლარი.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

13.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მოსარჩელე სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმირებული იყო კრედიტის მიზნობრიობის შესახებ. ბანკს მესამე პირის სესხის რეფინანსირებით, შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობა არ დაურღვევია, ვინაიდან, მესამე პირის კრედიტის რეფინანსირების თაობაზე სააგენტომ თანხმობა განაცხადა, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერით;

13.2. მხარეთა შორის არსებული არცერთი ხელშეკრულება არ კრძალავს მესამე პირის კრედიტის რეფინანსირებას. უფრო მეტიც, 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების მიზნებისათვის რეფინანსირება გულისხმობს ერთი კომპონენტის ფარგლებში გაცემული მიმდინარე სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვას იმავე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ხსენებული ხელშეკრულებით ცალსახად განისაზღვრა მესამე პირის სესხის რეფინანსირების დაუშვებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების 5.3 პუნქტი არათუ მესამე პირის კრედიტის რეფინანსირებას, არამედ არამიზნობრივი კრედიტის გაცემასაც კი უშვებს, სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში;

13.3. რეფინანსირებით დაიფარა თავად მსესხებელი კომპანიის პარტნიორისა და ამავდროულად დირექტორის აგროკრედიტი. შესაბამისად, ცხადია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, იმავე კომპონენტის სესხის რეფინანსირება განხორციელდა, რისი უფლებამოსილებაც ბანკს 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე რეფინანსირებისას გასცდა მთავრობის განკარგულების მიზნებს;

13.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს ბანკის პოზიცია, რომ კომპანიის სახელზე გაცემული კრედიტი არ უნდა განხილულიყო ერთიან აგროკრედიტად, ვინაიდან მიზნობრიობა სამ შემადგენელ ნაწილად დაიყო, ესენია : რეფინანსირება, კვერცხმდები ვარიების შეძენა და კვერცხის საბეჭდი დანადგარის შეძენა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

17. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, თანხის (პირგასამტეხლოს) დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

18.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე.

18.2. 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემოდა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განეხორციელებინა მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდებოდა, რომ ბანკმა ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, სააგენტო უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმა, ამ უკანასკნელის მიერ მსესხებლისათვის გაცემული დაფინანსების თანხის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

18.3. 2015 წლის 24 თებერვალს ბანკმა კომპანიის სახელზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა ს.ბ–ში არსებული სესხის რეფინანსირება, კვერცხმდები ვარიების შეძენა და კვერცხის საბეჭდი დანადგარის შეძენა.

18.4. სააგენტომ თანადაფინანსების ფარგლებში მსესხებელს 8 559.24 ლარი გადაუხადა.

18.5. 2016 წლის 22 მარტს მოსარჩელემ ზემოხსენებული კრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით მესამე პირის სესხის რეფინანსირება განხორციელდა, რაც მან პროექტისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მიზნობრიობა არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით და მოპასუხეს ეკრძალებოდა მსგავსი მიზნობრიობის სესხის აგროკრედიტის ფარგლებში გაცემა, მოსარჩელესთან წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე.

19. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კასატორის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობის დარღვევას, რაც გამოიხატა მსესხებლის ნაცვლად, მესამე პირის სესხის რეფინანსირებაში.

სააგენტოსა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემოდა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით. ამავე ხელშეკრულების პირველი მუხლით რეფინანსირებად მიიჩნეოდა პროექტის ბენეფიციარის მიერ ერთი კომპონენტის ფარგლებში არსებული სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მიხედვით, სესხის რეფინანსირება განმარტებულია, როგორც მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა ახალი სესხით.

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სააგენტოსა და ბანკს შორის ადრე დადებული 2013 წლის 21 მარტის ხელშეკრულების თანახმად, რეფინანსირება განიმარტებოდა, როგორც შესაბამისი მიზნობრიობით გაცემული სესხით მსესხებლის ან მესამე პირის მიმდინარე სესხის გადაფარვად ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში, რაც შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით, რომლითაც ცალსახად განისაზღვრა მესამე პირის სესხის რეფინანსირების დაუშვებლობა.

ამდენად, მონიტორინგის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ აგროკრედიტით განხორციელდა მესამე პირის სესხის რეფინანსირება, ეწინააღმდეგება სამმხრივი ხელშეკრულების, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა“ და მხარეთა შეთანხმების პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ, კონკრეტულ შემთხვევაში, მართებულად შეწყვიტა სამმხრივი ხელშეკრულება და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

20. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ შეთანხმების ნიმუშზე მოსარჩელის წარმომადგენლის ხელმოწერა ვერ შეფასდება მოპასუხისთვის მიცემულ თანხმობად, მესამე პირის სესხის რეფინანსირებისთვის გაეცა აგროკრედიტი, ვინაიდან ამგვარი დასკვნა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს.

ამდენად, ცალსახაა, რომ მოპასუხემ დაარღვია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობა და განახორციელა არა მსესხებლის, არამედ მესამე პირის სესხის რეფინანსირება.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, უდავოა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, სააგენტოს მიერ თანადაფინანასების ფარგლებში გაცემული თანხის (8559.24 ლარის) ორმაგი ოდენობით, გარდა ამისა, რადგანაც მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში მესამე პირის სესხის რეფინანსირებაში გამოიხატა, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მითითებული თანხის ორმაგი ოდენობა - 17118.48 ლარი მართებულად დაეკისრა.

22. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

23. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი