Facebook Twitter

საქმე №ას-887-2018 12 სექტემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჟ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება) და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ჟ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, მ-ის ქ#8-ში მდებარე #23 ბინის (ს/კ #0-, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააუქციონო განკარგულების (11.05.2016, #1-) საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა რეესტში (რეგისტრაციის #8-), ბინა არის ე.წ თეთრი კარკასი, რომლის გარემონტება და საცხოვრებლად ვარგისად ქცევა სურს მესაკუთრეს, თუმცა, მოპასუხე არ გადასცემს ბინის გასაღებს და ხელს უშლის საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში.

2. მოპასუხის პოზიცია:

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ი. გ-ეს ორჯერ გაეგზავნა მ-ა ჟ-ას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, პ-ის ქ#3-, ბინა #28, მაგრამ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რადგან ვერ მოიძიეს მითითებულ მისამართზე;

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, პ-ის ქუჩა #3-, ბინა #28, მაგრამ სასამართლო გზავნილი ვერც ამ შემთხვევში ჩაბარდა ადრესატს, რადგან პოლიციამ ვერ მოიძია მოპასუხე;

1.2.3. 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს საჯარო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა გზავნილი და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. შესაბამისად მოპასუხე უფლებამოსილი იყო შესაგებელი წარედგინა 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის;

1.2.4. საჩივარში შესაგებლის წარმოუდგენლობას მოპასუხე ასაბუთებს იმით, რომ საჯარო შეტყობინების გამოყენება უკიდურესი საპროცესო მოქმედებაა. შეტყობინებისთანავე მან მიმართა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ინფორმაციის მიღების მიზნით თითოეულ საქმესთან დაკავშირებით. რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთანავე, 2016 წლის 7 ოქტომბერს მან თავად მიმართა თხოვნით სასამართლოს გზავნილის ჩაბარების თაობაზე, თუმცა, აპელანტს რაიმე მტკიცებულება, რაც ხსენებულ გარემოებებს დაადასტურებდა, არც საჩივარში მიუთითებია და არც საქმის მასალებში არ მოიპოვება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მხარე მათ შორის საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ მისამართს, რომელზეც ვერ ჩაბარდა შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ განკარგა მხარის შეტყობინება-დაბარების ყველა გონივრული საშუალება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სწორად გაავრცელა საჯარო შეტყობინება საჯაროდ, გარდა ამისა, ვინაიდან დადგენილ ვადაში შესაგებელი არ იქნა წარდგენილი, ქვემდგომმა სასამართლეობმა სწორად იხელმძღვანელეს ამავე კოდექსის 2321 მუხლით და სწორად მიიჩნიეს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები (სარჩელში მითითებული გარემოებები (იხ. აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტი) სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მთხოვნას, ამასთანავე, უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის განსაკუთრებული რეჟიმიდან გამომდინარე, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში საჯარო რეესტრის ამონაწერსის არსებობის საკითხზეც). რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას. ამ მხრივ რაიმე გონივრულ დასაბუთებას არც საკასაციო საჩივრით არ სთავაზობს მოპასუხე სასამართლოს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე/პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), ვინაიდან საკასაციო პალატის 19.07.2018წ. განჩინებით კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. გ-ეს (პ/#0-) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 19.07.2018წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის 30%-ის _ 45 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური