საქმე №ას-770-770-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.შ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – მ. კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.შ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სს „ქ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე განმარტა, რომ 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევლა სასამართლოსათვის წარედგინა: ა) ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის ან უშუალოდ მის მიერ; ბ) მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის - 179.90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; გ) სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია; აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
5. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება 2018 წლის 19 აპრილს აპელანტს პირადად ჩაბარდა (ტ.1, ს.ფ 181). შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრისათვის განჩინებით დადგენილი 10- დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 20 აპრილიდან და ამოიწურა ამავე წლის 29 აპრილს. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის უკანასკნელი დღე იყო უქმე დღე, აპელანტი ვალდებული იყო ხარვეზი აღმოეფხვრა ამავე წლის 30 აპრილის ჩათვლით.
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში, აპელანტს სასამართლოსათვის არც ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგენია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის თაობაზე არსებული განჩინება ადრესატს არ ჩაბარებია, ვინაიდან უკვე ერთი წელია საზღვარგარეთ იმყოფება და არც მის წარმომადგენელს მიუღია სასამართლოდან გზავნილი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისიწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უწყება კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებულად, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება, თავად მხარეს ეკისრება, რაც წინამდებარე შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო კერძო საჩივრის ავტორმა.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა აღნიშნული განჩინების ჩაუბარებლობით იყო გამოწვეული, ვინაიდან ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დაუსაბუთებელია, რადგან მოცემულ შემთხვევაში მხარის მითითებით ვერ გაბათილდება საქმეში მოთავსებული მტკიცებულება, კერძოდ, საფოსტო უკუგზავნილით, რომელსაც ხელს მხარე უშუალოდ აწერს, დასტურდება განჩინების ჩაბარების ფაქტი (ტ.1,ს.ფ.181). ამასთან, საკასაციო სასამართლოსათვის, კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მისი საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტს.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
15. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.შ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე