საქმე №ას-794-794-2018 11 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.გ.მ.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ლ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.გ.მ.ს–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემკვეთი) და შპს „ლ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) შორის 2006 წლის 16 მაისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულებები („სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №05-27/3, №05-28/3, №05-29/3 და №05-30/3 ხელშეკრულებები), რომელთა მიხედვითაც, მენარდეს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.
2. შემკვეთმა მენარდეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად 11902.33 ლარის ღირებულების ჰიდროსაიზოლაციო და ელექტროგაყვანილობის მასალა - ლინოკრომი და ელსადენი გადასცა.
3. მენარდემ საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები საბოლოოდ 2006 წლის 25 დეკემბერს დაასრულა და სამინისტროს სამუშაოს დასრულების აქტები გადასცა. მოსარჩელემ შესრულებული სამუშაო მიიღო და მოპასუხეს საზღაურიც გადაუხადა.
4. 2015 წლის 21 იანვარს სამინისტრომ წერილობით მიმართა მენარდეს და აცნობა, რომ 2014 წელს მან შეისწავლა მოპასუხის მიერ წარდგენილი ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა #2-ები, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან უსასყიდლოდ მიიღო 11 902.33 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, თუმცა, გადაცემული მასალები მას არ ჰქონდა „განფასებული ნულოვანი ტარიფით“, შესაბამისად, ამ უკანასკნელმა მოითხოვა და მიიღო ანაზღაურება, მათ შორის, შემკვეთის მიერ სამუშაოს შესასრულებლად გადაცემული მასალებისათვის, რაც უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა (იხ. ს.ფ. 83-84).
5. აღნიშნულის გამო, 2010 წლის 22 თებერვლიდან იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში 11 710,2 ლარი დააბრუნა.
6. 2017 წლის 5 ივნისს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 11 902,33 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სამინისტროსა და მენარდეს შორის საჯარო სკოლების გარემონტების მიზნით, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, შემკვეთმა მენარდეს მომსახურების გაწევის მიზნით, საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე (უსასყიდლოდ) გადასცა 11902. 33 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა სამინისტროს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება 11 902. 33 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და აუთვისებელი სამშენებლო მასალების სამინისტროში მატერიალურად ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილს კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, სადავო თანხა უკან დაებრუნებინა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ სამინისტროს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები : ლინოკრომი და ელექტროსადენი სრულად იქნა მოხმარებული და ათვისებული მენარდის მიერ. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის გადაცემული მასალა საკმარისი არ აღმოჩნდა და მოპასუხემ დამატებით შეიძინა 1100 გრძივი მეტრით მეტი 10 კვეთიანი ელექტროსადენი, რომლის ღირებულებაც 10 ლარს აღემატებოდა. სახელდობრ, გადმოცემული 8440 გრძივი მეტრი ელსადენის ნაცვლად გახარჯულ იქნა 9634 გრძივი მეტრი, რაც დასტურდებოდა ასევე შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესრულებული სამუშაოს ფულად ჯამს ცვლილება არ განეცადა და ბალანსი შენარჩუნებულიყო, სამინისტროსგან უსასყიდლოდ გადაცემული და უშუალოდ მათ მიერ შეძენილი ელსადენის ჯამურად განფასება განხორციელდა, რის შემდეგაც, 9634 გრძივი მეტრი ელსადენის თითოეული გრძივი მეტრის ღირებულება გაწერილ იქნა 40 თეთრად და შესაბამისად, ფორმა №2-ში შემკვეთისაგან გადაცემული ელსადენის ღირებულება არ აისახა ნულოვანი ტარიფით, რაც ბუღალტრული თვალსაზრისით არასწორი იყო. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და 2010 წელს, შპს ,,ს–ის“ დასკვნის საფუძველზე, მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჩარიცხული თანხიდან სწორედ არასწორი ბუღალტრული მოქმედების შედეგად ზედმეტად მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოეთხოვა, რაც მოპასუხემ იმავე წელს ეტაპობრივად დააბრუნა სახელმწიფო ბიუჯეტში. მოპასუხემ მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობისათვის დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ.
8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 128-ე, 129.1, 130-ე, 144-ე და 646.2 მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი უსაფუძვლობისა და სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (სსკ-ის 129.1);
10.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადაცემული მასალა არ გამოუყენებია და არც ის, რომ მან შესრულებული სამუშაოსთვის შეთანხმებულზე მეტი ანაზღაურება მიიღო. ამასთან, შემკვეთის მიერ წარდგენილი ერთადერთი მტკიცებულება - სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს არ ადასტურებდა. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მენარდემ შემკვეთისაგან გადაცემული მასალები „ფორმა 2“-ში „ნულოვანი ტარიფით“ არ განაფასა, მათ გამოუყენებლობაზე არ მიუთითებდა.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
11.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადაცემული 11 902.33 ლარის ღირებულების მასალა სრულად აითვისა;
11.2. საქალაქო და სააპელაციო ინსტანციებმა არასწორად გამოიყენეს სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არ წარმოშობილა;
11.3. სააპელაციო პალატას სსკ-ის 976-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. აღნიშნული მუხლის გამოუყენებლობის გამო სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა ურთიერთობა, როგორც სახელშეკრულებო სამართლებრივი დავა და მას არასწორად დაუკავშირა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა;
11.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიყენეს სსკ-ის 427-ე მუხლი, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის დავა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა, ვინაიდან, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება მისი შესრულების საფუძველზე შეწყდა და შესაბამისად, დავის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს;
11.5. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით იხელმძღვანელეს და არ გაითვალისწინეს, რომ სადავო სამართალურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც გამოიყენება საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი და არა 3 - წლიანი ვადა;
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა).
16. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, სახელდობრ:
16.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ გადაცემული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი, ასევე, შესრულებული სამუშაოსათვის შეთანხმებულზე მეტი ანაზღაურების მიღება. მოპასუხის მიერ ფორმა # 2-ში მიღებული მასალების ნულოვანი ტარიფით განუფასებლობა არ შეიძლება, შეფასებულიყო აღნიშნული მასალების გამოუყენებლობად, რადგან ფორმა # 2 სწორედ მასალების გამოყენებასა და სამუშაოს შესრულებას ადასტურებს. ამასთან, შესრულებული სამუშაოების მიმართ, რისთვისაც აუცილებელი იყო სადავო მასალების გამოყენება, მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნდა.
16.2. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მოპასუხემ სახელმწიფო ბიუჯეტში ნარდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, ზედმეტად გადახდილი 11 710,2 ლარი დააბრუნა. გარდა აღნიშნული თანხისა, მოსარჩელის მიერ მენარდისათვის სხვა თანხის ზედმეტად გადახდის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. ამასთან, არც ის გარემოება მტკიცდება, რომ 2016 წლის 16 მაისს დადებული ხელშეკრულებების გარდა, მხარეთა შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიც არსებობდა.
16.3. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოთხოვნა წარმოშობილი და ამასთან შეწყვეტილი რომც არ იყოს, ის მაინც განხორციელებადი არ არის, რადგანაც ხანდაზმულია.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. რაც შეეხება კასატორის მითითებას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №ას-774-723-2017 განჩინებას, სადაც პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორს მასალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2006 წლის 25 დეკემბერს, მან კი სარჩელით სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისს მიმართა, შესაბამისად, სსკ-ის 129.1 მუხლის საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. ზოგადად, სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64), (შდრ. სუსგ №ას-1163-1083-2017, 25.10.2017).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და მართებულად იქნა უარყოფილი.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-1163-1083-2017, 25.10.2017; №ას-774-723-2017, 11.10.2017).
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.გ.მ.ს–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი