Facebook Twitter

საქმე №ას-986-2018 19 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ. ლ-ი, ნ. პ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ლ-მა და ნ. პ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ე-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2017 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, მოპასუხის წარმომადგენელი ვ. ს-ე.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 18 დეკემბერს, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე, 2017 წლის 17 დეკემბერი, იყო უქმე დღე. 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაიწყო სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს, ვინაიდან 1-2 იანვარი იყო უქმე დღეები. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა დასახელებული ვადის დარღვევით - 2018 წლის 12 იანვარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი, არ ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, რის გამოც სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დანაწესი;

9.2. გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებიდან, რომელმაც განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ 2018 წლის 3 იანვარს დაწერა და იგი 2018 წლის 11 იანვარს ჩაიბარა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ, რადგან მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი, არ ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დანაწესი.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ვ. ს-ე (იხ. ტ. 4. ს.ფ. 81-93), რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა მოპასუხის მიერ მის სახელზე უვადოდ გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ. 4. ს.ფ. 3).

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავს, შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ეჭვს არ იწვევდა.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობით წარმომადგენელს მიენიჭა აღნიშნული მოქმედებების შესრულების უფლებაც.

17. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას (იხ. სუსგ №ას-1138-1084-2014, 22 დეკემბერი, 2014 წელი).

18. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე მოპასუხის წარმომადგენლის დასწრება იძლევა საფუძველს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნიოს, რომ თავად მოპასუხისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადებისა და მისი გასაჩივრების წინაპირობების წარმოქმნის შესახებ.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

20. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

22. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 (7 დეკემბერი) და არა უგვიანეს 30-ე დღისა (17 დეკემბერი) სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მოპასუხის წარმომადგენელმა მიმართა 2018 წლის 5 იანვარს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ტ. 4. ს.ფ. 115). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტისთვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, მოცემულ შემთხვევაში 18 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 3 იანვარს, ვინაიდან 31 დეკემბერი და 1-2 იანვარი იყო უქმე დღეები. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 12 იანვარს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ტ. 4. ს.ფ. 118).

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ, რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე (2017 წლის 17 დეკემბერი) იყო უქმე დღე, გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 18 დეკემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა კი 2017 წლის 19 დეკემბრიდან დაიწყო.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა განიმარტება ამავე მუხლის მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ეხება საპროცესო ვადის დამთავრებას და არა დაწყებას.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგების გასაჩივრების უფლების დაწყების წინაპირობებს და, ამდენად, თავისი ბუნებით არეგულირებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების და არა დამთავრების საკითხს. შესაბამისად, აღნიშნულის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი არ გამოიყენება (სუსგ №ას-210-197-2015, 2015 წლის 19 მარტი; სუსგ №ას-124-118-2013, 2013 წლის 11 თებერვალი).

26. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებიდან და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

28. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის 17 ნოემბერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

29. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მან განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ 2018 წლის 3 იანვარს დაწერა და იგი 2018 წლის 11 იანვარს ჩაიბარა, მიუთითებს, რომ ხსენებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, თუმცა ასეც რომ არ იყოს, აღნიშნული ვერ შეცვლიდა მოპასუხის მხრიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში გამოუცხადებლობისა და გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობის დადგენილ ფაქტს, რის გამოც გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 18 დეკემბერს დაიწყო, 2018 წლის 3 იანვარი კი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო (იხ. ამ განჩინების 22-ე პუნქტი).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე.“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე