Facebook Twitter

საქმე №ას-923-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ–ი, მ. გ–ი, პ. გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. გ–მა, მ. გ–მა და პ. გ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 17 987, 38 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, თანასაკუთრებაში გააჩნიათ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. 50 მეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. გვირაბში გამუდმებით მიმდინარეობს ინტენსიური აფეთქებები, რა დროსაც ირღვევა ტექნოლოგიური პირობები. შედეგად სოფელში დაზიანდა უძრავი ქონება, მათ შორის, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლები.

3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსათვის” მოსარჩელეთა მიმართვის შედეგად შემოწმდა მათი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები. 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №-- დასკვნის მიხედვით, „ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია, მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრეების განცხადებით, სოფელში მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და დიდი სიხშირით, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე, მეზობლად მდებარე შენობებში აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები.

4. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს შეიძლება დავასკვნათ, რომ სოფელში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად.

5. ამრიგად, სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ამ ეტაპზე მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია, ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები. ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით".

6. ინდივიდუალური მეწარმის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 17 987 ლარი და 38 თეთრი.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო აფეთქებითი სამუშაოები წარმოებდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. მათი სახლი ექსპერტის დასკვნაში ჩამოთვლილ იმ იმ სახლთა სიაში ვერ მოხდვა, რომელთაც აფეთქების შედეგად შესაძლებელია რაიმე ზიანი მიდგომოდათ.

8. მოპასუხე არ დაეთანხმა ინდივიდუალური მეწარმის მიერ შედგენილ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომლითაც, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია შპალერისა და ქაღალდის დემონტაჟი შიდა კედლებიდან და ჭერიდან. ასევე არასწორია მითითებული ხარჯთაღრიცხვაც. იგი მეტისმეტად და უსაფუძვლოდ გაზრდილია.

9. მოპასუხის განმარტებით, სარჩელიდან ირკვევა, რომ გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 17 987, 38 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 11 000 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 440 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018) ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018 ).

13. სააპელაციო სასამართლომ მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული №-- დასკვნა.

14. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის სახით 17 987 ლარის და 38 თეთრის დაკისრება, რადგან მოპასუხის ქმედებების შედეგად მოსარჩელეების სახლი დაზიანდა, შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მათ ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა, მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ბრალეულობა სადავო უძრავი ქონების დაზიანებაში არ იკვეთება. მან სადავოდ გახადა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა.

15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 20 ივნისს დასკვნაზე, კერძოდ: ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს ...... ამდენად, თუ გავითვალისწინებთ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების და, ასევე, სოფელში მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს და თავისებურებებს, სადავო დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად.

17. მოპასუხის მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ იქნა კომპანია „ექსორიქსის“ მიერ გაცემული დასკვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დასკვნის შინაარსის თანახმად, იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მოსაზრება, რომ დახრილი წერტილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და სახლს შორის არის 242 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 238 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე“ ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობება არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და ა.შ.

18. სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

19. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ განპირობებულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით, ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი უნდა შეფასდეს აქედან გამომდინარე 11 000 ლარად. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზიანებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 11 000 ლარის გადახდა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისთვის მიყენებული ზიანი 17 987,38 ლარი, სრულად მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის მხოლოდ ნაწილობრივი, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შინაგანი რწმენისა და კანონის შესაბამისად. რადგან განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება კონკრეტულად მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ზუსტი ოდენობა, სასამართლო შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თანხა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 11 000 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და არსებობს მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დასაბუთებულია პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სსკ-ის 128-ე მუხლისა და 1008-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომელ წლებში დაზიანდა სახლი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ აფეთქებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს ან/და რომელ წელს დასრულდა. ამდენად, არ არსებობს არც ხანდაზმულობის ვადის ათვლისა და აღნიშნული საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.

22. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი და სააპელაციო საჩივრი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს . ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობა მსგავს საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).

23. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში – 330 ლარის, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილში 440 ლარის ანაზღაურება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რის საფუძველზე დააკისრა სააპელაციო პალატამ მოპასუხეს თანხის გადახდა.

26. ექსპერტიზის 2017 წლის 20 ივნისის დასკვნა შედგენილია სსსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილს, სავარაუდო ხასიათისაა, ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებისა და მობინადრეთა განმარტებას. ექსპერტის მითითებით, სამუშაოების დაწყებამდე მიზანშეწონილი იყო, მიმდებარე შენობების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგის ჩატარება. მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია კასატორისაგან ინფორმაცია, ამდენად, გაურკვეველია რატომ დაადგინა ექსპერტმა, რომ ასეთი მონიტორინგი არ განხორციელებულა. ექსპერტს ისიც არ გამოუკვლევია, რა მანძილზე მდებარეობს მოსარჩელეების სახლი აფეთქებების ტერიტორიიდან, არ შეუმოწმებია აფეთქებების სიმძლავრე. ფაქტობრივად, კასატორის დაკვეთით კომპანია „ექსორიქსმა“ აწარმოვა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი, თუმცა აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზას საერთოდ არ გამოუყენებია.

27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ჩათვალა, რომ აღნიშნული დოკუმენტით მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არ გამოკვლეულა მაშინ, როცა კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნა გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას მოსარჩელეთა სახლის დაზიანებაში.

28. სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მოპასუხის მიერ ასევე მტკიცებულების სახით წარდგენილ ამავე კომპანიის მიერ 2017 წლის 23 სექტემბრის 0717.1.013 დასკვნას, რომლის თანახმად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სადავო სოფელში მშენებარე 9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და სახლს შორის 242 მეტრია, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი – 238 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. სახლი მდებარეობს ზემოქმედების ზონის გარეთ, მის მიმართ არ დაფიქრებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი, აქედან გამომადინარე, ადაპტირებული სპეციფიკასიისა და სტანდარტების გათვალისწინებით მოსარჩელის სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებით სამუშაოების შედეგად. აღნიშნული დასკვნიდან სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა მხოლოდ მანძილის განსაზღვრა და დანარჩენ დებულებებზე საერთოდ არ იმსჯელა. აღნიშნული საკითხის საილუსტრაციოდ კასატორმა წარადგინა და დასკვნას თან დაერთო სადავო ტერიტორიის რუკა.

29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 440 ლარის ანაზღაურება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად, არც სააპელაციო საჩივრის ბაჟი არ გადაუხდიათ და მოსარჩელეთა სასარგებლოდ 440 ლარის დაკისრება საფუძველს მოკლებულია.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის სახით მისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 440 ლარის დაკისრების ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 440 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 279,49 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო ხარჯების განაწილების მართლზომიერება.

33. სასამართლო ხარჯების, კერძოდ კი, სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების კანონიერების შესამოწმებლად, უპირველესად, მნიშვნელოვანია დავის არსებით გარემოებებზე ყურადღების გამახვილება.

34. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მოპასუხისათვის ზიანის – 17 987, 38 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარის გადახდას.

35. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 17 987, 38 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარის, ასევე, ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

36. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადაიხადა 719,50 ლარი, სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების – 17 987,38 ლარის 4%.

37. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 11 000 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის გადახდილი 500 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 440 ლარის გადახდა.

38. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა სააპელაციო ეტაპზე დაკმაყოფილდა მხოლოდ 11 000 ლარის ნაწილში, ხოლო 6987,38 ლარის (17 987,38 – 11 000 ლარი) ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი.

39. სსსკ-ის 53-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესს და პირველი ნაწილის ძალით ადგენს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

40. კანონის მითითებული დანაწესი მიზნად ისახავს ყოველი მხარისათვის სასამართლო ხარჯების ობიექტური ოდენობით გადახდევინებას. დაუშვებელია, სახელმწიფო ბაჟის დაფარვა სრულად დაეკისროს ისეთ მხარეს, რომელმაც, მართალია, გაასაჩივრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაიხადა შესაბამისი ინსტანციისათვის კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, თუმცა სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი პრეტენზია. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა მომჩივანი მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების მექანიზმი იმ ოდენობით, რომლითაც დაკმაყოფილდა ზემდგომი ინსტანციისათვის წარდგენილი პრეტენზია.

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული დავის განხილვის შედეგად სახელმწიფო ბაჟის განაწილება სასამართლოს ვალდებულებაა და მხარის მხრიდან რაიმე დამატებითი პრეტენზიის წარდგენას არ საჭიროებს.

42. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მას არასწორად დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 440 ლარის გადახდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ – 6987,38 ლარის მისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში დამატებით რაიმე თანხის დაკისრების საჭიროება მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან არ გამომდინარეობს.

43. სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების წინაპირობა მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 440 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 279,49 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის მოცულობის – 6987,38 ლარის 4%-ს. შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აპელანტს უნდა აუნაზღაურდეს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (6987,38 ლარის ნაწილში), სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 279,49 ლარის ოდენობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ჩ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი შპს „ჩ-ისათვის“ გ., მ. და პ. გ–ების სასარგებლოდ 440 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. გ–ს (პირადი №--), მ. გ–სა (პირადი № 5--) და პ. გ–ს (პირადი № 5--) შპს „ჩ-ის“ (საიდანტიფიკაციო №--) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 279,49 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე