საქმე №ას-847-847-2018 25 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ლ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 4 აგვისტოს ა.ქ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის - 21 430 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის, თვეში 400 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, 2014 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 2014 წელს მოპასუხემ თავის საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელ ფართზე (მდებარე, ქ. თბილისი, ......, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) სამშენებლო სამუშაოები დაკორექტირებული პროექტის დარღვევით ჩაატარა და მოსარჩელის თანხმობის გარეშე დაანგრია ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი, რომელიც იმავდროულად მოსარჩელისა და მოპასუხის საცხოვრებელი ფართების გამყოფი კედელი იყო. კედლის ნგრევამ გამოიწვია სახლის კონსტრუქციის მოშლა და სახურავის ჩამონგრევა, რის გამოც უძრავი ქონება გახდა ავარიული და წყლის უწყვეტი ჩამოდინების შედეგად მიმდინარეობს სახლის ნგრევის პროცესი. მოპასუხის განზრახი, ბრალეული მოქმედების შედეგად მას (მოსარჩელეს) მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც დადასტურებულია სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა), რომლის მიხედვითაც, მოპასუხის ბინაში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზეგავლენის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელის უძრავი ქონება საჭიროებს სპეციალურად დამუშავებული პროექტით დანგრეული კედლის აღდგენას, ასევე, გადახურვის კონსტრუქცია შესაცვლელია საცხოვრებელი ფართის როგორც ,,ა”, ისე ,,ბ” ნაწილში. შპს ,,ა–ის” მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა მთლიანად 21 430 ლარი შეადგინა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის მითითებული თანხა მიუღებელ შემოსავალთან ერთად აენაზღაურებინა.
2. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან ძველი ავარიული შენობა დაშალა და ახალი ორბინიანი სახლი ააშენა. შესაბამისი ნებართვით - შეთანხმებული პროექტის საფუძველზე, გარდა ამისა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის საყრდენ კედელზე მიბჯენით სამშენებლო სამუშაოები არ ჩაუტარებია, მან მხოლოდ ააშენა და გაამაგრა შენობებს შორის არსებული გამყოფი კედელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მისი ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 21 430 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-ე-78-ე, 207.1, 233-ე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე და 411-ე მუხლები გამოიყენა.
5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ამ უკანასკნელთა ჯანმრთელობის პრობლემებმა განაპირობეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ სსსკ-ის 241-ე, 233.1, 70-ე-78-ე, 215.3, 102.1, 102.3, 230.2, ასევე, სსკ-ის 992-ე და 411-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
7. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე, მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის განჩინება.
8.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა და აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდებოდა, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ სხდომის დამთავრების შემდგომ წარდგენილ განცხადებას, თან არ ერთვოდა მითითებული მიზეზის - ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან, მას ასეთი მტკიცებულება არც საჩივართან ერთად არ წარუდგენია;
8.2. სააპელაციო პალატამ მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითა (იხ.სუსგ # ას-678-649-2016) და განმარტა, რომ, მართალია, სსსკ-ის 93.2 მუხლის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ავადმყოფობის ან საზღვარგარეთ ყოფნის გამო, ან რაიმე სხვა მიზეზით მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. პალატამ დაასკვნა, რომ, თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნდა სხდომაზე გამოცხადების საპატიო მიზეზი, იგი ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო სასამართლოში და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ ის სასამართლო სხდომაზე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ გამოცხადდა. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ წარმომადგენელმა განცხადებაც წარადგინა სასამართლოში და პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი წერილობითაც დაასაბუთა;
9.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, განცხადებისათვის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები დაერთო;
9.3. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არც ის გარემოება არ გაითვალისწინეს, რომ თვითონ მოპასუხეც შეუძლოდ იყო და ვერც ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. გარდა ამისა, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს ანიჭებს, ამ უკანასკნელის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისთვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა აქვს და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე;
9.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს - სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობასა და სამართლებრივ სისწორეს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ბევრად აღემატება ზიანის რაოდენობას, რომელიც შესაძლოა, მოსარჩელეს მისდგომოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი წანამძღვრები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ანუ ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, სახელდობრ:
14.1. უდავოა, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში 2016 წლის 3 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, ამ უკანასკნელს სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 21 სექტემბერს პირადად ეცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ 172).
14.2. ასევე უდავოა, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ სსსკ-ის 230-ე და ამავე კოდექსის 233-ე მუხლებით იხელმძღვანელა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
14.3. უტყუარადაა დადგენილი ისიც, რომ მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას არ გააჩნდა საპატიო მიზეზი. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ 2016 წლის 3 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართული სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, ასევე, გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე, მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის ჩატარებამდე დიდი ხნით ადრე - 2016 წლის 21 სექტემბერს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2016 წლის 3 ოქტომბრამდე მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 27 ივნისს, რომელიც სწორედ მოპასუხის წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოობის შესაფასებელ წინაპირობებად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
15.1. კასატორის არგუმენტი, რომ მისი წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის, კერძოდ, მისი (წარმომადგენლის) ავადმყოფობის თაობაზე, ასევე, წარმომადგენლის მიერ სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ შეტანილი განცხადება, რომელშიც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს სხდომაზე გამოცხადებას, დამაჯერებლობასაა მოკლებული, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულება მან ვერ წარუდგინა სასამართლოს, განცხადებას თან არ ერთვოდა მითითებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი საბუთი. ამასთან, ასეთი მტკიცებულება მას არც საჩივართან ერთად წარუდგენია სასამართლოსთვის. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს არ ჰქონდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
15.2. რაც შეეხება თავად მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობას, რაც გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფობის ან საზღვარგარეთ ყოფნის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას (შდრ. სუსგ # ას-678-649-2016, 16.12.2016).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი მოიცავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ საქმე #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016). აღსანიშნავია, რომ საქმეზე ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება არ დადგენილა.
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს, რომ მისი წარმომადგენელი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, განცხადებაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები დაერთო. ამასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენელს შეეძლო, სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარზე დაერთო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც მას არ გაუკეთებია.
18. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კიდევ ერთ საფუძვლად კასატორი სარჩელის იურიდიულ დაუსაბუთებლობას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ # ას-356-338-2015, 03.06.2015). სსსკ-ის 230-ე მუხლის მიხედვით, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა მიუთითებს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ მიუთითა მთავარი ნორმის, სსსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელ ყველა წანამძღვარზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და აფასებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ და მატერიალურ სამართლებრივ საფუძვლებს, ანუ არ შეიცავს იმ საპატიო გარემოებათა აღწერას, რაც მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის პირობებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები #ას-914-876-2014, 19.02.2014; # ას-1243-1166-2015, 9.03.2016; ას-678-649-2016, 16.12.2016; # ას-310-295-2016, 04.10.2016; ას-356-338-2015, 03.06.2015).
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1791.50 ლარის, 70% – 1254.05 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ლ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ა.ზ–ძის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1791.50 (ათას შვიდასოთხმოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 29.06.2018 წ.) 70% – 1254.05 (ათას ორასორმოცდათოთხმეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი