Facebook Twitter

საქმე №ას-1105-1025-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ჭ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“, პ. ნ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზოგადოებიდან გასვლა, წილის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ჭ-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ისა“ (შემდგომში – მოპასუხე შპს) და პ. ნ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის პარტნიორული ურთიერთობის მოშლისა და მოსარჩელისათვის პარტნიორობიდან გასვლის უფლების მიცემის, ამავდროულად, პარტნიორობიდან გასვლის სანაცვლოდ, კუთვნილი წილის ფულადი კომპენსაციის – 1272865,14 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე საზოგადოების პარტნიორები იყვნენ თავად მოსარჩელე 49% წილით და მოპასუხე – 49% წილით და ქ. რ-ე (შემდგომში – პარტნიორი) – 2% წილით. საზოგადოების მართვის ორგანოებს წარმოადგენდა საერთო კრება და დირექტორი. გამონაკლისების გარდა, კრების მიერ გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე ხმების უმრავლესობით.

3. 2013 წლის დეკემბერში საზოგადოების პარტნიორები შეთანხმდნენ 2014 წლის 15თებერვლიდან არსებული წილების შესაბამისად გაეყოთ საზოგადოების ქონება და საქმიანობა. აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, 2014 წლის 4 ივნისიდან მოპასუხეები სისტემატურად და ურთიერთშეთანხმებით იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს და ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება და ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხე შპს-ს დირექტორმა, რომელიც ამავდროულად მოსარჩელეა მოცემულ საქმეზე, სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი – 1000 ლარის გადახდა, რაც როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ (იურიდიული მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში) გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის – 5 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი.

7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 16 მაისს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი.

9. 2017 წლის 16 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 241-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი ამომწურავი არ არის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

12. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმავე დღეს 14:00 საათზე ჰქონდა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ჩანიშნული იყო 2017 წლის 3 მარტის სხდომაზე. მართალია, მხარის მეორე წარმომადგენელსაც ჰქონდა მინდობილობა, მაგრამ იგი მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენს სისხლის სამართლის დავებზე, რაც შეეხება, სამოქალაქო დავებს, მას აწარმოებს სხვა ადვოკატი, შესაბამისად, მეორე წარმომადგენელი არ ფლობდა სრულ ინფორმაციას არსებულ დავასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, არსებობდა საპატიო მიზეზი, რის გამოც იგი ვერ გამოცხადდა სხდომაზე.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, სასამართლომ მიიჩნიოს პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ კანონის ამ ნორმის დანაწესით, საპატიო მიზეზის არსებობის დასაბუთების მოთხოვნა ვრცელდება არა მხოლოდ სხდომაზე გამოუცხადებლობაზე, არამედ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობაზეც. მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ვერ ცხადდება სასამართლოში. აღნიშნული ქმედების განუხორციებლობის შემთხვევაში მან უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ ვერ შეძლო, დროულად საქმის გადადების თაობაზე სასამართლოსადმი განცხადებით მიმართვა. მსგავსი მოქმედების განხორციელებით, იზოგება როგორც მხარეთა ასევე, სასამართლოს რესურსი და იგი ზედმეტი მოქმდების განხორციელებისაგან იცავს სასამართლოს.

14. მოცემულ შემთხვევაში მხარემ სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ერთ-ერთი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებით ისე, რომ მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე სასამართლოსათვის არაფერი არ უცნობებია. სასამართლომ, რომლისთვისაც უცნობი იყო მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზი, მეორე მხარის მოთხოვნით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (თვითონ გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს იმის შესახებ, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას სასამართლო უარს ამბობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.

16. მოცემულ შემთხვევაში მხარემ მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიობაზე მიუთითა მხოლოდ საჩივრის ფარგლებში ისე, რომ არ დაუსაბუთებია აღნიშნული გარემოებების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოდგენილ განცხადებაში მასზე მითითების შეუძლებლობის დამადასტურებელ მიზეზებზე და არც შესაბამისი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება მხარის მიერ მითითებული არც ის გარემოება, რომ საზოგადოების მეორე წარმომადგენელი სამოქალაქო დავის განხილვისას მონაწილეობას არ იღებდა, რადგან იგი ძირითადად გამოდიოდა სისხლის სამართლის საქმეებზე. საქმეში წარმოდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი ესწრებოდა ყველა სხდომას და მონაწილეობასაც იღებდა მის მსვლელობაში (იხ. სხდომის ოქმები).

17. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო მთლიანად დამოკიდებულია მხარის სურვილზე, გადადოს სხდომა, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი. იმ პირობებში, როდესაც მხარე წარმოდგენილია არაერთი წარმომადგენლით და სხდომაზე არ ცხადდება არცერთი მათგანი, ასევე, მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში საუბარი საერთოდ არ არის მეორე წარმომადგელის გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, შეუძლებელია, სასამართლომ არ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ გამოცხადებულ მხარეს მსგავსი მოთხოვნა გააჩნია.

18. სააპელაციო პალატამ ასევე, მიიჩნია, რომ შუძლებელია გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მხარემ არ იზრუნა, თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი შედეგი, იმ პირობებში, როდესაც იგი გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე.

19. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მომჩივანს ეკისრება იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე.

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღიქმება, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რომლის დროსაც მხარის მიერ უგულებელყოფილია სასამართლოს დროის რესურსი და მართლმსაჯულების დროული განხორციელების მიზნები, რაც თავისთავში გულისხმობს, სასამართლოს მიერ მინიმალური საპროცესო მექანიზმების დაზოგვასა და რიგი პროცედურების თავიდან აცილებას, რაც უკავშირდება მხარეთა ფუნდამენტური უფლების დაცვას – მართლმსაჯულების დროულ და სწრაფ განხორცილებას. სწორედ მხარის დავალდებულება, რომ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით, წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას, რომლითაც აცილებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იმ დროის რესურსისა თუ საპროცესო მექანიზმების დაზოგვა, რაც მხარის ბრალით იქნა გამოწვეული.

21. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების მიერ ვერ იქნა დადასტურებული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (სასამართლო უწყება, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ ცნობა, სასამართლო სხდომები) სასამართლოს სხდომის დაწყებამდე წარმოდგენის შეუძლებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლოა არ არსებულიყო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, რითაც დაიზოგებოდა სასამართლოს დროის რესურსი და უზრუნველყოფილი იქნებოდა მხარის სწრაფი მართლმსაჯულების უფლების განხორციელება.

22. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არსებობს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა – მისთვის სასამართლო შეტყობინების საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წინაპირობები, რის გამოც არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლო უწყება ჩაიბარა მოსარჩელე ფიზიკური პირის ადვოკატმა, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სასამართლო უწყება გაეგზავნა მოსარჩელეს, როგორც მოპასუხე შპს-ს დირექტორს. შესაბამისად, მოპასუხე შპს კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა.

25. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სადავო სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აცნობა, რომ ვერც თავად და ვერც მისი წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ გამოცხადებას საქმის განხილვაზე. თავად მოსარჩელე მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში 2017 წლის 16 მაისს, 14 საათზე დანიშნულ საქმეში მოსარჩელის, მოპასუხისა და მოპასუხე შპს-ს შორის. აღნიშნული საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 7 მარტს. ამავდროულად, მხარებს შორის სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვა სხვა სამოქალაქო საქმეზე იმავე დღეს დანიშნული იყო 10:00 საათზე. მითითებულ საქმეზე კასატორმა აცნობა მოპასუხეს, რომ იშუამდგომლებდნენ სასამართლოს წინაშე საქმის გადადების შესახებ 14:00 საათზე დანიშნული სხდომის გამო გამოცხადების შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

26. კასატორის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ იყო წარდგენილი სასამართლო უწყება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დღეს 14:00 საათზე სხვა საქმის ჩანიშვნის შესახებ. აღნიშნული უწყება მხარემ წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივართან ერთად და დაურთო სასამართლო სხდომის ოქმიც, საიდანაც დასტურდება, რომ სხდომა დასრულდა 15:00 საათზე. მოსარჩელე რომ აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულიყო, მოპასუხე შპს სხდომაზე წარმოდგენილი ვერ იქნებოდა. მოსარჩელის მაღალი ინტერესის გამო, ამ დავის მიმართ, მას არ სურდა მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით მონაწილეობა საქმის განხილვაში და არჩევდა უშუალოდ დასწრებას პროცესზე. მოსარჩელემ ერთ-ერთი თავისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დასადასტურებლად წარადგინა სსიპ „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ მიერ გაცემული ცნობა და აღნიშნა, რომ მითითებული წარმომადგენელი აღნიშნული ასოციაციის დამფუძნებელი და წევრია. სხდომის დღეს იგი მონაწილეობდა ასოციასიის პროექტში „ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაშის“ ფარგლებში დაგეგმილ საგადასახდო სამართლის ექსპერტთა შეხვედრაში. აღნიშნული წარმომადგენელი მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ძირითადად სისხლის სამართლის დავებზე, თუმცა ზემოთ დასახელებული საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში იგი უთუოდ გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოში და დაიცავდა მარწმუნებლის ინტერესებს.

27. კასატორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო დავებს აწარმოებდა მისი მეორე წარმომადგენელი, რომელიც ხელს აწერს სააპელაციო საჩივარს.

28. მხარის მოსაზრებით, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა მხარის გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სამართალწარმოების კონსტიტუციური პრინციპის – დისპოზიციურობის დაცვა და მისცეს მხარეს საქმეში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუნდაც მას ეჭვი ეპარებოდეს მხარის გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიობაში.

29. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზეც, რომ ადვოკატებმა უპატივისმცემლობა გამოიჩინეს სასამართლოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატას შეეძლო, მიემართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის რეაგირებისათვის. ადვოკატი მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირია და არა მხარე, შესაბამისად, ადვოკატის შეცდომის ან დაუდევრობის გამო (ასეთის არსებობის პირობებში) არ უნდა მოხდეს მხარის დასჯა, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი თვისობრივად დასჯის მექანიზმი არ არის.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

31. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

33. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი).

35. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

36. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე.

37. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

38. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოცემული დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2018 წლის 16 მაისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ სასამართლო უწყება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელიც ხელს აწერდა სააპელაციო საჩივარს და ჩაბარდა ადრესატს (ორგანიზაციის წარმომადგენელს) 2018 წლის 20 აპრილს. ასევე, უწყება ორჯერ გაეგზავნა მოპასუხე შპს-ს როგორც მის მიერ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, ისე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში (რომელიც იმთავითვე აღნიშნული საზოგადოების დირექტორია) მითითებულ მისამართზე, თუმცა კონვერტები დაბრუნდა ჩაუბარებლად ადრესატის ადგილზე არყოფნის მოტივით.

39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე აპელანტისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება სადავოდ არ გამხდარა, რაც შეეხება მოპასუხე შპს-ს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხე საზოგადოებას სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ მიუღია, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დანაწესებს.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომში – სსსკ) ადგენს მხარისათვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარების წესსა და პირობებს. აღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

41. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს-სათვის სასამართლო უწყების მხარის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაგზავნა აღნიშნული მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებას უთანაბრდება. შესაბამისად, კასატორის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

42. აქვე აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოსარჩელის და არა მოპასუხე შპს-ს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

43. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების გამოუცხადებლობა საქმის განხილვაზე გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

44. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

45. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

46. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

47. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან საქმის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობა სააპელაციო სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, თუმცა სააპელაციო პალატამ მაინც მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

48. ფაქტობრივად, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 28 მარტის განცხადება, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იგი მიუთითებს, რომ მონაწილეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 16 მაისს, 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაში. წარმომადგენელს არ მიუთითებია არც მოსარჩელის და არც მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზებზე. მას არ დაურთავს საქალაქო სასამართლოში მისი დაბარების დამადასტურებელი უწყება, რომლის დროულად, საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობის აღძვრისას მოპოვება და წარმოდგენა ადვოკატისათვის რაიმე გადაულახავ ძალისხმევას არ საჭიროებდა. აღნიშნული უწყება წარმომადგენელმა დაურთო მხოლოდ საჩივრის წარდგენის ეტაპზე. სააპელაციო სასამართლომ კი საქმის გადადების შუამდგომლობაზე იმსჯელა მისი წარდგენისას.

49. საკასაციო სასამართლო პროცესზე საპატიოდ ვერ შეაფასებს ვერც მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობას.

50. უპირველესად, როგორც უკვე აღინიშნა, არც თავად მოსარჩელეს და არც მეორე წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოსათვის თავისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ წინასწარ არ უცნობებია და ამ კუთხით სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ 2017 წლის 28 მარტის განცხადება ეხებოდა ორივე ადვოკატის გამოუცხადებლობას, რადგან ისინი ერთობლივად იცავდნენ მარწმუნებლის ინტერესებს.

51. ზემოთ დასახელებულ განცხადებაში საერთოდ არაფერია ნათქვამი მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობასა და აღნიშნულის მიზეზებზე. არც რაიმე მტკიცებულება ერთვოდა ამ შეხვედრის დანიშვნისა და წარმომადგენლის მასში მონაწილეობის თაობაზე.

52. სააპელაციო სასამართლოსათვის მხარის შუამდგომლობის განხილვისას ასევე არ იყო ცნობილი, რომ მოსარჩელეც მონაწილეობდა სხვა სასამართლო პროცესში.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

54. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.

55. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან მხარემ აღნიშნულისათვის საპატიო მიზეზის არსებობაზე ვერ მიუთითა.

56. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თავად მოსარჩელე პროცესზე პირადად არ გამოცხადდა, რადგან აუცილებლად საჭიროებდა ადვოკატის დახმარებას. მხარეს შეეძლო, გამოცხადებულიყო და უშუალოდ ეშუამდგომლა აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის გადადების შესახებ.

57. დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მოსარჩელე აპელანტს სრულიად გონივრული ვადა მიეცა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, მათ შორის, ადვოკატის მეშვეობით საკუთარი ინტერესების დასაცავად (სუსგ 5.05.2017წ. საქმე №ას-420-393-2017).

58. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტს, რომ მხარის წარმომადგენლის მიერ რაიმე საპროცესო მოქმედების არაკეთილსინდისიერად შეუსრულებლობა მხარის მიმართ არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ უნდა იყო. წარმომადგენლისათვის თავისი კანონიერი ინტერსების დაცვის მინდობისას სწორედ მხარე კისრულობს იმ რისკს, რაც წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს შეიძლება მოჰყვეს.

59. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა კასატორმა ვერ დაადასტურა.

60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში კასატორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გადავდებული სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორ თ. ჭ-ას (პირადი №--) დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი