საქმე №ას-287-287-2018 5 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს "ლ.ბ." (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ.გ.
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ჯ–ძე, მ.გ–ძე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ნ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ურავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ლ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოსარჩელე, კასატორი, ბანკი ან კრედიტორი) და ა.ჯ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი ან მსესხებელი) შორის 2011 წლის 4 ოქტომბერს, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 4400 ლარი 48 თვით, 2015 წლის 2 ოქტომბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 22%-ის დარიცხვით.
2. 2013 წლის 2 მაისის მდგომარეობით, პირველი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული სესხის დავალიანება 3091.57 ლარს შეადგენდა.
3. 2013 წლის 28 მაისს ბანკმა მსესხებელს ანგარიშიდან ჩამოაჭრა 2055.69 ლარი, რომელიც პირველი საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების დასაფარად მიმართა.
4. 2013 წლის 28 მაისიდან 2015 წლის 6 აგვისტომდე მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 225.61 ლარი, შესაბამისად, 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი დავალიანება მთლიანობაში 810.27 ლარს შეადგენდა.
5. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს დაიდო სესხის რეფინანსირების №.. საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც რეფინანსირების ხელშეკრულება ან მეორე საკრედიტო ხელშეკრულება) 4520 ლარზე, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 60 თვე, ხოლო კრედიტის მიზანს წარმოადგენდა მსესხებლის სახელზე ბანკში არსებული სხვა სესხის გადაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,5 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. მეორე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მ.გ–ძესთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სოლიდარული თავდები) გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. ამასთან, იპოთეკით დაიტვირთა ძირითადი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქ. საჩხერეში, .... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი ან უძრავი ქონება). ამ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსესხებელმა ბანკს მხოლოდ 153 ლარი გადაუხადა.
7. 2017 წლის 14 თებერვალს, ძირითადმა მოსარჩელემ (ბანკმა) სარჩელი აღძრა ძირითადი მოვალისა და სოლიდარული თავდების წინააღმდეგ, 4829.35 ლარის ანაზღაურებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან 2016 წლის 25 აპრილიდან შეწყვიტა სესხის გადახდა. 2016 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ამ უკანასკნელის დავალიანება 4829.35 ლარს შეადგენდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 4102.17 ლარი, პროცენტი 468.43 ლარი, ჯარიმა კი, 258.75 ლარი იყო. ამდენად, მსესხებელსა და თავდებს სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდათ არსებული დავალიანების ანაზღაურება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
8. მსესხებელმა სარჩელი არ ცნო. მან დაუსაბუთებელი (არაკვალიფიციური) შესაგებელი წარადგინა, ხოლო მოგვიანებით, შეგებებული სარჩელი აღძრა და ძირითადი მოსარჩელისათვის (ბანკისთვის) 4075 ლარის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც 2055 ლარი პირველ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ზედმეტად გადახდილი თანხა, ხოლო 2020 ლარი მსესხებლის მიერ ანაზღაურებული 2055 ლარის გადახდის ჩაუთვლელობიდან წარმოშობილი ზიანის ოდენობა იყო. ის ამტკიცებდა, რომ კრედიტის დასაფარად განსაზღვრულ თანხას ყოველთვიურად კეთილსინდისიერად იხდიდა. მან 2011 წლიდან - 2015 წლის 6 აგვისტომდე ეტაპობრივად გადაიხადა 4793 ლარი. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მეორე საკრედიტო ხელშეკრულება მასთან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაიდო.
9. მოსარჩელემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2055.69 ლარი მიემართა არა პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების, არამედ მსესხებლის მიერ 2013 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში ბანკისაგან მიღებული სესხის - 5200 ლარის დასაფარად, ხოლო დარჩენილი სესხი - 2724.88 ლარი, ანაზღაურდა მხარეებს შორის 2015 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხით.
10. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს კრედიტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად 4829.35 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მსესხებლის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 50-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 623-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე, 427-ე, 400-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 286.1, 287-ე, 301-ე, 85-ე, 86-ე მუხლები, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენა.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მსესხებლისა და სოლიდარული თავდებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბანკის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მსესხებელსა და სოლიდარულ თავდებს ბანკის სასარგებლოდ, სესხის ძირითადი თანხის 657,27 ლარის, საპროცენტო სარგებლის - 87,63 ლარისა და პირგასამტეხლოს 100 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისრათ; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, გარდა პირველი (2011 წლის 4 ოქტომბრის № 31 565 ხელშეკრულება) და მეორე (2015 წლის 6 აგვისტოს №33 746 ხელშეკრულება) ხელშეკრულებებისა, მხარეთა შორის არსებული სხვა ხელშეკრულების არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა. ამდენად, მოსარჩელის ანგარიშიდან 2013 წლის 28 მაისს ჩამოჭრილი 2055.69 ლარი 2011 წლის 4 ოქტომბრის სესხის დავალიანების დაფარვას მოხმარდა;
12.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტით გადაიფარა მითითებული პერიოდისათვის პირველი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება. პალატამ მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდების საფუძველზე, განსაზღვრა რომ 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, სესხის დავალიანება 810.27 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ რეფინანსირების ხელშეკრულებაც 810.27 ლარზე დაიდო. ამასთან, ვინაიდან 2015 წლის 6 აგვისტოს შემდგომ მოსარჩელემ მხოლოდ 153 ლარი გადაიხადა, სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 657.27 ლარით უნდა განსაზღვრულიყო და აღნიშნულ თანხას უნდა დარიცხვოდა 8 თვის საპროცენტო სარგებელი - 87.63 ლარი, ასევე, პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ბათილად არ ცნო მეორე საკრედიტო ხელშეკრულება, პალატა არ იყო უფლებამოსილი მიეჩნია, რომ ხსენებული ხელშეკრულება დაიდო არა 4520 ლარზე, არამედ სხვა თანხაზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და თავად დაადგინა, თუ რა თანხაზე უნდა გაფორმებულიყო კრედიტის ხელშეკრულება. ამასთან, მან არასწორად დაადგინა, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით მცირდებოდა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა;
13.2. სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და იმსჯელა 2015 წლამდე არსებულ ხელშეკრულებებზე, რაც არ იყო დაკავშირებული მეორე საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევასთან;
13.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2055.69 ლარით დაიფარა 2013 წლის 15 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების ნაწილი;
13.4. გაურკვეველია თუ რა პრინციპით მიიჩნია სააპელაციო პალატამ დადგენილად, რომ 2013 წლის 23 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება ბანკის მიმართ 3091.57 ლარს შეადგენდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
17. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საკრედიტო დავალიანების, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) და 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) მუხლები.
18. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი, სახელდობრ :
18.1. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის პირველი და მეორე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების გარდა სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების დადების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
შესაბამისად, იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ მეორე ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეებს შორის მანამდე არსებული კრედიტის რეფინანსირების ხელშეკრულებას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამ უკანასკნელით განხორციელდა პირველი ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაცია.
18.2. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის სადებიტო ანგარიშიდან ჩამოჭრილი 2055,69 ლარით პირველი საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანება დაიფარა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ სხვა გადახდების გათვალისწინებით, რეფინანსირების ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოპასუხის საკრედიტო დავალიანება მხოლოდ 810,27 ლარს შეადგენდა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა, რომ მეორე საკრედიტო ხელშეკრულებით განხორციელდა ბანკის მიმართ მოპასუხის მანამდე არსებული საკრედიტო დავალიანების რეფინანსირება და მსესხებელს ხელზე თანხა არ მიუღია, ხოლო დარჩენილი დავალიანება 810,27 ლარი იყო, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა მეორე საკრედიტო ხელშეკრულება მითითებულ თანხაზე დადებულად.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მეორე საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შედგენილი იმ წესების დაცვით, რომელსაც ავალდებულებს ბანკს არა მხოლოდ კანონი, არამედ კანონქვემდებარე აქტები. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის, 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების პირობებს განსაზღვრავდა ბანკი, პალატის მოსაზრებით, მას აღნიშნული კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა განეხორციელებინა.
„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის # 35/04 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბანკმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საბანკო მომსახურების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში, მეორე ხელშეკრულება არ შეიცავს საკრედიტო ხელშეკრულებისათვის აუცილებელ ყველა არსებით პირობას, მასში გარდა ზოგადი მითითებისა, რომ კრედიტის მიზნობრიობას სხვა სესხის რეფინანსირება წარმოადგენს, არ არის ასახული ის აუცილებელი ინფორმაცია, რის შეტანასაც ბანკს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი ავალდებულებს, კერძოდ, მასში ასახული არ არის კონკრეტულად თუ რომელი სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა და რა სახის კომპონენტებისგან შედგებოდა ის. კერძოდ, რა ოდენობით იყო რეფინანსირებული სესხის ძირითადი დავალიანება, სარგებელი ან პირგასამტეხლო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებული ინფორმაციის რეფინანსირების ხელშეკრულების თავსართში ასახვა ბანკის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა, რომლის შეუსრულებლობითაც ამ უკანასკნელმა დაარღვია მსესხებლის ინფორმირებულობის ვალდებულება.
20. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ლ.ბ–ს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი