საქმე №ას-958-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ბ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საქმეზე – გ. გ-ის სარჩელის გამო, ა. ბ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ა. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გლდანის -- მ/რ, კორპ.--, ბ.-- (ს/კ #--) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა მოპასუხემ. საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 29 ივნისს. საკასაციო პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩნებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2018 წლის 19 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ბ-ემ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის გამოხმობა და მისი განუხილველად დატოვება. სასამართლო მოხელესთან სატელეფონო საუბრუსას (იხ.შეტყობინების სესახებ აქტი და CD დისკი) კი კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, ამასთანავე, განმცხადებლმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილია საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორის განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ა. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გ. გ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე