საქმე №ას-931-2018 19 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს-მ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან შვიდი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა: ა) დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით 250,28 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) (ს. ფ. 167-170). აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, რ. გ–ს 2018 წლის 9 მარტს ჩაბარდა (ს. ფ. 172).
7. სააპელაციო სასამართლო რ. გ–ის, როგორც აპელანტის წარმომადგენლის, უფლებამოსილების ვადისა და ფარგლების შემოწმების შედეგად დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება ჰქონდა (ს. ფ. 93). სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ რ. გ–ი რეგისტრირებული იყო ადვოკატთა ერთიან სიაში საერთო სპეციალიზაციით, სიითი ნომერი - 3206.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩათვლილიყო გაქარწყლებულად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში არაერთი შუამდგომლობა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;
10.2. სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ შეიძლება მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო უარი ეთქვას სარჩელის განხილვაზე. თუმცა სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული განმარტება და არც ეროვნული კანონმდებლობა არ გაითვალისწინა და სააპელაციო საჩივარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განუხილველი დატოვა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა შვიდი დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 250,28 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 167-170).
15. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, რ. გ–ს, რომლის უფლებამოსილება დასტურდებოდა საქმის მასალებში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ. 1. ს. ფ. 92-93), გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2018 წლის 9 მარტს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 171, 172). დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 16 მარტს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან სააპელაციო სასამართლოში არაერთი შუამდგომლობა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ მხარის მიერ მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარემ არათუ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, არამედ შესაბამისი შუამდგომლობითაც კი არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხზე.
17. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის 250,28 ლარის გადაუხდელობის გამო, არამედ დადგენილ ვადაში სასამართლოში დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის მიზეზითაც, რისი ვალდებულებაც მხარეს ასევე დაეკისრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
19. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით არ შეიძლება მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო უარი ეთქვას სარჩელის განხილვაზე.
20. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე