Facebook Twitter

საქმე №ას-763-763-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფ-ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე,) სარჩელი გ.ა–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა სააპელაციო საჩივარი, შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე - სახელმწიფო ბაჟის - 80,65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

6. აპელანტმა 2018 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა აპელანტის მეუღლეს ნ.თ–ს, 2018 წლის 5 აპრილს (ტ.2, ს.ფ.14).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხარვეზის თაობაზე განჩინება ადრესატს ჩაჰბარდა 2018 წლის 5 აპრილს და დაევალა ხარვეზის აღმოფხვრა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 6 აპრილს და ამოიწურა იმავე წლის 12 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უწყება კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებულად, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ.

16. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ერთხელ გაუგრძელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მისივე შუამდგომლობის გათვალისწინებით, რა ვადაშიც აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოსათვის, არც რაიმე დოკუმენტი წარუდგენია, რომელიც დაადასტურებდა მის მძიმე ეკონომიკურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობას.

17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

19. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე