საქმე №ას-718-718-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჩ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ნაწილში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ჩ–მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), 2017 წლის 18 აპრილს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ს-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, მოითხოვა 2017 წლის 23 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება დარიცხული ჯარიმის 3 269,98 აშშ დოლარისა და საურავის - 788,66 აშშ დოლარის ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დასახელებული თანხის ნაცვლად, მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმის სახით - 544.98 აშშ დოლარის, ხოლო საურავის სახით - 131.44 აშშ დოლარის გადახდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგოში:სსსკ) 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად) და განმარტა, რომ აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, ჯარიმის სახით - 544.98 აშშ დოლარის, ხოლო საურავის სახით 131.44 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში (სულ - 676.42აშშ დოლარი; 676.42 X 2.40 = 1623,4 ლარი). ვინაიდან დასახელებული თანხა არ აღემატება მითითებული ნორმით განსაზღვრულ თანხას, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საკანონმდებლო ცვლილებამდე, ხოლო სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება მოხდა მოგვიანებით, ვინაიდან მანამდე მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონდა ჩაბარებული.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.
11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
12. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
15. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
16. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა)- იხ.სუსგ საქმე №ას-978-2018; 2018 წლის 4 სექტემბრის განჩინება .
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების პასუხად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებამდე და ამიტომ მისი პრეტენზია უნდა განხილულიყო, დაუსაბუთებელია.
18. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა 2018 წლის 15 მარტს, ხოლო ჩაიბარა იმავე წლის 20 მარტს (ტ.1, ს.ფ. 157-159). სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია, 2018 წლის 3 აპრილს, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია დასახელებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავდა მოქმედი პროცესუალური ნორმის ფარგლებში, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ჩ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე