Facebook Twitter

საქმე №ას-568-568-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ვ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე), შეგებებული სარჩელი არშალუს ვ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

4. ზემოხსენებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

6. აპელანტმა, 2017 წლის 25 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ.259).

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 10 დღით.

8. აპელანტის წარმომადგენელმა, 2017 წლის 19 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა და ხარვეზი შევსებისათვის დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხარვეზის შევსებისათვის მხარეს 14 დღე განესაზღვრა.

10. აპელანტის წარმომადგენელმა, 2018 წლის 6 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის კიდევ ერთი კვირით გაგრძელება მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის აღმოფხვრისათვის გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.

12. აპელანტმა 2018 წლის 13 მარტს კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება ერთი თვით.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს სამჯერ გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა, მხარეს ხარვეზი სრულად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში) არ გამოუსწორებია. ამასთან, აპელანტმა მეოთხედ წარდგენილ განცხადებაში ხარვეზის აღმოსაფხვრელად საპროცესო ვადის გაგრძელების მოტივად ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითა, თუმცა, კონკრეტული გარემოებები არ დაუსახელებია და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენია.

15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ამავე წლის 6 მარტს ჩაბარდა ადრესატის წარმომადგენელს (ტ.1, ს.ფ. 294). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 7 მარტს და ამოიწურა 13 მარტს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16.სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის განხილვა.

17.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ~

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსახვებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისიწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უწყება კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებულად, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ.

21.გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული, დაუსაბუთებელია. სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მისივე შუამდგომლობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ამის მიუხედავად, აპელანტს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და არც რაიმე სარწმუნოდ დადასტურებული შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოსათვის არც მისი ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია.

22. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

23.ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

24. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).

25.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ვ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე