Facebook Twitter

საქმე №ას-132-132-2018 30 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ლ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ, 2015 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, _ 10 573,13 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 573,13 ლარის გადახდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება, შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობის მიცემა და საქმის მისი დასწრებით განხილვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, თბილისის საქლაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი, თუმცა, მისი წარუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით: სარჩელი ჩაბარდა მოპასუხის ოჯახის წევრს, ამ დროისათვის მხარე არ იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო, მეუღლე ვერ დაუკავშირდა და ვერ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, სარჩელი მოვალის მეუღლეს ჩაჰბარდა 2016 წლის 12 სექტემბერს ქ.თბილისში, რომელიც არ არის მოვალის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. გარდა ამისა, მოპასუხე სარჩელის ჩაბარების დროისათვის იმყოფებოდა თურქეთში, არ ჰქონდა ტელეფონი და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინფორმირებულად საქმის განხილვის თაობაზე, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაგებლის წარდგენის ვადის განსაზღვრის ნაწილში დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მოვალე მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობას ემყარება. გარდა ამის, კერძო საჩივრით მოთხოვნილია შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენა.

1.2. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია კერძო საჩივარი, რადგანაც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული მოვალის სააპელაციო საჩივარი (სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა), თავის მხრივ, ყურადღება უნდა გამახვილდეს კერძო საჩივრის დასაშვებობის ინსტიტუზე, ვინაიდან ის საპროცესო წარმოების სპეციალური სახეა და მოწესრიგებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

1.3. როგორც ზემოთ ითქვა, მოპასუხე კერძო საჩივრით ასევე მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენას. ამ საკითხზე საპროცესო კანონმდებლობა კერძო საჩივრის დაშვებას არ ითვალისწინებს, არამედ, 236-ე მუხლისა და 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენის ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული (იხ. სსსკ-ის 187.2, 372-ე, 399-ე მუხლები).

2. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარის მხრიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვის საკითხი. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ;

2.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს: არ შეიცავდა მითითებას, თუ რაში გამოიხატებოდა გადაწყვეტილების უსწორობა; არ იყო მითითება გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებდა სააპელაციო საჩივარს; არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა კანონის მოთხოვნთა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა პროცესის ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;

2.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა ადრესატს (ოჯახის წევრს) 2017 წლის 24 ნოემბერს;

2.2.4. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას საპროცესო ვადის გამოანგარიშების ნაწილში და მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2017 წლის 4 დეკემბერს (სსსკ-ის 60.2 და 61.3 მუხლები).

2.2.5. არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მოგვიანებით აპელანტს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

2.3. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელთა შესწავლითაც სასამართლო გამოიტანდა დასკვნას ,რომ მხარის პრეტენზია იყო საფუძვლიანი, შესაბამისად პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა დაარღვია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე