№ას-881-18 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – რ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ნ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უძრავი ნივთის ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- ნ.ბ–ს (შემდეგში: მოსარჩელის, შეგებებული სარჩელის მოპასუხის) სარჩელი რ.შ–ძის (შემდეგში: მოპასუხის, შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მიმართ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 29 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;
- შეგებებული სარჩელი უძრავი ნივთის ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შეგებებული სარჩელის ავტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 350 აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, 2018 წლის 18 ივლისს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს (იხ. აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 19 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 23 ივლისს, ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 23 ივლისს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე