საქმე №ას-580-580-2018 10 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ახალციხის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)
მესამე პირი – ა(ა)იპ ს.
თავდაპირველი მოპასუხეები - ბ. ბ-ე, რ. ბ-ე, ფ. ნ-ე, თ. ნ-ე, ფ. ჯ–ი, გ. მ-ე, ს. ს-ე, ბ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), ბ. კ-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), გ. მ-ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ა. ს-ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), ფ. ნ-ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“), რ. ბ-ის (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“), თ. ნ-ის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“), ფ. ჯ–ის (შემდგომში - „მერვე მოპასუხე“), ბ. ბ-ის (შემდგომში - „მეცხრე მოპასუხე“), გ. ნ-ისა (შემდგომში - „მეათე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) და მესამე პირის ა(ა)იპ „ს-ს“ (შემდგომში - „მესამე პირი“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, პ-ს ქ. №17, საკადასტრო კოდი: №6-, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. ქ. ახალციხე, პ-ს ქ. №17-ში მდებარე უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი: №6-) არის მოსარჩელის საკუთრებაში, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება 2014 წლის 4 ივნისის უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მესამე პირს;
2.2. 2016 წლის 8 ოქტომბერს ხსენებულ უძრავ ქონებაში შეიჭრნენ მოპასუხეები და დააზიანეს იგი, კერძოდ, განახორციელეს კარ-ფანჯრებისა და კედლების დემონტაჟი. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ქონებას.
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ:
3.1. ისინი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი ფართი, რის გამოც თავიანთ ოჯახებთან, მათ შორის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ სადავო უძრავ ქონებაში. მათ იციან, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, მაგრამ, ვინაიდან არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნიათ, საქართველოს კანონის „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მათი გამოსახლება არ შეიძლება სხვა სადგომის მიუცემლად;
3.2. მეექვსე, მერვე და მეათე მოპასუხეები სადავო მისამართზე არ ცხოვრობენ, რის გამოც ისინი ცნობილ უნდა იქნენ არასათანადო მოპასუხეებად. არც მეოთხე მოპასუხე ცხოვრობს სადავო ფართში. ბინა დაკავებული აქვს მის ძმას, ს. ს-ეს, ამიტომ, მეოთხე მოპასუხე, როგორც არასათანადო მოპასუხე, უნდა შეიცვალოს სათანადო მოპასუხით, მისი ძმით, რაზეც იგი თანახმაა.
4. მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით მეათე მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეზე არასათანადო მოპასუხე, მეოთხე მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ს. ს-ით (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“).
7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ახალციხე, პ-ს ქ. №17, საკადასტრო კოდი: №6-, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებმა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით მეხუთე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით ქალაქ ახალციხის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განჩინებით პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ახალციხე, პ-ს ქ. №17-ში, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი №1 (სკოლა), განაშენიანების ფართით 655 კვ.მ., ობიექტი №2 (სამზარეულო-სასადილო) განაშენიანების ფართი - 205 კვ.მ., ობიექტი №3 (დამხმარე სათავსო) განაშენიანების ფართი - 178კვ.მ., საკადასტრო კოდი: 6-, ნაკვეთის წინა №6-, დაზუსტებული ფართობი - 4089.00, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;
12.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით ქალაქ ახალციხის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტი;
12.3. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფაქტობრივად ცხოვრობენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;
12.4. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეები სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ.
13. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხეებმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინეს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელებისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენდა მოპასუხეების მითითება იმის შესახებ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. სააპელაციო პალატის მითითებით, ასეთი ფაქტი დადასტურების შემთხვევაშიც კი, მხედველობაში ვერ მიიღებოდა.
15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
18. პირველმა მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
18.1. სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინება საქმის წარმოებისას სათანადოდ შეუსწავლელ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დააფუძნა;
18.2. სასამართლოს უნდა დაეცვა ბავშვების უპირატესი ინტერესები;
18.3. მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ვეტერანების, სოციალურად დაუცველებისა და ბავშვების უფლებები, რაც სასამართლომ სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
27. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
28. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1. პუნქტი), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველმა მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
31. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ვეტერანების, სოციალურად დაუცველებისა და ბავშვების უფლებები, იმ პირობებში, როდესაც იგი ვერ ადასტურებს სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე