საქმე №ას-716-716-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ქ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ქ. (შემდეგში: მოსარჩელე, კანონისმიერი მემკვიდრე, აპელანტი ან კასატორი) და გ.ქ. (შემდეგში: მოპასუხე, დასაჩუქრებული) არიან ლ.კ–ას (გვარის შეცვლამდე ქოქაშვილი - იხ. ტ.1,ს.ფ.26; შემდეგში: დედა ან მამკვიდრებელი) შვილები.
2. მამკვიდრებელმა, 2006 წელს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ქალიშვილებს წილი გადასცა (ტ.1,ს.ფ. 53-55; 237-238;).
3. მამკვიდრებელმა, 2010 წლის 30 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს სრულად გადასცა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ტ.1,ს.ფ. 61-62; 72-73).
4. მამკვიდრებელმა 2000 წელს განცხადებით მიმართა მთაწმინდის პოლიციის უფროსს. განცხადებაში მიუთითა, დასაჩუქრებული დედას არ უშვებდა სახლში, ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის გამო გული შესტკიოდა შვილზე, შეუძლებელი იყო მასთან ერთად ცხოვრება, რის გამოც ითხოვდა დახმარებას. მამკვიდრებელმა სარჩელითაც მიმართა სასამართლოს ქალიშვილის წინააღმდეგ, ბინიდან გამოსახლების თაობაზე, თუმცა, მოგვიანებით უარი თქვა აღნიშნულ მოთხოვნაზე. მამკვიდრებელმა სასამართლოს კვლავ მიმართა ქალიშვილის (დასაჩუქრებულის) ქმედუუნაროდ აღიარების თაობაზე, თუმცა მოგვიანებით წარადგინა განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ აღმოიფხვრა საფუძვლები (ტ.1,ს.ფ. 45-46; 50-51).
5. დასაჩუქრებულმა, 2000 წლის 25 ივნისისა და 2004 წლის 17 დეკემბრის ხელწერილებით დადო პირობა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობის მცდელობას დედისადმი ადგილი არ ექნებოდა, დასახელებული ქმედების განხორციელების შემთხვევაში, დასაჩუქრებული გამოთქვამდა თანხმობას, ჩაეტარებინათ იძულებითი მკურნალობა, ასევე, თუ ფიზიკურად იძალადებდა დედაზე, პასუხს აგებდა სისხლის სამართლის წესით (ტ.1,ს.ფ. 47-48).
6. მამკვიდრებელმა 2006 წლის 8-9 ნოემბერს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციას, სადაც აღნიშნა, რომ ჰყავს ფსიქიურად გაუწონასწორებელი შვილი, (იხ.ფსიქონევროლოგიური დისპანსერის დასკვნა; ტ.1,ს.ფ. 315), რომელიც მას და მის მეორე ქალიშვილს აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ უშვებს სახლში (ტ.1,ს.ფ.50).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, დაკმაყოფილდა მამკვიდრებლისა და კანონისმიერი მემკვიდრის (მოსარჩელის) განცხადება და მოპასუხე ჩაითვალა მოძალადედ. გამოიცა შემაკავებელი ორდერი განმცხადებლებისა და მოსარჩელის შვილის - მ.ქ–ის მიმართ (ტ.1,ს.ფ.58-60).
8. მოსარჩელის 2010 წლის 16 სექტემბრის განცხადების საფუძველზე დანიშნული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოპასუხის მიმართ, არ ჩატარდა ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო.
9. იმავე წლის 27 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, საპატრულო პოლიციამ სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების მეშვეობით მოპასუხე გადაიყვანა ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ სამედიცინო კვლევის ინსტიტუტში. პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ ეკიპაჟის მისვლის დროს დედა-შვილს შორის წვრილმანი კონფლიქტი და გაუგებრობა გარკვეული იყო, რის გამოც მათ დახმარებაზე უარი განაცხადეს (ტ.1,ს.ფ. 35-40).
10. მოსარჩელემ 2012 წლის თებერვალში გამოიძახა პატრული დასთან კონფლიქტის გამო. 2013 წლის იანვარში და პირველ თებერვალს მამკვიდრებელმა ისევ მიმართა საპატრულო პოლიციას და აღნიშნა, რომ ქალიშვილი (მოპასუხე) უზღუდავდა საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლებას და აყენებდა შეურაცხყოფას. ქ. თბილისის სამმართველოს 2013 წლის 12 მარტის პასუხით, განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა არ შედიოდა პოლიციის კომპეტენციაში, რის გამოც უარი ეთქვა მითითებული გარემოების მოგვარებაზე (ტ.1,ს.ფ.41-43; 63; 66; 67).
11. დასაჩუქრებულსა და ნ.თ–ს (შემდეგში: მესამე პირი, იპოთეკარი) შორის 2012 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებით, 2011 წლის 15 მარტის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის თანხა გაიზარდა 8 000 აშშ დოლარით - 33 000 აშშ დოლარამდე (ტ.1,ს.ფ.69-71).
12. მამკვიდრებელმა, 2013 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაჩუქრებულის წინააღმდეგ, მოითხოვა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ მის მიმართ გამოიჩინა უმადურობა და აყენებდა მძიმე შეურაცხყოფას (იხ. წინამდებარე განჩინების 2-3 პუნქტები). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო საკასაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება - ტ.1,ს.ფ. 144-149; 157-159; 160-161).
13. გამჩუქებელი გარდაიცვალა 2013 წლის 17 მაისს (ტ.1,ს.ფ.29). მოსარჩელის სახელზე 2014 წლის 4 დეკემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე, რომლითაც საკუთრების უფლებით მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ქონებიდან ¼ სავალდებულო წილი მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, რომლებიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის (ტ.1,ს.ფ. 162-165). 2015 წლის 13 იანვარს, მოპასუხის სახელზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა (მამკვიდრებლის 2008 წლის 15 სექტემბრის ანდერძის მიხედვით, დედამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთები, მათ შორის საცხოვრებელი ბინა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) უანდერძა მოპასუხეს. დასახელებული ანდერძი, 2013 წლის 12 ნოემბერს, სანოტარო ბიუროში, მოსარჩელის თანდასწრებით გამოქვეყნდა - ტ.1,ს.ფ.240-242), რომლის მიხედვითაც 2013 წლის 17 მაისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის ქალიშვილმა (მოპასუხემ) მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით, რომელიც გააჩნდა გარდაცვალების მომენტში (ტ.1,ს.ფ. 236-238).
14. სარჩელის საფუძვლები
14.1 მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხის უღირს მემკვიდრედ აღიარება და გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.
14.2 მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები წინამდებარე განჩინების 4-10 და მე-12 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე დააფუძნა.
14.3 დამატებით მოსარჩელემ განმარტა, რომ მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება დასაჩუქრებულისაგან გადაცემული ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისა და მისი შვილისათვის გადაცემა იყო.
15. მოპასუხის პოზიცია
15.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მამკვიდრებლის ნება არ ყოფილა მოსარჩელისა და მისი შვილისათვის ქონების გადაცემა. მიუხედავად მოპასუხესა და დედას შორის მიმდინარე სასამართლო პროცესებისა, მამკვიდრებელს მოპასუხის სახელზე შედგენილი ანდერძი მაინც არ გაუუქმებია.
16. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია
16.1 მესამე პირმა წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში ასახულ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძვლები.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
17.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
17.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1310-ე, 1317-1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1371-ე, 1421-ე მუხლებით და განმარტა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხის ქმედებები განზრახ იყო ჩადენილი და მიმართული დედის უკანასკნელი ან ანდერძში გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ქონებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
18. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
18.1თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
19.1თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
19.2 სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები გაიზიარა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
19.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 1310-ე მუხლი, რომლის თანახმად, „არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).“
19.4 სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება იყო სადავო ქონება საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისა და მისი შვილისთვის, მოპასუხემ იცოდა აღნიშნულის თაობაზე და განზრახ უშლიდა მამკვიდრებელს ხელს, სამკვიდროში მისი წილის გაზრდის მიზნით.
19.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით უსაფუძვლო იყო აპელანტის მითითება, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებას აგრეთვე ადასტურებდა მამკვიდრებლის სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ ჩუქების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დედა მოსარჩელისათვის აპირებდა სადავო ქონების გადაცემას.
19.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული დავის ფარგლებში (ჩუქების გაუქმების თაობაზე) დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავდა ინფორმაციას მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების შესახებ, მეტიც, მოწმეებისათვის უცნობი იყო მოპასუხის მიერ დედისათვის შეურაცხყოფის მიყენების მოტივი.
19.7 გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მამკვიდრებელს ჯერ კიდევ 2008 წლის 15 სექტემბერს, თავის სიცოცხლეში მოპასუხის სასარგებლოდ შედგენილი ანდერძი არ გაუუქმებია, უფრო მეტიც, ასეთი ნების არსებობაზე მას არსად მიუთითებია და არც მოსარჩელისათვის უთქვამს აღნიშნულის თაობაზე.
19.8 დადგენილი იყო, რომ 2010 წლის 30 დეკემბრიდან - სადავო ქონების მოპასუხისათვის სრულად ჩუქების შემდეგ, ეს ქონება აღარ წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას. მოპასუხის ხელშეშლა ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნის სასამართლოში სარჩელის აღძვრაშიც არ დასტურდებოდა და არც მოსარჩელეს მიუთითებია მსგავსი საკითხის თაობაზე. აღნიშნულთან ერთად დადგენილი იყო, რომ გარდაცვალებამდე მამკვიდრებელი რამდენიმე წლის მანძილზე, მათ შორის ჩუქების გაუქმების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის დროსაც მოსარჩელესთან ცხოვრობდა და თავისუფლად შეეძლო ემოქმედა შეხედულებისამებრ.
19.9 სსკ-ის 1319-ე მუხლის თანახმად „სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად“ იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით „სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე“, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მოხმობით „სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მამკვიდრებელს გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ....
19.10 იმის გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელს შედგენილი ჰქონდა ანდერძი მოპასუხის სასარგებლოდ, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დედის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სავალდებულო წილი მოსარჩელემ მიიღო და ქონების ¼ ნაწილი საკუთრებად დაირეგისტრირა. .
19.11 დასახელებული გარემოება მიუთითებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე განსახილველი დავის შედეგების მიმართ, თუმცა, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ შედეგის მიღწევის შესაძლებლობას, რომლის მიღწევაც სურს (იხ. წინამდებარე განჩინების 19.3 ქვეპუნქტი).
19.12 სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სსკ-ის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა (იხ. სუსგ-ები: #ას-22-473-06, 13.03.2006; #ას-794-743-2010, 11.11.2010; #ას-786-840-2011, 20.06.2011; #ას-347-330-2013, 20.09.2013; #ას-1101-1021-2017, 15.02.2018).
20. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
20.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
20.2 კასატორის განმარტებით სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა. საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იყო იმისთვის, რომ მოპასუხე უღირს მემკვიდრედ ეცნო. დასაჩუქრებულმა აიძულა მამკვიდრებელი, ანდერძი მის სასარგებლოდ შეედგინა.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: #ას-794-743-2010, 11.11.2010; #ას-786-840-2011, 20.06.2011; #ას-347-330-2013, 20.09.2013; #ას-1101-1021-2017, 15.02.2018).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტების მიხედვით, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 1310-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 19.3 ქვეპუნქტში).
28. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის განზრახი მოქმედება მემკვიდრედ მოწვევის მიზნით უნდა იყოს განხორციელებული და ასეთი ქმედების მიზანს სამკვიდროში მისი წილის გაზრდა უნდა წარმოადგენდეს.
29. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (იხ. წინამდებარე განჩინების 19.4-19.11) და საკაციო სასამართლო იზიარებს, რომ კასატორმა ვერ შეძლო ვარგისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
30. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, იმისთვის, რომ პირი ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ და ჩამოერთვას მემკვიდრეობის უფლება, აუცილებელია განზრახი ხელშეშლა იყოს, არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო, არამედ ხელისშემშლელი მამკვიდრებლის ნამდვილი ნების გამოხატვისთვის, რომლის შედეგიც სამკვიდროში მემკვიდრის წილის გაზრდა იქნება.
31. წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და შეუდავებელ ფაქტს წარმოადგენს, რომ მამკვიდრებელმა მის სიცოცხლეშივე, ანდერძის მეშვეობით დაუტოვა ქონება მოპასუხეს და მიუხედავად მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობისა და სასამართლო დავებისა, ანდერძი მაინც არ გაუუქმებია. მამკვიდრებელი მოპასუხესთან ერთად ცხოვრობდა. საწინააღმდეგო გარემოებებზე და მათ დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებებზე მხარეს არ მიუთითებია და არ წარუდგენია სასამართლოსათვის დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველი არ არსებობს.
32. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე