საქმე №ას-899-2018 25 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შ.ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, ავტომანქანის საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ავტომანქანა „მიცუბიში მონტერო“ (ფერი - მუქი წითელი 2/4, გამოშვების წელი 1998, სანომრე ნიშანი - ...., შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ავტომანქანა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ან მოძრავი ნივთი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მომსახურების სააგენტო) მიერ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობის მიხედვით, ბ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) სახელზეა რეგისტრირებული.
2. პირველმა მოპასუხემ თ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2007 წლის 9 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, სადავო ავტომანქანა შემდგომი განკარგვის უფლებით პირდაპირ მფლობელობაში გადასცა. სანოტარო აქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება შეფასებულია 4000 ლარად (იხ. ტ.1, ს.ფ.17).
3. მოსარჩელე 2011-2015 წლებში არაერთხელ დაჯარიმდა სადავო ავტომანქანის მართვის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო არაერთხელ დაჯარიმდა (ი.ხ ტ.1, ს.ფ.18).
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან საგადასახადო გირავნობა დარეგისტრირდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 25).
5. 2016 წლის 1 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და სსიპ შ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობისა და მისი საგადასახადო გირავნობისგან გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ მან 2007 წლის 9 ივნისს პირველი მოპასუხისაგან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, შეიძინა სადავო ავტომანქანა, რომელსაც მითითებული თარიღიდან განუწყვეტლად ფლობს. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან ავტომანქანაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა, იმ მიზეზით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის სახელზე, რომელიც ირიცხება მოვალეთა რეესტრში. იგი სადავო ავტომანქანის მესაკუთრეა, შესაბამისად, ამ ნივთზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია არასწორია.
6. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მან სადავო ნივთი 2007 წლის 9 ივნისს მოსარჩელეს 4000 ლარად მიჰყიდა, სააგენტოს მონაცემებით, ავტოსატრანსპორტო საშუალება მის სახელზე მხოლოდ იმიტომ ირიცხება, რომ მოსარჩელემ ამ დრომდე ვერ გადაიფორმა.
მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან, სადავო ავტომანქანა მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, კვლავ პირველი მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ; მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გათავისუფლდა საგადასახადო გირავნობისაგან. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242.3, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 158.1 და 186.1 მუხლები გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, მინდობილობის შინაარსი არ ითვალისწინებდა მოძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დროებით გადაცემას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, სადავო ავტომანქანა საკუთარ სახელზე დაერეგისტრირებინა, მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებდა. გარდა ამისა, სადავო ნივთზე მოსარჩელის მფლობელობასა და საკუთრების უფლებას მოსარჩელის მიერ 2011-2015 წლებში, ავტომანქანის მართვის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართლადარღვევებისათვის გადახდილი ჯარიმებიც ადასტურებდა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
10.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტი არ შეიცავს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელ წინაპირობებს, კერძოდ, ხსენებულ აქტს ხელს აწერს მხოლოდ პირველი მოპასუხე, შესაბამისად, არ იკვეთება ორივე მხარის ნების წერილობითი ფორმით გამოვლენა;
10.2. სანოტარო აქტიდან (მინდობილობიდან) არც შინაარსობრივად ვლინდება ავტომანქანაზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტი. აღნიშნული დოკუმენტით პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და განკარგვის უფლება მიანიჭა, სახელდობრ, მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, სადავო ნივთი გადაეფორმებინა, გაეყიდა, გაეჩუქებინა და დაეგირავებინა, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ავტომანქანაზე საკუთრების უფლება არ გადაუცია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას, იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) 186-ე (მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში) მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) პუნქტები.
14.1. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ავტომანქანის მესაკუთრეა. დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა მოპასუხისაგან ჯერ კიდევ 2007 წლის 9 ივნისს შეიძინა ავტომობილი „მიცუბიში მონტერო“. გამყიდველმა (პირველი მოპასუხე) ნასყიდობის საგნის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემით ნამდვილი უფლების საფუძველზე მყიდველს (მოსარჩელეს) საკუთრების უფლება გადასცა (სსკ-ის 477-ე და 186-ე მუხლები).
14.2. კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფოს უფლება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის/ან სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. (საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფოს წინაშე არ გააჩნდა არანაირი საგადასახადო ვალდებულება და, აქედან გამომდინარე, მის კუთვნილ მოძრავ ნივთზე გირავნობის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
14.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისა და განკარგვის უფლება მიანიჭა, სახელდობრ, მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო სადავო ნივთის გადაფორმებაზე, გაყიდვაზე, გაჩუქებასა და დაგირავებაზე, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ავტომანქანაზე საკუთრების უფლება არ გადაუცია. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა მოწესრიგებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთებზე, მათ შორის, ავტომობილზე, საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016).
14.4. აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავებში სასამართლოს მიდგომა შემდეგია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი