Facebook Twitter

საქმე №ას-373-373-2018 3 სექტემბერი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –ბ.ც. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ბანკი) და ბ.ც–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, აპელანტი, მსესხებელი ან კასატორი) შორის 2008 წლის 4 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში: საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, პირველი ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - „თი ბი სი ქარდი“ 1 000 ლარიანი ლიმიტის მოცულობით. საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი. კრედიტის აუცილებელი მინიმალური თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს (ტ.1,ს.ფ.13). 2008 წლის 3 ოქტომბერს საკრედიტო ბარათის ლიმიტი გაიზარდა ავტომატურად, მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 1 434.38 ლარი.

1.1 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელსა და ბანკს შორის წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ტ.1,ს.ფ. 17-33).

1.1.1 აღნიშნული ხელშეკრულების 16.8 პუნქტის მიხედვით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მსესხებელი ვალდებული იყო ბანკისთვის გადაეხადა პირგასამტეხლო (ტ.1,ს.ფ. 29).

1.1.2 ამავე ხელშეკრულების 8.11.2 პუნქტის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელთაც აქვთ მტკიცებითი ძალა.

1.1.3 წინამდებარე შემთხვევაში, საკრედიტო ბარათზე დადგენილი ფიქსირებული ტარიფი შეადგენს 20 ლარსა და 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.2 მსესხებელმა, 2011 წლის დეკემბერში დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაუხდია თანხა.

1.3 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, მსესხებელს ერიცხება 8 790.49 ლარის დავალიანება (ძირითადი თანხა - 1 434.38 ლარი; პროცენტი - 837.50 ლარი; ჯარიმა - 6 518.61 ლარი).

2. ბანკსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 5 ივნისს დაიდო საბანკო კრედიტის №912890-931691 ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე ხელშეკრულება) და სესხად გაიცა 4 000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28.5%-ით, კრედიტის ვადა - 2010 წლის 6 აგვისტომდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 8 რიცხვში, გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 20 ლარისა და 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2.1 საბანკო კრედიტის მეორე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებელმა დაარღვია 2014 წლის 27 ნოემბერს, რის შემდეგაც შეწყვიტა საკრედიტო დავალიანების დაფარვა.

2.2 საბანკო კრედიტის მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, მსესხებელს ერიცხება 17 079.35 ლარის დავალიანება (ძირი თანხა - 1 618.03 ლარი; პროცენტი - 150.10 ლარი; ჯარიმა 15 273.91 ლარი და დაზღვევა - 37.29 ლარი).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 ბანკმა, 2016 წლის 17 მარტს, სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ, მოითხოვა, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (ე.წ. პირველი ხელშეკრულებიდან) გამომდინარე დავალიანების - 3 271.88 ლარის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (ე.წ. მეორე ხელშეკრულებიდან) გამომდინარე - 2 805.44 ლარის გადახდა. აგრეთვე მოითხოვა, დავალიანების ცნობის გაცემიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითად თანხაზე - 1 434.38 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 43.03 ლარს, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითად თანხაზე 1 618.05 ლარზე, აღსრულებამდე - წლიური 28,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 38.42 ლარს.

3.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-2.2 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადა დავალიანება, რის გამოც კრედიტორმა მიმართა სასამართლოს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია (იხ. ქვემოთ 5.3 ქვეპუნქტი)

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 271.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 434.38 ლარი, პროცენტი - 837.50 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი; საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 805.44 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 618.05 ლარი, პროცენტი - 150.1 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი, დაზღვევა - 37.29 ლარი. აგრეთვე, მოპასუხეს დაეკისრა, დავალიანების ცნობის გაცემიდან, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1 434.38 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 43.03 ლარს შეადგენდა, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1 618.05 ლარზე, აღსრულებამდე - წლიური 28,5% სარგებლის გადახდა, 2016 წლის 23 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად 38.42 ლარს შეადგენდა.

5.2 მსესხებელმა, 2016 წლის 28 აპრილს საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5.3 სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა მოპასუხის პოზიციაზე. ამ უკანასკნელის განმარტებით, სარჩელი ჩაჰბარდა მის მეუღლეს, თუმცა, ის მხარე არ არის და არც შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები განუმარტავთ. უშუალოდ მოპასუხე კი, შესაგებლის წარდგენის 10- დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გადასცა ოჯახის წევრმა სარჩელი, რის გამოც ვერ მოახერხა შესაგებლის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წარადგენდა შესაგებელს, ვინაიდან საქმეზე ინტერესი არ დაუკარგავს.

5.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოითხოვნით მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

6.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად უსწოროა, მასში არსებული მსჯელობა არ ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს. სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის როგორც ძირითადი თანხის, აგრეთვე პირგასამტეხლოს დაკისრებას. კანონის თანახმად, სასამართლოს შეეძლო ემსჯელა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე, თუმცა, ამაზე არ უმსჯელია და სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. ამასთან, სასამართლოს არ შეუფასებია, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2016 წლის 8 აპრილს ჩაჰბარდა მოპასუხის მეუღლეს - შ.ჭ–ეს (იხ.ტ.1,ს.ფ. 60-63; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში:სსსკ, 70.1-ე, 74-ე, 73.8-ე მუხლები).

7.3 წინამდებარე შემთხვევაში სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ გზავნილი ადრესატის ოჯახის წევრს - მეუღლეს ჩაჰბარდა. მოპასუხეს დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ წარუდგენია შესაგებელი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.

7.4 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლზე სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლოს აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა სამისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ მითითებით დაასკვნა, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება უზურნველყოფილი იყო კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაიბარა ოჯახის წევრმა და არა უშუალოდ ადრესატმა, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ითვლებოდა. ასევე, საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარდგენის ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის, ან შესაგებლის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

7.5 სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ საქმისადმი ინტერესი არ დაუკარგავს, ასევე, არ გაიზიარა მისი სააპელაციო პრეტენზია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას.

7.6 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის №ას-121-117-2016 გადაწყვეტილებაზე მითითებით „შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი გარკვეული საპროცესსამართლებრივი სანქციის გამოყენებაში მდგომარეობს, სასამართლოს მიერ მოწვეული და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი, ან ისეთი მხარის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს. აღსანიშნავია, ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში,სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის მასალების არსებითი კვლევის სტადიაში, იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივად აფასებს მხარეთა შორის არსებულ სადავო სამართალურთიერთობას, რა დროსაც სარჩელის იურიდიული გამართულობა, მხოლოდ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა მოწმდება.

7.7 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (მოვალემ), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

8.2 საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის იდენტურია. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ სასამართლოს შეეძლო შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, აგრეთვე, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უკანონოა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2016 წლის 8 აპრილს ჩაჰბარდა მოპასუხის მეუღლეს - შ.ჭ–ეს (იხ.ტ.1,ს.ფ. 60-63; სსსკ-ის 70.1-ე, 74-ე, 73.8-ე მუხლები). ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის არ წარუდგენია შესაგებელი და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, მოპასუხის მიერ არასაპტიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ არის კანონით გათვალისწინებული პირობა, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმპერატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაც კი არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (შედარებისთვის იხილეთ სსსკ-ის 230-ე მუხლი; ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).

17. კასატორის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნას ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

18. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზიები სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დამატებით არ ხდება სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, არამედ ისინი გამოკვლეულად ითვლება.

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე