საქმე №ას-672-672-2018 3 სექტემბერი, 2018 weli,
. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ „ს.ქ.ე.ს.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოსა (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ქ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი) შორის, 2014 წლის 7 მარტს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ..... მდებარე 3 960 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ №1; №2;№3; №4; №5; №6 შენობა-ნაგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები. ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 246 000 ლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარულ დღეში. მხარეთა შეთანხმებით შენობის დემონტაჟი და სამშენებლო მასალების ტერიტორიიდან გატანა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.14-22).
2. დადგენილია, რომ მოპასუხემ ნასყიდობის ფასი გადაიხადა სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
3. დადგენილია, რომ შენობის დემონტაჟისა და სამშენებლო მასალების გატანის ვალდებულება მოპასუხემ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ განახორციელა.
4. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მყიდველმა მიმართა სააგენტოს (გამყიდველს) და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
5. სააგენტომ 2014 წლის 18 სექტემბრის №1/1-2070 ბრძანებით თანხმობა გამოთქვა ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 გამყიდველმა 2014 წლის 13 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ და მე-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც იგი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიმართა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, ხოლო ამ უკანასკნელმა უფლება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა და ხელშეკრულება, მიმართვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ შეწყვიტა, რამაც პირგასამტეხლოს ოდენობის ხელოვნურად გაზრდა გამოიწვია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 1 230 ლარის გადახდა დაეკისრა.
8.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 420-ე, 477-ე, მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა სარჩელის დაკმყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირებისას არ გაუთვალისწინებია მხარეთა თავისუფალი ნება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამყიდველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
10.3 სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
10.4 კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე მაღალი პირგასამტეხლო.
10.5 წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის საფუძველზე სამშენებლო მასალების გატანის ბოლო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 6 თვე (2014 წლის 7 მარტიდან იმავე წლის 7 სექტემბრამდე). ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეთა შორის შეთანხმდა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით.
10.6 დადგენილია, რომ ზემოხსენებული ვადის დარღვევამდე მოპასუხემ (მყიდველმა) მოსარჩელეს (გამყიდველს) გაუგზავნა წინადადება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რასაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა, თუმცა აღნიშნული განახორციელა არა დაუყოვნებლივ, არამედ 10 დღის გასვლის შემდეგ, რამაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელოვნურად გაზარდა. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ (მყიდველმა) ნასყიდობის ფასი სრულად, ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, გადაიხადა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი არ მისდგომია.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამყიდველმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლო მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული ვერ მოხდებოდა.
11.3 კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ქონების განკარგვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, კერძოდ კი, „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის #1-1/1487 ბრძანებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 გამყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:
18.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;
18.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
19. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებასაც შეეხება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლო. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ნორმატიული აქტითაა განსაზღვრული, კერძოდ, წინამდებარე განჩინების 11.3 ქვეპუნქტში დასახელებული აქტის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1487 ბრძანების მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდამდე, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.
21.საგულიხმოა, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “
22.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამშენებლო მასალების გატანა ობიექტიდან (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). საქმის მასალებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ხელშეკრულების საფასური 246 000 ლარი გადახდილია სრულად, მხოლოდ სამშენებლო მასალების გატანის ვადა არის დარღვეული. აღნიშნულთან დაკავშირებით, კი ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით 6- თვიანი ვადის დარღვევამდე, მყიდველმა მიმართა კასატორს, ეს უკანასკნელი დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას, თუმცა, არა დაუყოვნებლივ, არამედ -10 დღის გასვლის შემდეგ, რის გამოც ხელოვნურად გაიზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა. აქედან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ პირგასამტეხლო ნორმატიულად იყო განსაზღვრული, რისი შემცირების უფლებაც სასამართლოს არ ჰქონდა, აღნიშნული პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე დადგენილია, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული და შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).
23.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
24.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25.კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „ს.ქ.ე.ს–ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე