საქმე №ას-894-2018 19 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-მა“ (შემდგომში -„მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღე და დაევალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა;
6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა მისივე მოთხოვნის საფუძველზე გაუგრძელდა 3 დღით;
6.3. აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო. კერძოდ, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის სრულად შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა სასამართლოს ინიციატივით გაუგრძელდა 3 დღით;
6.4. საქმეში წარდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ბ. ბ–ს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 3 მაისს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 74-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2018 წლის 3 მაისს, როცა განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს - ბ. ბ–ს. ხარვეზის შევსების 3 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაიწყო 2018 წლის 4 მაისიდან. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2018 წლის 6 მაისს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს - კვირას.
8. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე 2018 წლის 7 მაისი იყო და შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გამოასწორა ხარვეზი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა ჩაებარებინა არა მხოლოდ წარმომადგენლისთვის, არამედ - პირადად აპელანტისთვისაც, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი იყო სააპელაციო საჩივრისადმი აპელანტის ინტერესის შესახებ, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარდგენასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდაში გამოიხატა;
10.2. სააპელაციო სასამართლოსთვის მხარის 2018 წლის 22 მაისის განცხადებით ცნობილი იყო, რომ აპელანტს ახალი წარმომადგენელი ჰყავდა, შესაბამისად, შეეძლო მისთვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად მინიმალური ვადა განესაზღვრა;
10.3. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით და აპელანტისათვის უნდა მიეცა შესაძლებლობა სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაეცვა საკუთარი ინტერესები.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მისი მხრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა.
15. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა ჩაებარებინა არა მხოლოდ მისი წარმომადგენლისთვის, არამედ - პირადად აპელანტისთვისაც.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის სრულად შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა სასამართლოს ინიციატივით გაუგრძელდა 3 დღით. ხსენებული განჩინება 2018 წლის 3 მაისს პირადად ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს ბ. ბ–ს (იხ. ტ. 2. ს. ფ. 21, 22), რომლის უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმის მასალებში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 43-45).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავს, შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ეჭვს არ იწვევდა.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
19. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხის წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომენტიდან (2018 წლის 3 მაისი) ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად. ამგვარად, ხარვეზის შევსების 3 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 4 მაისიდან (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამოიწურა 2018 წლის 7 მაისს, რადგან 6 მაისი იყო უქმე დღე - კვირა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
22. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარისათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად მინიმალური ვადა მაინც უნდა განესაზღვრა, რადგან მისთვის მხარის 2018 წლის 22 მაისის განცხადებით ცნობილი იყო, რომ აპელანტს ახალი წარმომადგენელი ჰყავდა.
24. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ, როგორც კერძო საჩივრის ავტორიც აღნიშნავს, აპელანტის წარმომადგენელმა, ს. ა-ემ სააპელაციო სასამართლოს განცხადებით 2018 წლის 22 მაისს მიმართა, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უკვე განუხილველად იყო დატოვებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარისათვის გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების ვადა.
25. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო მას შეეზღუდა საკუთარი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება.
26. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე