საქმე №ას-910-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ე." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სამინისტრო, შემსყიდველი, შემკვეთი ან კასატორი) პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ (შემდეგში: პროგრამა) ფარგლებში ჩაატარა ტენდერი, რომლის საფუძველზეც სატენდერო წინადადებები მიიღო შპს „ე–გან“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, მენარდე ან კომპანია). ტენდერის მიზანი საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება იყო.
2. მხარეთა შორის, 2006 წლის 15 მაისს №05-10/3, №05-11/3 და იმავე წლის 23 მაისს №05-51/3 ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებების თანახმად მიმწოდებელს დაევალა, ქ. თელავის №1, №3, №5, №6, №7, №8, №9 საჯარო სკოლებში და ახმეტის რაიონის №2 საჯარო სკოლაში სარემოენტო სამუშაოების ჩატარება (ტ.1, ს.ფ. 24-57 ).
3. მხარეებს შორის, 2006 წლის 17 ნოემბერსა და 2008 წლის 7 მარტს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმადაც შემსყიდველმა მიმწოდებელს მომსახურების გაწევის მიზნით გადასცა 12 845.56 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ტ.1, ს.ფ. 59-65).
4. დადგენილია, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ქ. თელავის №1, №3, №5, №6, №7, №8, №9 საჯარო სკოლებში და ახმეტის რაიონის №2 საჯარო სკოლაში დადგენილ ვადაში შეასრულა (იხ. სარჩელი და შესაგებელი - 1-19; 78-86).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1 სამინისტრომ 2016 წლის 11 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის 12 845.56 ლარის დაკისრება მოითხოვა.
5.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელს საკუთრების უფლების გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით გადაეცა 12 845.56 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომელიც, კომპანიას, მიუხედავად სამუშაოების შესრულებისა, არ გამოუყენებია.
5.3 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა უსაფუძვლოდ მიღებული სამშენებლო მასალების ღირებულება.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასალები, რომლებიც ვერ აითვისა, დააბრუნა სამინისტროს საწყობში, რის შემდეგაც მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას ვერ წარადგენს, რადგან 2010 წლის 7 ივნისს, კომპანიაში ჩატარდა ჩხრეკა და ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მიერ არის ამოღებული ყველა საბუღალტრო დოკუმენტი, რომელიც დღემდე არ დაბრუნებულა.
6.2 მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-130-ე, 316-317-ე, 327-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანსაც კონკრეტული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია წარმოადგენდა, ამდენად, მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ურთიერთობა და მოსარჩელის მითითება, სადავო საკითხის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით გადაწყვეტის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.
7.3 სასამართლომ სსკ-ის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილზე „მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა“ მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე უთითებდა სამინისტროს მხრიდან გადაცემული და აუთვისებელი მასალების დაბრუნების თაობაზე. ამასთან, კომპანიას წარდგენილი ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2010 წლის 8 ივნისის ჩხრეკის ოქმი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყველა საბუღალტრო დოკუმენტი, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა, დარჩენილი მასალის უკან დაბრუნების თაობაზე არსებული გარემოების შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურება.
7.4 სასამართლოს შეფასებით, აუთვისებელი მასალის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობაზე ნარდობის ვალდებულებით-სახელშეკრულებო ნორმები უნდა გავრცელებულიყო და არა - უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები.
7.5 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2006 წლის პირველ ნოემბრამდე დაასრულა სარემონტო სამუშოები, შესაბამისად შემსყიდველის მიერ აუთვისებელი მასალის დაბრუნების თაობაზე წამოყენებული მოთხოვნა ხანდაზმული იყო (სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს), ვინაიდან სამინისტროს მიერ სარჩელი წარდგენილია 2016 წლის ოქტომბერში.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ (შემკვეთმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2 აპელანტის განმარტებით, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაეცა 12 845.56 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, თუმცა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აუთვისებელი მასალები არ დაუბრუნებია და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია სამშენებლო მასალების სრულად ათვისების თაობაზე.
8.3 აპელანტის მტკიცებით, მიმწოდებელს უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე წარმოეშვა მასალების დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ვინაიდან სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრება, სასამართლოს საერთო 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადით უნდა ეხელმძღვანელა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
9.3 სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი. ამასთან, თავად აპელანტის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ სადავო სამშენებლო მასალები მენარდეს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გადაეცა. შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, თავისთავად გულისხმობდა გადაცემული სამშენებლო მასალების გამოყენებას.
9.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების დადებისას არ იყო ცნობილი და ობიექტურად ვერც იქნებოდა, რომ შემსყიდველის მიერ გადაცემული ქონების ფორმა №2-ში აღურიცხაობა მიმწოდებელს გადაცემული ქონების უკან დაბრუნების ვალდებულებას წარმოუშობდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო აღნიშნული მასალების გამოყენების გარეშე, ვალდებულება ჯეროვნად შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა.
9.5 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის №ას-664-635-2016 გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას, რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
9.6 განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მიიჩნევდა, რომ გამოვლენილი იყო უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი ურთიერთობა (სსკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვა ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითმ-კრედიტოდს მისი უკან დაბრუნება…), რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შემკვეთმა (სამინისტრომ) სამშენებლო მასალა არა „ვითომ კრედიტორს“, არამედ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სუბიექტს (მენარდეს, შემსრულებელს) გადასცა, შესაბამისად დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ სამინისტროს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ვალდებულების ჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, აღნიშნული ვერ დაეფუძნებოდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებს.
9.7 ზემოაღნიშნულთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რადგან სარჩელის ფაქტები ეფუძნება ნარდობის ხელშეკრულებას და არა -უსაფუძვლო გამდიდრების წესებს, შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნას, მისი ხანდაზმულობის გამოც არ აქვს წარმატების პერსპექტივა (იხ. სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები).
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უარჰყო შემკვეთის მოთხოვნის დასაბუთებლობა, ვინაიდან გამოვლენილია მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხის გადაწყვეტის საჭიროება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი) შესაბამისად, კომპანიის მიერ გამოუყენებელი სამშენებლო მასალების დაბრუნებაზე ვრცელდება უსაფუძვლო გამდიდრების წესები.
10.3 სასამართლომ, აგრეთვე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. წინამდებარე შემთხვევაში, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე დავაზე გამოიყენება საერთო ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ათ წელს შეადგენს.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1 შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადაცემული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი. მოპასუხის მიერ ფორმა №2-ში მიღებული მასალების აღურიცხაობა არ შეიძლება შეფასდეს აღნიშნული მასალების გამოუყენებლობად, რადგან, ფორმა №2 სწორედ მასალების გამოყენებასა და სამუშოს შესრულებას ადასტურებს. ამასთან, შესრულებული სამუშაოების მიმართ, რისთვისაც გამიზნული იყო სადავო მასალების გამოყენება, მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. სადავო არ არის, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოები მიიღო შემკვეთმა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) .
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მჯელობა და დასკვნა, რომ პრეზუმირებულია, მენარდემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
19. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო- სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, იმ დაშვებითაც, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის გადაცემული და ამ უკანასკნელის მიერ გამოუყენებელი მასალები ექვემდებარება დაბრუნებას და მოთხოვნა წარმოიშვა, იგი მაინც არ არის განხორციელებადი, რადგან მოპასუხემ წერილობით დაუპირისპირა ხანდაზმულობის შესაგებელი. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17) - იხ. სუსგ #ას-68-68-2018, 03.04.2018წ.
20. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, რაზეც სპეციალური ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მენარდემ (კომპანიამ) შესრულებული სამუშაოები 2006 წლის 1 ნოემბრამდე ჩააბარა შემკვეთს (სამინისტროს), რაც ამ უკანასკნელმა მიიღო (იხ. 7.5 ქვეპუნქტი), შესაბამისად, 2006 წლის 1 ნოემბრიდან რომ ავთვალოთ შემკვეთის მოთხოვნის უფლება, აღნიშნული უნდა განხორციელებულიყო 2009 წლის 2 ნოემბრამდე, ხოლო სამინისტრომ სასამართლოს სარჩელით 2016 წლის 11 ოქტომბერს მიმართა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი).
21.კასატორის პერეტენზიასთან დაკავშირებით, უსაფუძვვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიება და მისადაგება სადავო სამართალურთიერთობისადმი სასამართლოს პრეროგატივაა, ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის # ას-774-723-2017 განჩინებას, სადაც სასამართლომ განმარტა: „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ - შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017)
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე