Facebook Twitter

საქმე №ზ-655-ბ-10-2018 13 სექტემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-აძე, გ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2., 1.3., 2.2., 2.3., მე-4 და მე-5 პუნქტები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. მ-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გ. მ-ძის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით) 83 750 ლარის ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. მ-ის სარჩელი: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის გადახდა (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით) 82 110 ლარის ოდენობით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები. კასატორს, მოსარჩელეების სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით:

კომპეტენცია და გულისხმიერება სასამართლოს მიერ საკუთარ ფუნქციათა განხორციელების წინაპირობაა და მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეფექტიანად, სწრაფად და გონივრულად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც კი, დასაბუთების გარეშე საკმარისად წარმოაჩენს მოსამართლის მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ზედაპირულ, ამავდროულად არასწორ შეფასებასა და სამართლის ნორმების არასწორ გამოყენებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლომ არ მისცა მხარეებს მორიგების შესაძლებლობა, მომხსენებელმა მოსამართლემ მოულოდნელად, დაჩქარებულად განიხილა საქმე და არ დაინტერესდა იმით, რომ სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს შეეთავაზა სამსახურში აღდგენის ნაწილში მორიგება, რაც მან არც კი განიხილა. საკასაციო განხილვის ეტაპზე ცენტრი მზად იყო, დასაქმებულთა სამუშაოზე აღდგენის პარალელურად გადაეხადა მათთვის შეთანხმებული ოდენობით განაცდურიც, რასაც საკასაციო სასამართლომ ხელი არ შეუწყო;

მიღებული გადაწყვეტილება არცერთი მხარის ინტერესს არ შეესაბამება, რადგანაც მოსარჩელეები კომპენსაციის ანაზღაურებას არ ითხოვდნენ, შესაბამისად, გაუგებარია მოთხოვნის მოდიფიცირების საფუძველი, ისევე, როგორც დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა. მიღებული გადაწყვეტილება შრომის სამართლის სფეროსათვის პრეცედენტული და დამაფიქრებელია, რადგანაც უხეშად არღვევს ბალანსს რელევანტური სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სამართლებრივ შეგნებასა და სახელმწიფოს ინტერესს შორის;

მომხსენებელი მოსამართლე იმ დონეზეც არ იცნობდა საქმის მასალებს, რომ კომპენსაციის დაკისრებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაუყოვნებლივ აღსრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადახდილია მოსარჩელეებისათვის სამი თვის ხელფასი, მსგავსი ზედაპირული, დაუსაბუთებელი, უკომპრომისო და ხისტი მიდგომის დემონსტრირება შესაძლებელია მხოლოდ არაკვალიფიციური მოსამართლის მხრიდან. ამასთანავე, მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე #ას-570-545-2016). საკასაციო საჩივარში ცენტრი მიუთითებდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები დასაქმებული იყვნენ სხვა თანამდებობაზე და ბიუჯეტის ხარჯზე იღებდნენ ხელფასს. ეს ფაქტები შეფასების გარეშე დატოვა სასამართლომ. სამსახურიდან გათავისუფლების გამო ზიანის მიყენების მოტივით მოსარჩელეებმა სასამართლო ერთხელ უკვე შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც სამი თვის ხელფასის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად. ეს ფაქტები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მომხსენებელ მოსამართლეს არ გააჩნდა საკმარისი კომპეტენცია, განეხილა საქმე.

ცენტრი წარმოადგენს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ამოწმებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობასა და საქართველოში მიღებული განათლების აღიარებას. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ დაინტერესდა მომხსენებელი მოსამართლის განათლების თაობაზე უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც ირკვევა, რომ მოსამართლე ბ.ალავიძემ 1998 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო პარალეულრად სწავლობდა და 1998 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ცენტრში ჩატარებული არაერთი შემოწმების ფარგლებში დადგენილია, რომ მეორადი სწავლება არ წარმოადგენდა უმაღლეს განათლებას და ეხმარებოდა სტუდენტებს ძირითად სამოღვაწეო ასპარეზზე მათთვის საინტერესო დარგში შესაბამისი ცოდნის მიღებაში. 2007 წელს უნივერსიტეტმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ზემოხსენებული მეორადი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა სერტიფიკატი, რომელიც არ ანიჭებს პირს აკადემიურ ხარისხს, შესაბამისად, როგორც ძველი ისე _ მოქმედი რეგულაციები არ ანიჭებს მეორადი/დამატებითი სპეციალობის პროგრამის კურსდამთავრებულს აკადემიურ ხარისხს. იმ მოცემულობის ფარგლებში, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილების თანახმად, მოსამართლე ბესარიონ ალავიძე არ აკმაყოფილებს მოსამართლისათვის დადგენილ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნას _ არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება, მას არ ჰქონდა უფლება, განეხილა საქმე, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებელმა მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების კორექტირება სამი თვის ხელფასის დაკისრების ნაწილში, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომის ნამდვილობის საკითხზე ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადების შინაარსს, შეამოწმა მისი დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მოცემული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს ავალდებულებს, ზედმიწევნით შეამოწმოს განცხადების ფორმალური შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ორ ძირითად გარემოებას ასახელებს:

ა) მისთვის მიუღებელია სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება;

ბ) მომხსენებელი მოსამართლის კვაიფიკაცია. მხარეს სურს, ამტკიცოს, თითქოს, მისთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდგომ გახდა ცნობილი მომხსენებელი მოსამართლის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ.

პირველ შემთხვევასთან მიმართებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, რამდენადაც საქმის წარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები (იხ. სსსკ-ის 421.1 მუხლი). ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ: „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ, გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).

განსახილველ შემთხვევაში, მხარის პრეტენზიები მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე სცდება არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ეთიკურ სტანდარტებს, არამედ, ფორმალურადაც ვერ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლების საკანონმდებლო წინაპირობებს, ამასთანავე, გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო სრულიად დაუსაბუთებლად ადანაშაულებს სასამართლოს არაპროფესონალიზმში, რაც ბუნებრივია საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეახსენოს განმცხადებელს, რომ სამოქალაქო საქმის განხილვა სასამართლოში ხდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (იხ. სსსკ-ის 1.1. მუხლი), შესაბამისად, მისთვის, როგორც მხარისათვის, კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მიღება არ ხდება. თუკი მხარე დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ და ხელფასი ბიუჯეტიდან ეძლეოდათ, მას ამ გარემოების შესახებ უნდა მიეთითებინა საქმის ქვემდგომ სასამართლოში განხილვისას, ხოლო, მისი პოზიციის არგაზიარების შემთხვევაში, შესაბამისი განჩინება სადავოდ უნდა გაეხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მისი პროტესტი საქმის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარეებისათვის მორიგების შესაძლებლობის არმიცემის თაობაზე. მხარისათვის კარგად უნდა იყოს ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე და 408-ე მუხლების დებულებები, რომელთა თანახმადაც, საკასაციო სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს, როგორც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ისე _ არსებითად გადაწყვიტოს დავა. საქმის მასალებით უპირობოდ დგინდება, რომ პროცესის თითოეულ ეტაპზე დავის ორივე მხარე ინფორმირებული იყო დადგენილი წესით და გაურკვეველია, თუკი იგი მხარესთან შეთანხმების მიღწევას აპირებდა, რატომ არ მომართა სასამართლოს. გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ არ დარღვეულა პირის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რამდენად მას, როგორც ითქვა, თითოეული ეტაპი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისა, ეცნობა დადგენილი წესით, რაც ევროკონვენციის 6.1. მუხლის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია (იხ. ECHR: რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ, 31.07.2007წ. განაცხადი #2745/03). ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მხარის პოზიცია იმის თაობაზეც, რომ სასამართლო არ იცნობდა საქმის მასალებს და კომპენსაციის დაკისრებისას არ გაითვალისწინა სამი თვის შრომის ანაზღაურება. თავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებაშიც ეცნობა მხარეს რომ სამი თვის ხელფასის გადახდის ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შესრულების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, შესაბამისად, ეს თანხა კომპენსაციის ანგარიშში გათვალისწინებულია, ამასთან, მას არც წინამდებარე განცხადებისათვის დაურთავს ვალდებულების იძულებით აღსრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთანავე, მხარემ უნდა უწყოდეს, რომ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც საქართველში კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს, ადგენს ვალდებულების შეწყვეტის წესს და მათ შორისაა 427-ე მუხლი, რომელიც სააღსრულებო წარმოების ეტაპზე ცენტრის, როგორც მოვალის ინტერესების დამცველია. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, მხარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ კანონის განმარტებას ახდენს სასამართლო. თავად კომპენსაციასთან მიმართებით საკითხები კი, მოწესრიგებულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

ამდენად, ზემოხსენებული გარემოებები ფორმალური თვალსაზრისითაც კი, არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლების მოთხოვნებს.

რაც შეეხება მეორე საკითხს _ მომხსენებელი მოსამართლის კვალიფიკაციას, ამ მხრივ დარღვეულია სასამართლოსათვის მომართვის 426-ე მუხლით განსაზღვრული წესი, ამასთანავე, განმცხადებლის პირადი მოსაზრებები არ წარმოადგენს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, კერძოდ:

განმცხადებელი განმარტავს, რომ მან უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე მოიძია მომხსენებელი მოსამართლის განათლების შესახებ ინფორმაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ და დაადგინა, რომ ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნია მოსამართლედ მუშაობის საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრძანებით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნა _ იურისტის კვალიფიკაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი საკითხი სხვა დროსაც (წინამდებარე საქმის განხილვამდე საკმაო დროით ადრე) გამხდარა სასამართლოს განსჯის საგანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი ნეგატიური პოზიცია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების თაობაზე, შესაბამისად, მხოლოდ საქმის წარმოების განახლების სურვილითაა მოტივირებული მისი განმარტება, თითქოს აქამდე არ იყო ცნობილი მისთვის მოსამართლე ბესარიონ ალავიძის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების თაობაზე, გარდა ამისა, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა შემდეგი:

2009 წლის 6 იანვარს ბესარიონ ალავიძემ, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: დიპლომის ასლი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული ცნობა სწავლის პერიოდში გავლილ დისციპლინათა და შესაბამისი შეფასებების თაობაზე, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ბესარიონ ალავიძეზე გაცემული და საქმეში წარმოდგენილი ე#001507 დიპლომის ასლის თანახმად, 1995 წელს იგი ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული #66/858 ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ფუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე /მეორადი სწავლება/ სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ჩამონათვალის შესახებ ირკვევა, რომ ბესარიონ ალავიძემ სწავლების პერიოდში გაიარა შემდეგი დისციპლინები და მიიღო შეფასებები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები. საქმეში წარმოდგენილი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატით დასტურდება ის გარემოება, რომ ბესარიონ ალავიძემ 2009 წლის 24 იანვარს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 10 მარტის №1/25 გადაწყვეტილებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ბესარიონ ალავიძე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. ... საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს წესი დამტკიცებულია „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილებით. ამავე წესით არის განსაზღვრული, თუ რა ითვლება უმაღლეს იურიდიულ განათლებად გამოცდაზე დაშვების მიზნებისათვის. ... მოსამართლე - ბესარიონ ალავიძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის 6 იანვარს ბესარიონ ალავიძემ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართა საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩაბარებული საგნების დანართი. საორგანიზაციო კომისიის მიერ განხილულ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. კომისიის მიერ ასევე შესწავლილ იქნა ბესარიონ ალავიძის დიპლომის შესაბამისობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტთან და გაირკვა შემდეგი: დიპლომი ე#001507 მიეცა ბესარიონ ალავიძეს მასზედ, რომ 1995 წელს იგი შევიდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნის სპეციალობით. დიპლომის გაცემას ადასტურებდა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის რექტორი. დიპლომის დანართის მიხედვით, სხვა საგნებთან ერთად, ბესარიონ ალავიძეს ჩაბარებული ჰქონდა: სახელმწიფო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი, სამართლის თეორია. გაირკვა, რომ დიპლომი აკმაყოფილებდა „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლებოდა პირი, თუ მას დამთავრებული ჰქონდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“. საკასაციო პალატამ გაიზიარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მითითება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით; დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ... „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე (2004 წლის 21 დეკემბერი) უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებოდა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 51-ე მუხლის თანახმად, პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულირდებოდა ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ბესარიონ ალავიძის დიპლომი შესაბამისობაში იყო და აკმაყოფილებდა 1998 წლის „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საგანმანათლებლო ცენზს, საგანმანათლებლო სერტიფიკატსა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმ ფაქტზე, რომ 1998 წელს ბესარიონ ალავიძეზე სამართალმცოდნის სპეციალობით გაცემული ე#001507 დიპლომის მიუხედავად, იგი ვერ ჩაითვლებოდა კვალიფიციურ იურისტად, ვინაიდან, დიპლომში მითითებული სწავლების ვადა - სამი წელი, არ წარმოადგენდა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღებისათვის საკმარის საგანმანათლებლო ვადას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბესარიონ ალავიძეს ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იურიდიული სწავლების კურსი გაიარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას ბესარიონ ალავიძეს გავლილი აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად შეესაბამება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი: ა) თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“ ან „საერთაშორისო სამართალი“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია; ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში; გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით „სამართალმცოდნეობა“, ასევე, ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი; გ.ბ) სისხლის სამართალი; გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი; გ.დ) სამოქალაქო სამართალი; გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი; გ.ზ) სამართლის თეორია.... საქმეში წარმოდგენილი ბესარიონ ალავიძის სახელზე გაცემული ე#001507 დიპლომის დანართის თანახმად, ბესარიონ ალავიძეს ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები, ამდენად, ბესარიონ ალავიძის სახელზე გაცემული დიპლომი სრულად აკმაყოფილებს „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ... ბესარიონ ალავიძემ „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის #1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით, მოითხოვა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება, ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 იანვრის ორგანული კანონის (ბესარიონ ალავიძის მოსამართლედ დანიშვნის დროისათვის მოქმედი რედაქცია) 48-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ (იხ. სუსგ-ებები: №ბს-353-343(კს-13), 18 ივლისი, 2013 წელი; №ბს-1018-1010(კს-11), 15 სექტემბერი, 2011 წელი). გარდა ზემოხსენებულისა, განმცხადებლისათვის კარგად უნდა იყოს ცნობილი საკუთარი პოზიციის მცდარობა, რადგანაც ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ გაცემული უმაღლესი სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის თაობაზე განმცხადებელმა ცენტრმა, როდესაც ეს დოკუმენტი არ მიიჩნია შესაბამისად მოქმედ კანონმდებლობასთან, წააგო არაერთი დავა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს სადავო საკითხთან მიმართებით ცენტრის პოზიციის კანონთან წინააღმდეგობრიობას (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ბს-302-300 (კ-16), 16 ივნისი, 2016 წ; №ბს-22-21(კ-16), 7 აპრილი, 2016 წელი). საპირისპირო ვითარებაშიც კი, ვინაიდან ცენტრს გაცემული აქვს საკუთარი დასკვნა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, მას მოსართლის მიმართ უნდობლობა უნდა გამოეცხადებინა მანამ, ვიდრე მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამასთან, გარდა იმისა, რომ ხსენებული საფუძველი არც სინამდვილეს არ შეესაბამება და არც საქმის წარმოების განახლების საფუძველია, ფორმალური თვალსაზრისით, განცხადება მაინც დაუშვებელია, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას მანამ, ვიდრე მოსამართლე ბესარიონ ალავიძე არ მიმართავს ცენტრს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარებაზე, ხოლო ცენტრი არ მიიღებს ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილებას. უნდა განიმარტოს, რომ ზოგადად გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია მანამ, ვიდრე საქმის წარმოების განახლების საკითხზე სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ვინაიდან თავად განცხადება არ აკმაყოფილებს განსახილველად დაშვების წინაპირობებს, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ისევე, როგორც, ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, გამოირიცხება გადაწყვეტილებით განსაზღვრული კომპენსაციის გამოანგარიშების წესში უსწორობის გასწორების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 429-ე, 432-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. განმცხადებლის შუამდგომლობები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის კორექტირების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ #202330566) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს განმცხადებლის სახელით ც. გ-ის მიერ 21.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე