საქმე №ას-717-670-2017 26 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
პირველი კასატორი – შპს „მ.დ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შპს „მ.გ.ჯ–ას“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ქ.ქ., ლ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.’’ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ.ფ., ი.მ–ძე, ა.ვ–ძე
მეორე კასატორი - შპს „მ.’’
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.დ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის, 24 ივნისისა და 4 დეკემბრის საოქმო განჩინებები
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს-ას „ბ.ს.ი–ს“ (შემკვეთი, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს-ას „მ.გ.ჯ.“ - იხ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 3 ივნისის ბრძანება - ტ.1, ს.ფ. 42; შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, პირველი კასატორი) და შპს-ას „მ“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, შემსრულებელი, აპელანტი, მეორე კასატორი) შორის 2007 წლის ოქტომბერში /თარიღი არაა მითითებული/ გაფორმდა ხელშეკრულება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.
1.1. აღნიშნული ხელშეკრულებით, მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, …. შეესრულებინა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 25 000 კვ.მ–ის ოდენობით, წინასწარ შეთანხმებული გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ამასთან, შესასრულებელი სამუშაოების წინასწარი ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების #1 დანართით;
1.2.ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 8 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში (იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 20–28).
2. შემკვეთსა და მენარდეს შორის 2007 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება, 2007 წლის ოქტომბრის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ უთარიღო ხელშეკრულებაში არსებითი ცვლილებების აუცილებლობის გამო, ახალი ხელშეკრულების დადებისა და ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ (იხ. შეთანხმება - ტ.1, ს.ფ. 29–30).
2.1.აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამშენებლო სამუშაოების ვადის გაზრდის შესახებ 33 თვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ 2007 წლის ოქტომბრის ე.წ უთარიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გაუქმებისა და ამ ცვლილებებით შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ;
2.2.მხარეები შეთანხმდნენ, 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმების პირობების დაცვით, არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში, დაედოთ ახალი ხელშეკრულება, რომლის გაფორმებისთანავე შეწყდებოდა 2007 წლის ოქტომბრის ე.წ უთარიღო ხელშეკრულება (იხ. 1.1-1.2 ქვეპუნქტები);
2.3. ზემოხსენებული შეთანხმებით, შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, აუნაზღაუროს მენარდეს სამშენებლო სამუშაოების ვადის გაზრდით მიყენებული ზიანი ერთჯერადად 780 000 (შვიდას ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც მოხდებოდა 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2 ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში შემკვეთსა და მენარდეს შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით განსაზღვრული სამუშაო, რომელიც მენარდემ (შემსრულებელმა) ამ ხელშეკრულებითა და შესაბამისი დანართით დადგენილი წესითა და პირობებით უნდა შეასრულოს შემკვეთისთვის და ამ ხელშეკრულებითა და შესაბამისი დანართით დადგენილი წესითა და პირობებით გადასცეს დამკვეთს საკუთრებაში (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 31–38).
3.1. აღნიშნული ხელშეკრულებით, მენარდემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა საპროექტო–სამშენებლო სამუშაოები, ქ. თბილისში, ….. 25 000 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
3.2. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, მშენებლობა მოიცავდა სამ ნაწილს და დაყოფილი იყო ასაშენებელი კომპლექსის „ა“, „ბ“ და „გ“ ბლოკების მიხედვით;
3.3.ხელშეკრულების 4.1.2. პუნქტის თანხმად, „ა“, „ბ“ და „გ“ ბლოკების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2012 წლის 30 სექტემბრისა;
3.4.ხელშეკრულების 6.1. პუნქტით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების საერთო სახელშეკრულებო ფასი 320 აშშ დოლარით 1 კვ.მ. სამშენებლო ფართისათვის, რამაც სავარაუდოდ შეადგინა 8 000 000 (რვა მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
3.5. ხელშეკრულების 7.1.3. პუნქტით, მენარდემ იკისრა ვალდებულება შემკვეთს წერილობითი მოთხოვნისთანავე გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია;
3.6. ხელშეკრულების 8.2.2. პუნქტის თანახმად, შემკვეთი უფლებამოსილია, ხელშეკრულებასთან შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის დასადგენად დანიშნოს შესრულებული სამუშაოს დამატებითი ტესტირება ან ინსპექტირება, ასევე - სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე ჩაატაროს შემსრულებლის მიერ გამოყენებული მასალების ტესტირება-შემოწმება;
3.7. ამავე ხელშეკრულების 9.6. პუნქტის თანახმად, თუ შესრულებული სამუშაოს გაცემისას სამუშაო ან მისი ნაწილი აღმოჩნდებოდა ნაკლის მქონე, რაც აისახებოდა შემკვეთის საპრეტენზიო წერილში, ხოლო მენარდე დაეთანხმებოდა აღნიშნული ნაკლის არსებობას, მაშინ ეს უკანასკნელი კისრულობდა ვალდებულებას, თავისი ხარჯით გონივრულ ვადაში შეესრულებინა სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილი და/ან გამოესწორებინა ნაკლი;
3.8. ხელშეკრულების მე–10 მუხლით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან, ნაკლის აღმოჩენასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, 10.1 პუნქტით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, შემკვეთს გადასცეს უნაკლოდ შესრულებული სამუშაო. „მან შემსრულებლის კეთილსინდისიერებით შემკვეთს სრულად უნდა გააცნოს შესრულებული სამუშაოს მდგომარეობა“; 10.2. პუნქტის თანახმად, თუ შესრულებული სამუშაოს გაცნობისას იგი, ან მისი ნაწილი ნაკლის მქონე აღმოჩნდებოდა და ეს აისახებოდა შემკვეთის საპრეტენზიო წერილში, მენარდე ვალდებული იქნებოდა თავისი ხარჯით, გონივრულ ვადაში, შეესრულებინა სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილი და გამოესწორებინა სხვა ნაკლი; 10.3. პუნქტის თანახმად კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მენარდე არ შეასრულებდა ამ ხელშეკრულების 10.2. პუნქტში მითითებულ ვალდებულებას, შემკვეთს უფლება ჰქონდა, მოეშალა ეს ხელშეკრულება შესაბამისი სამუშაოს ნაწილში. ასეთ შემთხვევაში მენარდე ვალდებული იქნებოდა შემკვეთისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.
3.9. მხარეთა შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს დაიდო # 3 შეთანხმება (იხ. ტ.1, ს.ფ. 39-41), რომლის საფუძველზე 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. აღნიშნული შეთანხმების პირველ პუნქტში მხარეებმა ფაქტების კონსტანტაცია შემდეგი სახით მოახდინეს: „ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე არსებულ პროექტში 2010 წლის სექტემბრის თვეში შევიდა ცვლილება და „ა“ და „ბ“ ბლოკების სამშენებლო ფართი განისაზღვრა 18 701,5 კვ.მ.–ის ოდენობით, მათ შორის „ა“ ბლოკი 10 144,4 კვ.მ. „ბ“ ბლოკი“ – 8 557,1 კვ.მ. ოდენობით და მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის, 2.1. პუნქტით შესაბამისი ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულების 6.1. პუნქტში და შესასრულებელი სამუშაოების საერთო სახელშეკრულებო ფასი განსაზღვრეს 320 აშშ დოლარის ოდენობით 1 კვ.მ. სამშენებლო ფართისათვის და აღნიშნულმა შეადგინა 5 984 480 (ხუთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ლარში (მათ შორის „ა“ ბლოკისათვისათვის 3 246 208 აშშ დოლარი, „ბ“ ბლოკისათვის 2 738 272 აშშ დოლარი) აღნიშნული თანხა მოიცავს დღგ-ს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერ სხვა გადასახადს“.
3.9.1. შეთანხმების 2.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ და შესაბამისი ცვლილება შეიტანეს მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომ „ა“ ბლოკის 7 - სართულიანი სახლის მშენებლობა, ამავე ბლოკის დარჩენილი ნაწილის მეორე სართულის გადახურვა და „ბ“ ბლოკის ნულოვანი გადახურვა დასრულებულიყო 2011 წლის 27 თებერვლამდე, რაც ჩაითვლებოდა მშენებლობის პირველ ეტაპად. ამასთან, „ა“ ბლოკის ნაწილში დასრულებულად ჩაითვლებოდა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა მე–5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან.
3.10. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 16 აპრილის ბრძანებით (ტ.1, ს.ფ. 44) შესაბამისი ნებართვა და სანებართვო მოწმობა გაიცა ქ. თბილისში, შემკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კომპლექსის „ა“ ბლოკის მშენებლობაზე. ამასთან, 2008 წლის 4 ივლისს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბრძანებით (ტ.1, ს.ფ. 45-47) შესაბამისი ნებართვა და სანებართვო მოწმობა გაიცა ქ. თბილისში, .. შემკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საზოგადოებრივი კომპლექსის „ბ“ და „გ“ ბლოკის მშენებლობაზე.
3.11. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით (ტ.1, ს.ფ. 48-52) შეთანხმდა შესაბამის ტერიტორიაზე განსახორციელებული მშენებლობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის „ა“ და „ბ“ ბლოკები. შესაბამისად, „ა“ და „ბ“ ბლოკებზე მშენებლობის ნებართვები და სანებართვო მოწმობები გაიცა.
3.12. შემკვეთმა 2011 წლის 11 ივლისს წერილობით მიმართა მენარდეს და მოითხოვა მისთვის უმოკლეს ვადაში ყოფილიყო წარდგენილი მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებასთან დაკავშირებით არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, პროექტირებასთან დაკავშირებით მის მიერ საპროექტო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, მხარეთა შორის გაფორმებული და შემკვეთის მიერ მიღებული სამუშაოების შესრულების აქტების ასლები, სამშენებლო სამუშაოების პროცესში შედგენილი ყველა ფარული სამუშაოს აქტი, სს „თ–ის“ მიერ გაცემული ტექნიკური პირობის შესაბამისად, ობიექტის ელ. მომარაგების გარე ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (იხ. ტ.1, ს.ფ.191).
3.12.1. იმავე წლის 14 ივლისს შემკვეთმა მენარდეს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი აპირებდა ექსპერტების მოწვევას, რომლებიც შეამოწმებდნენ და წარადგენდნენ დასკვნას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რისთვისაც მენარდეს სამუშაოები ორი კვირით უნდა შეეჩერებინა, ამასთან, ესაჭიროებოდათ შესაბამისი დოკუმენტაცია ექსპერტიზის ჩასატარებლად, რომლის მიწოდებასაც ითხოვდნენ. ამავე წერილში აღინიშნა, რომ დასკვნის მიღებამდე 13.07.2011 წელს შესრულებულ სამუშაოთა აქტზე (ფორმა # 2) შემკვეთი ხელს არ მოაწერდა (იხ. ტ.1, ს.ფ.192-193).
3.12.2. მენარდემ შემკვეთს წარუდგინა 2011 წლის 12 ივლისით დათარიღებული სამუშაოთა შესრულების აქტი #2, რომლის თანახმადაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1 644 496 აშშ დოლარს (იხ. ტ.1, ს.ფ.195-203).
3.12.3. მენარდემ 2011 წლის 20 ივლისს წერილით მიმართა შემკვეთს და მიაწოდა მის მიერ მოთხოვნილი გარკვეული დოკუმენტები, ამასთან, მიუთითა, რომ ფარული სამუშაოების აქტების და არმატურის დოკუმენტაციის მიწოდება მოხდებოდა მოგვიანებით (იხ. ტ.1, ს.ფ.206-216).
3.12.4. აღნიშნულის შემდეგ 2011 წლის 22 ივლისს შემკვეთმა საპასუხო წერილით მიმართა მენარდეს, სადაც მიუთითა, რომ მათთვის აუცილებელი იყო შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემა, რათა არ შეფერხებულყო ექსპერტიზა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოითხოვდა მასალების დაუყოვნებლივ მიწოდებას. ამავე წერილით შემკვეთმა მოითხოვა წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა აქტის შესაბამისი პოზიციებით გათვალისწინებული სამუშაოების დაზუსტება და მათი ღირებულებების დეტალური აღწერის წარდგენა. ამასთან, კიდევ ერთხელ მიუთითა წერილში, რომ ისინი უარს აცხადებდნენ შესაბამის აქტზე ხელმოწერაზე; სამუშაოთა შესრულების აქტს შემკვეთი მხოლოდ ზემოხსენებული შემოწმების (ექსპერტიზის) პროცესის დასრულებისა და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ მოაწერდა ხელს (იხ. ტ.1, ს.ფ.217).
3.12.5. მენარდემ 2011 წლის 26 ივლისს შემკვეთს მიაწოდა გარკვეული დოკუმენტები და მიუთითა, რომ ფარული სამუშაოების ასლებს მოგვიანებით მიაწოდებდა შპს თ.თ–ის” (შემდეგში: ქვემენარდე) დირექტორი თ.ს. (იხ. წერილი, თანდართული დოკუმენტები - ტ.1, ს.ფ. 219–291).
3.12.6. შემკვეთმა 2011 წლის 3 აგვისტოს მიმართა მენარდეს, წარედგინა მისთვის 2011 წლის 8 ივნისს ავანსის სახით გადარიცხული 80 000 აშშ დოლარის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (განხორციელებული სამუშაოებისა და შეძენილი მასალების ღირებულება). ასევე, შემკვეთმა მოითხოვა, მიეწოდებინათ წერილობითი ანგარიში სამშენებლო ობიექტის ელ. მომარაგების გარე ქსელის მოწყობაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. ამ წერილის შესაბამისად, მენარდემ გარკვეული დოკუმენტები მიაწოდა შემკვეთს და მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში წარუდგენდნენ სახელფასო უწყისებს (იხ.ტ.1, ს.ფ.294)
3.12.7. შემკვეთი საწარმოს დირექტორმა 2011 წლის 3 აგვისტოს მენარდეს მიმართა და აცნობა, რომ როგორც 14 ივლისის წერილით შეატყობინეს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის საპროექტო დოკუმენტაციასა (მათ შორის, 2007 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით) და შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ მიერ მოწვეული იქნა დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანია „ო.გ.“, რომელმაც დაასრულა შემოწმების პროცესი და წარადგინა საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გამოვლენილია რიგი ნაკლოვანებები მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებში, ამასთან, ამავე დასკვნაში მითითებული იყო ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის საჭირო რეკომენდაციები, რის გამოც შემკვეთმა უარი განაცხადა შესრულებულ სამუშაოთა აქტის ხელმოწერაზე და მენარდეს წარუდგინა საპრეტენზიო წერილი.
3.12.8. შემკვეთმა წინადადებით მიმართა მენარდეს, შეესწავლათ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და ეცნობებინათ მათთვის თავიანთი მოსაზრებები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაეთანხმებოდნენ მითითებულ ნაკლოვანებებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 კვირისა, უნდა გამოესწორებინათ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული ნაკლოვანებები რეკომენდაციების გათვალისწინებით (იხ. შემკვეთის 03.08.2011 წ. წერილი - ტ.1, ს.ფ. 53-54, ს.ფ.292-293).
3.13. 2011 წლის 31 აგვისტოს ურთიერთშეთანხმების ოქმიდან (იხ. ტ.3, ს.ფ. 381-383) ამონაწერის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება, რომ „ა“ ბლოკის პირველ კორპუსში ორ საცხოვრებელ ბინაში პარკეტის დაგების შესახებ მყიდველის მიერ პრეტენზიის გამოხატვის შემთხვევაში, ამავე კორპუსში იატაკის მოჭიმვის ვადები გადავადებული იქნებოდა გაზიფიკაციის სამუშაოების დასრულების შესახებ შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 დღით, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ამავე ბლოკის მეორე კორპუსთან შესასრულებელი სამუშაოების დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩასატარებლად დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მოწვევის შესახებ, რომელიც დაინიშნებოდა შეთანხმებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში;
3.13.1.მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემკვეთის მიერ გადარიცხული ფინანსებისა და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ფინანსური შედარებისათვის ჩატარებულიყო ფინანსური ექსპერტიზა. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ სხვა დანარჩენ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით შემკვეთს პრეტენზიები არ ექნებოდა.
3.14. შემკვეთმა 2011 წლის 5 სექტემბერს წერილით მიმართა მენარდეს (ტ.1, ს.ფ.56-57, 303-304), და შეატყობინა რომ გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და მათი გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის საფუძველზე, უარს აცხადებდა მხარეთა შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებაზე და სთხოვა, წარედგინა მისთვის დეფექტური აქტი ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და გაეთავისუფლებინა მშენებარე ობიექტი, ვინაიდან მენარდის მხრიდან 2011 წლის 3 სექტემბერს არ იყო წარდგენილი არც გამოსწორებული ნაკლოვანებების შესახებ შესაბამისობის აქტი (დადასტურებული ექსპერტის დასკვნით) და არც კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა შესრულებული სამუშაოების უნაკლოობას. შესაბამისად, შემკვეთმა მიიჩნია, რომ აღნიშნულით მენარდე განზრახ და უხეშად არღვევდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით ზიანს აყენებდა შემკვეთს.
3.14.1. ამავე წერილში აღინიშნა, რომ მენარდეს უნდა ეცნობებინა შემკვეთისათვის შესაბამის ექსპერტთან შეხვედრის, აღიარებული ნაკლოვანებების და მათი გამოსწორების ვადების შესახებ, თუმცა, ამის მიუხედავად, მენარდემ დაარღვია ეს პირობა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, თვითნებურად და შემკვეთთან შეთანხმების გარეშე, დაიწყო სამუშაოების წარმოება ნაკლოვანების გამოსასწორებლად;
3.14.2. გარდა ამისა, კონსტრუქციულ ნაწილთან დაკავშირებით, მენარდის მიერ მიწერილ წერილში აღნიშნული იყო, რომ უმოკლეს ვადაში წარადგენდნენ კონსტრუქტორის დასკვნას, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ნაწილში არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით მიუთითეს, რომ შესაბამისი ექსპერტის (ა.ვ.) რეკომენდაციების გათვალისწინებით, წარუდგენდნენ ექსპერტის დასკვნას 3 სექტემბერს, ანუ სამი კვირის ვადაში.
3.14.3. შემკვეთმა თავის 2011 წლის 5 სექტემბრის წერილში მიუთითა, რომ რადგან მენარდემ არ დაიცვა და არ შეასრულა ზემოხსენებული პირობები, შემკვეთი წყვეტდა მასთან დადებულ ხელშეკრულებას (იხ. ტ.1, ს.ფ.56-57, 303-304).
3.15. შპს „ო.გ–ს“ მიერ 2011 წლის 16 ივლისს შედგენილი საექსპერტო დასკვნის (ტ.2, ს.ფ. 36-39) თანახმად, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გარკვეული ხარვეზები ახასიათებდა, მათ შორის, აღნიშნულია, რომ სადარბაზოს იატაკზე ბეტონის ფილების დაგების ხარისხი არის არადამაკმაყოფილებელი, ყველა სართულის და სართულშუა ბაქანზე თარაზულობა დაცული არ არის, დაგებული ფილების კუთხეები ზოგან ამოწეული, ზოგან პირიქით, ჩაწეულია. გარკვეულ ადგილას ფილები არის დამტვრეული, კომერციულ ფართში შესასვლელი კარის თავზე ზღუდარი საერთოდ არ არის, რის გამოც კედელი უკვე გაბზარულია, კანალიზაციის პლასტმასის დგარები სართულშუა გადახურვაში ჩამონტაჟებულია ნორმების დარღვევით, მოჭიმვის ზედაპირი ზოგ ბინაში არ არის თარაზული, ფენების და მოჭიმვის ჯამური სისქე არ იძლევა მილსადენის (გაზის, გათბობა) გატარების საშუალებას, გარკვეულ აივნებზე შეცვლილია აივნის სისქე, რომელიც ერთნაირი სისქის ფილით უნდა იყოს შესრულებული, პროექტი დარღვეულია, აივნის შუა სეგმენტის ფილის სისქე შემცირებულია, ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი სვეტი ვერტიკალურ სისქეში არის გადახრილი, რაც დაუშვებელია და ა.შ. ამავე დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ფარულ სამუშაოთა არც ერთი აქტი არ იყო წარდგენილი და ა.შ;
3.15.1. ექსპერტმა იმ რეკომენდაციებზეც მიუთითა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ხარვეზის აღმოფხვრა, მათ შორის, სადარბაზოს იატაკების თარაზოში გასწორება და ფილების ხელახალი დაგება, ზღუდარის მოწყობა და გაბზარულ კედელზე ბზარის მოშორება, კანალიზაციის მილების სართულშუა გადახურვაში ნორმების დაცვით მოწყობა, აივნის ფილის სისქის შემცირების გამო ფილის ხელახალი გადაანგარიშება და ა.შ;
3.15.2. ასევე განისაზღვრა, რომ საჭირო იყო გარკვეული კვლევების განხორციელება, მათ შორის ბეტონის და არმირების ლაბორატორიული შემოწმება, გარდა დასკვნაში აღნიშნული ადგილებისა, - კორექტირებული პროექტის ექსპერტიზა ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ა.შ.
3.15.3. ზემოხსენებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოვლინდა, მათ შორის, წარდგენილი იყო ფაქტურები, რომელთა მიხედვით მენარდემ ჯერ თავად შეიძინა, ხოლო შემდეგ ამ გადაწყვეტილების 3.12.5 ქვეპუნქტში დასახელებულ ქვემენარდეს გადასცა მასალები და მოწყობილობები, ამის შემდეგ კი ქვემენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, რომელზეც უკვე დარიცხულია ზედნადები და მოგება, ხელმეორედ დაარიცხა ზედნადები და მოგება და ასეთი დანარიცხებით წარუდგინა შემკვეთს, რაც დაუშვებელია და ა.შ; ექსპერტის დასკვნის თანახმად, ფორმა #2–ის შესახებ შენიშვნებიდან გამომდინარე, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება უნდა შემცირდეს საშუალოდ 40%–ით; # 2 დანართში მითითებული შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების შეფასებით, დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის ხელთ არსებული არსებული დოკუმენტაციისა და ობიექტზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულება შეადგენს 3 092 664,10 ლარს. ამასთან, ამავე დასკვნის თანახმად, გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების ჯამური ღირებულება შეადგენს 235 890,10 ლარს. ამასთან, ამავე დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სახით ფორმა #2–ის მიღება შეუძლებელია.
3.16. მენარდემ 2011 წლის 10 აგვისტოს მიმართა შემკვეთს და აცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 297), რომ 12 აგვისტოს მოხდებოდა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის პუნქტობრივი განხილვა ექსპერტის მონაწილეობით. ამასთან, აღნიშნული განხილვის შემდეგად მენარდის მიერ აღიარებული ნაკლოვანებები და მათი გამოსწორების ვადები შემკვეთს ეცნობებოდა დამატებით. მენარდემ 25 აგვისტოს წერილით (იხ. ტ.1, ს.ფ. 298) შემკვეთს აცნობა, რომ უმოკლეს ვადაში წარუდგენდა ექსპერტის დასკვნას კონსტრუქციულ ნაწილში, ხოლო სამშენებლო ნაწილში მოყვანილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მათი დასრულება–გამოსწორების სამუშაოების შესრულების შესახებ ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებით - 3 სექტემბერს. ამავე წერილში მიეთითა, რომ შემკვეთს გადაეგზავნა შესაბამისი ზედნადებები ანაზღაურების მიზნით. ხოლო რაც შეეხებოდა ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებების ასლების წარდგენას, აღნიშნული არ ეკისრებოდა მენარდეს.
3.17. მენარდემ 01.09.2011წ. წერილებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 300-302) შემკვეთს აცნობა, რომ შემკვეთის მიერ თანხების გადარიცხვის დარღვევა ხდებოდა და, შესაბამისად - სამუშაოთა შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის, რის გამოც ითხოვდა მიღებულიყო გადაწყვეტილება თანხების ჩარიცხვის ახალი გრაფიკის შესახებ, ამის შემდეგ კი მენარდე წარადგენდა სამუშაოთა შესრულების ახალ გრაფიკს; ასევე, მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ რამდენადაც შესაბამის ობიექტზე მიმდინარეობდა გაზიფიკაციის სამუშაოები, 3 სექტემბრამდე სამუშაოთა დასრულება შეუძლებელი იყო.
3.18. ექსპერტმა 2011 წლის 6 სექტემბერს შეადგინა შემოწმების აქტი # 09-001 საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გარკვეული ხარვეზები გამოასწორა მენარდემ, თუმცა, გარკვეული ნაწილი არ აღმოუფხვრია (იხ. ტ.1, ს.ფ. 188-189).
3.19. შემკვეთმა 2011 წლის 8 სექტემბერს წერილით მიმართა მენარდეს, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ ვლინდებოდა შემკვეთის მიერ გადარიცხული თანხების მენარდის მხრიდან არამიზნობრივი ხარჯვა, რამდენადაც ამ უკანასკნელისათვის 2011 წლის ივნისის თვეში გადარიცხული 80 000 აშშ დოლარიდან 50 000 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გარე ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებისათვის. წარდგენილი ელექტრონული დავალებიდან კი ირკვევოდა, რომ ამ მიზნით ავანსის სახით გადაირიცხა 40 000 ლარი, ხოლო 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარიდან დარჩენილი თანხა არამიზნობრივად იქნა გამოყენებული (იხ. ტ.1, ს.ფ.307-311).
3.20. შპს „ო.გ–ს“ საინჟინრო–ტექნიკური ექსპერტიზის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ახასიათებდა მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, გამოკვლეული იქნა შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მისი შესაბამისობა არსებულ საპროექტო დოკუმენტაციასა და მენარდესთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან.
3.21. შემკვეთმა მენარდეს 2007 წლის 24 ოქტომბრიდან 2011 წლის 8 ივნისის ჩათვლით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოებისათვის სულ 3 281 928 აშშ დოლარი (5 177 598 ლარი) გადაურიცხა.
4. მენარდის სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
4.1. მენარდემ 2011 წლის 6 ოქტომბერს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს:
4.1.1.მიყენებული ზიანის ანაზღაურება 780 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
4.1.2.ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 070 545 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
4.1.3.ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 810 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
4.1.4. ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 133 005 ლარი;
4.1.5. ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 192 411 ლარი;
4.1.6. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება - 28 336 ლარი;
4.2. მოსარჩელემ (მენარდემ) თავისი მოთხოვნა დაამყარა წინამდებარე გადაწყვეტილების 1-3 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გაფორმების ფაქტებზე და განმარტა, რომ იგი პერიოდულად წარუდგენდა მოპასუხეს (შემკვეთს) სამუშაოთა შესრულების აქტებს 2008-2011 წლებში, თუმცა, 2011 წლის 13 ივლისს წარდგენილი სამუშაოების შესრულების აქტი, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 644 496 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარს, შემკვეთმა არ მიიღო და იმავე წლის 3 აგვისტოს მენარდეს წარუდგინდა საპრეტენზიო წერილი, რომლითაც აცნობა ამ ნაკლოვანების გამოსწორებამდე შესრულებულ სამუშაოთა აქტის ხელმოწერაზე უარის შესახებ;
4.2.1. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 31 აგვისტოს დასკვნაში ასახული ნაკლოვანებებისა და მათი გამოსწორებისათვის საჭირო რეკომენდაციების პუნქტობრივი განხილვის, მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისა და გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, შემკვეთმა 2011 წლის 5 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების მოშლაზე. მენარდის მტკიცებით, არ არსებობდა ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, რის შედეგადაც მოსარჩელეს მიადგა არსებითი ზიანი. გარდა ამისა, შემკვეთს მისთვის დღემდე არ აუნაზღაურებია შეთანხმებით ერთჯერადად განსაზღვრული ზიანი - 780 000 აშშ დოლარი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 28 336 ლარი;
4.2.2. მოსარჩელის (მენარდის) მითითებით, 2010 წლის 1 ოქტომბრის # 3 შეთანხმებით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების საერთო სახელშეკრულებო ფასი არის 320 აშშ დოლარი 1 კვ.მ სამშენებლო ფართისათვის და მხოლოდ „ა“ და „ბ“ ბლოკებისათვის შეადგენს 5 984 480 (ხუთი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხას ოთხმოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;
4.3. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების უკანონოდ მოშლას ადასტურებს სსიპ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ტექნიკური ექსპრეტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, „ა“ ბლოკის მე-2 კორპუსზე გამოვლენილია მცირე დარღვევები, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია კოსმეტიკური სამუშაოების მსვლელობის დროსაც, რაც შეეხება რიგელს, მისი შემოწმება ვერ მოხდა ექსპერტების დაუშვებლობის გამო (იხ. ექსპერტიზის დასკვნა- ტ.1, ს.ფ. 68-84);
4.4. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების მოშლით მას ზიანი მიადგა, კერძოდ, ვერ მიიღო მოგება „ა“ და „ბ“ ბლოკებზე გათვალისწინებული სამუშაოებისათვის 1 070 545 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, „გ“ ბლოკისათვის შესასრულებელი სამუშაოებისათვის კი ვერ მიიღო მოგება 810 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (იხ. სარჩელი- ტ,1 ს.ფ. 6);
4.5. მოსარჩელის მტკიცებით, იმის გამო, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შემკვეთთან, მან უარი თქვა და არ დაეთანხმა შპს „ს.პ–ის“, შპს „ს.ო–ის“ შეთავაზებებს (ოფერტებს) ნარდობის ხელშეკრულებების დადებაზე, საიდანაც შემოსავალს (მათ შორის მოგებას) მიიღებდა, შესაბამისად : 133 005 ლარს და 192 411 ლარს;
4.6. მოსარჩელე უთითებს, რომ მასსა და ქვემენარდეს (იხ. 3.12.5 ქვეპუნქტი) შორის 2008 წლის 10 თებერვალს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქვემენარდემ იკისრა თბილისში, .... არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის „ა“ და „ბ“ ბლოკების მშენებლობის ვალდებულება, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომლის სავარაუდო ფართებია „ა“ ბლოკისათვის - 9 226, 9 კვ.მ, ხოლო „ბ“ ბლოკისათვის - 8 436 კვ.მ. ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული ღირებულება 3 885 838 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, დღგ-ის ჩათვლით, ანუ 1 კვ.მ სამშენებლო ფართის სახელშეკრულებო ფასი მხარეთა შეთანხმებით შეადგენს 220 აშშ დოლარს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ქვემენარდემ მენარდისაგან მიიღო 2 228 830 აშშ დოლარი, მისაღები დარჩა 1 657 008 აშშ დოლარი (3 885 838- 2 228 830);
4.7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხისაგან მიიღო შეკვეთა ამ უკანასკნელისათვის მოეწყო დროებითი საოფისე ფართი „ა“ ბლოკის პირველ სართულზე, რაც მენარდემ შეასრულა და ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 28 336 ლარი, რაც მისთვის დღემდე არ აუნაზღაურებია შემკვეთს (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-17).
5. შემკვეთის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. შემკვეთმა 2011 წლის 6 დეკემბერს შეგებებული სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მის სასარგებლოდ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაკისრებოდა:
5.1.1. ზედმეტად გადახდილი 750 212,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება;
5.1.2. მშენებლობის პროცესში დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის აუცილებელი თანხის - 239 890,10 (235 890, 10 ლარისა და 4000 ლარის) ლარის ანაზღაურება;
5.1.3. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის 46 564.54 ლარის ანაზღაურება;
5.1.4. სახელმწიფო ბაჟის და სასამართლო ხარჯების 38 780,19 ლარის ანაზღაურება.
5.2. შეგებებული მოსარჩელის (შემკვეთის მტკიცებით) 2007 წლის 30 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდეს უნდა შეესრულებინა გარკვეული საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. თავდაპირველად ასაშენებელი კომპლექსი დაყოფილი იყო „ა“, „ბ“ და „გ“ ბლოკებად. 2010 წლის 1 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სამშენებლო ფართი 17 762 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც აისახა სამშენებლო პროექტში, რომელიც დადგენილი წესით დამტკიცდა. ახალი შეთანხმებით აღარ უნდა აშენებულიყო „გ“ ბლოკი. მშენებლობის დასრულება დაგეგმილი იყო 2012 წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო საპროექტი სამუშაოების დასრულებისა და პროექტის დამტკიცების შემდეგ მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ხუთ ეტაპად, სადაც შესასრულებელი სამუშაობის 15 % დასრულდებოდა 2008 წლის მე-4 კვარტლის ბოლომდე, ხოლო 45% - 2010 წლის მესამე კვარტლის ბოლომდე, 75 %- 2011 წლის მე-3 კვარტლის ბოლომდე, ხოლო მთლიანი მოცულობა 2012 წლის მე-3 კვარტლის ბოლომდე (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.9 -3.9.1 ქვეპუნქტები);
5.2.1. სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრებოდა დასრულებული ფართიდან, რომლის ღირებულება იყო 320 აშშ დოლარი 1 კვ.მ-ზე და თავდაპირველი სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 8 000 000 აშშ დოლარს, ხოლო პროექტის კორექტირების შემდეგ აღნიშნული ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა 5 684 128 აშშ დოლარით;
5.2.2. შეგებებულმა მოსარჩელემ (შემკვეთმა) 2007 წლის 24 ოქტომბრიდან 2011 წლის 8 ივნისამდე პერიოდში მოპასუხეს (მენარდეს) ავანსის სახით გადაუხადა 3 281 928, 00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც მენარდემ არამიზნობრივად დახარჯა და შემკვეთის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ უკანასკნელისათვის არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოების მოცულობის აქტები;
5.2.3. შემკვეთმა 2011 წლის 11 ივლისს მენარდეს მოსთხოვა საპროექტო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, მენარდის მიერ შესრულებული და შემკვეთის მიერ მიღებული სამუშაოების შესრულების აქტები, ყველა ფარული სამუშაოს აქტი, ობიექტის ელექტრომომარაგების გარე ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რის ნაცვლადაც მას მიეწოდა გაურკვეველი დანიშნულების აქტი, რომელშიც მითითებული იყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოებისა და შეძენილი მასალების ფასების გაანგარიშება, ყოველგვარი პირველადი დოკუმენტაციის გარეშე. 2011 წლის 14 ივლისს კი მენარდეს ეცნობა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის შესამოწმებლად შერჩეულ იქნა ექსპერტთა ჯგუფი, რისთვისაც გამოთხოვილი იქნა მენარდისაგან შესაბამისი დოკუმენტები /შესრულებული და მიღებული სამუშაოების შესრულების აქტები, ფარული სამუშაოების აქტები, არმატურის შესაბამისობის სერტიფიკატები და შესყიდვის დოკუმენტები, მშენებლობის სამუშაო პროექტი/. ამ შემთხვევაშიც შემკვეთს 20 ივლისის წერილით წარედგინა მხოლოდ მენარდის მიერ შესრულებული გაანგარიშებები, ყოველგვარი პირველადი დოკუმენტაციის გარეშე. 2011 წლის 22 ივლისის წერილით შემკვეთმა კიდევ ერთხელ გამოითხოვა მენარდისაგან შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე, აცნობა, რომ შემკვეთი უარს აცხადებდა ასეთი ფორმით წარდგენილი აქტების მიღებასა და ხელმოწერით დადასტურებაზე. შემკვეთს, 26 ივლისის საპასუხო წერილით, მენარდემ წარუდგინა მხოლოდ ლიფტის და არმატურის ნაწილის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და მის მიერ შედგენილი ხარჯთარღიცხვა, პირველადი დოკუმენტაციის გარეშე;
5.3. ექსპერტიზის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნით გამოვლინდა დაშვებული ხარვეზები, საპროექტო დოკუმენტაციასა და მოპასუხესთან (მენარდესთან) დადებულ შეთანხმებებთან მიმართებით. 2011 წლის 3 აგვისტოს წერილით შემკვეთმა მენარდეს მოსთხოვა 8 ივნისს ავანსად გადარიცხული 80 000 აშშ დოლარის (იხ. 3.12.6 ქვეპუნქტი) ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მენარდეს გაეგზავნა საექსპერტო დასკვნა და მასში მითითებული დარღვევევბის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა. ამ უკანასკნელისათვის წარდგენილი მასალით დასტურდება, რომ მენარდემ არამიზნობრივად დახარჯა 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ლარში. 10 აგვისტოს წერილით მენარდე დათანხმდა ექსპერტთან ერთად დასკვნის პუნქტობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებასა და აღიარებული ხარვეზების გამოსწორებას ვადის მიუთითებლად. 2011 წლის 12 აგვისტოს მხარეთა და ექსპერტთა მონაწილეობით შედგა დასკვნის განხილვა. მენარდემ 25 აგვისტოს წერილით შემკვეთს აცნობა, რომ კონსტრუქციულ ნაწილთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში წარუდგენდა კონსტრუქტორის კომპეტენტურ დასკვნას, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ნაწილში გამოვლენილ ნაკლოვანებებს 3 სექტემბრამდე გამოასწორებდა. მენარდეს არც დასკვნა წარუდგენია შემკვეთისათვის და არც ნაკლოვანებები გამოუსწორებია;
5.3.1. მენარდემ მხოლოდ დაზიანებული იატაკისა და ღარების შეუვსებლობის ნაწილში აღიარა ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი;
5.3.2. იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრულ ვადაში მენარდემ არ გამოასწორა ხარვეზები და უშედეგოდ გავიდა იგი, შემკვეთმა დაკარგა ინტერესი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებისადმი. შემკვეთმა 2011 წლის 5 და 8 სექტემბერს მენარდეს აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
5.4.შეგებებული მოსარჩელე ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს მხოლოდ 3 092 664, 10 ლარს, ხოლო გამოვლენილი არსებითი ხარვეზების გამოსასწორებლად საჭიროა 235 890, 10 ლარი. მითითებული დასკვნითა და მასზე დართული ხარჯთაღრიცხვით უდავოდ დასტურდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. ექსპერტიზის 2011 წლის 6 სექტემბრის შემოწმების აქტით დგინდება, რომ მოპასუხეს არ გამოუსწორებია ძირითადი ხარვეზები.
5.5. სადავო არ არის, რომ მენარდემ ავანსის სახით მიიღო 3 281 928, 00 აშშ დოლარი (5 177 598, 00 ლარი). ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, 938,6 კვმ-ით გაიზარდა მთლიანი სამშენებლო ფართი და შესაბამისად, პროექტის ღირებულება განისაზღვრა 5 984 480, 00 ლარით (2 306 993, 00 აშშ დოლარი). ამ თანხას უნდა გამოაკლდეს პროექტირების ღირებულება 370 791, 40 ლარი (224 722 , 06 აშშ დოლარი). შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შდაგინა 2 531 715, 8 აშშ დოლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა არის 750 212, 20 აშშ დოლარი (3 281 928,00- 2 531 725, 8);
5.6. შემკვეთმა მენარდისაგან მოითხოვა მშენებლობის პროცესში დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის აუცილებელი თანხის - 239 890, 10 ლარის (235 890,00+4000) ანაზღაურება, რაც მოიცავს სექსპერტო დასკვნაში მითითებული ნაკლოვანებების ჯამურ ღირებულებას 235 890,00 ლარს და 4000 ლარს, რომლითაც დაჯარიმდა შემკვეთი საწარმო ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ და ეს თანხა მისი ასანაზღაურებელია;
5.7. შემკვეთმა მოითხოვა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის - 46 564,54 ლარის ანაზღაურება, რაც მოიცავს 2011 წლის ივლისში ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულებას - 15 000 ლარს, ობიექტზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის დასადგენად ჩატარებული აზომვითი ნახაზების შესრულების ღირებულებას - 6 134, 54 ლარს; ოქტომბერში ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულებას - 500 ლარს, პროექტის კორექტირების ღირებულებას 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, საიდანაც 7500 აშშ დოლარი შემკვეთს უკვე გადახდილი აქვს ავანსად, ხოლო იგივე თანხის გადახდის ვალდებულება ნაკისრი აქვს ხელშეკრულებით;
5.8. შემკვეთის მიერ მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟი და სასამართლო ხარჯები შეადგენს 38 780, 19 ლარს (5000 ლარი - სახელმწიფო ბაჟი; 13 844, 66 ლარი - ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; 19 935, 53 ლარი - იურიდიული მომსახურება (იხ. შეგებებული სარჩელი - ტ.2, ს.ფ 1-18, დაზუსტებული შეგებებული სარჩელი- ს.ფ.233-249).
6. შემკვეთის შესაგებელი მენარდის სარჩელზე
6.1. შემკვეთმა წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ მენარდის მიერ აღძრული სარჩელი და სადავო გახადა ამ გადაწყვეტილების 1.1 ქვეპუნქტში მითითებული 2007 წლის ოქტომბრის ხელშეკრულება, რადგან მისი მტკიცებით, მხარეს არ გააჩნია ამ ხელშეკრულების დედანი, რომლის ყველა გვერდი იქნებოდა დადასტურებული წარმომადგენლის ხელმოწერით. შემკვეთი ადასტურებს ასეთი შეთანხმების არსებობის ფაქტს, თუმცა, ეჭქვეშ აყენებს და არ ცნობს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ფოტოასლს;
6.2. შემკვეთის მტკიცებით, არ არსებობს ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული 23.10.2007წ. შეთანხმება, რადგან თავდაპირველი მოსარჩელის (მენარდის) მიერ წარდგენილი შეთანხმება არ არის დამოწმებული მოპასუხის ბეჭდით მაშინ, როდესაც 2007 წლის უთარიღო, ასევე, იმავე წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებები მხარის მიერ დამოწმებულია ბეჭდით, ამასთან, მისი არც დედანი და არც ასლი არ არის დაცული მოპასუხესთან (შემკვეთთან).
6.2.1. ასევე, დაუსაბუთებელია, როგორ იკისრა შემკვეთმა კაბალური და გაუგებარი ვალდებულება ერთჯერადად 780 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, როდესაც 23.10. 2007წ. არანაირი ზიანი არ შეიძლებოდა არსებულიყო, რადგან ხელშეკრულების შესრულებაც კი არ იყო დაწყებული. მოსარჩელეს არასოდეს მოუთხოვია ამ „ზიანის“ ანაზღაურება, საავანსო გადარიცხვები კი 24 ოქტომბრიდან დაიწყო და მორიგი გადარიცხვები შემკვეთის მიერ შეთანხმებული გრაფიკით ხორციელდებოდა.
6.3. 30.10.2007 წ. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, ხოლო მასში 2010 წლის 1 ოქტომბერს # 3 შეთანხმებით შევიდა ცვლილება (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.9 ქვეპუნქტი), რამაც პროექტის მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა შეამცირა და განისაზღვრა ახალი, შემცირებული ღირებულება;
6.4. შემკვეთმა შესაგებელში მიუთითა იმავე ფაქტებზე, რაც მის შეგებებულ სარჩელშია დასახელებული (იხ. ამ გადაწყვეტილების 5.2.3 ქვეპუნქტი); შემკვეთმა უარყო მენარდის მიერ წარდგენილი 2011 წლის 31 აგვისტოს ურთიერთშედარების ოქმის არსებობა და აღნიშნა, რომ ამონაწერში მითითებული პირი-დ.ჩ. არ იყო უფლებამოსილი, საწარმოს სახელით ეწარმოებინა რაიმე მოქმედება, რადგან 2011 წლის 9 ივნისიდან საწარმოს დირექტორი იყო ლ.მ–ძე (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ. 547), რაც დასტურდება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე 2011 წლის 5 აგვისტოს წერილითაც, რომლის თანახმად, შემკვეთი უშედეგოდ ელოდებოდა ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ აქტის წარდგენას. თუკი 31 აგვისტოს რაიმე შეთანხმება დაიდებოდა მხარეთა შორის, ცხადია, ასეთი მოლოდინი მხარეს ვერ ექნებოდა;
6.5. შემკვეთმა უარყო მენარდის განმარტება ნაკლოვანებების გამოსწორების თაობაზე, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა არ იყო სრულყოფილი და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, რადგან არ იყო განხილული და შეფასებული მშენებარე ობიექტის ის ათეულობით მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც იმავე ექსპერტიზამ თვითონვე დააფიქსირა;
6.6. მენარდე ვერ ადასტურებდა მისაღები მოგების თაობაზე მოთხოვნის დასაბუთებულობას, რადგან მის მიერ მითითებული გარემოებები არ იყო განმტკიცებული ჯეროვანი მტკიცებულებებით; ასეთად კი ვერ იქნებოდა მიჩნეული კომერციული წინადადებები. მოსარჩელეს არ წარუდგენია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, სამუშაოების პროექტები, არ მტკიცდებოდა სხვა სუბიექტმა შეასრულა თუ არა სამუშაოები, თუკი საერთოდ არსებობდა ასეთი შეთავაზება, ხოლო თუ არსებობდა, რეალურად რატომ არ მიიღო ისინი მენარდემ;
6.7.შემკვეთი ასევე შეედავა მენარდისათვის საოფისე ფართის სამუშაოების დაკვეთის ფაქტს,რადგან არ არსებობდა ასეთი სამუშაოების შესრულებისა და შემდეგ მისი შემკვეთის მიერ მიღების მტკიცებულება. მენარდის მტკიცება იმას ეფუძნებოდა, რომ მან საკუთარი სახსრებით შეასრულა შემკვეთის საოფისე ფართზე სამუშაოები, ხოლო ამის დასტურად უთითებდა მის მიერ ერთპიროვნულად დამოწმებულ ხარჯთაღრიცხვაზე, რაც არ შეიძლებოდა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ყოფილიყო.
7. მენარდის შესაგებელი შემკვეთის შეგებებულ სარჩელზე
7.1. მენარდემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ შემკვეთის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი და განმარტა:
7.1.1. არ არსებობდა მხარეთა შეთანხმება „გ“ ბლოკის აშენებაზე უარის თქმის შესახებ, ეს არ დასტურდებოდა შეცვლილი სამშენებლო პროექტით;
7.1.2. მას არამიზნობრივად არ დაუხარჯავს მიღებული თანხები, სამუშაოებს საკუთარი მასალებით ასრულებდა და ამიტომ არ ეკისრებოდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის აქტების, მით უმეტეს, მასალის ხარჯვის (პირველადი დოკუმენტაციის) შემკვეთისათვის წარდგენის ვალდებულება. მიუხედავად ამისა, შემკვეთის პირველივე მოთხოვნისთანავე, მენარდე წარუდგენდა ხოლმე მოთხოვნილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. შეგებებულ მოსარჩელეს (შემკვეთს) არ წარუდგენია მენარდის მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
7.1.3. შემკვეთის მიერ გაურკვევლი მოთხოვნების დაწესება სამუშაოს შესრულების აქტის ფორმასთან დაკავშირებით ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ ეს აქტები მენარდეს არ წარუდგენია შემკვეთისათვის;
7.1.4. ექსპერტიზის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნა არის მიკერძოებული და არაკვალიფიციური, არ დასტურდება მენარდის მიერ დაშვებული არსებითი დარღვევები, შემკვეთი ვერ ამტკიცებს, რაში გამოიხატა ისინი, ასევე დაუსაბუთებელია მისი მტკიცება მენარდის მიერ 50 000 აშშ დოლარის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ;
7.1.5. შეგებებული მოსარჩელე ვერ ასაბუთებს ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ ინტერესის დაკარგვის საფუძველს, ისევე, როგორც -ვალდებულების შეუსრულებლობის, მით უმეტეს, არაჯეროვანი შესრულების ფაქტს. აღნიშნული არ დასტურდება შემკვეთის მიერ წარდგენილი 2011 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით;
7.2. მენარდემ დამატებით შედავება წარადგინა მის მიერ მიღებულ და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობაზე, კერძოდ, 3 281 928 – 2 926 225 = 355 703 აშშ დოლარზე, რაც მენარდემ, მისივე მტკიცებით, მოგების სახით მიიღო და გამომდინარეობდა მხარეთა შორის 30.10.2007წ. გაფორმებული ხელშეკრულებიდან, ასევე, დადასტურებულია ფორმა # 2- ით;
7.3. შესაბამისი სამშენებლო ობიექტის პროექტირებაზე მენარდემ 213 198 აშშ დოლარი დახარჯა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მენარდის თავდაპირველი სარჩელი შემკვეთის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის (მენარდის) სასარგებლოდ დაეკისრა:
8.1.1. 78 000 აშშ დოლარის გადახდა;
8.1.2. მენარდის მოთხოვნა შემკვეთისათვის 1 070 545 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
8.1.3. მენარდის მოთხოვნა შემკვეთისათვის 810 450 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
8.1.4. მენარდის მოთხოვნა შემკვეთისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 133 005 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
8.1.5. მენარდის მოთხოვნა შემკვეთისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 192 411 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
8.1.6. მენარდის (თავდაპირველი მოსარჩელის) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 28 336 ლარის ანაზღაურება დაეკისრა შემკვეთს;
8.1.7. მენარდის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის ანაზღაურება შემკვეთს დაეკისრა;
8.1.8. მენარდის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 835 ლარის ჩაითვალა გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
8.2. შემკვეთის შეგებებული სარჩელი მენარდის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
8.2.1. 750 212,20 აშშ დოლარის გადახდა;
8.2.2. 235 890,10 ლარის გადახდა;
8.2.3. 4 000 ლარის გადახდა;
8.2.4. შემკვეთს (შეგებებულ მოსარჩელეს) უარი ეთქვა მენარდისათვის პროექტის კორექტირებული ნახაზის ღირებულების - 12 465 ლარის დაკისრებაზე; ასევე, უარი ეთქვა აზომვითი ნახაზების მომზადების ღირებულების 6 134,65 ლარის მენარდისათვის დაკისრებაზე;
8.2.5. მენარდეს შემკვეთის (შეგებებული მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯების 15 000 ლარის, აგრეთვე, 500 ლარის და 12 744 ლარის ანაზღაურება;
8.2.6. შეგებებულ მოსარჩელეს უარი ეთქვა მისი წარმომადგენლების მომსახურებაზე გაწეული ხარჯების - 19 935,53 ლარის და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯის - 1 100 მოპასუხისათვის (მენარდისათვის) დაკისრებაზე;
8.2.7. შეგებებული მოსარჩელის (შემკვეთის) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 935 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მენარდეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს), ხოლო შეგებებული მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 65 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1- 3.21 ქვეპუნქტებში მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ შემკვეთს უფლება ჰქონდა შეეწყვიტა მენარდესთან გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, რამდენადაც ამ უკანასკნელმა შესაბამისი სამუშაოები შეასრულა ხარვეზებით, არ აღმოფხვრა არსებული ნაკლოვანებები მოპასუხის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. შემკვეთს საკმარისი საფუძველი ჰქონდა დაეკარგა ინტერესი მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ და შეეწყვიტა იგი.
8.3.1. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდებოდა მენარდის მიერ შესაბამისი სამუშაოების ხარვეზებით შესრულება, მას სრულად არ გამოუსწორებია ნაკლოვანებები შემკვეთის მიერ განსაზღვრულ ვადაში. მენარდე სარჩელში თვითონვე ადასტურებდა, რომ მან ხარვეზების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გამოასწორა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა საქმეში წარდგენილი 2011 წლის 6 სექტემბრის შემოწმების აქტით (იხ. 3.18, 4.2.1, 4.3 ქვეპუნქტები; ტ.1, ს.ფ. 185-189).
8.3.2. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საექსპერტო დასკვნაში აღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორების შემდეგ, არსებულ სხვა ხარვეზებთან დაკავშირებით მოპასუხეს (შემკვეთის) პრეტენზია არ ჰქონდა, და აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა მოსარჩელის (მენარდეს) განმარტება და მის მიერ წარდგენილი შეთანხმების ოქმი, ამონაწერი აღნიშნული ოქმიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთის მხრიდან მას ხელს აწერდა დამფუძნებელი, იგი არ წარმოადგენდა აღნიშნული პერიოდისათვის საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს და შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება შესაბამის საკითხზე. საქმეში არსებული 2011 წლის 9 ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ შემკვეთი საწარმოს დირექტორს წარმოადგენს ლ.მ–ძე (ტ.3, ს.ფ.547-548).
8.4. სასამართლომ სადავო გარემოების დადგენისას ყურადღება გაამახვილა და გაითვალისწინა საქმეში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, საექსპერტო დასკვნები, შემოწმების აქტი, რომლებიც ადასტურებდნენ სამუშაოთა წარმოებას ხარვეზებით, ნაკლის გამოუსწორებლობას (ტ.1, ს.ფ. 185-189).
8.4.1. ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელსაც უნდა განესაზღვრა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, ანუ მთლიანი სამშენებლო მოცულობიდან რამდენი პროცენტია შესრულებული მენარდის მიერ, დადგენილი იქნა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ქ. თბილისში, ისანი–სამგორის რაიონში, …. მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო, შესრულებული სამუშაოების ღირებულება „ა“ ბლოკის პირველი კორპუსის (დასრულებული) სამშენებლო ფართი შეადგენს 3 963,50 კვ.მ.–ს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 268 320,00 აშშ დოლარს (დღგ–სა და ყველა გადასახადის ჩათვლით), ამავე ბლოკის მე–2 კორპუსის (მშენებარე) სამშენებლო ფართი შეადგენს 6 181,00 კვ.მ.–ს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 685 721,13 აშშ დოლარს (დღგ–სა და ყველა გადასახადების ჩათვლით). „ბ“ ბლოკის სამშენებლო ფართი შეადგენს 8 557,00 კვ.მ.–ს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება 352 952,61 აშშ დოლარს (დღგ–სა და ყველა გადასახადების ჩათვლით). საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მენარდის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 306 993,74 აშშ დოლარი, რაც 5 984 480,00 აშშ დოლარის 38,55%–ია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 176–188). აღნიშნული დასკვნით დადასტურდა, რომ შესრულებული იყო დაახლოებით სამუშაოთა 38,55% მაშინ, როდესაც მენარდეს 2011 წლის მე-3 კვარტლის ბოლომდე დასრულებული უნდა ჰქონოდა სამუშაოთა 75%, მათ შორის - 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე.
8.4.2. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ მენარდე ასევე არ აწვდიდა შემკვეთს მის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს სრულად, იმ ფორმით, როგორც იგი ამას ითხოვდა. მხარეთა შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.1. პუნქტი ითვალისწინებდა შემსრულებლის ვალდებულებას, წერილობითი მოთხოვნისთანავე მიეწოდებინა შემკვეთისათვის სამუშაოსთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. ამასთან, შემკვეთს ჰქონდა პრეტენზია, რომ ხარჯები არამიზნობრივად იყო გაწეული, მათ შორის, 2011 წლის ივნისის თვეში მენარდისათვის გადარიცხული (იხ. შემკვეთის 08.09.2011წ. წერილი მენარდისადმი - ტ.1, ს.ფ. 307-311), რაც, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე, მით უფრო, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, არ ყოფილა ჩატარებული ფინანსური ექსპერტიზა.
8.4.3. 2011 წლის 16 ივლისს შესრულებული დასკვნის თანახმად, მენარდემ წარადგინა ფაქტურები, რომელთა მიხედვით მან ჯერ თვითონ შეიძინა, ხოლო შემდეგ ქვემენარდეს (იხ. 3.12.5 ქვეპუნქტი) გადასცა მასალები და მოწყობილობები, შემდგომ ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, რომელზეც უკვე დარიცხული იყო ზედნადები და მოგება, ხელმეორედ დაარიცხა ზედნადები და მოგება და ასეთი დანარიცხებით წარუდგინა შემკვეთს, რაც დაუშვებელია და ა.შ. (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.15.3 ქვეპუნქტი).
8.5. სასამართლოს შეფასებით, ყოველივე ზემაღნიშნული ერთობლიობაში წარმოადგენდა მხარის (შემკვეთის) მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის, მის მიერ მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის საფუძველს.
8.6. შემკვეთისათვის მენარდის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულება (”ა” და ”ბ” ბლოკებზე) შეადგენდა 2 306 993,74 აშშ დოლარს, სულ 5 984 480.00 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. შემკვეთმა მენარდეს სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით, სულ 3 281 928.00 აშშ დოლარი გადაურიცხა (ტ.2, ს.ფ.34-35). პროექტირებისათვის მენარდემ გადაიხადა 224 722.06 აშშ დოლარი, აღნიშნული საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემკვეთის განმარტებიდან გამომდინარე. ამასთან, მენარდე შესაგებელში ადასტურებდა მის მიერ შესაბამისი ხარჯის გაწევას უფრო მცირე ოდენობით (213 198 აშშ დოლარი), ვიდრე ამას შემკვეთი უთითებდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 7.3 ქვეპუნქტი, ასევე, მენარდის შესაგებელი - ტ. 3, ს.ფ.5 - დავის მე-3 ფაქტობრივი გარემოება).
8.7. მენარდემ შემკვეთს არ შეუსრულა 750 212.00 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო.
8.7.1. აღნიშნული სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 34-35, ს.ფ.175-188).
8.7.2.სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად საჭირო იყო 235 890.10 ლარი, რაც წარმოადგენდა შემკვეთისათვის მიყენებულ ზიანს. სასამართლომ აღნიშნული დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 35-39).
8.8. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შემკვეთი საწარმო დააჯარიმა 4 000 ლარით, პროექტის დარღვევით მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს მხარისათვის მიყენებულ ზიანს. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გაითვალისწინა დადგენილება სამართალდარღვევის საქმეზე (ტ.2, ს.ფ. 251).
8.9. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ურთიერთშეთანხმების ოქმი (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.13 ქვეპუნქტი) მენარდის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, რომ მან ნაკლოვანებები გამოასწორა, ხოლო დარჩენილ ხარვეზებზე მხარეს (შემკვეთს) პრეტენზია არ ექნებოდა და ა.შ.
8.9.1. შემკვეთსა და მენარდეს შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ოქმი #1 (იხ. ტ.3, ს.ფ. 381–382), რომელსაც შემკვეთის მხრიდან ხელს აწერდა საწარმოს დამფუძნებელი - დ.ჩ. აღნიშნული პერიოდისათვის დირექტორს წარმოადგენდა ლ.მ–ძე, რაც დასტურდებოდა ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან. შესაბამისად, ეს დოკუმენტი შესრულებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც ის სასამართლომ კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად არ გაიზიარა.
8.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმება 780 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, თავისი არსით, წარმოადგენდა შეთანხმებას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ექვემდებარებოდა შემცირებას. სასამართლომ ხელშეკრულების საერთო ფასის, შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების, სამუშაოს მოცულობის, არსებული ხარვეზებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მენარდის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 780 000 აშშ დოლარი 78 000 აშშ დოლარამდე შეამცირა.
8.11. სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის მტკიცება, ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის - 810 450 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც მისი განმარტებით იმ მოგებას წარმოადგენდა, რომელიც მას უნდა მიეღო „გ“ ბლოკის აშენებისათვის.
8.11.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ მენარდემ ვერ წარადგინა ზემოხსენებული გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულება და ვერც ასეთის არსებობაზე მიუთითა. სასამართლომ ისიც გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმდა #3 შეთანხმება 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც განისაზღვრა და არსებითად შემცირდა, პროექტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მენარდის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და განისაზღვრა პროექტის ახალი შემცირებული ღირებულება. აღნიშნული კი არ ითვალისწინებდა „გ“ ბლოკის მშენებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება „გ“ ბლოკის აუშენებლობით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
8.12. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მიუღებელი შემოსავლის სახით 133 005 ლარისა და 192 411 ლარის მიღების თაობაზე, რასაც მისი განმარტებით იგი მიიღებდა შპს „ს.ო–თან“ და შპს „ს.პ–თან“ ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევაში, მათთვის შესაბამისი სამუშაოს შესრულებით, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ მენარდეს ”ა” და ”ბ” ბლოკების აშენების შემთხვევაში, მოგების სახით უნდა მიეღო 1 070 545 აშშ დოლარი.
8.12.1.გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაუდასტურა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებით შპს „ს.ო–თან“ და შპს „ს.პ–თან“ იგი სწორედ აღნიშნული ოდენობით მიიღებდა მოგებას, მან ასევე ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ შემკვეთის გამო არ მოხდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება სხვა პირებთან და მენარდემ, იმის გამო, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან (შემკვეთთან), უარი თქვა და არ დაეთანხმა მხარეთა შეთავაზებებს (ოფერტს) ნარდობის ხელშეკრულებების დადებაზე, საიდანაც შემოსავლების სახით, მათ შორის, მოგების სახით, მიიღებდა შესაბამისად 133 005 ლარს და 192 411 ლარს.
8.13. სასამართლოს შეფასებით, მენარდემ ასევე სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რაც დაადასტურებდა, რომ მას ”ა” და ”ბ” ბლოკების აშენებით მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა მიეღო 1 070 545 აშშ დოლარი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ შემკვეთი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება იმის გამო, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და შემკვეთმა დაკარგა მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა მენარდის ბრალით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მათ შორის - მიუღებელი შემოსავლის სახით.
8.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ შემკვეთს შეუსრულა ოფისის გარემონტებისათვის 28 336 ლარის სამუშაო, რაც შემკვეთს უნდა გადაეხადა თავდაპირველი მოსარჩელისათვის.
8.15. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 629-ე მუხლით „1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. 3. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე აშენებდა მრავალფუნქციური დანიშნულების საცხოვრებელ სახლს. ხელშეკრულების შინაარსი მოიცავდა არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ - მის შესრულებასაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა.
8.15.1. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება („ა“ ქვეპუნქტი). სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.
8.15.2.მოცემულ სადავო ურთიერთობაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო ვალდებულების დარღვევა, რომლის გამოსასწორებლად კრედიტორმა განსაზღვრა ვადა, რომლის მიუხედავადაც ნაკლოვანებები სრულად არ გამოსწორებულა, შესაბამისად, კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით კიდევ ერთხელ ვადის მიცემა აშკარად გამოიწვევდა შემკვეთის უფლებების უხეშ დარღვევას, რის გამოც სასამართლომ მიაჩნია, რომ გამართლებული იყო მოთხოვნა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
8.15.3. სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება, შესაბამისად, სსკ-ის 352-354-ე მუხლები.
8.15.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) დაკარგა ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელების ინტერესი და მას ვერ მოეთხოვებოდა ხელშეკრულებაში დარჩენა.
8.16. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, მოეთხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის (მენარდის) მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და იგი უნდა შემცირებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს (შემკვეთს) დაეკისა პირგასამტეხლოს - 78 000 აშშ დოლარის გადახდა.
8.17. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
8.17.1. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რა კონკრეტული ზიანი მიიღო, რომელიც, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლებოდა სავარაუდო ყოფილიყო მოპასუხისათვის და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მხარეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ზიანის ანაზღაურება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლა მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული.
8.17.2. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
8.18. სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
8.18.1. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, შემკვეთის ხელშეკრულებიდან გასვლა მოხდა მენარდის ბრალით, რის გამოც ამ უკანასკნელის მოთხოვნა შემკვეთის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
8.19. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ შემკვეთს სულ 239 890,10 ლარის ზიანი მიაყენა, რის გამოც ამ ნაწილში შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
8.19.1. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
8.20. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“.
8.20.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთმა მენარდეს ზედმეტად გადაუხადა 750 212.20 აშშ დოლარი, რა ღირებულების სამუშაოც ამ უკანასკნელს არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის ამ ნაწილში შემკვეთის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
8.21. სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ შემკვეთის სასარგებლოდ შეასრულა 28 336 ლარის სამუშაო, რომლის ღირებულებაც უნდა აენაზღაურებინა შემკვეთს.
9. მენარდის სააპელაციო საჩივარი
9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, როლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და დაკმაყოფილდა შემკვეთის შეგებებული სარჩელი. აპელანტმა ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შემკვეთის შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა; ასევე გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის, ექსპერტების დაკითხვისა და ადგილზე დათვალიერების შესახებ (იხ. მენარდის სააპელაციო საჩივარი - ტ. 3, ს.ფ 590 -601); აპელანტი შემდეგ არგუმენტებზე უთითებს:
9.1.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული #3 შეთანხმებით განისაზღვრა და არსებითად შემცირდა პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და განისაზღვრა პროექტის ახალი შემცირებული ღირებულება. აღნიშნული არ ითვალისწინებს ,,გ“ ბლოკის მშენებლობას. არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე არასწორია და უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის მოთხოვნა - ,,გ“ ბლოკის აუშენებლობით მენარდისათვის მიყენებული ზიანის - 810 450 აშშ დოლარის - შემკვეთისათვის დაკისრების შესახებ;
9.1.2. საქმეზე არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შეთანხმება ,,გ“ ბლოკის აშენებაზე უარის შესახებ, ხოლო მოწმე დ.ჩ–ს ჩვენებით, რომელიც წარმოადგენდა საზოგადოების (შემკვეთის) დირექტორს და არის ამ საწარმოს ერთადერთი დამფუძნებელი, დადგენილი და დადასტურებულია მხარის ნება ,,გ“ ბლოკის აშენების შესახებ;
9.1.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ შემკვეთი საწარმოს დამფუძნებელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ხელი მოეწერა 2011 წლის 31 აგვისტოს ოქმზე (იხ. 3.13-3.13.1 ქვეპუნქტები), ვინაიდან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენდა ლ.მ–ძე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საზოგადოების ერთადერთ დამფუძნებელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, შესრულებული სამუშაოების დათვალიერებაში მიეღო მონაწილეობა და დათვალიერების შედეგების შესახებ დოკუმენტზე მოეწერა ხელი, რითაც საწარმოს ერთადერთ დამფუძნებელს ფაქტიურად აუკრძალა კუთვნილ საკუთრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
9.1.4. სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაადგინა საქმეზე ასევე მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოება, რაც ეფუძნება მხარეთა შორის 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 9.7 პუნქტს, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ნაკლის მქონე აღმოჩნდა და შემსრულებელი არ დაეთანხმა ამ ნაკლის არსებობას, მაშინ შემკვეთი უფლებამოსილია, ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს ორივე მხარისათვის მისაღები ექსპერტის მიერ. შემკვეთის წერილით უდავოდ არის დადასტურებული, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა მათ მენარდესთან შეუთანხმებლად მოიწვიეს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნა არის მიკერძოებული და წინააღმდეგობრივი, რაც დასტურდება როგორც საქმეზე წარმოდგენილი ,,ო.გ–ს“ 2012 წლის 16 მარტის საექსპერტო დასკვნით (შემოწმების აქტი), ისე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 აპრილის საექსპერტო დასკვნით;
9.1.5. სასამართლომ არ დაადგინა, კონკრეტულად რაში გამოიხატა და რით დასტურდებოდა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულების მიმართ შემკვეთის ინტერესის დაკარგვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე სასამართლოს დასკვნა მენარდის მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარვეზებით წარმოების, მენარდის ბრალით ხელშეკრულების მოშლის, შემკვეთის მიერ 2011 წლის 5 სექტემბერს ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნის გამართლებისა და ხელშეკრულების მოშლის საკმარისი საფუძვლის არსებობის შესახებ არასწორია;
9.1.6.მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 306 993,74 აშშ დოლარი, რაც 5 984 480 აშშ დოლარის 38.55%-ია მაშინ, როდესაც მენარდეს 2011 წლის მე-3 კვარტლის ბოლომდე დასრულებული ჰქონდა სამუშაოთა 75%. სასამართლოს არ შეუსწავლია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 7 დეკემბრის დასკვნა, მხარეთა შორის გაფორმებული 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება, 2010 წლის 1 ოქტომბრის შეთანხმება, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით საქმეზე მენარდის მიერ წარდგენილი შესაგებელი და თანდართული მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია მენარდისათვის 750 212 აშშ დოლარის არასწორად დაკისრება. ექსპერტისათვის საკვლევად არ ყოფილა წარდგენილი სამშენებლო პროექტი, რაც უპირობოდ განაპირობებდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში ცვლილებებს. უდავოდ დადგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შემკვეთს მენარდისათვის თანხა ზედმეტად არ გადაუხდია, მით უმეტეს, არ გამოვლენილა შემკვეთის მიერ მენარდისათვის გადარიცხული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. 330 703 აშშ დოლარი წარმოადგენს მენარდის მოგებას, რაც დასტურდება შემკვეთისათვის წარდგენილი ფორმით #2 და გამომდინარეობს მხარეთა შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ ექსპერტის 2011 წლის 7 დეკემბრის დასკვნაში წარდგენილი, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 2 306 993.74 აშშ დოლარი - არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლომ ასრულყოფილად არ შეისწავლა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა ექსპერტების დაკითხვის შესახებ;
9.1.7. მცდარია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის საჭიროა 235 890.10 ლარი. დაზუსტებულ შეგებებულ სარჩელში შემკვეთი მოითხოვს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის 235 890.10 ლარის დაკისრებას, რაშიც ასევე შედის სამშენებლო კომპლექსის ,,ა“ -2 ბლოკის +10.8 ნიშნულზე მდებარე რკინა-ბეტონის მონოლითური გადახურვის ფილის დემონტაჟისა და მონტაჟისათვს საჭირო 157 000 ლარი. საქმეზე არ არის წარდგენილი აღნიშნული სამუშაოების ჩატარების არანაირი მტკიცებულება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2012 წლის 3 აპრილის დასკვნით დადგენილია მოცემული ფილის მზიდუნარიანობის საიმედოობა, ამ ფილის დემონტაჟისათვის დაუქვემდებარებლობა ანუ დემონტაჟის საჭიროების არქონა;
9.1.8. დაუსაბუთებელი და მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებმა თითქოსდა ვერ განმარტეს, რის მიხედვით განსაზღვრეს 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმებით ზიანი - 780 000 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეზე წარდგენილი 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმებით უდავოდ არის დადასტურებული შემკვეთის წინამორბედი საწარმოს (შპს ,,ბ.ს.ი–ს“) მიერ ნაკისრი ვალდებულება ამავე მხარეებს შორის 2007 წლის ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ვადის 33 თვით გაზრდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ - 780 000 აშშ დოლარით. მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შეთანხმება ზიანის შესახებ, თავისი არსით, არის პირგასამტეხლოზე შეთანხმება. სასამართლომ შეცვალა მხარეთა მიერ გამოხატული ნება და უხეშად დაარღვია კერძო ავტონომიის პრინციპი;
9.1.9.სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურებულია ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის შესახებ მენარდის სასარჩელო მოთხოვნების დასაბუთებულობა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მენარდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
10.2. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, რომლითაც მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს დაეკისრა 78 000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება მენარდის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
10.2.1.მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს დაეკისრა 496 363.56 აშშ დოლარის გადახდა;
10.3. შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი, რომლითაც შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 750 212.20 აშშ დოლარის გადახდა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემკვეთის შეგებებული სარჩელი;
10.3.1. შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 425 626.66 აშშ დოლარის გადახდა;
10.4. შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტი, რომლითაც შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 235 890.10 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემკვეთის შეგებებული სარჩელი;
10.4.1.შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 122 625.54 ლარის გადახდა;
10.5. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტი, რომლითაც შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯის 15 000 ლარისა და 500 ლარის გადახდა და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 8056.90 ლარის გადახდა;
10.6. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 78 560 ლარის ანაზღაურება შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა მენარდეს;
10.7.დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
10.8 გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-9 და მე-18 პუნქტები სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ;
10.8.1. შემკვეთის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა 2 719.50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში;
10.8.2. მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს დაეკისრა 2033.30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში.
10.9.სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში, 1.1.-3.8 ქვეპუნქტებში და მიუთითა, რომ დადგენილი იყო მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 5 სექტემბერს.
10.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო მენარდის ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე:
10.10.1. დამოუკიდებელმა საექსპერტო კომპანიამ (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისს შეადგინა #11-07-01/001 საექსპერტო დასკვნა, ქ. თბილისში, ... მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მისი არსებულ საპროექტო დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის მიზნით. ასევე, ექსპერტს ეთხოვა, საექსპერტო შემოწმების პროცესში, შესრულებულ სამუშაოებში ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, მათი გამოსწორებისათვის საჭირო რეკომენდაციის შემუშავება (ტ.1, ს.ფ. 163-168);
10.10.2. მენარდის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები ექსპერტმა ადგილზე დაათვალიერა, აზომა, დოკუმენტურად შეისწავლა და დააფოტოსურათა, რა დროსაც გამოვლენილი იქნა ხარვეზები. ექსპერტმა ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ;
10.11. შემკვეთმა 2011 წლის 3 აგვისტოს მენარდეს აცნობა, რომ ზემოხსენებული საექსპერტო დასკვნით გამოვლენილი იყო მთელი რიგი ნაკლოვანებები შესრულებულ სამუშაოებში. მენარდე საწარმოს დირექტორს ეთხოვა, რომ შეესწავლათ საექპერტო დასკვნა და სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობებინათ პოზიცია დასკვნასთან მიმართებით. თუ ეთანხმებოდნენ, მაშინ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 კვირისა, გამოესწორებინათ დასკვნაში არსებული ნაკლოვანებები, მასშივე მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინებით (ტ.1, ს.ფ. 292);
10.11.1. მენარდემ 2011 წლის 10 აგვისტოს შემკვეთს აცნობა, რომ 12 აგვისტოს შედგებოდა ზემოხსენებული საექსპერტო დასკვნის პუნქტობრივი განხილვა ექსპერტ ა.ვ–თან ერთად. საექსპერტო დასკვნის განხილვის შედეგად მენარდის მიერ აღიარებული ნაკლოვანებები და მათი გამოსწორების ვადები შემკვეთს ეცნობებოდა მოგვიანებით (ტ.1, ს.ფ. 297);
10.11.2. მენარდემ 2011 წლის 25 აგვისტოს შემკვეთს აცნობა, რომ საექსპერტო დასკვნაში მოყვანილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, კონსტრუქციულ ნაწილში უმოკლეს ვადაში, მენარდე წარადგენდა კონსტრუქტორის დასკვნას, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ნაწილში აღნიშნულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მათი დასრულება-გამოსწორების სამუშაოების შესრულების შესახებ, დასკვნას 3 სექტემბერს წარადგენდა (ტ.1, ს.ფ. 298).
10.11.3. შემკვეთის 2011 წლის 5 სექტემბრის წერილში, რომლის ადრესატია მენარდე, მითითებულია: ,,თქვენი ა.წ. 25 აგვისტოს წერილში, რომელიც მივიღეთ ელექტრონულად ა.წ. 26 აგვისტოს, მოგვწერეთ, რომ კონსტრუქციულ ნაწილთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზე უმოკლეს ვადაში წარმოგვიდგენდით კონსტრუქტორის დასკვნას, ხოლო რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების ნაწილში მოყვანილ ნაკლოვანებებს, მათი დასრულება-გამოსწორების სამუშაოების შესრულების შესახებ (ბ-ნ ა.ვ–ის რეკომენდაციების გათვალისწინებით) წარმოგვიდგენდით ექსპერტის მიერ დადასტურებულ დასკვნას ა.წ. 03 სექტემბერს, ანუ ჩვენი ა.წ. 03 აგვისტოს #08/08/2011 წერილში მითითებული 3 კვირიანი ვადის დაცვით. 2011 წლის 03 სექტემბერს თქვენი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არც გამოსწორებული ნაკლოვანებების შესახებ შესაბამისი აქტი (დადასტურებული ექსპერტის დასკვნით) და არც კონსტუქტორის დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა თქვენს მის შესრულებული სამუშაოების უნაკლოობას“. აღნიშნული წერილით მენარდეს ეცნობა, რომ გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ამ ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის საფუძველზე, შემკვეთი უარს აცხადებდა 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე და ადრესატს ეთხოვა, რომ არაუგვიანეს წინამდებარე წერილის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გაეთავისუფლებინა სამშენებლო ობიექტი (ტ.1. ს.ფ. 56);
10.12. დამოუკიდებელმა საექსპერტო კომპანიამ 2011 წლის 6 სექტემბერს შეადგინა შემოწმების აქტი #09-001 საექსპერტო დასკვნაში #11-07-01/001 დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 188-189).
10.12.1. საექსპერტო დასკვნაში #11-07-01/001 დაფიქსირებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით დაფიქსირდა ხარვეზები, რომლებიც არ ყოფილა გამოსწორებული, კერძოდ:
1.,,ა“ ბლოკი - პირველი კორპუსი:
1.1.სადარბაზოს სართულშუა დახრილი ბაქნები თარაზოში გასწორებული არ არის, სართულშუა ბაქნებზე გამოტოვებულია ფილები, რომელთა ქვეშ არის სიცარიელე;
1.2. კანალიზაციის პლასტმასისის დგარები სართულშუა გადახურვაში ჩამონტაჟებულია ნორმების დარღვევით СНиП 2.04.01-85 და СНиП 3.05.01-85;
1.3. ბინებში მოჭიმვასა და შესასვლელი კარის ძირს შორის, აივანზე გასასვლელი კარის ძირს შორის მანძილი მცირეა და არ იძლევა პარკეტის იატაკის მოწყობის საშუალებას (ბინები: 86,89,90). ეს მანძილი უნდა იყოს არა ნაკლებ 3.5-4 სმ;
1.4. 84,85,88,89 ბინებში ხარვეზი არ არის გამოსწორებული: მოჭიმვის ზედაპირი ზოგიერთ ბინაში არ არის თარაზული. ყველა ბინაში მოჭიმვების ზედაპირის სიგლუვე, სისქე და ფენები არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. არ არის მოწყობილი ნორმების შესაბამისი ბგერა (ხმის) საიზოლაციო ფენა ნორმების შესაბამისად СНиП II-12-77. ფენების და მოჭიმვის ჯამური სისქე არ იძლევა მილსადენის (გაზი, გათბობა) გატარების საშუალებას;
1.5. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ნორმების შესაბამისად კედელზე ანკერებით არ არის დამაგრებული, მხოლოდ სამონტაჟო ქაფით (ყველა ბინაში), მინაპარკეტი გატეხილია (ბინა #76, სადარბაზო +14.10);
1.6. კარები გამაგრებულია ამოლესვით, სამონტაჟო ხვრელები საცობებით არ არის დახურული;
1.7.1-2 კ-ლ ღერძებში არსებულ ვიტრაჟებს აქვს ხარვეზები, კერძოდ: მე-II სართულზე მოჭიმვა პირდაპირ შუშის დონეზეა, მომდევნო სამ სართულზე ვიტრაჟის მიმდებარე სართულშუა გადახურვის ფილას და ვიტრაჟს შორის აღის ღრიჭო, რომელიც არ არის ამოვსებული;
1.8.ფილების ქვეშ დარჩენილია სიცარიელეა, რაც დაუშვებელია (ბინები 75,78,90,81);
1.9. თ-ღერძის გასწვრის 2-3 ღერძებს შორის ექვსივე სართულზე ფანჯრის პერიმეტრი არ არის ამოშენებული, აგრეთვე ბინა #75,90. ხარვეზი გამოსწორდა ნაწილობრივ, რამდენიმე ბინაში გამოსწორებული არ არის;
1.10. სადარბაზოში, კიბის უჯრედის კედლების შელესვა არადამაკმაყოფილებელი ხარისხით არის შესრულებული, არ არის გასწორებული შვეული და თარაზული მიმართულებით;
1.11. სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენილი მოწყობილია ერთ ფენად, რაც არ შეესაბამება СНиП II-26-76 მოთხოვნებს. ფენილს აღენიშნება ნაკეცები, ნაოჭები და ჰაერის ბუშტები, რაც დაუშვებელია. ხარვეზი გამოსწორდა ნაწილობრივ: მეორე ფენა დამატებულია მხოლოდ 1-2 ზ-ი ღერძებს შორის.
2. „ა“ ბლოკი - მეორე კორპუსი:
2.1. კიბის მარშების დახრა 0.00 და +4.20 ნიშნულებს შორის არ შეესაბამება პროექტს და ნორმატიულ დახრას. ხარვეზი არ გამოსწორებულა;
2.2. +7.50 ნიშნულზე ,,თ“ და 9 ღერძების გადაკვეთასთან არსებული აივნის ფილა და რიგელი არის დაწეული 5სმ-ით, რაც დაუშვებელია, ხარვეზი არ არის გამოსწორებული;
2.3. პროექტით განსაზღვრული ლიფტის თანაორმო არ არის მოწყობილი. ხარვეზი არ არის გამოსწორებული.
3. „ბ“ ბლოკი
3.1. პროექტით განსაზღვრული ლიფტის თანაორმო არ არის მოწყობილი.
4. საერთო ნაწილი
4.1. სვეტებში და რიგელებში აღინიშნება ბეტონის ჩადების დროს წარმოქმნილი ნიჟარები და სიცარიელები, ზოგან არ არის დამცავი ფენა და არმატურა ნაწილობრივ ჩანს, რაც მიუთითებს არასაკმარის ვიბრირებაზე. ბევრ ადგილას ასეთი ხარვეზი შეფითხვილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით, რაც დაუშვებელია.
10.13. საქმეში წარდგენილია დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნა #11-10-01/001 (ტ.1, ს.ფ. 320), რომლითაც დამატებით დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ:
1. „ა“ ბლოკი - პირველი კორპუსი:
1.1. მიწისქვეშა ა/სადგომში ჩასასვლელი რამპა შესრულებულია პროექტის დარღვევით, გაბარიტული ზომები და მოხვევის მრუდი არ შეესაბამება ზომებს; სადარბაზოს იატაკზე ბეტონის ფილების დაგების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია; ყველა სართულშუა ბაქანზე თარაზულობა დაცული არ არის; დაგებული ფილების კუთხეები ამოწეულია, ზოგან ჩაწეულია, არ შეესაბამება СНиП 3.04.-1-87 მოთხოვნებს;
1.2. კომერციულ ფართში კარის თავზე არ არის ზღუდარი;
1.3. ფასადის პროექტი დარღვეულია - კარების და ფანჯრების მოძრავი ნაწილის თავზე არსებული ნაწილის კონფიგურაცია არ შეესაბამება შეთანხმებულ პროქტს; ფასადის მოპირკეთება თ-ღერძის გასწვრივ 3-ღერძის მიმდებარედ +24.00 ნიშნულზე შესრულებულია პროექტის დარღვევით, კედლის ნაწილი სცდება ფასადის სიბრტყეს;
1.4.კარების ძირები დაზიანებულია (ბინები #87,92);
1.5.1-2 კ-ლ ღერძებში ვიტრაჟებს აქვს ხარვეზები - მე-2 სართულზე მოჭიმვა პირდაპირ შუშის დონეზეა, მომდევნო სართულებზე ვიტრაჟის მიმდებარე სართულშუა გადახურის ფილას და ვიტრაჟს შორის არის ღრიჭო, რომელიც არ არის მოვსებული;
1.6. აივნებზე იატაკის კერამიკული ფილების ქვეშ არის სიცარიელე;
1.7. ლიფტის მონტაჟი არ არის დასრულებული, სართულებზე არ არის მართვის პანელები, რომლის დაყენება გამოიწვევს კედლის დაზიანებას. ლიფტის თანაომო არ არის მოწყობილი; 1.8. სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენილი მოწყობილია ერთ ფენად, არ შეესაბამება СНиП II-26-76 მოთხოვნებს.
2. „ა“ ბლოკი - მეორე კორპუსი:
2.1. კიბის მარშების დახრა 0.00 და +4.20 ნიშნულებს შორის არ შეესაბამიბა პროექტს და ნორმატიულ დახრას, საჭიროა კიბის მარშების დემონტაჟი და ხელახლა მოწყობა საპროექტო მახასიათებლების მიხედვით;
2.2. 7-9 და თ-ლ ღერძებს შორის +10.80 ნიშნულზე დატოვებული კოლობების ნაშვერები არ შეესაბამება პროექტს; საპროექტო დ28 ნაცვლად ნაშვერები დატოვებულია დ25 არმატურით; 2.3. 5-10 და თ-ლ ღერძებს შორის +10.80 ნიშნულზე 2011 წლის ივლისის დასაწყისში დასხმულ ფილაზე აღინიშნება მრავლობითი ბზარები და ნახეთქები. ფილის ქვედა ზედაპირზე აღინიშნება ბზარები არმირების ორივე მიმართულებით (ლ-კ და 7-9 ღერძებს შორის);
2.4. ლ-ღერძის გასწვრივ 5-10 ღერძებში აივნების კონტურები არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილში არ შეესაბამება ერთმანეთს; +7.50 ნიშნულზე ,,თ“ და 9-ღერძების გადაკვეთასთან არსებული აივნის ფილა და რიგელი არის დაწეული 5სმ-ით, რაც დაუშვებელია;
2.5. ბ-ბლოკში გადასვლა ა-ბლოკიდან შესრულებულია პროექტის დარღვევით.
10.14. საქმეში წარდგენილია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შემოწმების აქტი #000241, 20.12.2011 წლის (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; ტ.2, ს.ფ. 197). აქტის შესაბამისად, შემოწმების ობიექტია ქ. თბილისში, .... მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსი ,,ა“ და ,,ბ“ ბლოკები. შემოწმებით დადგინდა, რომ დარღვეული იყო ქ. თბილისის მერიის სსიპ - ,,ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ 09.11.2010 წ #04/25/17 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი, კერძოდ:
10.14.1. 6.30 ნიშნულზე, ,,კ-ე“ მონაკვეთში ,,1-1“ ღერძის გარეთ შემცირებულია წრიული ფორმის საყრდენი კედლის რადიუსი დაახლოებით 1 მ-ით. ,,3-4“ მონაკვეთში ,,ი-თ“ ღერძებს შორის ლიფტის კარი გაუქმებულია; ,,ე-ე“ ,,დ-დ“ და ,,ბ-ბ“ ღერძებზე ,,7-8“ და ,,9-10“ მონაკვეთებში დამატებით მოწყობილია დიაფრაგმები: ,,7-10“ მონაკვეთში ,,ა-ლ“ ღერძებს შორის არსებული და საპროექტო დონეები არ შეესაბამება ერთმანეთს. ,,11-1“ ფასადზე ,,4-1“ მონაკვეთში +17.40 და +20.70 ნიშნულებზე კაპიტალური მოაჯირის ნაცვლად მოწყობილია ლითონის, ,,4-1“ მონაკვეთში +0.00 ნიშნულის ქვემოთ გაუქმებულია ბაზალტის ქვით მოპირკეთება. ფასადზე შეცვლილია კარ-ფანჯრის ნახატი. ,,1-4“ ფასადზე ,,2-3“ მონაკვეთში გაზრდილია კარის ღიობი სიგანეში, დაახლოებით 40 მ-ით. ,,ი-თ“ მონაკვეთში ,,1-2“ ღერძებს შორის სავენტილაციო შახტა მობრუნებულია. ,,4-4“ ღერძზე ,,ი-კ“ მონაკვეთში +0.00 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია ფრამუგა. +4.20 ნიშნულიდან ზემოთ შენობის მთელ სიმაღლეზე, ,,7-5“ მონაკვეთში ,,ლ-ლ“ ღერძის გარეთ გაზრდილია აივნის ფართი დაახლოებით 2.4 მ2-ით თითო ნიშნულზე და შეცვლილია კონფიგურაცია. ასევე ,,10-7“ მონაკვეთში ,,ლ-ლ“ ღერძის გარეთ გაზრდილია აივანი, დაახლოებით 4.5მ2-ით, თითო ნიშნულზე და შეცვლილი აქვს კონფიგურაცია. ,,8-8“ ღერძზე ,,გ-დ“ მონაკვეთში დამატებით მოწყობილია დიაფრაგმა;
10.14.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 20 დეკემბრის #000241 შემოწმების აქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის #21569-11 დადგენილებით შპს ,,მ.გ.ჯ–ა“ დაჯარიმდა 4000 ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. განემარტა სამართალდამრღვევს, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, დამრღვევი დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გთვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 252).
10.15. საქმეში წარდგენილია დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2012 წლის 15 თებერვლის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (ტ.3, ს.ფ. 177-181). ექსპერტის გადასაწყვეტად შემდეგი კითხვები დაუსვეს: 1. ა-ბლოკის #2 კორპუსის +10.80 ნიშნულის ჩათვლით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა; ლაბორატორიული კვლევის ჩატარება სამუშაოების შესრულების ხარისხის დასადგენად.
10.15.1. ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ ა-ბლოკის #2 კორპუსის ნიშნულებზე: 0.00, +4.20, +7.50, +10.80 საინჟინრო ქსელის დგარების გასატარებლად გადახურვის ფილებში არ არის დატოვებული ტექნოლოგიური ხვრელები; არ არის დაცული გადახურვის ფილებისა და არმატურის ბადის საპროექტო ზომები. საყრდენებთან ბადის სიმაღლე არ იძლევა ფილის მუშაობის საპროექტო მაჩვენებელს; ა-ბლოკის #2 კორპუსის ნიშნულებზე: +7.50 +10.80 აღებული სართულშორისი გადახურვის ლაბორატორიულად გამოცდილი სინჯების ბეტონის სიმტკიცე დაუშვებლად დაბალია და იცვლება 9.24მპა (94.22კგძ/სმ2)-დან 17.13 მპა (174.7კგძ/სმ2)-მდე; ბეტონის საპროექტო კლასის B25 (M350) სიმტკიცე 32 მპა (327კგძ/სმ2) უნდა შეადგენდეს, შესაბამისად - B22,5 (M300) სიმტკიცე 28.93მპა (294.7კგძ/სმ2) უნდა შეადგენდეს, ხოლო ლაბორატორიული კვლევით მიღებული შედეგი დაუშვებლად დაბალია; სამშენებლო სამუაოების შესრულების ხარისხი დაბალია და არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს. ექსპერტის რეკომენდაციით, საჭიროა კონსტრუქციის გამაგრება.
10.16. საქმეში წარდგენილია სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (2012 წლის თებერვალი; ტ.3, ს.ფ. 182-188). სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების ჯგუფის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი საკითხი: ქ. თბილისში, .... მშენებარე საცხოვრებელი კომპლექის სართულშუა გადახურვის ფილის ნიშნულზე +10.80 და აივნის ფილა, ნიშნული +7.50 ბეტონის მარკის დადგენის მიზნით, ნიმუშების ამოღება და მათი შემდგომი ლაბორატორიული გამოცდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე იცვლებოდა 9.24 მპა-დან 17.13 მპა-მდე და არ შეესაბამებოდა საპროექტო სიდიდეს (B-25).
10.17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 25 აპრილის #012515-1012/03/2 დასკვნაში /მენარდის 2012 წლის 3 აპრილის მიმართვის საფუძველზე მომზადებული/ აღნიშნულია, რომ ,,ა“ -2 ბლოკის +10.80 ნიშნულზე რკინაბეტონის ფილაზე დაფიქსირდა ბზარები, ,,ბზარების განლაგების და ხასიათის ანალიზის შედეგად, დადგენილი იქნა, რომ ფილის დაბზარვა გამოწვეული იყო ბეტონის შეკლების დეფორმაციებით, რადგანაც ზაფხულის პირობებში დაბეტონების დროს მოხდა მისი სწრაფი გამოშრობა“. აქვე აღნიშნულია, რომ ბეტონირების პროცესი ალბათ ნაჩქარევად მიმდინარეობდა. ექსპერტების დასკვნით, ,,ა“ -2 ბლოკის +10.80 ნიშნულზე მდებარე რკინაბეტონის მონოლითური გადახურვის ფილის საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფილის მზიდუნარიანობა საიმედოა, ფილას არ სჭირდება გამაგრება და მითუმეტეს ის დემონტაჟს არ ექვემდებარება“ (ტ.3, ს.ფ. 397- 402);
10.18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 ნოემბერის #042383-2012/03/2 დასკვნის /შემკვეთის 2012 წლის 19 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე მომზადებული/ შესაბამისად დგინდება, რომ ექსპერტმა შეაფასა ქ. თბილისში, ... მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექის მ-3 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა (ტ.4. ს.ფ. 150-153).
10.18.1. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მე-3 კორპუსის საძირკვლის ფილისა და სარდაფის მზიდი კონსტრუქციების ბეტონის კლასი და არმირება არ შეესაბამებოდა პროექტში მოცემულ კლასსა და არმირებას და არ შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს. სარდაფის გადახურვის ფილის ტექნიკური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტის რეკომენდაციით, გადახურვის ფილაში განვითარებული ბზარები უნდა შეივსოს პოლიმერცემენტის ხსნარით ეპოქსიდის ფუძეზე, ხოლო შემდეგ მოხდეს მისი გაძლიერება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ექსპერტის დასკვნით, მონოლითური კედლები დაარმირებულია ცალფა არმირებით, ხოლო პროექტში შესაბამისი კონსტრუქციები დამუშავებული არ არის.
10.19. საქმეში წარდგენილია, ინდმეწარმე ,,მ.ბ–ის“ დასკვნა - ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლის კარკასის, +10.80 ნიშნულის ჩათვლით, კონსტრუქციების მდგრადობის, ვარგისიანობის და მათი შესაბამისობის დადგენის შესახებ არსებულ საპროექტო დოკუმეტაციასთან (2012 წლის 30 აპრილი; ტ.5, ს.ფ. 128-137).
10.19.1. შპს ,,კ–ის“, შპს ,,ო.გ–ს“, სტს-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შპს ,,ჰ.ბ.ჯ–ას“ ლაბორატორიის და ინდმეწარმე მ.ბ–ის ორგანიზაციის მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ქ. თბილიში, .... მშენებარე ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლის მშენებლობის დროს დაშვებული იყო მშენებლობის ნორმებისა და წესების რიგი დარღვევები, კერძოდ:
1. კიბის მარშების დახრა; გადახურვის ფილაზე +10.80 ნიშნულზე ქვედა ზონაში აღნიშნული ბზარები; აივნის ფილების სისქეების შეუსაბამობა საპროექტოსთან; საინჟინრო კომუნიკაციების გასატარებლად გადახურვის ფილებში არ იყო დატოვებული ტექნოლოგიური ხვრელები; არ იყო მოწყობილი ლიფტის თანაორმო; შპს ,,ო.გ–ს“ რეკომენდაციით +10.80 ნიშნულზე განლაგებული ფილები საჭიროებდა დემონტაჟს (ექსპერტი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება); იგივე რეკომენდაციაა +7.50 ნიშნულზე (აქაც ექსპერტის აზრი უარყოფითია); რკინაბეტონის კოლონების +10.80 ნიშნულზე არმირებისას დაშვებული იყო უზუსტობა - Ф28AIII საპროექტო არმატურის ნაცვლად გამოყენებული იყო Ф25AIII არმატურა; ,,ა“ ბლოკიდან ,,ბ“ ბლოკში გადასასვლელი შესრულებულია პროექტის დარღვევით; სტუ-ს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გადახურვის ფილების ზედაპირის +10.80 ნიშნულზე აღინიშნებოდა უსწორმასწორობა, მაკრო და მაგისტრალური დიაპაზონის ბზარები;
10.20. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) მიერ ჩატარებული გადახურვების არმირების შესახებ 2012 წლის 16 მარტის საექსპერტო დასკვნაში აღინიშნა გადახურვის ფილების ბეტონირების და და არმატურების დროს დაშვებული უზუსტობა: ფილების სისქე საპროექტო 200მმ და 160მმ-ის ნაცვლად აღმოჩნდა 172 მმ დან 220 მმ-მდე ფილისათვის 200 მმ და 150 მმ-დან 191მმ-მდე, ფილისათვის 160 მმ, ხოლო არმატურის ბადეებს შორის საპროექტო მანძილი 200 მმ ფილისათვის შესაბამისად 170მმ-ის ნაცვლად ფაქტიურად 83მმ დან 167 მმ-მდეა, ხოლო 160მმ ფილებისათვის საპროექტო 130-ის ნაცლად 80მმ-დან 130მმ-მდეა. გამომდინარე აღნიშნულიდან, გაიზარდა დამცავი შრეც 15 მმ-ს ნაცვლად 93მმ-მდეა და ფილის საყრდენი არმატურა ნეიტრალურ შრეში მოექცა.
10.21. იგივე შედეგები იყო მიღებული მ.ბ–ის მიერ ჩატარებული კვლევის დროს, კერძოდ, ბეტონის გამოცდების შედეგად დადგინდა, რომ ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლის გადახურვის ფილაზე ბეტონის მარკა (კლასი) შეესაბამებოდა საპროექტო მონაცემებს, გარდა +10.80 ნიშნულზე განლაგებული ფილებისა.
10.21.1. ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზიდან დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლის მზიდი კარკასის ელემენტების-კოლონების, რიგელების, დიაფრაგმების (მონოლითური კედლების) დაარმატურება და ბეტონის კლასი, შეესაბამებოდა პროექტში მიღებულ სიდიდეებს და მათი მდგრადობა და ექსპლუატაციაში საიმედოობა უზრუნველყოფილი იყო.
10.21.2. რაც შეეხება გადახურვის ფილებს, განსაკუთრებით +10.80 ნიშნულზე, მათი ბეტონის კლასი, რიგ შემთხვევებში, საპროექტოსთან შედარებით გარკვეულწილად დაბალია. არ აკმაყოფილებს ფილების დაარმატურების არსებული მდგომარეობა საპროექტო მოთხოვნებს: ბეტონირების დროს ტექნოლოგიის დაუცველობამ (დამცავი შრის გადიდებამ) გამოიწვია არმატურის ბადეების ერთმანეთთან მიახლოება დაუშვებელი მანძილით (80მმ), რაც იწვევს ფილების საყრდენებზე მზიდუნარიანობის შემცირებას.
10.21.3 ექსპერტის რეკომენდაციით, აუცილებელია გადახურვის ფილების ზედაპირების გასწორება 4-5 სმ საპროექტო მარკის ბეტონით დაარმატურება.
10.22. სააპელაციო სასამართლომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი განსახილველი დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ და განმარტა, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.
10.23. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სსსკ-ის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
10.24. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. 8.18 ქვეპუნქტში), 639-ე მუხლზე „თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა“ მიუთითა, ასევე, 641-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის“. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილზე (იხ. ნორმის დეფინიცია 8.15.1 ქვეპუნქტში) დაყრდნობით განმარტა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ამასთან, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
10.25. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია, თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს;
10.26. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ სამშენებლო სამუშაოები აწარმოა არსებითი ხარვეზებით, კერძოდ, რიგ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, ან არ შეესაბამებოდა პროექტს ან დარღვეული იყო ნორმატიული მოთხოვნები. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დარღვევის ფაქტი, რაც ამართლებს კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.
10.27. სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ზიანის - 1 070 545 აშშ დოლარის, 810 450 აშშ დოლარის, 133 005 ლარისა და 192 411 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
10.27.1. დადგენილია, რომ ძირითადი მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების უკანონოდ მოშლით მას მიადგა ზიანი, კერძოდ, მან ვერ მიიღო მოგება ,,ა“ და ,,ბ“ ბლოკებისათვის გათვალისწინებული 1 070 545 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარი, ასევე ,,გ“ ბლოკის სამშენებლო სამუშაოების შესრულებიდან - მოგება 810 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მენარდე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შემკვეთთან (მოპასუხესთან), უარი განაცხადა შპს ,,ს.პ–ის“, შპს ,,ს.ო–ის“ შეთავაზებებზე ნარდობის ხელშეკრულების დადების შესახებ, საიდანაც შემოსავლის სახით, მათ შორის მოგების სახით მიიღებდა შესაბამისად, 133 005 ლარსა და 192 411 ლარს.
10.27.2. სსკ-ის 411-ე მუხლზე (იხ. 8.16 ქვეპუნქტი) დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შეფასება პირდაპირპროპორციულ კავშირშია ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ შესაძლებლობებთან;
10.27.3. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, შემკვეთი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი შემკვეთმა დაკარგა. შესაბამისად, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, მენარდის მოთხოვნა ,,გ“ ბლოკის სამშენებლო სამუშაოების შესრულებიდან მოგების 810 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო იმ მოტივითაც, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით ცვლილებები შევიდა 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში, რომლითაც შემცირდა სამშენებლო ფართის ოდენობა, კერძოდ, ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,ვინაიდან ,,ხელშეკრულების“ საფუძველზე არსებულ პროექტში 2010 წლის სექტემბრის თვეში შევიდა ცვლილება და ,,ა“ და ,,ბ“ ბლოკების სამშენებლო ფართი განისაზღვრა 18 701.5 კვ.მ-ის ოდენობით, მათ შორის, ,,ა“ ბლოკი - 10 144.4 კვ.მ. და ,,ბ“ ბლოკი - 8557.1 კვ.მ ოდენობით“, მხარები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოების საერთო სახელშეკრულებო ფასი სულ შეადგენდა 5 984 480 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.“ ამდენად, პროექტში განხორცილებული ცვლილებების შედეგად, სამშებელო ფართი შემცირდა და აღარ იგეგმებოდა ,,გ“ ბლოკის მშენებლობა, რაც ასევე აისახა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციაში და, შესაბამისად, 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში, მხარეთა მიერ მასში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.
10.28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის სააპელაციო საჩივარი მოპასუხისათვის (შემკვეთისათვის) 780 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდებულიყო შემდეგი არგუმენტაციით:
10.28.1. სასამართლომ მიუთითა, რომ შემკვეთსა და მენარდეს შორის შორის 2007 წლის ოქტომბერში (უთარიღო) დაიდო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი). აღნიშნული ხელშეკრულებით, მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, .... შეესრულებინა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 25 000 კვ.მ–ის ოდენობით, წინასწარ შეთანხმებული გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ამასთან, შესასრულებელი სამუშაოების წინასწარი ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების #1 დანართით, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების მთლიანი მოცულობის ჯამური 10% უნდა დასრულებულიყო 2008 წლის I კვარტალში, 25% - 2008 წლის II კვარტალში, 41% - 2008 წლის III კვარტალში, 57% - 2008 წლის IV კვარტალში, 73% - 2009 წლის I კვარტალში, 83% - 2009 წლის II კვარტალში, 93% - 2009 წლის III კვარტალში, 100% - 2009 წლის IV კვარტალში (ტ.1. ს.ფ. 27). ამდენად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2009 წლის ბოლოს.
10.28.2. დადგენილია, რომ 2007 წლის 23 ოქტომბერს შემკვეთსა და მენარდეს შორის დაიდო შეთანხმება 2007 წლის ოქტომბრის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებაში არსებითი ცვლილებების აუცილებლობის გამო ახალი ხელშეკრულების დადებისა და ზიანის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 29-30; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, 2.1-2.3 ქვეპუნქტები). მხარეები შეთანხმდნენ სამშენებლო სამუშაოების ვადების გაზრდის შესახებ - 33 თვით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გაუქმებისა და ამ ცვლილებებით შემსრულებლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, აუნაზღაუროს მენარდეს სამშენებლო სამუშაოების გაზრდით მიყენებული ზიანი ერთჯერადად 780 000 აშშ დოლარის ოდენობით. 1.5. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მენარდისათვის ამ შეთანხმების 1.4 პუნქტით აღიარებული ზიანის ანაზღაურების გადახდა შემკვეთის მიერ მოხდებოდა ეტაპობრივად - 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე.
10.28.3. მხარეთა შორის 2007 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია - 25 000 კვ.მ. ფართის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა სამ ნაწილს და დაყოფილი იყო ასაშენებელი კომპლექსის ბლოკების (,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ბლოკების) მიხედვით (ტ.1. ს.ფ. 31-38; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3, 3.1-3.8 ქვეპუნქტები). ხელშეკრულების 4.1.2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების მთლიანი მოცულობის 100% უნდა დასრულებულიყო 2012 წლის III კვარტლის ბოლომდე, ნაცვლად 2007 წლის ოქტომბრის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადისა, რომლითაც მშენებლობის დასრულება განსაზღვრული იყო 2009 წლის IV კვარტალში. ამდენად, 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით მშენებლობის ვადა გაიზარდა 33 თვით.
10.28.4. ასევე, მოგვიანებით, ახლებურად განისაზღვრა მშენებლობის ეტაპები და მისი დასრულების ვადები, კერძოდ, 2010 წლის 1 ოქტომბერს, მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება #3, 2007 წლის 30 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებაში და მის საფუძველზე გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.9-3.9.1 ქვეპუნქტები). შეთანხმების 4.1.2. პუნქტის თანახმად, ,,კომპლექსის ,,ა“ ბლოკის 7-სართულიანი ნაწილის მშენებლობა, ამავე ბლოკის დარჩენილი ნაწილის მეორე სართულის გადახურვა და ,,ბ“ ბლოკის ნულოვანი გადახურვის დასრულება 2011 წლის 27 თებერვლამდე, რაც ჩაითვლება მშენებლობის ერთ ეტაპად“; 4.1.3. პუნქტის თანახმად, ,,,ა“ ბლოკის დარჩენილი ნაწილის დასრულება 2011 წლის თებერვლიდან არა უგვიანეს 2012 წლის 30 აპრილამდე, დამკვეთის მიერ ამავე ხელშეკრულების 6.2.2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის შესაბამისად და ჩაითვლება შესასრულებელი სამუშაოს მეორე ეტაპად“, ,,4.2. ,,ბ“ ბლოკის დაწყების და დასრულების ვადები, ასევე, შესასრულებელი სამუშაოების ეტაპობრიობა განისაზღვრება დამატებითი შეთანხმებით, რომელიც თან დაერთვის ხელშეკრულებას და განიხილება მასთან ერთად ერთობლიობაში. შეთანხმების გაფორმება მოხდეს არაუგვიანეს 2011 წლის 01 ივლისამდე“.
10.29 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმება 780 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე, თავისი არსით, წარმოადგენდა შეთანხმებას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით.
10.29.1. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო (სსკ-ის 417-ე მუხლის დეფინიცია იხ. ამ გადაწყვეტილების 8.16 ქვეპუნტში) წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამდენად, პირგასამტეხლოს მიზანი სწორედ ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფაა.
10.29.2. სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შეთანხმება 780 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, არ წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფას. აღნიშნული თანხის გადახდა მხარეებმა დაუკავშირეს მშენებლობის ვადის გაზრდას 33 თვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა განსაზღვრეს მშენებლობის ვადის გაზრდით მენარდის მიერ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, რომელსაც საწარმო მიიღებდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ემსახურებოდა ზიანის ანაზღაურებას იმ ოდენობით, რომელსაც მენარდე, როგორც სამშენებლო კომპანია, მიიღებდა მშენებლობის ვადის გაზრდის შედეგად, რაც თითოეულ თვეზე შეადგენს 23 636.36 აშშ დოლარს (33*23.636.36).
10.29.3. 2007 წლის ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად მშენებლობის დასრულება განსაზღვრული იყო 2009 წლის IV კვარტალში. ვინაიდან, 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებით მშენებლობის ვადა გაიზარდა 33 თვით, ხოლო ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 5 სექტემბერს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდისათვის ასანაზღაურებელი ვალდებულების, როგორც მიუღებელი შემოსავლის, მოცულობა უნდა განსაზღვრულიყო 21 თვის განმავლობაში მისაღები თანხების ერთობლიობით, რაც შეადგენს 496 363,56 აშშ დოლარს. სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში და ნაცვლად 25 000 კვ.მ ფართისა, სამშენებლო ფართი შემცირდა და განისაზღვრა 18 701.5 კვ.მ-ით, მხარეებს ცვლილება არ განუხორციელებიათ 2007 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში, რომლითაც განისაზღვრა ზიანის მოცულობა (ტ.1, ს.ფ. 39-40).
10.30. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სამუშაოების შესრულებისას მენარდის მიერ დაშვებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო 122 625.54 ლარით, რაც შემდგენაირადაა დასაბუთებული:
10.30.1. შემკვეთის მოთხოვნაა მენარდის მიერ სამუშაოების შესრულებისას დაშვებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება 235 890.10 ლარის ოდენობით (იხ. შემკვეთის ახსნა-განმარტება - ტ.6, ს.ფ. 183-187). სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
10.30.2. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნით დადგენილია, რომ ,,ა“ ბლოკის პირველი კორპუსში მიწისქვეშა ა/სადგომში ჩასასვლელი რამპა შესრულებულია პროექტის დარღვევით, გაბარიტული ზომები და მოხვევის მრუდი არ შეესაბამება ზომებს. დადგენილია, რომ შემკვეთსა და შპს ,,PHOENIX“ შორის 2012 წლის 11 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მენარდემ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ქ. თბილისში, ... მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ,,აI“ კორპუსსა და ,,ბ“ ბლოკში პანდუსებისა და მონოლითური რკინა-ბეტონის ფილის და რიგელების მოწყობის სამუშაოები (ტ. 3, ს.ფ. 204-209). ხელშეკრულებაზე დართული ხარჯთაღრიცხვით დგინდება, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 57 610.80 ლარს, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
10.30.3. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისის, 6 სექტემბრის, 18 ოქტომბრისა და 2012 წლის 16 მარტის დასკვნებით, ასევე, ი/მ მ.ბ–ის დასკვნით დადგენილია მშენებლობის დროს დაშვებული შემდეგი ნაკლოვანებები: კიბის მარშების დახრა 0.00 და +4.20 ნიშნულებს შორის არ შეესაბამება პროექტს და ნორმატიულ დახრას; 5-10 და თ-ლ ღერძებს შორის +10.80 ნიშნულზე 2011 წლის ივლისის დასაწყისში დასხმული ფილა არ არის სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად მოვლილი და დატენიანებული, რის გამოც აღინიშნება მრავლობითი ბზარები და ნახეთქები; ლ-ღერძის გასწვრივ სართულზე (+7.50) აშენებულ აივნებზე შეცვლილია აივნის ფილის სისქე. პროექტში ეს აივნები ერთნაირი სისქის ფილით უნდა იყოს შესრულებული. პროექტი დარღვეულია და აივნის შუა სეგმენტების ფილის სისქე შემცირებულია; +4.20 ნიშნულზე ,,ლ“ და 9-ღერძების გადაკვეთაზე სვეტი ვერტიკალურ სიბრტყეში გადახდილია; 2.5 პუნქტით, +4.20 ნიშნულზე ,,ი“ ღერძის გასწვრივ სვეტები არის ღერძიდან გადახდრილი; +4.20 ნიშნულზე ,,ლ“ ღერძის და მე-5 ღერძის გადაკვეთაზე არსებული სვეტი დეფორმირებულია; +7.50 ნიშნულზე ,,თ“ და 9 ღერძების გადაკვეთასთან არსებული აივნის ფილა და რიგელი არის დაწეული 5სმ-ით, რაც დაუშვებელია.
10.30.4. შემკვეთსა და შპს ,,PHOENIX“ 2012 წლის 10 თებერვალს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა არსებული დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოსწორება, კერძოდ, ,,ა2“ კორპუსში არასწორად ნაგები რიგელების მონგრევა, სამმარშიანი კიბის უჯრედის მონგრევა, ,,აI“ კორპუსის პანდუსზე არსებული ბეტონის კედლის დანგრევა; ბეტონის ფილების, კიბის მარშების მოწყობა და ა.შ. პროექტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 32 772.75 ლარს, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას (ტ. 3, ს.ფ. 227-234).
10.30.5. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისისა და 6 სექტემბრის დასკვნებით დადგენილია შემდეგი ნაკლოვანებები: კანალიზაციის პლასტმასის დგარები სართულშუა გადახურვაში ჩამონტაჟებულია ნორმების დარღვევით.
10.30.6. შემკვეთსა და ა.ბ–ს შორის 2012 წლის 9 იანვარსა და 2012 წლის 25 იანვარს დადებული ხელშეკრულებებით მენარდემ იკისრა ვალდებულება საკუთარი მასალებითა და ძალებით შეასრულოს ქ. თბილისში, .... მშენებარე ,,აI“ სახლში, -6.30 ნიშნულიდან +4.2 ნიშნულის ჩათვლით კანალიზაციის, წყლისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის დასრულებისათვის საჭირო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4125 ლარს, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.
10.30.7. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისისა და 6 სექტემბრის დასკვნებით დადგენილია შემდეგი ნაკლოვანებები: 84,85,88,89 ბინებში ხარვეზი არ არის გამოსწორებული: მოჭიმვის ზედაპირი ზოგიერთ ბინაში არ არის თარაზული. ყველა ბინაში მოჭიმვების ზედაპირის სიგლუვე, სისქე და ფენები არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. არ არის მოწყობილი ნორმების შესაბამისი ბგერა (ხმის) საიზოლაციო ფენა ნორმების შესაბამისად СНиП II-12-77. ფენების და მოჭიმვის ჯამური სისქე არ იძლევა მილსადენის (გაზი, გათბობა) გატარების საშუალებას. ხარვეზის გამოსწორებისათვის შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს სულ; 28 116.99 ლარს (იატაკის მოჭიმვის აყრა, საშუალო სისქით 40მმ - 2976.66 ლარი; იატაკზე ქვიშაღორღის საფენის მოხსნა - 564.29 ლარი; იატაკზე პემზის საფენის მოწყობა - 6 067.78 ლარი; ცემენტის მოჭიმვის მოწყობა სისქით 20 მმ - 18 508.26 ლარი), რაც ექვემდებარება ანაზღაურებას (ტ.2, ს.ფ. 36-46).
10.30.8. დადგენილია, რომ 2011 წლის 12 დეკემბერს შემკვეთსა და შპს ,,მ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება საკუთარი მასალით შეესრულებინა ქ. თბილისში, .... მშენებარე კომპლექსის ,,აI“ სახლში დაზიანებული და ნაკლოვანებების მქონე სახურავის აღდგენა-მოწყობის სამუშაოები, კერძოდ: შენობა-ნაგებობის პერიმეტრზე თუნუქის საცრემლეების მოწყობა; შენობა-ნაგებობის ბრტყელი სახურავის ჩაღრმავებული ადგილების შევსება ბიტუმოვანი ჰიდროსაიზოლაციო მასალით; შენობა-ნაგებობის ბრტყელ სახურავზე არსებული წყლის ჩასადინარი არხის დამუშავება ბიტუმის გერმეტიკით; შენობა-ნაგებობის ბრტყელი სახურავის მოწყობა ,,უნიფლექსის“ სახის რულოვანი ჰიდროსაიზოლაციო მასალით.
10.30.9. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისის დასკვნით დგინდება, რომ ,,ა“ ბლოკის პირველ კორპუსში სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენილი მოწყობილია ერთ ფენად, რაც არ შეესაბამება ნორმატიულ მოთხოვნებს. ფენილს აღენიშნება ნაკეცები, ნაოჭები და ჰაერის ბუშტები, რაც დაუშვებელია (დასკვნის 1.17 ქვეპუნქტი). ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციებში მითითებულია, რომ საჭიროა არსებული ფენილის მოხსნა და გადახურვის ფენილის მოწყობა ნორმების დაცვით.
10.30.10 დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 6 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ მეორე ფენა დამატებულია მხოლოდ 1-2 ზ-ი ღერძებს შორის. ამდენად, ხარვეზი გამოსწორებულია ნაწილობრივ.
10.31. მხარეთა (შემკვეთსა და შპს ,,მ–ს“) შორის 2011 წლის 20 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგენილია, რომ მენარდემ განახორციელა შემდეგი სამუშაოები: შენობა-ნაგებობის პერიმეტრზე მოეწყო ე.წ. ,,თუნუქის საცრემლეები“, განხორციელდა ბრტყელ სახურავზე არსებული წყლის ჩასადინარი არხის დამუშავება ბიტუმის გერმეტიკით; ბრტყელი სახურავი მოეწყო ,,უნიფლექსის“ სახის რულონური ჰიდროსაიზოლაციო მასალებით. მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო მოცულობამ შეადგინა 430 კვ.მ, ხოლო შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ - 10 320 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს შეგებებული სარჩელის ავტორი (შემკვეთი).
10.32. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალისტთა დასკვნებით არ დგინდებოდა, რომ ბრტყელ სახურავზე არსებული წყლის ჩასადინარი არხი არ იყო მოწყობილი ნორმების შესაბამისად და საჭიროებდა ბიტუმის გერმეტიკით დამუშავებას. ასევე არ დგინდებოდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტით გათვალისწინებული იყო ე.წ. ,,თუნუქის საცრემლეების“ მოწყობა, რაც არ შეუსრულებია მენარდეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს). შესაბამისად, შემკვეთის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლომ.
10.33. სასამართლომ აღნიშნა, რომ მენარდემ ,,ა“ ბლოკის პირველ კორპუსში სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოასწორა ნაწილობრივ, მაშინ როდესაც შემკვეთი ითხოვდა 430 კვ.მ-ზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ იყო წარდგენილი მენარდის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა და შესაბამისად, მისი ღირებულება.
10.34. დადგენილია, რომ შემკვეთსა და შპს ,,PHOENIX” შორის 2011 წლის 8 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი მასალით შემკვეთისათვის შეესრულებინა ქ. თბილისში, .... მშენებარე კომპლექსის ,,აI“ სახლში -6.30 ნიშნულიდან +4.2 ნიშნულის ჩათვლით კოლონების გაძლიერების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებაა 16 828,90 ლარი (ტ.1, ს.ფ. 200-209);
10.35. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 16 ივლისის დასკვნის 4.5. პუნქტით, მენარდის მიერ არ არის შესრულებული პროექტის კორექტირების შემთხვევაში დასკვნაში (შპს ,,კ–ის) მოთხოვნილი დამატებითი ვერტიკალური სიხისტის დიაფრაგმები, კოლონების გაძლიერებები და ფილის დამატებითი არმირებები. დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნის 1.2 პუნქტით, სვეტების გამაგრება გარცმებით -6.30, -3.30, + 0.00 ნიშნულებზე მენარდის მიერ არ არის შესრულებული;
10.35.1.ინდმეწარმე ,,მ.ბ–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს ,,კ–ის“ რეკომენდაციით საჭირო იყო: რკინაბეტონის გარსაკრებით გაძლიერებულიყო პროექტში არსებული კოლონები და შენობას დამატებოდა ვერტიკალური სიხისტის დიაფრაგმები (იმ პერიოდისათვის ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლში აშენებული იყო მხოლოდ სარდაფის ორი სართული).
10.35.2. ამდენად, როგორც დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.15 ქვეპუნქტი), ასევე ინდმეწარმე ,,მ.ბ–ის“ დასკნაში მითითებულია შპს ,,კ–ის“ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ,,ა“ ბლოკის მე-2 სახლში -6.30, -3.30, +_ 0.00 ნიშნულებზე კოლონების გაძლიერებას. შემკვეთი კი ითხოვდა 2011 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას, რომლის საგანია მშენებარე კომპლექსის ,,აI“ სახლში -6.30 ნიშნულიდან +4.2 ნიშნულის ჩათვლით კოლონების გაძლიერების სამუშაოები. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომ ,,აI“ სახლში -6.30 ნიშნულიდან +4.2 ნიშნულის ჩათვლით კოლონები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტაციას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში არ იყო საკმარისად დასაბუთებული.
10.36. დადგენილია, რომ შემკვეთსა და შპს ,, ,,PHOENIX“-ს შორის 2011 წლის 13 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: წყალსადენის გარე ქსელის მოწყობა მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე და მიერთება; კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობა მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე და მიერთება; სანიაღვრე ქსელის მოწყობა და მიერთება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 131 204.13 ლარით (ტ.3, ს.ფ. 191-198).
10.37. დადგენილია, რომ 2010 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება #3, 2007 წლის 30 ოქტომბერს ნარდობის ხელშეკრულებაში და მის საფუძველზე გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეთანხმების შესახებ, რომლის 6.2.1 პუნქტის თანახმად, კომპლექსის გარე კომუნაკიციების (დენი, წყალი, კანალიზაცია) პროექტირებასა და მონტაჟის ღირებულებას შემკვეთი შემსრულებელს (მენარდეს) აუნაზღაურებდა დამატებით, დამტკიცებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დამატებითი შეთანხმების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 39-41);
10.37.1. მითითებული შეთანხმებით დგინდა, რომ გარე კომუნიკაციების (წყალსადენისა და კანალიზაციის) მოწყობის ხარჯების გადახდის ვალდებულა იკისრა შემკვეთმა და შესაბამისად, მოთხოვნა 131 204.13 ლარის მენარდისათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10.38. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შემკვეთის მოთხოვნა ცემენტის ფილების დემონტაჟისა და მონტაჟისათვის, ბეტონის ბლოკებისაგან კედლის მოწყობის, კარ-ფანჯრის დემონტაჟისა და მოწყობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო: დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 6 სექტემბრის დასკვნით დგინდა, რომ მენარდემ ხარვეზი გამოასწორა: აცვენილი ფილები დაგებულია ხელახლა, შუალედები ყველგან ამოვსებულია. ბეტონის ბლოკებისაგან კედლის მოწყობის, კარ-ფანჯრის დემონტაჟისა და მოწყობისათვის შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან არ დგინდება სამუშაოთა შესრულების დროს დაშვებული ნაკლოვანებები.
10.39. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შემკვეთი დააჯარიმა 4000 ლარით, პროექტის დარღვევით მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენდა მისთვის მიყენებულ ზიანს და შესაბამისად, ექვემდებარებებოდა ანაზღაურებას მენარდის მიერ (ტ.2, ს.ფ. 250-252); აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია და უცვლელად დატოვა (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტი).
10.40. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შემკვეთმა მენარდეს ზედმეტად გადაუხადა 750 212.20 აშშ დოლარი და ამ ღირებულების სამუშაო მენარდეს არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და, შემკვეთის სასარგებლოდ, მენარდეს დაეკისრა 425 626.66 აშშ დოლარის გადახდა, შემდეგი დასაბუთებით:
10.40.1.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #024253-2011/03/1 დასკვნით დადგენილია, რომ მენარდის მიერ ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ..., მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ,,ა“ ბლოკის I კორპუსის (დასრულებული) სამშენებლო ფართი შეადგენს 3963.50 კვ.მ.-ს, შესრულებული სამუშაოს ღირებულება (ხელშეკრულება 30/10/2007 და შეთანხმება #3 01/10/2010წ.) შეადგენს 1 268 320 აშშ დოლარს; ,,ა“ ბლოკის II კორპუსის (მშენებარე) სამშენებლო ფართი შეადგენს 6181 კვ.მ.-ს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება კი - 685 721.13 აშშ დოლარს; იგივე მისამართზე ,,ბ“ ბლოკის სამშენებლო ფართი შეადგენს 8557 კვ.მ.-ს, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება -352 952.61 აშშ დოლარს;
10.40.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ,,ა“ ბლოკის I კორპუსის მშენებლობა დასრულდა და ექსპერტის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 1 268 320 აშშ დოლარით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის თანახმად, 1 კვ.მ. სამშენებლო ფართის ღირებულება განისაზღვრა 320 აშშ დოლარით (სამშენებლო ფართი 3963.50 კვ.მ. X 320 აშშ დოლარზე).
10.40.3. ექსპერტმა ასევე შეაფასა ,,ა“ ბლოკის II კორპუსისა და ,,ბ“ ბლოკის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რამაც შესაბამისად შეადგინა 685 721.13 აშშ დოლარი და 352 952.61 აშშ დოლარი;
10.40.4. სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დადგენის მიზნებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 2008 წლის 10 თებერვალს მენარდესა და ქვემენარდეს (იხ. 3.12.5 ქვეპუნქტი) შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის ,,ა“ და ,,ბ“ ბლოკების მშენებლობა. სამშენებლო ფართის სახელშკრულებო ფასი განისაზღვრა 1 კვ.მ. - 220 აშშ დოლარით. შემკვეთს, მენარდესა და ქვემენარდეს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის მოგება 1 კვ.მ.-ზე შეადგენდა 100 აშშ დოლარს (ანუ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 31.25%), რაც არ არის გათვალისწინებული ექსპერტის მიერ, რადგან ექსპერტმა დაადგინა ,,ა“ ბლოკის II კორპუსისა და ,,ბ“ ბლოკის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რამაც შეადგინა სულ 1 038 673.74 აშშ დოლარი, რაც არ მოიცავს მენარდის მოგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგება უნდა განისაზღვროს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის 31.25%-ით, რაც შეადგენს 324 585.54 აშშ დოლარს (1 038 673.74-ის 25%). შესაბამისად, შემკვეთს, მენარდესა და ქვემენარდეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ,,ა“ ბლოკის II კორპუსისა და ,,ბ“ ბლოკის შესრულებული სამუშაოს მოცულობა უნდა განისაზღროს სულ 1 363 259.28 აშშ დოლარით, ასევე გასათვალისწინებელია ,,ა“ ბლოკის I კორპუსის შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც შეადგენს 1 268 320 აშშ დოლარს. ამდენად, სახელშკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მენარდის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება უნდა განისაზღვროს 2 631 579.28 აშშ დოლარით. დადგენილია, რომ პროექტირებისათვის მენარდემ გადაიხადა 224 722.06 აშშ დოლარი.
10.40.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემკვეთმა მენარდეს სამუშაოების შესასრულებლად გადაურიცხა სულ 3 281 928 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა განისაზღროს 425 626.66 აშშ დოლარით (3 281 928-2 631 579.28-224 722.06 =425 626.66). სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 425 626.66 აშშ დოლარის გადახდა.
10.41. სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
10.41.1.მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის წარმომადგენლის შუამდგომლობა ექსპერტების დაკითხვის თაობაზე. სსსკ-ის 215.1-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე, შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ამავე კოდექსის 171.1-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. შუამდგომლობა ექსპერტების მოწვევის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებას, რომ დასკვნა საჭიროებს ექსპერტის მიერ მის განმარტებასა და შევსებას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მენარდის შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული, რადგან მხარე არ უთითებდა იმ გარემოებებზე, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას ექსპერტის დასკვნის განმარტებასთან დაკავშირებით.
11. შემკვეთისა და მენარდის საკასაციო საჩივრები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, რომლებმაც მოითხოვეს საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობას სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და დავის არსებითად განხილვის გზით გადაწყვეტა.
11.2. შემკვეთმა (პირველმა კასატორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (სარეზოლუციო ნაწილის 1,2,3,4,5,6,7,8,11,12,13 პუნქტები) იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მენარდის სააპელაციო საჩივარი და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა შემდეგი არგუმენტაციით:
11.2.1. მენარდის მოთხოვნა 780 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შემკვეთს დააკისრა 496 363.56 აშშ დოლარის გადახდა, რაც უსაფუძვლოა. კასატორი უთითებს წინამდებარე გადაწყვეტილების 1-2 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 23.10.2007წ. შეთანხმება, მისი 2.2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შორის დასადები ახალი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული თანხა - 780 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
11.2.2. სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით ფაქტობრივი გარემოებაც და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციაც სრულიად განსხვავებული სახით ასახა, ვიდრე ამას მხარეები განმარტავდნენ. კერძოდ, 780 000 აშშ დოლარის თაობაზე არც ერთ მხარეს არ განუმარტავს, რომ მათ გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ დასახელებულ თანხაზე, როგორც მიუღებელ შემოსავალზე, რომელსაც მენარდე მიიღებდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. ამდენად, მოცემულ ნაწილში დარღვეულია სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი; სასამართლოს არც იმაზე უმსჯელია, რომ 780 000 აშშ დოლარის გადახდის თარიღად განსაზღვრულია პერიოდი 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 აპრილამდე; თუ მხარეებს არ ჰქონდათ განზრახული ფაქტობრივი გარემოებებისადმი და სამომავლო შეთანხმებისადმი 23 ოქტრომბრის შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის მისადაგება, (ა) არ მიუთითებდნენ შეთანხმების 2.2 მუხლში, რომ იგი სამომავლო - 30 ოქტომბრის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა; (ბ) არ მიუთითებდნენ 2.3 მუხლში, რომ მათ შეეძლოთ წერილობით შეეცვალათ მოცემული შეთანხმება;
11.2.3. ასევე ყურადსაღებია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ ვინაიდან ხელშეკრულება სათანადო საფუძვლით შეწყდა, უნდა შემცირებულიყო ასანაზღაურებელი თანხა იმ თვეების მიხედვით, რაც დააკლდა ხელშეკრულების დასრულებას. კერძოდ, გახანგრძლივებული 33 თვიდან მხოლოდ 21 თვის განმავლობაში მოქმედებდა ხელშეკრულება მის შეწყვეტამდე. შესაბამისად, სასამართლომ ამ ლოგიკით შეამცირა თანხა შესაბამისი თვეებით. კასატორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა მხარეთა ნება და გასადახდელი თანხის შინაარსიდან გამომდინარე დაადგინა, რომ მოცემული თანხა წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, რაც შეუსაბამოდ მაღალ თანხად მიიჩნია, მიუსადაგა ხელშეკრულებას და მისი შესრულების პირობებს, შეამცირა და საბოლოოდ, მენარდის სასარგებლოდ, შემკვეთს გადასახდელად დააკისრა 78 000 აშშ დოლარი;
11.2.4. სააპელაციო სასამართლოს 780 000 აშშ დოლარი მიუღებელ შემოსავლად არ უნდა მიეჩნია და თუ მაინც ასე ჩათვლიდა, აღნიშნული თანხის დასაკისრებლად საკმარისი წინაპირობები არ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ამ თანხის დაკისრების კანონიერებაზე (ამ კონტექსტში კასატორის უთითებს სუსგ-ებზე: №ას-353-334-2013 №ას-1338-1376-2014). საკასაციო განაცხადში ასახულია მსჯელობა პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას შორის განსხვავებაზე;
11.2.5 მხარეთა ნების გამოვლენასთან დაკავშირებით 780 000 აშშ დოლარზე შეთანხმების თაობაზე კასატორი უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს კითხვებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით და მოსამზადებელი სხდომების ოქმებზე;
11.2.6. პირველი კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების მე-12 პუნქტი და მენარდეს 235 890.10 ლარის ნაცვლად დაეკისრა 122 625.54 ლარის გადახდა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტები). კასატორი აღნიშნავს, რომ მან, როგორც შემკვეთმა, სათანადო მტკიცებულებებით ცალსახად დაამტკიცა, რომ მენარდის მიერ ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების აღმოსაფხვრელად მოუხდა 235 890 ლარზე მეტი თანხის გადახდა სხვა პირებისათვის. შეგებებული სარჩელის ავტორმა წარადგინა ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, ახალ მენარდეებთან დადებული ნარდობის ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია მენარდის მიერ ასანაზღაურებლად ის თანხა, რომელიც შემკვეთმა იმ ფართის სასურველ და პროექტით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე მიყვანაში დახარჯა, რისთვისაც მენარდემ სრული საზღაური მიიღო;
11.2.7. შემკვეთი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ შეამცირა მის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა 750 212.20 აშშ დოლარიდან 425 626.66 აშშ დოლარამდე (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები) და მოთხოვნის სრულად - 750 212.20 აშშ დოლარის ოდენობით დაკმაყოფილებას; კასატორი ვრცელ შედავებას წარმოადგენს, რომ სხვაობა შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ თანხას შორის იყო 750 212.2 აშშ დოლარი. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მენარდესა და ქვემენარდეს (იხ. 3.12.5 ქვეპუნქტი) შორის 2008 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა .... არსებული მიწის ნაკვეთზე „ა“ და „ბ“ ბლოკების მშენებლობა 220 აშშ დოლარად 1 კვ.მ ფართისთვის, საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია იმის დასადატრურებლად, რომ მენარდის მოგებას შეადგენდა მიღებული თანხის 31.25%, ანუ სხვაობა 320 და 220 აშშ დოლარს შორის და ამას დააფუძნა ამ ნაწილში მენარდის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დასაბუთებლობა;
11.2.8. პირველი კასატორი უთითებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომელსაც უკვე დათვლილი ჰქონდა მენარდის მოგება, რაც 10%-ის ოდენობით მიკუთვნებული ჰქონდა იმ სამუშაოებისთვის, რომელიც შესრულებულად ჩათვალა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მენარდეს მიაკუთვნა არა 31.25%, არამედ 41.25%, რაც სრულიად დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან, მენარდის სასარგებლოდ სასამართლომ შემკვეთს, მოგება, ფაქტობრივად მეორეჯერ დაარიცხა;
11.2.9. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მოგების გამოთვლა ისეთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემულ გარემოებებში მოგების დარიცხვას საერთოდ არ ითვალისწინებს. კერძოდ, ქვემენარდესთან დადებული გარიგება შეეხება დასრულებულ ნაგებობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დასრულებული იყო მხოლოდ „ა“ ბლოკის 1 კორპუსი, ხოლო მეორე კორპუსი მხოლოდ მე-3 სართულამდე იყო ამოყვანილი (ნაცვლად ასაშენებელი და თეთრ კარკასამდე მისაყვანი 9 სართულისა) კარკასის სახით, ხოლო „ბ“ ბლოკის მხოლოდ საძირკველი და სარდაფის სართული იყო დასხმული (ნაცვლად ასაშენებელი და თეთრ კარკასამდე მისაყვანი 14 სართულისა). შესაბამისად, ვერც მენარდე და ვერ სასამართლო ვერ იხელმძღვანელებდა დასრულებული შენობის ფასით. მენარდეს ამ შემთხვევაში უნდა ემტკიცებინა, რომ მის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა სრულად დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა, არამედ, მას ჰქონდა მოგების ნაწილის დატოვების უფლება იმ ოდენობით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა(იხ. ტ. 2, ს.ფ. 209, 211 და 215);
11.2.10. სააპელაციო სასამართლომ უგულებელჰყო რიგი მტკიცებულებებისა, რომელთაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად და გამოყენებულია მტკიცებულება, რომელსაც არ აქვს შეხება კონკრეტული სადავო საკითხის გადასაწყვეტად (სსსკ-ის 105-ე მუხლი);
11.2.11. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408-ე მუხლი, მან დაადგინა, რომ ხელშეკრულება შეწყდა სწორედ მენარდის ბრალით. შესაბამისად, მოვალე ვალდებული იყო დაებრუნებინა მის მიერ მიღებული თანხა, სსკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე;
11.2.12. კასატორის მიერ დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიისათვის დასკვნების მომზადებაში გადახდილი 15 000 და 500 ლარიდან სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ 51.98%-ის ანაზღაურება, ანუ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაკმაყოფილდა სარჩელი. კასატორის (შემკვეთის) მტკიცებით, ამ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ აღნიშნული დასკვნები სრულად იქნა გაზიარებული და სწორედ აღნიშნული საექსპერტო მოსაზრებები, სხვა დასკვნებთან და მტკიცებულებებთან ერთად, გახდა მენარდესთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული ხარჯები არ წარმოადგენს საპროცესო ხარჯებს, არამედ - სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და სწორედ მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად შესასრულებელ ვალდებულებებს მიმოიხილავს.
11.2.13. კასატორი ითხოვს, საბოლოოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად იმსჯელოს სასამართლომ მხარეთა მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების განაწილების წესზე.
11.3. მენარდემ (მეორე კასატორმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (სარეზოლუციო ნაწილის 2,3,4,5,6,7,8,9 პუნქტები) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის სააპელაციო საჩივარი და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება, ასევე - შემკვეთის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა; მენარდე, ასევე, ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის, 24 ივნისისა და 4 დეკემბრის საოქმო განჩინებებს (იხ. ტ. 5, ს.ფ. 50-53, 98-102, 159-160).
11.3.1. მეორე კასტორის ვრცელი საკასაციო პრეტენზია (მ.შ. დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მიხედვით) შემდეგ არგუმენტაციას მოიცავს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დარღვევის ფაქტი, რაც ამართლებს კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას 2011 წლის 5 სექტემბერს; დადგენილია, რომ მენარდის მიერ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იყო არსებითი ხარვეზებით, კერძოდ, რიგ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, ან არ შეესაბამებოდა პროექტს ან დარღვეული იყო ნორმატიული მოთხოვნები და მაშასადამე, ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო მენარდის ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების - 2011 წლის 16 ივლისის დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის #11-07-01/001 საექსპერტო დასკვნის (ტ.1, ს.ფ.163-168), შემკვეთის 2011 წლის 3 აგვისტოს წერილის (ტ.1, ს.ფ. 292), მენარდის 2011 წლის 10 აგვისტოს და 25 აგვისტოს წერილების (ტ.1, ს.ფ.297 -298), შემკვეთის 2011 წლის 5 სექტემბრის წერილის (ტ.1, ს.ფ. 56), დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 6 სექტემბრის #09-00 შემოწმების აქტის (ტ.1, ს.ფ. 188-189) და მისივე 2011 წლის 18 ოქტომბრის #11-10-01/001 საექსპერტო დასკვნის (ტ.1,ს.ფ. 320), ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 22 დეკემბრის #21569-11 დადგენილების (ტ.2,ს.ფ. 252), დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2012 წლის 16 მარტის საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ტ.2, ს.ფ.177-181), სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასაწავლო სამეცნიერო-კვლევით ცენტრის 2012 წლის 3 თებერვლის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (ტ.3,ს.ფ.182-188), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 25 აპრილის #02515-1012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის (ტ.3, ს.ფ. 397) და მისივე 2012 წლის 19 ოქტომბრის #04238-2012/03/2 ექსპერტიზის დასკვნის (ტ.4,ს.ფ.150-153), ინდ. მეწარმე „მ.ბ–ის“ 2012 წლის 30 აპრილის დასკვნის (ტ.5, ს.ფ. 128-137) - შეფასების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და მისი დასკვნები არ უნდა იქნეს გაზიარებული;
11.3.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეც ეთანხმება, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 5 სექტემბერს. ამდენად, იმ საკითხის გადასაწყვეტად იყო თუ არა სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არსებითი ხარვეზებით, გამოიკვეთა თუ არა მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დარღვევი ფაქტი, ხელშეკრულების შეწყვეტა განპირობებული იყო თუ არა მენარდის ბრალეული მოქმედებით და არსებობდა თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები, არსებითად მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეზე წარდგენილი მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებენ 2011 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით; უნდა შეფასდეს რამდენად ვარგისია ეს მტკიცებულებები აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად და დასტურდება თუ არა ამ მტკიცებულებებით მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევის ფაქტი;
11.3.3. მენარდის ბრალეული ქმედების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის პირველ საფუძვლად სასამართლო მიუთითებს დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 16 ივლისის #11-07-01/001 დასკვნაზე. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანუ 2011 წლის 5 სექტემბრამდე, მოცემული დასკვნის გარდა, სხვა რაიმე ექსპერტიზის დასკვნა/დოკუმენტი მენარდის მიერ ხარვეზებით შესრულებული სამუშოების შესახებ საქმეზე წარდგენილი არ არის. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად კვალიფიციურად იქნა შესრულებული აღნიშნული დასკვნა, ანუ იყო თუ არა ექსპერტის მიერ გამოყენებული კვლევის შესაბამისი მეთოდები და აქედან გამომდინარე, რამდენად ვარგისი იყო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა იმ არსებითი მნიშვნელობის ძირითადი საკითხის გადასაწყვეტად, იყო თუ არა მენარდის მიერ სამშენებლო სამუშოები ნაწარმოები არსებითი და მნიშვნელოვანი დარღვევებით იმ პირობებში, როდესაც მოცემული ექსპერტიზის დასკვნის ბუნდოვანების და არასრულყოფილების საფუძვლით სასამართლომ დაკითხა ამ დასკვნის ხელმომწერი ექსპერტი ა.ვ., რომლის ჩვენებით, დამატებით უტყუარად დადასტურდა, რომ ექსპერტი ვერ ერკვევა შესრულებული სამუშაოების აქტებში - ფორმა #2-ში, თუმცა, სწორედ იგი არის ამ ხარჯთაღრიცხვაზე ხელმომწერი ექსპერტი, რომელმაც შეამოწმა ა. დ–ძის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, მას შეცდომები აქვს დაშვებული ფილის სისქის გაზომვითი სამუშაოების ჩატარებისას და ა.შ; სასამართლომ ასევე არ იმსჯელა რამდენად კანონიერი იყო აღნიშნული საექსპერტო დასკვნა ძირითადი ხელშეკრულების 9.5 და 9.7 პუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე (ტ.1, გვ.31-38); სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებულ ვითომდა შენიშვნებთან დაკავშირებით მენარდის მიერ 2011 წლის 9 სექტემბერს მოწვეული სტუ ექსპერტების მიერ შედგენილ დასკვნაზე, რომლითაც მთლიანად უგულებელყოფილია დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 16 ივლისის დასკვნის „ა-2“ კორპუსთან დაკავშირებული 70 - დან 5 შენიშვნა (იხ. ტ.1, ს.ფ. 68-80), ხოლო დანარჩენი 2-დან ერთი, კერძოდ „ა-2“ კორპუსში +10.8 ნიშნულზე განთავსებული ფილა დასანგრევი რომ არ იყო, ექსპერტმა ა. ვ–მა თავად დაადასტურა 8 თვის შემდეგ, 2012 წლის 16 მარტის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მაშინ, როდესაც აღნიშნულ ფილაზე უკვე დაშენებული იყო რამდენიმე სართული ყოველგვარი დემონტაჟისა და ხელახალი მონტაჟის გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ა-2“ კორპუსში +10.8 ნიშნულზე განთავსებულ ფილას არანაირი პრობლემა რომ არ ჰქონდა, მტკიცდება სხვადასხვა ექსპერტების დასკვნებითაც, რომლებზეც სასამართლომ იმსჯელა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში; მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სტუ-ს დასახელებული საექსპერტო დასკვნა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რადგან მასში მითითებულია 5 სხვადასხვა ლაზერულ თუ სხვა სახის ხელსაწყოებზე, რომლებიც ექსპერტებმა გამოიყენეს ობიექტზე ჩატარებული კვლევების დროს, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმებისას. ამ კონტექსტში კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ექსპერტ ა. ვ–ს არც ერთი ტექნიკური ხელსაწყო არ გამოუყენებია შემოწმებისას და ამიტომ მისი 2011 წლის 16 ივლისის დასკვნა არ წარმოადგენს ვარგის მტკიცებულებას, რადგან ის შედგენილია ექსპერტის პირად სუბიექტურ შეხედულებებზე დაყრდნობით (სავარაუდოდ შემკვეთს კარნახითა და ინტერესების გათვალისწინებით), რაც თვით ვ–ის მიერ დადასტურდა სასამართლოს სხდომაზე, როდესაც მან სასამართლოს წინაშე აღნიშნულ ვითომდა შენიშვნებთან დაკავშირებით აღიარა, რომ ეს იყო მისი შეხედულებები და მან იმ მომენტისათვის ჩათვალა, როგორც დარღვევა და ამიტომ მიუთითა დასკვნაში, რომ საჭიროა დამატებითი კონსტრუქციული კველევების ჩატარება. სასამართლომ არც აღნიშნულ გარემოებას მიაქცია ყურადღება. კასატორი ასევე უთითებს 2011 წლის 23 სექტემბერს დანიშნული საექსპერტო შემოწმების ჩაშლის (ტ.1, ს.ფ.84) შესახებ, რაზეც არ უმსჯელია სასამართლოს;
11.3.4. კასტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა შემკვეთის 2011 წლის 3 აგვისტოს წერილზე, რომლითაც მენარდეს ეცნობა დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის საექსპერტო დასკვნის შესახებ, რომ არ შეაფასა ხარვეზების გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული 3- კვირიანი ვადა, რამდენად გონივრული იყო; მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრა მხარემ, რომ „ა-2“ კორპუსში +10.8 ნიშნულზე განლაგებული ფილის დემონტაჟისა და მონტაჟისათვის და კიდევ სხვა სამუშაოებისათვის საჭიროა 3 კვირა. აღნიშნული წერილით იმთავითვე ცხადად იკვეთება შემკვეთის წინასწარი განზრახვა და ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისა (ტ.1, ს.ფ. 292). სასამართლომ სრულად არ შეისწავლა და შეაფასა შემკვეთის 2011 წლის 3 აგვისტოს წერილი;
11.3.5. მეორე კასატორი ყურადღებას ამახვილებს თავის 2011 წლის 25 აგვისტოს წერილზე (იხ. ტ.1, გვ. 298), სადაც მენარდემ მიუთითა, რომ დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის „საექსპერტო დასკვნაში მოყვანილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, კონსტრუქციულ ნაწილში უმოკლეს ვადაში წარმოადგენდა კომპეტენტურ დასკვნას“, რაც შეასრულა კიდეც მენარდემ სტუ-ს ექსპერტების 2011 წლის 9 სექტემბრის საექსპერტო დასკვნის (იხ. სტუ-ს დასკვნა , ტ.1, ს.ფ. 68-84) საფუძველზე (რომლითაც მთლიანად უარყოფილია შემკვეთის ინიციატივით მომზადებული 2011 წლის 16 ივლისის დასკვნა). შემკვეთმა სწორედ 16.07.2011წ. დასკვნა დაუდო საფუძვლად 2011 წლის 5 სექტემბერს ხელშეკრულების შეწყვეტას (იხ. ტ.1, გვ. 303-304 );
11.3.6. სასამართლოს უნდა შეეფასებინა მხარეთა შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების ოქმი (ტ.3, ს.ფ. 381-382 და ს.ფ. 397-401). ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნებისა და ურთიერთშეთანხმების ოქმის საფუძველზე შემკვეთს მენარდის მიმართ სამშენებლო სამუშოების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ ჰქონდა. არც ერთ სასამართლოს არ უმსჯელია ოქმზე. შემკვეთმა მენარდეს იმიტომ შეუწყვიტა ხელშეკრულება, რომ არ სურდათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მშენებლობიდან 1კვ.მ-ზე მოგების სახით მისაღები 100 აშშ დოლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ.ჩ.მ (შემკვეთი საწარმოს ერთადერთმა მესაკუთრემ) სასამართლოს წინაშე აღიარა კიდეც.
11.3.7. მეორე კასატორი აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნაზე, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო უთითებს, რომ დამატებით დაფიქსირდა ხარვეზები, კერძოდ „ა-1“ და „ა-2“ კორპუსებთან დაკავშირებით; ამ კონტექსტში კასატორი აღნიშნავს, რომ მენარდეს 2011 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით თითქმის 45 დღით ადრე ჰქონდა შეწყვეტილი ხელშეკრულება; იმსჯელა თუ არა სასამართლომ რა საერთო აქვს 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნას 2011 წლის 5 სექტემბერს ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით; აღნიშნული დასკვნები ერთი და იმავე ექსპერტის- ვ–ის მიერაა შესრულებული. თუკი ექსპერტმა 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნაში მიუთითა გარკვეული დარღვევები, რატომ პირველივე ანუ 2011 წლის 16 ივლისის დასკვნაში არ ასახა აღნიშნული, რომელი დასკვნაც მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთი საფუძველი გახდა. მეორე კასატორის მოსაზრებით, სავარაუდოდ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსპერტის არაობიექტურობას და არაკომპეტენტურობას. მეორე კასატორი ვრცლად აკრიტიკებს ექსპერტ ვ–ის ჩვენებას სასამართლოში, რომელიც წინააღმდეგობრივად მიაჩნია საქმეში არსებულ დასკვნებთან მიმართებით;
11.3.8. მენარდეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნის თაობაზე, ვინაიდან მენარდესთან ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 16 ივლისის დასკვნის საფუძველზე და მხარეთა შორის დავის საგანია ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერება. შესაბამისად დავასთან 2011 წლის 18 ოქტომბრის დასკვნას არ აქვს კავშირი, კასატორი აღნიშნავს, რომ არც ამ საექსპერტო დასკვნაზე უმსჯელია სასამართლოს;
11.3.9. კასატორი აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს, იმ საფუძვლით, რომ დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2011 წლის 18 ოქტომბრის, 2012 წლის 15 თებერვლის და 16 მარტის საექსპერტო დასკვნებზე იმსჯელა, ერთსა და იმავე ობიექტზე ექსპერტს შესრულებული აქვს 5 სხვადასხვა დასკვნა, ექსპერტი 2011 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 მარტამდე სულ 8 თვეს ანდომებს ობიექტის შემოწმებას, რაც სავარაუდოდ მის არაკომპეტენტურობაზე და არაობიექტურობაზე მეტყველებს. კასატორის მტკიცებით, შემკვეთის მიერ წარდგენილ დასკვნებს სტუ-ს დასკვნა აბათილებს;
11.3.10. მეორე კასატორი (მენარდე) არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მენარდის მოთხოვნა მოპასუხისათვის 780 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა სრულად და მიაჩნია, რომ სსკ-ის 417-ე და 319.1 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ მხარეთა შეთანხმება 780 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფას და მართებულად დაასკვნა, რომ მხარეების მიერ გამოვლენილი ნება ემსახურებოდა ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, ანაზღაურებას. მაშსადამე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა მხარეთა ნება და მართებული სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა მას, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, რაც 21 თვეზეა გაანგარიშებული ყოველთვიურად 23 636,36 აშშ დოლარის ოდენობით, არ ეთანხმება იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმებით შემკვეთმა იკისრა ვალდებულება - ეტაპობრივად აუნაზღაუროს მენარდეს სამშენებლო სამუშაოების ვადის გაზრდით მიყენებული ზიანი ერთჯერადად - 780 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და აღნიშნული ვალდებულება მხარეებს ხელშეკრულების შესრულებასთან არ დაუკავშირებიათ. მაშასადამე, აღნიშნული შეთანხმება მიღწეულია მხარეთა მიერ თავისუფლად გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე, მხარეებმა აღნიშნული შეთანხმების/ხელშეკრულების შინაარსი სწორედ ამგვარად განსაზღვრეს, რომლის დადების შესაძლებლობა/უფლებამოსილება მათ ჰქონდათ მინიჭებული სსსკ-ის 319.1-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან წინამდებარე შეთანხმება/ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება კანონს. მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ: 1 კვ.მ-ზე სამშენებლო ფართის მშენებლობაზე მენარდეს, მოგების სახით, უნდა მიეღო 100 აშშ დოლარი, რაც მთლიანი მშენებლობის მოცულობიდან გამომდინარე შეადგენდა 2 600 000 აშშ დოლარს (აღნიშნული შემკვეთისათვის თავიდანვე იყო ცნობილი), ვინაიდან მენარდეს აღნიშნული მოგება (ანუ მიუღებელი შემოსავალი) უნდა მიეღო 2009 წლის მე-4 კვარტლის ბოლოსათვის, ხოლო შემკვეთის მოთხოვნით ამ მოგების მიღების ვადა გადაიწევდა 2012 წლის მე-3 კვარტლის ბოლომდე, ანუ 33 თვით, იმ პერიოდისათვის, ანუ 2007 წლისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნორმატიულად იყო განსაზღვრული კომერციული ბანკებისასთვის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%-ით, აქედან გამომდინარე, მენარდე ფაქტიურად ერთ წელიწადში კარგავდა 2 600 000 აშშ დოლარის 30%-ს, ანუ 780 000 აშშ დოლარს, რაც თვეში (780 000/12) 65 000 აშშ დოლარის ტოლია, ხოლო 33 თვის განმავლობაში მენარდე დაკარგავდა - 65000X33 = 2 145 000 აშშ დოლარს. ამის შემდეგ, შემკვეთმა მენარდეს შესთავაზა მხოლოდ ერთი წლის ზიანის - 780 000 აშშ დოლარის ანაზღაურება ეტაპობრივად - 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 აპრილამდე, რასაც დაეთანხმა მენარდე და მხარეებს შორის 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმება შედგა;
11.3.11. კასატორი ვრცელ შედავებას წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებებზე და არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მენარდის მიერ დაშვებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯის 122 625.54 ლარით განსაზღვრის შესახებ, შემკვეთის სასარგებლოდ და მიაჩნია, რომ მას არაფერი არ უნდა დაჰკისრებოდა.
11.3.12. მეორე კასატორი ასაჩივრებს მისთვის შემკვეთის სასარგებლოდ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკისრებულ 8056.90 ლარს, რაც შემკვეთმა ექსპერტიზის დასკვნების მოსამზადებლად გაიღო, რომელიც, მენარდის მტკიცებით, არ წარმოადგენს საპროცესო ხარჯს, რადგან უკავშირდება მხარეთა შორის არსებულ ნარდობისსამართლებრივ ურთიერთობას და არა მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენას; ასევე, ასაჩივრებს გადაწყვეტილებას მისთვის შემკვეთის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 78 560 ლარის დაკისრების ნაწილში, რომელიც არც შესაბამისი მტკიცებულებებითაა დასაბუთებული და არც გონივრულია.
11.3.13. მეორე კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ.5, ს.ფ.50-53), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებას, რომლითაც დაკმაყოფილდა შემკვეთის შუამდგომლობა საქმის მასალებისათვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 ნოემბრის დასკვნის დართვის შესახებ (იხ. ტ.5, ს.ფ. 98 -102); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებას (იხ. ტ.5, ს.ფ. 159 -160), რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა საქმის მასალებისათვის შემდეგი მტკიცებულებების დართვის თაობაზე: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის დასკვნა (6ფ.); შპს „კ–ის“ 2010 წლის 11 მაისის დასკვნა (6ფ.); შპს „მ–ს“ს 2015 წლის 23 ოქტომბრის წერილი (2ფ.); 2010 წლის 8 ივნისის ხელშეკრულება Hb/24-8.06.10 (4ფ.); შპს „მ–ს“ წერილი 2015 წლის 19 ოქტომბერი, ადრესატი ინდმეწარმე „მ.ბ.“ (1ფ.); ინდმეწარმე „მ.ბ–ის“ წერილი 2015 წლის 20 ოქტომბერი (1ფ.); 2010 წლის 10 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (1ფ.); სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის წერილი (1ფ.); შპს „მ-ს“ 2015 წლის 5 ოქტომბრის წერილი, ადრესატი შპს „დ–მა“(1ფ.); შპს „დ–მა“ 2015 წლის 14 ოქტომბრის წერილი, ადრესატი შპს „მ.“(1ფ.); შპს „მ–ს“ 2015 წლის 12 ოქტომბრის წერილი, ადრესატი შპს „ს.პ. და ე.ც.“ (2ფ.); შპს „ს.პ. და ე.ც–ის“ 2015 წლის 23 ოქტომბრის დასკვნა (4ფ.); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დასკვნა (6ფ.); მომსახურების ხელშეკრულება #657-2015-2, 26.10.2015წ. (2ფ.); 2010 წლის 1 ივლისის შეთანხმება #2, (2ფურცელი 2 ცალად); ასევე - მოწმის სახით შპს „მ.გ.ჯ–ას“ ყოფილი დამფუძნებლებისა და დირექტორის დაშვება და დაკითხვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391.5- ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით გადაწყდა საქმის ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით.
13. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირეს საკუთარ საკასაციო მოთხოვნებს, ვრცლად ისაუბრეს საკასაციო პრეტენზიებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლისა და 26 მარტის სხდომების ოქმები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის არსებითად განხილვის, მხარეთა განმარტებებისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც პირველი, ისე - მეორე კასატორების საკასაციო საჩივრები და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა როგორც მენარდის, ისე შემკვეთის საკასაციო საჩივრები და მათი ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ნაწილობრივ შეცვალა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მოშლა 2011 წლის 5 სექტემბერს განპირობებული იყოს მენარდის ბრალეული მოქმედებით, მის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.10, 10.25 ქვეპუნქტები).
16. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 8.18 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
17. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გერმანული სამოქალაქო კოდექსის /BGB; შემდეგში - გსკ/ 649-ე პარაგრაფის შინაარსი, რომლის ანალოგია ქართული სსკ-ის 636-ე მუხლი. გსკ-ის 649-ე პარაგრაფი ადგენს შემკვეთის უფლებას მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება „1. შემკვეთს შეუძლია ნაკეთობის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. 2. თუ შემკვეთი მოშლის ხელშეკრულებას, მენარდე უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული საზღაური; თუმცა ამ საზღაურს გამოაკლდება ის ხარჯები, რაც მან დაზოგა ხელშეკრულების გაუქმებით ან მუშახელის სხვა ობიექტზე დასაქმებით, ან იმ შემთხვევაში, თუ ის ბოროტი განზრახვით არ შეეცდება ამის გაკეთებას. 3. ივარაუდება, რომ მენარდეს ეკუთვნის სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილისთვის, გათვალისწინებული საზღაურის 5%“. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის ძირითადი სამართლებრივი შედეგია ხელშეკრულების მომშლელი შემკვეთის ვალდებულება, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ დანაწესის მიზანია, რომ მენარდეს არ მიადგეს ზიანი ხელშეკრულების მოშლით, უნდა მოხდეს შემკვეთისა და მენარდის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსება. შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შედეგად მენარდემ არ უნდა მიიღოს არც სარგებელი და არც - ზიანი. გერმანული კანონით მხარეთა ინტერესების გასაწონასწორებლად დადგენილია შემკვეთის ვალდებულება შეუსრულებელი სამუშაოების 5% აუნაზღაუროს მენარდეს იმ ანაზღაურებიდან, რაც ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში სამშენებლო (ნარდობის) ხელშეკრულების მოშლის შედეგად შეუსრულებელი სამუშაოებისთვის საზღაურის გადახდა გამოიანგარიშება მხოლოდ ხელშეკრულების შედეგად შეთანხმებული შესრულებებისა და ამ შესრულებების შესაბამისად შეთანხმებული საზღაურიდან, შესაბამისად, განცალკევებით არ გამოითვლება მენარდის მიერ მისაღები მოგების ოდენობა.
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ სსკ-ის 636-ე მუხლით ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემკვეთისათვის მინიჭებული უფლებამოსილების მიუხედავად, განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ შემკვეთმა სამშენებლო ობიექტზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად ექსპერტისავე მომზადებული რეკომენდაციების შესახებ წერილობით (შესაბამისი დანართის გაგზავნით) აცნობა მენარდეს და შესთავაზა ამ უკანასკნელს, თუკი დაეთანხმებოდა ექსპერტის მიერ აღმოჩენილ ხარვეზებს, გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3-კვირისა, გამოესწორებინა ისინი (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.2. ქვეპუნქტი - ტ. 6, ს.ფ. 316-325; ასევე - წინამდებარე გადაწყვეტილების 101.9-10.25 ქვეპუნქტები), რაც მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს შეესაბამება. სსკ-ის 639-ე და 641-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე (ნორმათა დეფინიცია იხ. ამ გადაწყვეტილების 10.24 ქვეპუნქტში), მენარდემ ნაკლის მქონე ნაკეთობა (ამ შემთხვევაში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი) დაამზადა (ააშენა და აწარმოა სხვადასხვა სამუშაოები). შემკვეთმა მენარდეს განუსაზღვრა ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, თუმცა, შემკვეთის 2011 წლის 3 აგვისტოს წერილის პასუხად, მენარდემ იმავე წლის 10 აგვისტოს და 25 აგვისტოს წერილებით შემკვეთს შეატყობინა, რომ ექსპერტთან - ა.ვ–თან ერთად პუნქტობრივად განიხილავდა საექსპერტო დასკვნას, ამის შემდეგ კი მენარდის მიერ აღიარებული ნაკლოვანებები და მათი გამოსწორების ვადები მოგვიანებით ეცნობებოდა შემკვეთს; ასევე, მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის დასკვნაში ასახულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, უმოკლეს ვადაში წარადგენდა კონსტრუქტორის დასკვნას, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ნაწილში - სამუშაოების ნაკლოვანებების თაობაზე - მათი დასრულება - გამოსწორების სამუშაოების შესახებ დასკვნას წარადგენდა 2011 წლის 3 სექტემბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 297-298; ასევე, ამ გადაწყვეტილების 3.14-3.14.3 ქვეპუნქტები) .
19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამოუკიდებელმა საექსპერტო კომპანიამ 06.09.2011 წელს, ანუ შემკვეთის ინიციატივით მენარდესთან დადებული ხელშეკრულების მოშლის მეორე დღესვე, შეადგინა შემოწმების აქტი #09-001 საექსპერტო დასკვნაში # 11-07-01/001 ასახული შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რაც მენარდეს არ გამოუსწორებია, ასევე, საქმის მასალებშია იმავე დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 18.10.2011წ. # 11-10-01/001 დასკვნა, რომლითაც დამატებით დაფიქსირდა ხარვეზები; საქმეში მოთავსებულია: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შემოწმების აქტი # 000241 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ; დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის 2012 წლის 15 თებერვლის საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.04.2012წ. # 012515-1012/03/02 დასკვნა და 09.10.1012წ. # 042383-2012/03/2 დასკვნა, ინდმეწარმე „მ.ბ–ის“ დასკვნა, რომელთა საფუძველზე დადგენილია, რომ მენარდემ არსებითი ხარვეზებით აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, რიგ შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული ან არ შეესაბამებოდა პროექტს ან დარღვეული იყო ნორმატიული მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მენარდის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დარღვევის ფაქტი და ამ მიზეზით გამართლებულად ჩათვალა შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.6, ს.ფ. 317-325);
20. საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე მოიხმო სსკ-ის 636-ე მუხლი და გსკ-ის 649-ე პარაგრაფი, შემკვეთისათვის მინიჭებული საგამონაკლისო უფლების - ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა - თაობაზე, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისადმი ინტერესი დადგენილია შემკვეთის ქმედებით, რაც ასახულია მენარდისადმი მიმოწერითა და ამ უკანასკნელისათვის შეთავაზებით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასა და არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის დასკვნაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებაზე ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე უარი მენარდეს გასაწევი არათანაზომიერი ხარჯების გამო კი არ უთქვამს, არამედ - ნაკეთობის ნაკლის დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, რის გამოც შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრა ნაკლი, რამაც მას წარმოუშვა უფლება, მოეთხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იხ. სსკ-ის 643.1-ე მუხლი „თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება“; იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.12-3.14.3 ქვეპუნქტები).
21. შემკვეთისა და მენარდის საკასაციო პრეტენზიების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
21.1. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2.1.-11.2.5 ქვეპუნქტებში ასახულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მენარდის სასარჩელო მოთხოვნას შემკვეთისათვის 780 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კასატორი (შემკვეთი) იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ 2007 წლის 23 ოქტომბერს მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 78 000 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 8.16 ქვეპუნქტი). ამ ნაწილში შემკვეთს სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია, თუმცა, მისი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მენარდის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მენარდის სასარგებლოდ, შემკვეთს 496.396.66 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.4, 10.28-10.29.3 ქვეპუნქტები). პირველ კასატორს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უცვლელად დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;
21.2. იმის გათვალისწინებით, რომ მენარდეს (მეორე კასატორს), თავის მხრივ, გასაჩივრებული აქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და მენარდის მიერ მოთხოვნილი 780 000 აშშ დოლარიდან მხოლოდ 496 396.66 აშშ დოლარი დაეკისრა შემკვეთს, ხოლო მენარდე სარჩელის დაკმაყოფილებას სრულად მოითხოვს (მენარდის საკასაციო პრეტენზიები იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3.6, ქვეპუნქტში), საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მხარეთა შორის 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმებაში გამოვლენილ ნებაზე, კასატორთა განმარტებებისა და მათ მიერ საქალაქო სასამართლოში გაცხადებული პოზიციების საფუძველზე, ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების ქვემორე პუნქტებში, მეორე კასატორის მოთხოვნის (შემკვეთისათვის 780 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე) საკასაციო სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილების შესახებ სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე მსჯელობასა და დასკვნაში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 26-27 პუნქტები).
21.3. შემკვეთის მორიგი საკასაციო პრეტენზია ეხება მის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას, კერძოდ, მენარდის მიერ ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების აღმოსაფხვრელად, ამ უკანასკნელს, შემკვეთის მიერ მოთხოვნილი 235 890.10 ლარიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხოლოდ 122 625.54 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.6, ს.ფ. 329-333; ასევე - შემკვეთის საკასაციო პრეტენზია წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2.6 ქვეპუნქტში), კასატორი მოითხოვს მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და მენარდისათვის 235 890.10 ლარის დაკისრებას;
21.3.1. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთის საკასაციო პრეტენზია მენარდისათვის 235 890.10 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში მოთავსებულ ექსპერტიზის დასკვნაზე # 11-07-01/002 (იხ. დასკვნა თანდართული ხარჯთაღრიცხვის ცხრილებით - ტ.2, ს.ფ. 36-64; იხ. ასევე საკასაციო სასამართლოს 28.02.2018წ. სხდომის ოქმი - 14:37:28-დან), რომლითაც განისაზღვრა მენარდის მიერ დაშვებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა - 235 890.10 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის გაანგარიშება ეფუძნება წარდგენილი მასალების ანალიზს, გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე აზომვების შედეგად მიღებულ მონაცემებსა და მოქმედი ტექნიკური ნორმების ურთიერთშედარების მეთოდს;
21.3.2. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე კასატორი (მენარდე), თავის მხრივ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის შემკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული 122 625.54 ლარის ნაწილში (იხ. მენარდის საკასაციო პრეტენზია წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3.11 ქვეპუნქტში, ასევე- მენარდის საკასაციო საჩივარი - ტ.6, ს.ფ.391-416, და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი), საკასაციო სასამართლო იმსჯელებს, ერთი მხრივ, პირველი კასატორის (შემკვეთის) საკასაციო საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილებისა და, მეორე მხრივ, მეორე კასატორის (მენარდის) საკასაციო პრეტენზიის უარყოფის საფუძვლებზე.
21.4. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე (სსსკ-ის 407.2-ე მუხლი), რომ შემკვეთმა ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მენარდის ბრალეული ქმედების გამო მიიღო(იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.10 და 10.25 ქვეპუნქტები). საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მენარდის (მეორე კასატორის) პრეტენზია მისთვის შემკვეთის სასარგებლოდ დაუსაბუთებლად დაკისრებული 122 625.54 ლარის ნაწილში, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი 235 890.10 ლარის ნაწილია, ძირითადად იმას ეფუძნება, რომ სააპელაციო სასამართლომ რიგ შემთხვევაში სწორად დაადგინა ფაქტები, თუმცა, არასწორ მტკიცებულებებზე (საექსპერტო დასკვნასა და შემკვეთის მიერ მესამე პირებთან - სხვა მენარდეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით) დაყრდნობით გაიანგარიშა ის თანხა, რაც მენარდეს დაეკისრა შემკვეთის სასარგებლოდ. მენარდის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 122 625.54 ლარის დაანგარიშება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა ოთხ კომპონენტს და აღნიშნული თანხა შედგება 57 610.80 ლარისაგან, 4 125 ლარისაგან, 28 116.93 ლარისაგან, 32 772.75 ლარისაგან;
21.4.1. მენარდის წარმომადგენელმა 57 610.80 ლარის დაკისრების ნაწილში მიუთითა საქმეში წარდგენილ შპს „ო.გ–ს დასკვნაზე“, სადაც მითითებულია, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი რამპა არ იყო შესრულებული პროექტის მიხედვით, თუმცა, მენარდისათვის ზემოხსენებული თანხის დაკისრებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შემკვეთის მიერ მესამე პირთან (სხვა მენარდესთან) გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის საგანია სულ სხვა (პანდუსები, რიგელები და სხვ.) და არა ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული; კასატორმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში და შემკვეთის მიერ მესამე პირთან (სხვა მენარდესთან) გაფორმებულ ხელშეკრულბაში ერთსა და იმავე სამუშაოზეც რომ იყოს მითითება, მაინც არ დგინდება, რომ შემკვეთმა 57 610.80 ლარი გადაუხადა მესამე პირს და ამის გამო ეს თანხა მენარდეს უნდა დაეკისროს, მესამე პირისათვის მარტოოდენ ავანსის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტია წარდგენილი საქმეში, რაც არ არის სათანადო მტკიცებულება. მეორე კასატორის მტკიცებით, ამ უკანასკნელისათვის შემკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული 122 625. 54 ლარი სააპელაციო სასამართლომ თითქოსდა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას დააფუძნა, თუმცა, მისი დასკვნები არასწორია და დაუსაბუთებელი; მენარდის წარმომადგენელმა ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მისთვის 4 125 ლარის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მცდარია, რადგან წყლისა და სანიაღვრე სამუშაოებისათვის მაქსიმუმ შესაძლებელია 300 ლარი იყოს დახარჯული (იხ. საკასაციო სასამართლოს 26.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:28:44-13:39:06); მენარდისათვის დაკისრებული 122 265.54 ლარის თაობაზე საწარმოს დირექტორმა - ა.ვ–ძემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო უთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომ თითქოსდა მენარდემ დაარღვია ე.წ. „სნიპები“, რომელთა დარღვევით იქნა ჩალაგებული სანიაღვრე მილები, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაშინ ეს საკანალიზაციო მილები უნდა ამოეღოთ და სწორად ჩაედოთ... 4000 ლარით სულ სხვა სამუშაოები სრულდება... საკასაციო სასამართლოს შეკითხვის პასუხად, მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტების გარდა, რა მტკიცებულება ადასტურებდა მხარის პოზიციას, მენარდე საწარმოს დირექტორმა მიუთითა, რომ ამ ეტაპზე ასეთი მტკიცებულება არ არსებობდა, იგივე დაადასტურა მისმა წარმომადგენელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საწარმოს დირექტორის გაანგარიშებას ეფუძნებოდა კასატორის მტკიცება ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი საპირწონე მტკიცებულება მენარდეს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ წარუდგენია;
21.4.2. მენარდის წარმომადგენელმა მიუთითა მისთვის დაკისრებულ 32 772.75 ლარზე და განმარტა, რომ ამ თანხის შემკვეთის მიერ სხვა მენარდისათვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის საქმეში წარდგენილი, მსგავსად, ზემოხსენებული 57 610.80 ლარისა; რაც შეეხება 28 116.93 ლარის დაკისრებას მენარდისათვის, მხარის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტი, რომ 4 ერთეულ ბინაზე იყო ხარვეზი, თუმცა, თანხა, რომელიც საბოლოოდ მენარდეს დააკისრა, შვიდ სართულზე განლაგებულ ბინებზე არსებულ ხარვეზებს ეხება, რაც არასწორია. საკასაციო სასამართლოს შეკითხვის პასუხად, თუ რა მტკიცებულებაზე უთითებდა მხარე მისთვის არასწორად დაკისრებული 28 116.93 ლარის ნაწილში, საწარმოს დირექტორმა ა.ვ–ძემ განმარტა, რომ მან გაშიფრა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მენარდისათვის შემკვეთის სასარგებლოდ დაკისრებული 235 890.10 ლარი, რომელიც შედგებოდა 157 000 ლარისაგან (ფილის დანგრევისა და ახლის აშენებისათვის). საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა გაანგარიშებას დაემყარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მენარდისათვის 28 1161.93 ლარის დაკისრებისას, სავარაუდოდ, სასამართლო მენარდე საწარმოს დირექტორის მიერ დაანგარიშებულ თანხას დაეყრდნო, რომელიც, თავის მხრივ, ექსპერტ ვ–ის დასკვნიდანაა ამოღებული (სადაც მითითებულია, რომ 1-დან მე-7 სართულის ჩათვლით საჭიროა 24 000 ლარი 30 ბინისათვის), თუმცა, კასატორის მტკიცებით, ამ შემთხვევაშიც შეცდომაა დაშვებული, ვ–ლი 6 სექტემბრის დასკვნაში უთითებს, რომ მან გადაამოწმა ივლისის დასკვნა და წერს, რომ 12 ბინაში მიმდინარეობს სამუშაოები, დანარჩენი დასრულებულიაო. მხარემ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საწარმოს დირექტორის შეკითხვის პასუხად, ექსპერტმა აღიარა შეცდომა, რომ მისი დასკვნა სულ 8 ბინას ეხებოდა და, როგორც ჩანს, აქედან დაასკვნა სააპელაციო სასამართლომ, რომ დარჩა 4 ბინა. საწარმოს დირექტორმა მიუთითა საქმის მასალებში მოთავსებულ 1 სექტემბრის წერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ იმ 4 ბინაშიც დასრულებული იყო სამუშაოები და გაზიფიკაციის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, რაც მენარდეს არ უნდა გაეკეთებინა და ამას თავისი წესი აქვს (იხ. საკასაციო სასამართლოს 26.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:39:06-13:47:39).
21.5. საკასაციო სამართლაწარმოების ეტაპზე სასამართლოს არაერთი შეკითხვის პასუხად, თუ რა ადასტურებდა მენარდის მტკიცების მართებულობას იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი იყო საექსპერტო დასკვნები, მიმოწერები იმის თაობაზე, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად საჭირო იყო 235 890.10 ლარის ხარჯის გაწევა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.15.2 ქვეპუნქტი), მენარდემ მარტოოდენ საკუთარ ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, 1 სექტემბრის წერილზე და იმაზე მიუთითა, რომ სხვა მენარდეებთან შემკვეთის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით არ დასტურდებოდა ამ უკანასკნელის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებლობა. მეორე კასატორმა დაადასტურა, რომ პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე მას არ წარუდგენია შემკვეთის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის გამაქარწყლებელი სამართლებრივი წონადობის მტკიცებულება.
21.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საპირწონედ პროცესუალური მოწინააღმდეგე თავს იცავს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საკუთარი გაანგარიშებითა და შემკვეთის მიერ მესამე პირებთან (სხვა მენარდეებთან) დადებული ხელშეკრულებებით. საკასაციო სასამართლომ როგორც 28 თებერვლის, ისე 26 მარტის სხდომაზე მეორე კასატორს განუმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დაუშვებელია კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულების - საექსპერტო დასკვნის მიღება და საქმეზე დართვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის მართებულად განაწილების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს კვლევა შემკვეთის მიერ მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად არასწორია და ვერ აბათილებს პირველი კასატორის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის დასაბუთებულობას. ამის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შემკვეთის საკასაციო პრეტენზია მის სასარგებლოდ მენარდისათვის 235 890.10 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შემკვეთის შეგებებული სარჩელი და მისი პოზიცია საკასაციო სასამართლოს 28.02.2018წ. სხდომაზე - 14:24:49-დან).
21.7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე (სსკ-ის 629.1-ე მუხლი), შემკვეთმა მენარდეს მოსთხოვა ინფორმაციის წარდგენა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.12-3.12.6 ქვეპუნქტები; სსკ-ის 318-ე მუხლი: ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია), რომლის მიწოდებაც 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 7.1.3 პუნქტით მენარდეს ევალებოდა (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.5 ქვეპუნქტი). შემკვეთმა მენარდეს ისევ მიმართა წერილით, რომელსაც ერთვოდა საექსპერტო დასკვნა შესაბამისი გაანგარიშებით, მენარდის მიერ დაშვებული ხარვეზებისა და მათ გამოსასწორებლად საჭირო რეკომენდაციების მითითებით, დამატებითი ვადის განსაზღვრით ნაკლოვანებების გამოსასწორებლად (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.12.7-3.12.8 ქვეპუნქტები), რაც სავსებით აკმაყოფილებს მხარეთა შორის გაფორმებული 2007 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 8.2.2, 9.6, 10.1-10.3 პუნქტებით (იხ. ამ გადაწყვეტილების 3.6-3.8 ქვეპუნქტები) შეთანხმებულ პირობებს. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 639-ე (უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება; ნაკეთობის დამზადება ფართოდ უნდა განიმარტოს და მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების მიხედვით, ნივთობრივად უნაკლო სახით უნდა მომხდარიყო), 641-ე (ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა), 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643.1-ე (ნაკეთობის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 405-ე (დამატებითი ვადის დაწესება ვადის დარღვევისას), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო), 408.1-ე (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა) 409-ე პირვანდელი მდგომაროების აღდგენის შეუძლებლობა) მუხლები, შესაბამისად, უარყოფილია მეორე კასატორის (მენარდის) საკასაციო პრეტენზია მისთვის 122 625. 54 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრების თაობაზე.
22. პირველი კასატორის (შემკვეთის) შეგებებული სარჩელიდან გამომდინარე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.1-5.8 ქვეპუნქტები) სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შემკვეთის (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზია (იხ. ამ გადაწყვეტილების 11.2.7-11.2.11 ქვეპუნქტები), რომელიც უკავშირდება მის მოთხოვნას - მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი 750 212. 20 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაბრუნების თაობაზე (იხ. პირველი კასატორის პოზიცია საკასაციო სასამართლოს 28.02.2018წ. სხდომაზე, 14:35:38-დან).
23. შეგებებული მოსარჩელის (შემკვეთის) მოთხოვნა ამ ნაწილში სრულად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა, მენარდის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შედეგად, ამ ნაწილში მენარდის სასარგებლოდ შეიცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შემკვეთის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მის სასარგებლოდ, მენარდეს 425 626.66 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.6, ს.ფ. 333-335, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების 10.40-10.40.5 ქვეპუნქტები);
23.1. სადავო არაა, რომ შემკვეთმა მენარდეს ავანსად გადაურიცხა 3 281 928 აშშ დოლარი. „ა“ და „ბ“ კორპუსებზე შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენდა 5 984 480 აშშ დოლარს. საქმეში წარდგენილია სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 7 დეკემბრის დასკვნა (ტ.2, ს.ფ.175-179), რომლის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე მენარდის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 306 993.74 აშშ დოლარი, რაც 5 984 480.00 აშშ დოლარის 38, 55 %-ია; აღსანიშნავია, რომ პროექტირებისათვის მენარდემ გადაიხადა 224 722.06 აშშ დოლარი (რასაც გარკვეული სხვაობით, ანუ 213 198 აშშ დოლარის გადახდის შესახებ საკუთარ შესაგებელშიც უთითებს მენარდე - იხ. ტ.3, ს.ფ. 5). მოწინააღმდეგე მხარეს - მენარდეს არ წარუდგენია ამ თვალსაზრისით დასაბუთებული შედავება. საკასაციო სასამართლო, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებაზე - დამოუკიდებელი საექსპერტო კომპანიის (იხ. 3.12.7 ქვეპუნქტი) 2011 წლის 16 ივლისის # 11-07-01/002 დასკვნაზე, რომელშიც ქვემენარდის ხარჯების გაშიფვრისას (ფორმა # 2, პოზიცია 187) მითითებულია, რომ მენარდემ ჯერ თვითონ შეიძინა, ხოლო შემდეგ ქვემენარდეს გადასცა მასალები და მოწყობილობები; ქვემენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე, რომელზეც დარიცხულია ზედნადები და მოგება, მენარდემ ხელმეორედ დაარიცხა ზედნადები და მოგება და ასეთი დარიცხვით წარუდგინა შემკვეთს (იხ. ტ.2, ს.ფ. 36-64; იხ. ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ. 3, ს.ფ. 569-571). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ შემკვეთის მიერ მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დადგენის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მენარდესა და ქვემენარდეს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 1 კვ.მ-ზე გადახდილი 320 აშშ დოლარიდან მენარდის მოგება 1 კვ.მ-ზე შეადგენდა 100 აშშ დოლარს, ანუ შესრულებული სამუშაოების 31,25%-ს (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.6, ს.ფ.334-335);
23.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მენარდის მიერ მისაღები მოგება განცალკევებულად არ გამოიანგარიშება, აღნიშნული იმ საერთო ხარჯთაღრიცხვის ნაწილია, სადაც ყველა სხვა ხარჯია გაწერილი და ზოგადად განეკუთვნება ნარდობის საზღაურს (იხ. სსკ-ის 629.1-ე მუხლი). პირველმა კასატორმა განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად მენარდეს რაიმე მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად, მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის საპროცესო მოვალეობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი კასატორის (შემკვეთის) პრეტენზიას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2.6 -11.2.11 ქვეპუნქტები) ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი 750 212, 20 აშშ დოლარის ეკვივალენტის შემკვეთისათვის დაბრუნების ნაწილში და შეგებებული სარჩელის მოთხოვნას ამ ნაწილში სრულად აკმაყოფილებს.
24. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე კასატორის (მენარდის) პრეტენზია უკავშირდება მის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელსაც ხარვეზი არ გააჩნდა, ხოლო პირველი კასატორის (შემკვეთის) პრეტენზია ამ ნაწილში საკასაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა, აქვე უნდა განიმარტოს მეორე კასატორის (მენარდის) საკასაციო საჩივრის უარყოფის საფუძველი ამავე თანხასთან დაკავშირებით.
24.1. შემკვეთის მიერ ზედმეტად გადახდილი 750 212 აშშ დოლარიდან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მენარდისათვის დაკისრებული 425 625.66 აშშ დოლარის თაობაზე მეორე კასატორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა პროექტის ავტორის დასკვნა, ფორმა # 2-ებში ასახული გაანგარიშებები, შესაბამისად, მას საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა შემკვეთისათვის რაიმე თანხის დაბრუნება (იხ. მენარდის წარმომადგენლის პოზიცია საკასაციო სასამართლოს, 26.03.2018წ. სხდომაზე - 13:56:21-დან);
24.2.საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მენარდე საწარმოს დირექტორმა ა.ვ–ძემ მიუთითა, რომ ფორმა # 2 არის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი. მხარემ განმარტა, რომ დღგ-ის გადასახადი უკვე გადახდილი აქვს სახელმწიფოსათვის მენარდეს და სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლოა აღნიშნულ საკითხს ისევ სხვა სასამართლო დავა დასჭირდეს. საწარმოს დირექტორმა ისიც დაადასტურა, რომ მისთვის გასაგებია, რომ საჭიროა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა მტკიცებულების სახით, რაც მისი, როგორც მხარის, შეცდომაა. საწარმოს დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ფილის მზიდუნარიანობის შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3.1 - 11.3.5 ქვეპუნქტები) ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ 25.04.2012წ. დათარიღებულ დასკვნასა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 399-402) და საკუთარ გაანგარიშებებზე, კერძოდ, თუ რა უნდა ყოფილიყო პროექტის მიხედვით და როგორ შესრულდა. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნა ეხება ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ... მშენებარე მრავალსართულიანი კომპლექსის „ა“-2 ბლოკის +10.80 ნიშნულზე მდებარე რკინაბეტონის მონოლითური გადახურვის ფილის საინჟინრო-ტექნიკურ კვლევას, რომლის შედეგად ექსპერტმა დაასკვნა, რომ „ფილის მზიდუნარიანობა საიმედოა, ფილას არ სჭირდება გამაგრება და მით უმეტეს ის დემონტაჟს არ ექვემდებარება“ (იხ. ტ. 3, ს.ფ. 399). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული, თუ რა ოდენობის თანხას შეადგენს ე.წ. მზიდუნარიანი ფილა, რომელიც საიმედოა, არ საჭიროებს გამაგრებას და მით უმეტეს-დემონტაჟს, რაც შესაძლებელია, როგორც ფაქტობრივად უნაკლოდ შესრულებული სამუშაო, გამოხატული კონკრეტულ ფულად თანხაში, სადავო გაეხადა მენარდეს და გამოკლებოდა იმ თანხას, რომელსაც შემკვეთი ითხოვდა შეგებებული სარჩელით;
24.3. ამდენად, მენარდის საკასაციო პრეტენზია მისთვის 425 625.66 აშშ დოლარის უსაფუძვლოდ დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული, ხოლო შემკვეთის (პირველი კასატორის) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესახებ, რომელიც უკავშირდება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მენარდისათვის 750 212 აშშ დოლარის დაკისრებას, საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების 22-23.2 ქვეპუნქტებში.
25. პირველი კასატორის (შემკვეთის) პრეტენზია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.2.12 ქვეპუნქტი) ეხება მის მიერ გადახდილი 15 500 ლარიდან (რაც ექსპერტიზისათვის გადახდილი 15 000 ლარისა და 500 ლარისაგან შედგება) მხოლოდ 51,98 %-ის დაკისრებას მენარდისათვის, რაც შემკვეთის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის მოცულობის მიხედვით დაიანგარიშა სააპელაციო სასამართლომ. შემკვეთი ითხოვს ამ თანხის სრულად დაკისრებას მენარდისათვის იმ მოტივით, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნები სრულად გაიზიარა სასამართლომ და ეს დასკვნები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გახდა მენარდესთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
25.1.პირველი კასატორი (შემკვეთი) ითხოვს, რომ მისი შეგებებული სარჩელი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და მენარდეს მხოლოდ 8056.90 ლარის გადახდა დააკისრა შემკვეთის სასარგებლოდ, სრულად დაკმაყოფილდეს და მეორე კასატორს (მენარდეს) დაეკისროს დარჩენილი 7443.10 ლარის გადახდა;
25.2. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე კასატორი (მენარდე) თავისი საკასაციო პრეტენზიით სადავოდ ხდის მისთვის შემკვეთის (პირველი კასატორის) სასარგებლოდ დაკისრებულ 8056.90 ლარს, რაც ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი 15 500 ლარის ნაწილია და განმარტავს, რომ მას აღნიშნული თანხა საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი - ტ.6. ს.ფ.337; ასევე - წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3.12 ქვეპუნქტი) საკასაციო სასამართლო იმსჯელებს პირველი კასატორისა და მეორე კასატორის ამ პრეტენზიების შესახებ;
25.3. შემკვეთის (პირველი კასატორის) საკასაციო პრეტენზია მის სასარგებლოდ მენარდისათვის 15 500 ლარის სრულად დაკისრების თაობაზე არ არის გაზიარებული, ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მენარდის (მეორე კასატორის) საკასაციო განაცხადს ამ ნაწილში და აკმაყოფილებს მას. შემკვეთი თვითონვე უთითებს, რომ მან ეს ხარჯები გასწია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მენარდის მიერ შესასრულებლ სამუშაოთა შემოწმების მიზნით, რაც გახდა მენარდესთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემკვეთმა ექსპერტიზის დასკვნებისათვის 15 500 ლარი გადაიხადა და აღნიშნული მტკიცებულებები მენარდეს წარუდგინა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შემოწმების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს დასახელებული მტკიცებულებები არ წარუდგენია თავისი საპროცესო ვალდებულების - მტკიცების ტვირთის რეალიზაციის ფარგლებში და არ წარმოადგენს საპროცესო ხარჯს; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება შემკვეთის მტკიცებას, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მენარდის სამუშაოების შემოწმების პერიოდში გაწეული ხარჯები სასამართლო დავის ფარგლებში უნდა დაეკისროს მხარეს (მენარდეს) და ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს შემკვეთის საკასაციო პრეტენზიას (იხ. სსსკ-ის 37-ე და 53 -ე მუხლები), აქედან გამომდინარე, მეორე კასატორის (მენარდის) პრეტენზია მისთვის 8056.90 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრების ნაწილში გაზიარებულია და დაკმაყოფილდა.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს მენარდის (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზიას და სრულად აკმაყოფილებს მენარდის სასარჩელო მოთხოვნას მის სასარგებლოდ შემკვეთისათვის 780 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ცალსახად გამომდინარეობს 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტებიდან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2-2.3 ქვეპუნქტები). ზემოხსენებული შეთანხმების შინაარსის შესაფასებლად, საკასაციო სასამართლომ ასევე მოისმინა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის მთავარი სხდომის ოქმი (იხ. ტ.3, ს.ფ. - 428 CD დისკი, ოქმი - ს.ფ.429-441); კერძოდ, შემკვეთის მხრიდან საწარმოს ყოფილი დირექტორის - დ.ჩ–სა და მენარდის მხრიდან საწარმოს დირექტორის ბ.ჩ–ძის განმარტებები და დაასკვნა, რომ 2007 წლის 23 ოქტომბრის შეთანხმება არ ასახავს მხარეთა ნებას პირგასამტეხლოს თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით 23.10.2007 წ. ხელშეკრულების 1.4 და 1.5 ქვეპუნქტები (იხ.ტ.1, ს.ფ.29-30; „1.4. შპს „ბ.ს.ი–ი“ კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს „შემსრულებელს“, შპს „მ–“-ს სამშენებლო სამუშაოების ვადის გაზრდით მიყენებული ზიანი ერთჯერადად 780 000 (შვიდას ოთხმოცი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. 1.5. შპს „მ–“-სთვის ამ შეთანხმების 1.4 პუნქტით აღიარებული ზიანის ანაზღაურების გადახდა შპს „ბ.ს.ი–ი“-ს მიერ მოხდეს ეტაპობრივად 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე“). ასახავს მხარეთა შეთანხმებას (სსკ-ის 319-ე მუხლი) იმის თაობაზე, რომ მენარდის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების ვადის 33 თვით გახანგრძლივებით, ამ უკანასკნელს შემკვეთი (მისი წინამორბედი საწარმო) ერთჯერადი კომპენსაციის სახით გადაუხდიდა 780 000 აშშ დოლარს, ეტაპობრივად, 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 1 აპრილამდე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ამ ნაწილში სრულად გაიზიარა მენარდის საკასაციო პრეტენზია და სრულად დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი მენარდის სასარგებლოდ შემკვეთისათვის 780 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პირველი კასატორის (შემკვეთის) საკასაციო მოთხოვნა მისთვის 496 396.66 აშშ დოლარის არასწორად დაკისრების თაობაზე.
28. მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიღებულ საოქმო განჩინებებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 11.3.13 ქვეპუნქტი), საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებშია ასახული, კერძოდ:
28.1. სააპელაციო სასამართლოს 14.01.2015 წ. საოქმო განჩინებას მენარდის (მეორე კასატორის) შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მხარეთა მიერ მასალების წარდგენის ვალდებულება არ შეასრულა მენარდემ, რომელიც სადავოდ ხდიდა შემკვეთის მოთხოვნას (დაფუძნებულს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს # 024253-211/03/1 დასკვნაზე), მენარდისათვის გადახდილი 750 212.20 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე მენარდის მოთხოვნით ორჯერ დაინიშნა ექსპერტიზა და ორჯერვე შეუსრულებელი სახით დაბრუნდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 169.1-ე მუხლზე რომლის თანახმად: ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი;
28.2. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებას, შემკვეთის (პირველი კასატორის) შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, საფუძვლად დაედო სსსკ-ის 380-ე და 215-ე მუხლების დანაწესი და საქმეს დაერთო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 ნოემბრის დასკვნა. გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი;
28.3. სააპელაციო სასამართლოს 04.12.2015 წ. საოქმო განჩინებას მენარდის (მეორე კასატორის) შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე საფუძვლად დაედო სსსკ-ის 380-ე და 104.1-ე მუხლების დანაწესი. გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი;
29. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. მხარეები, რომლებიც არ ასრულებენ საპროცესო ვალდებულებებს თვითონვე ხდებიან იმ სამართლებრივი რისკების მატარებელი, რაც სასამართლოს მიერ მხარეთა თანასწორობისა და დისპოზიციურობის საფუძველზე, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარდგენილი მტკიცებულებების შეჯერება-გაანალიზების შედეგად სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტას უკავშირდება.
30. მეორე კასატორის (მენარდის) საკასაციო პრეტენზია შემკვეთის საადვოკატო მომსახურების ხარჯების არამართებულად დაკისრებაზე ნაწილობრივ არის გაზიარებული და შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის, 4%-ის პროპორციულად დაეკისრა თავდაპირველ მოსარჩელეს (მენარდეს) პირველი კასატორის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული გასამრჯელოს ანაზღაურება, რაც 9 435.60 ლარს შეადგენს;
31. საკასაციო სასამართლო შემკვეთისა (პირველი კასატორის) და მენარდის (მეორე კასატორის) ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნების, რაც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1 და 5.1 ქვეპუნქტებში მითითებული თანხების გაქვითვის გზით, მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს აკისრებს 29 787.80 აშშ დოლარის ანაზღაურებას (სსკ-ის 442-ე და შემდგომი მუხლები);
32. უცვლელად რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი, ხოლო რაც შეეხება საპროცესო ხარჯებს, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადანაწილება მოხდა თითოეული კასატორის დაკმაყოფილებული საკასაციო განაცხადის ნაწილის პროპორციულად, რაც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 410-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „მ–ს’ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 2,3,4,5,6,7,8,9,11,12,13 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
4. შპს „მ–’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4.1. შპს „მ–“-ს სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“ დაეკისროს 780 000 აშშ დოლარის (შვიდას ოთხმოცი ათასი) გადახდა;
4.2. არ დაკმაყოფილდეს შპს „მ-ს“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის, 24 ივნისისა და 4 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ;
5. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5.1. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ–ს“ დაეკისროს 750 212.20 აშშ დოლარის (შვიდას ორმოცდაათი ათას ორას თორმეტი აშშ დოლარისა და ოცი ცენტის) გადახდა;
5.2. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ–ს“ დაეკისროს 235 890.10 ლარის (ორას ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაათი ლარისა და ათი თეთრის) გადახდა;
5.3. შპს „მ.დ–ის“ შეგებებული სარჩელი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის, 500 (ხუთასი) ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი;
7. შპს „მ–ისა“ და შპს „მ.დ–თვის“ ერთმანეთის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნების, რაც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 4.1. და 5.1. ქვეპუნქტებში, გაქვითვის გზით, შპს „მ–ს“ სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“ დაეკისროს 29 787.80 აშშ დოლარის (ოცდაცხრა ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი აშშ დოლარისა და ოთხმოცი ცენტის) გადახდა;
8. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად შპს „მ-ს“ დაეკისროს 9 435.60 ლარის (ცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი ათასი ლარისა და სამოცი თეთრის) გადახდა;
9. შპს „მ-ს“ სასარგებლოდ შპს „მ.დ–ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისროს 3574.53 აშშ დოლარის (სამი ათას ხუთას სამოცდათოთხმეტი აშშ დოლარისა და ორმოცდაცამეტი ცენტის) ეკვივალენტი ლარის გადახდა;
10. შპს „მ.დ–ის“ სასარგებლოდ შპს „მ-ს“, სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისროს 28 306.81 ლარის (ოცდარვა ათას სამას ექვსი ლარისა და ოთხმოცდაერთი თეთრის) გადახდა;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე