საქმე №ას-518-518-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. პ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''თ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ.კ-ას, ი.პ-სა და ა.კ-ას (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2017 წლის 29 დეკემბერს აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 18 იანვარს. იმავე წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტებს, მათივე განცხადების საფუძველზე, განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 10 დღით. აღნიშნული განჩინება ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 16 თებერვალს.
5. აპელანტებმა2018 წლის 27 თებერვალს (ფოსტის მეშვეობით 26.02.18) შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, მოითხოვეს ხარვეზის შევსების მიზნით საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 64-ე მუხლით სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით და განმარტა, რომ მითითებული დანაწესი გულისხმობს სასამართლოს უფლებას, გააგრძელოს მის მიერვე დადგენილი ვადა, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ამგვარ საპროცესო მოქმედებას და არ ემსახურება პროცესის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე აყენებს მსგავს შუამდგომლობას, ვალდებულია, სარწმუნოდ დაასაბუთოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლიანობა. წინამდებარე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლომ ერთხელ უკვე გაუგრძელა შუამდგომლობის ავტორებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა, შესაბამისად, როდესაც მხარე განმეორებით, იმავე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს ისე, რომ კვლავ არ წარადგენს სარწმუნო მტკიცებულებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესის გაჭიანურებს ემსახურება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა (მოპასუხეებმა), მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
8. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა. მათ არ აქვთ საკმარისი მატერიალური საშუალება განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამასთან, მხარეთაგან ერთ-ერთი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტების 2018 წლის 27 თებერვლის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინების დასაბუთებულობა, რომლითაც მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას კერძო საჩივრის ავტორებს არაერთხელ დაუდგინდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისათვის და მათივე შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდათ საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრის ავტორს არც სახელმწიფო ბაჟი გადაუხდია და არც სხვა რაიმე დასაბუთებული შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის (სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება, შემცირება), ამასთან, არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია (აპელანტებმა მხოლოდ ზოგადი შინაარსის შუამდგომლობა წარადგინეს ფინანსური მდგომარეობის გამო ბაჟის გადახდის შეუძლებლობისა და ერთ-ერთი აპელანტის საზღვარგარეთ ყოფნის თაობაზე), რომელიც დაადასტურებდა აპელანტების მძიმე ფინანსურ მდგომარეობასა და ერთ-ერთი აპელანტის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტს. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურების მცდელობას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ პროცესუალურ-სამართლებრივ პრინციპებს.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
14. სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).
17. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.პ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე