Facebook Twitter

საქმე №ას-919-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ბ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ., ლ.ბ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ბ–მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ა.ბ-ისა და ლ.ბ-ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, მოითხოვა 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, მისი აღიარება გ.ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს და განმარტა, რომ აპელანტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სადავო უძრავი ქონების 1/3 წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის წარდგენა; ასევე, დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის, ან კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

6. აპელანტმა, 2018 წლის 30 მაისს, ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სადავო უძრავი ნივთის ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად 3 000 ლარს შეადგენს, ხოლო მისი წილის ღირებულება - 1 500 ლარს, შესაბამისად წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 150 ლარის ოდენობით, ამასთან, იშუამდგომლა ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება იმ შემთხვევისათვის, თუ სასამართლო ხარვეზს აღმოფხვრილად არ ჩათვლიდა.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განცხადების პასუხად დაასკვნა, რომ სადავო ქონების საბაზრო ღირებულება 3 000 ლარია, რომლის 1/3 წილის ღირებულება, შესაბამისად, 1 000 ლარს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

9. მოსარჩელემ აღნიშნულ განჩინებაზე, წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და ფორმალურია, ვინაიდან მასში ყურადღება გამახვილებულია დავის საგნის ღირებულებაზე და არა იმაზე, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება საკუთრების კონსტიტუციური უფლებითაა დაცული, ამასთან, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც წინამდებარე შემთხვევაში დარღვეულია გასაჩივრებული განჩინებით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

18. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

19. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა) იხ. სუსგ # ას-978-2018; 2018 წლის 4 სექტემბრის განჩინება.

20. კერძო საჩივრის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის სუბიექტური დამოკიდებულების მიუხედავად, პრეტენზია სადავო საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივ-სამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე