საქმე №ას-754-754-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ლ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ისა და ვ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, მოვალეები, ვ.ლ-ი ასევე წოდებული, როგორც კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ: ელექტროენერგიის მრიცხველის მითვისების გამო- 400 ლარის; მითვისებული ნივთების სანაცვლოდ -4 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის (ბოლო 3 წლის განმავლობაში ბინის გაქირავების შემთხვევაში) _ 3 600 ლარის გადახდა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
i ბორჯომის რაიონის სოფელ ჩ-ში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომლის ნაწილი 1992 წელს აჩუქა ბიძამ, ხოლო ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახს არ მოუწია ცხოვრება აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ, როდესაც ჩავიდნენ, სახლის კარი დალუქული დახვდა მეზობლის მიერ, რომელიც გარდაცვლილია და მისი მემკვიდრეები არიან მოპასუხეები. სწორედ ისინი ცხოვრობდნენ აღნიშნულ სახლში. მოპასუხეების მამკვიდრებელმა თაღლითურად დაირეგისტრირა მოსარჩელის ქონება, შემდეგ თავის სიძეს – ვ. ლ-ს მისცა მინდობილობა, რომელმაც, თავის მხრივ, თვალთმაქცურად მიჰყიდა თავის შვილს – პ. ლ-სა და მეუღლის ძმიშვილს- ნ. ბ-ეს, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოპასუხეების სახელზე არსებული უფლების რეგისტრაცია და 2017 წლის იანვარში აღირიცხა ქონება მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეებმა მიითვისეს მოსარჩელის კუთვნილი მრიცხველი და დღეის მდგომარეობით სახლს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოკომპანიამ ახალი მრიცხველის დაყენებისათვის მოითხოვა 400 ლარი. მოპასუხეთა მხრიდან ქონების ფლობის განმავლობაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი გაქირავება, შესაბამისად, მიიღო ზიანი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავი ნივთი, სადაც სადავო მოძრავი ნივთები იყო განთავსებული, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი ქ. ბ-ის სახელზე, რომელმაც 2010 წელს მიჰყიდა იგი პ. ლ-სა და ნ. ბ-ეს. პ. ლ-ი გარდაიცვალა 2014 წელს, რის შემდეგაც მისი მემკვიდრეობა მიიღეს მამკვიდრებლის მშობლებმა: ნ. ბ-ემ და ვ. ლ-მა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებისათვის ცნობილი არ იყო სადავო მოძრავი ნივთების არც წარმომავლობის და არც საერთოდ არსებობის შესახებ, შესაბამისად მისი განკარგვაც ვერ მოხდებოდა. ვ. ლ-ის განმარტებით, როდესაც ის საცხოვრებლად გადავიდა ბორჯომის რაიონის სოფელ ჩ-ში, მან თბილისიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წაიღო მაგიდა, სკამები, საწოლი და სხვა საოჯახო ნივთები. რაც შეეხება ელექტროენერგიის მრიცხველს, მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო, რომ იგი წარმოადგენდა მამკვიდრებელ ქ. ბ-ის საკუთრებას, რაც გამორიცხავს მართლსაწინააღდმეგო მითვისების ფაქტს, ასევე, ამჟამად მათ ახალი ელექტრო ენერგიის მრიცხველი აქვთ დამონტაჟებული. ნ. გ-ის კუთვნილი ოთახი მოუვლელი და გასამართია, იქ ცხოვრება დღესაც შეუძლებელია და მოსარჩელე მას ვერც გააქირავებდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის 3 600 ლარის დაკისრება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბინის ქირის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 200 ლარის, ხოლო, ვ. ლ-ს _ 900 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. სააპელაციო სასამართლომ საკუთარი დასაბუთება დააფუძნა სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) დადგენილია, რომ:
1.2.1. ბორჯომის რაიონის დ-ის თემის საკრებულოს 2006 წლის 2 მაისის #237 ცნობა-დახასიათების თანახმად, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება ერთსართულიანი, ორი ოთახისაგან შემდგარი 42 კვ.მ (საცხოვრებელი ფართი 32 კვ.მ) საცხოვრებელი სახლი;
1.2.2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2009 წლის 28 დეკემბერს სოფელ ჩ-ის საკომლო წიგნიდან 2001-2005 წლების მდგომარეობით გაცემული ამონაწერის თანახმად, ოჯახის უფროსი არის ბ-ი მ. მ–ის ასული, ოჯახის წევრი მხოლოდ იგივე პირია, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 65 კვ. მეტრია, საცხოვრებელი ფართი _ 54 კვ.მ. ოთახების რაოდენობა _ 3, მიწის ნაკვეთი _ 0,08;
1.2.3. ქ. ბ-ის დაკვეთით 2009 წლის 29 დეკემბერს შედგენილი ბორჯომის რაიონის სოფელ ჩ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (800 კვ.მ) და შენობა-ნაგებობა (130,6 კვ.მ) მოიცავდა საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის კუთვნილ წილსაც. ხსენებული უძრავი ქონება, 2010 წლის 5 ივლისს საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ბ-ის სახელზე (ს/კ #6-...);
1.2.4. 2010 წლის 7 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ. ლ-მა, როგორც მინდობილმა პირმა, მიმნდობი ქ. ბ-ის უძრავი ქონება (ს/კ #6--...) მიჰყიდა პ. ლ-სა და ნ. ბ-ეს, რომლებმაც შეძენი ქონება 2010 წლის 10 ოქტომბერს დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში;
1.2.5. პ. ლ-ი გარდაიცვალა 2014 წლის 19 ივნისს;
1.2.6. პ. ლ-ის სამკვიდრო (მათ შორის სადავო უძრავი ქონების 1/2 ნაწილი) თანაბარწილად მიიღეს მემკვიდრეობით მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, მშობლებმა: ნ. ბ-ემ და ვ. ლ-მა;
1.2.7. მოპასუხეები ფლობენ მათ საკუთრებად რესგიტრირებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილს სადავო საცხოვრებელ სახლში (17.05.2017წ. სხდომის ოქმი, 15:36:10სთ. ვლ---ის განმარტებით, მოსარჩელის კუთვნილი ფართი საცხოვრებლად იყო უვარგისი და თავად გაარემონტა იგი). 2016 წლის მარტიდან, ნ.გ-ის სარჩელზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეწყვიტეს მოსარჩელის კუთვნილი სახლისა და მიწის ფლობა;
1.2.8. სოფელ ჩ-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 47 კვ.მ შენობა-ნაგებობა 2017 წლის 23 იანვრიდან რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე;
1.2.9. მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ოთახებისა და მიწის ნაკვეთის ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 100 ლარს (მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 23.03.2017წ. აუდიტორული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არავითარი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი);
1.2.10. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბოლო სამი წლის განმავლობაში მისაღები ქირის დაკისრება. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 31 მარტს. თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეებმა მისი ქონების ფლობა 2016 წლის მარტიდან შეწყვიტეს (ერთი წლის ქირის _ 1 200 ლარის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს), გარდა ამისა, მოსარჩელის კუთვნილი სახლის ნაწილი საჯარო რეესტრში 2010 წლის 5 ივლისს დარეგისტრირდა ქ. ბ-ის საკუთრებად, რომლის სახელზეც ირიცხებოდა ამ სახლის დარჩენილი ნაწილი. ქ. ბ-ემ ქონება 2010 წლის 7 ოქტომბერს მიჰყიდა პ. ლ-სა და ნ. ბ-ეს, ხოლო ვ. ლ-მა უფლება საცხოვრებელი სალის 1/4-ზე მიიღო 2014 წლის 16 ივნისს (ვ. ლ-ს უნდა დაეკისროს ქირის _ 100 ლარის გადახდა 2014 წლის 16 ივნისიდან 2016 წლის მარტამდე, სულ _ 900 ლარი, ხოლო ნ. ბ-ეს ქირის ნახევარი _ 50 ლარი 2014 წლის მარტიდან 2016 წლის მარტამდე _1 200 ლარი).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სარჩელის საფუძლიანობის შემოწმებისათვის გადამწყვეტი არ არის მხარის სამართლებრივი პოზიცია, რადგანაც სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს მოთხოვნის დამფუძნებელ დანაწესს. ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად უარყო დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელი ნორმა (სკ-ის 992-ე მუხლი) და იმ პირობებში, როდესაც პრეიუდიციულადაა დადგენილი (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ფაქტი, პალატამ სავსებით მართებულად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო კოდექსის 982.1 მუხლი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არგუმენტირებულ შედავებას, ისევე, როგორც საქმეში წრამოდგენილი აუდიტორული დასკვნის კვლევასთან და ქონებრივი წონასწორობის გათანაბრების მიზნით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან მიმართებით (სსსკ-ის 105-ე მუხლი), კასატორს დასაშვები შედავება არ აქვს წარმოდგენილი. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური ვალდებულების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას კანონი იმ შემთხვევაშიც კი არ ითვალისწინებს, თუ ეს მტკიცებულებები ქვემდგომ სასამართლოში საპატიო მიზეზით არ იქნა წარდგენილი, მით უფრო საქმის განხილვის მიზნებს არ ემსახურება საქმეში დედნის სახით წარმოდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კვლავ წარმოდგენა, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი (ტ. II, ს.ფ.99-112) 14 (თოთხმეტი) ფურცლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური