საქმე №ას-713-713-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – დ. ზ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „საქართველოს ბანკმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ზ-სა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და მ. ზ.-ს (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 16 თებერვლის ხელწერილით მხარეები დაეთანხმნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებას, უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე და გამოხატეს თანხმობა, სასამართლო შემოფარგლულიყო გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, დასაბუთების გარეშე (ს.ფ. 182). აღნიშნული ხელწერილი მოსარჩელის წარმომადგენლისა და მოპასუხეების მიერ იყო ხელმოწერილი.
7. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რადგან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა გამოხატა ნება და უარი თქვა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების განხორციელებაზე, მან დაკარგა უფლება სააპელაციო საჩივრით გაესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. მას უკანონოდ შეეზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. იგი არ დასთანხმებია გადაწყვეტილებას და უარი არ უთქვამს გასაჩივრების უფლებაზე. მას ეგონა, რომ ხელი ვალის გადახდის ვალდებულებას მოაწერა;
9.2. სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, რადგან მეორე მოპასუხეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა არ მისცა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეეზღუდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
15. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა იძლევა მხარის უფლების დეფინიციას, სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესიდან, ასევე დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, თუმცა ნორმით დადგენილი მართლწესრიგი მისი სამართლებრივი შედეგის მარეგულირებელი ნორმისგან დამოუკიდებლად არ შეიძლება განიმარტოს, ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) (იხ. სუსგ №ას-55-50-2015, 12 მარტი, 2015 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 16 თებერვლის ხელწერილით მხარეები დაეთანხმნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებას, უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე და გამოხატეს თანხმობა, სასამართლო შემოფარგლულიყო გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 182).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლსა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, რადგან საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე მხარეებმა ერთობლივად განაცხადეს უარი, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღესვე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით განსაზღვრული, საქმის წარმოების განახლების შესახებ, წესებითაა შესაძლებელი.
18. რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციას, იგი შეეხება გადაწყვეტილებას ან მის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული, ხოლო თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლი), რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ექვემდებარება შეზღუდვას, თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. წინამდებარე შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მეორე მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, თავადვე წერილობით განაცხადა უარი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა და იგი თავად იღებს პასუხიმგებლობას ამ უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ იურიდიულ შედეგებზე. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას ეგონა ხელი ვალის გადახდის ვალდებულებას მოაწერა, განმარტავს შემდეგს: ნების წერილობით გამოვლენისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე (დოკუმენტზე) ხელის მოწერის გზით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - დოკუმენტის ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ დოკუმენტის შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს. პრეზუმფცია, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ.
21. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე/ვითარებაზე, რაც მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა და არც ამგვარი გარემოების/ვითარების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის გამოც დაუსაბუთებელია მისი ზემოაღნიშნული პრეტენზია.
22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ვერც იმ შედავებას, რომ სასამართლომ მას ადვოკატის ყოლის უფლება შეუზღუდა.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს სურვილის შემთხვევაში ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. იმ შემთხვევაში კი თუ მას აღნიშნული უფლებით სარგებლობისათვის დამატებითი დრო სჭირდებოდა შეეძლო შესაბამისი განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის, რაც მას არ განუხორციელებია.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო მხარეს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე თავისი ინიციატივით ვერ დაუნიშნავდა და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას საფუძვლად უნდა ედოს მხარის შუამდგომლობა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ მეორე მოპასუხეს სასამართლოსთვის შუამდგომლობით არ მიუმართავს. ამასთან, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა მხოლოდ განსახილველი საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობის ან სირთულის შემთხვევაშია დასაშვები.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ზ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე