Facebook Twitter

საქმე №ას-1014-934-2017 აისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. დ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მარწმუნებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, რწმუნებული ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 118 000 აშშ დოლარისა და დავალების გარეშე პირგასამტეხლოზე უარის თქმით მიყენებული ზიანის _ 704 370 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლის 20 აპრილს, მოსარჩელესა და ნ. დ–ს (შემდგომში _ მსესხებელი) შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა ოთხი თვის ვადით მოსარჩელისაგან ისესხა 265 000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე. 2006 წლის 4 ივნისს, მოსარჩელე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და იხდიდა სასჯელს. 2007 წლის 21 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მან მიმართა მსესხებელს განცხადებით, რითაც სთხოვდა, რომ, თუ მისი ნდობით აღჭურვილი პირის _ მოპასუხის მეშვეობით, გადაუხდიდა 2007 წლის 28 თებერვლამდე სესხის ნახევარს მაინც, ხოლო დანარჩენ ნახევარს ნაწილ-ნაწილ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს არ მოსთხოვდა. მოპასუხემ მსესხებლისაგან 2008 წლის 28 ოქტომბერს მიიღო 60 000 აშშ დოლარი, დანარჩენს ართმევდა ეტაპობრივად, 2009 წლის 6 თებერვლის ხელწერილით კი, დაადასტურა მთლიანი თანხის _ 265 000 აშშ დოლარის მიღება და უარი განაცხადა 265 000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოზე, რისი უფლებაც მოსარჩელეს არ მიუცია. მას არ ჰქონდა უფლება პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,3%-ზე ეთქვა უარი, რომელიც 2009 წლის 6 თებერვლისათვის უკვე შეადგენდა 704 370 აშშ დოლარს. 2013 წლის 20 აგვისტოს კრედიტორი გათავისუფლდა პატიმრობიდან და მოვალისაგან მოითხოვა მიღებული თანხის გადაცემა. რწმუნებულმა დაანგარიშებით განაცხადა, რომ 14 000 აშშ დოლარი არ მიუღია მსესხებლისაგან და ვერ მისცემდა. აღნიშნული თანხა მოვალეს დაეკისრა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თუმცა შემდეგ უარი განაცხადა 132 500 აშშ დოლარის მიღებაზეც. მსესხებელმა კი, კრედიტორს განუცხადა, რომ სრულად აქვს გადახდილი ვალი _ 265 000 აშშ დოლარი და გადასცა ხელწერილი, სადაც რწმუნებული ადასტურებს თანხის სრულად მიღებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე ამტკიცებს, რომ 265 000 აშშ დოლარი ვერ მიიღო სრულად მსესხებლისგან, არამედ მიიღო მხოლოდ 118 000 აშშ დოლარი, მაგრამ ხელი მოაწერა 265 000 აშშ დოლარის მიღებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი მოქმედებდა მოსარჩელისგან მიღებული მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მოპასუხე არ წარმოადგენს 2006 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულების მხარეს. მარწმუნებლისგან მას მიღებული ჰქონდა დავალება, უარი ეთქვა ყველა დაგროვებულ პროცენტზე. აღნიშნულის შესაბამისად, მსესხებელს დაუწერა ხელწერილი, რომლითაც უარს ამბობდა სესხის მთლიან თანხაზე _ 265 000 აშშ დოლარზე დარიცხულ პროცენტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2006 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან მისაღები აქვს 14 000 აშშ დოლარი და, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებაც სწორედ ამ თანხას შეადგენს, რაც ამავე გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ. მოპასუხე მოქმედებდა მარწმუნებლის მიერ მიცემული მინდობილობის ფარგლებში და გაუგებარია, რა საფუძვლით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს დაეკისრა 41 500 აშშ დოლარის გადახდა აპელანტის სასარგებლოდ, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო განხილვის პროცესუალური ფარგლები:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, განსახილველი სარჩელის მოთხოვნა შედგება დავალების ფარგლებში რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის სახელით მიღებული შესრულების გადაცემისა (სკ-ის 715-ე მუხლი) და დავალების ხელშეკრულებით რწმუნებულის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის (სკ-ის 719-ე, 394-ე (1), 408-ე (1) მუხლები) ანაზღაურებისაგან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დავალების ფარგლებში რწმუნებულის მიერ მიღებული შესრულების მარწმუნებლისათვის გადაცემის ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო ზიანის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს განუცხადა უარი. ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოვალემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, კრედიტორს კი, სარჩელის უარყოფა სადავო არ გაუხდია, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში და ეს საკითხი წინამდებარე განჩინების შეფასების საგანი ვეღარ გახდება.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.2.1. ვიდრე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის სისწორეს შეამოწმებდეს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას მხარის მიერ სადავოდ გამხდარი საპროცესო აქტის კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო, უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.2.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც იგი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2.3. საკასაციო პალატის ხსენებულ დასკვნას საფუძვლად უდევს შემდეგი მოსაზრებები: საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამავე მხარებს შორის (იგულისხმება წინამდებარე დავის მოსარჩელე და მოპასუხე) მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის, როგორც ი.დ–ის რწმუნებულის მიერ მიღებული შესრულების დაბრუნებაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მარწმუნებლის სარჩელი. მარწმუნებლის მიერ თავდაპირველად აღძრული სარჩელი ემყარებოდა შემდეგ ფაქტებს:

ა) 2006 წლის 20 აპრილს ი. დ–სა და ნ. დ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. დ–ს სესხად გადაეცა 265 000 აშშ დოლარი, 4 თვის ვადით. 2006 წლის 4 ივნისს ი. დ–ი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და იგი სასჯელისგან გათავისუფლდა 2013 წლის 20 აგვისტოს. ი. დ–მა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილით მიმართა ნ. დ–ს და მოსთხოვა სესხად გადაცემული თანხის გადახდა, რომელიც სჭირდებოდა მას საპროცესო გარიგებისათვის. მოსარჩელემ ნ. დ–ს მოსთხოვა სესხის თანხის ნაწილის გადახდა თავისი ახლობლისათვის - ი. ს–ისათვის, ხოლო დარჩენილი თანხა კი გადახდილიყო ნაწილ-ნაწილ. მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირის _ ი. ს–ის ინფორმაციით, ნ. დ–მა თანხის გადახდა დაიწყო 2009 წლიდან. 2009 წლის 6 თებერვალს ნ. დ–სა და ი. ს–ს შორის გაფორმდა ხელწერილი, რომლითაც ი. ს–მა დაადასტურა სესხის დარჩენილი თანხის - 114 000 აშშ დოლარის მიღება. ამავე ხელწერილის თანახმად, ი. ს–მა უარი განაცხადა სესხის თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. 2013 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, ი. ს–ისაგან მიიღო სესხის თანხის ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა ი. ს–ს თანხის გადახდის შესახებ, რაზეც 2014 წლის 26 დეკემბერს, ი. ს–მა წერილობითვე უპასუხა, რომ მას სრულად არ მიუღია ნ. დ–ისგან სესხად გადაცემული თანხა და დარჩენილა 14 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მის ნდობით აღჭურვილ პირს - ი. ს–ს ხელწერილით აქვს აღიარებული სესხის სრულად გადახდის ფაქტი, იგი აღარ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ნ. დ–ს, თუმცა მას დარჩენილი 14 000 აშშ დოლარი აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხე ი. ს–ისთვის 14 000 აშშ დოლარის დაკისრება, ვინაიდან მოპასუხემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, არ შეასრულა მას და მოსარჩელეს შორის არსებული დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადასცა სესხის დარჩენილი თანხა მოსარჩელეს.

ბ) კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ:

- 2006 წლის 20 აპრილს ი. დ–სა და ნ. დ–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ. დ–ს სესხად გადაეცა 265 000 აშშ დოლარი, 4 თვის ვადით;

- 2006 წლის 4 ივნისს მოსარჩელე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და იგი სასჯელისგან გათავისუფლდა 2013 წლის 20 აგვისტოს;

- ნ. დ–ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულება სრულდებოდა ი. დ–ის მინდობილი პირის - ი. ს–ის მიმართ;

- ი. ს–სა და ნ. დ–ს შორის 2009 წლის 6 თებერვალს გაფორმდა ხელწერილი, რომლითაც ი. ს–მა დაადასტურა სესხის დარჩენილი თანხის - 114 000 აშშ დოლარის მიღება;

- ი. დ–ს 2006 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არ მიუღია სესხი -14 000 აშშ დოლარი;

- ი. ს–ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 14 000 აშშ დოლარს.

გ) გასაჩივრებულ ნაწილში განსახილველი სარჩელის მოთხოვნას კვლავ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში რწმუნებულის მიერ მიღებული შესრულება წარმოადგენს, ხოლო საფუძველი იგივე სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რასაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება (შეად: ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.1. პუნქტი), განსხვავებაა მხოლოდ მოთხოვნის ოდებაში.

1.2.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს წინამდებარე სარჩელის განხილვას. ამ დასკვნას სასამართლომ საფუძვლად დაუდო მხოლოდ ის გარემოება, რომ თავდაპირველად აღძრული სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 14 000 აშშ დოლარის დაკისრება. სარჩელში არსად მითითებულა, რომ მოპასუხეს 265 000 დოლარიდან მხოლოდ 14 000 დოლარი აქვს გადასახდელი, ხოლო დანარჩენი გადაიხადა. სააპელაციო პალატის დასკვნით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფორმატში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. დ–ს 2006 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არ აქვს მიღებული 14 000 აშშ დოლარი, სარჩელში დასახელებული გარემოებების კონტექსტში განხილვას ექვემდებარებოდა და მიუთითებდა, რომ თანხის ნაწილობრივ მოთხოვნა უფლებას არ ართმევდა მხარეს, სხვა სარჩელით მოეთხოვა დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაც, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, თუ მოსარჩელისათვის ახალი ფაქტობრივი გარემოება გახდა ცნობილი, რაც განაპირობებს ახალი სარჩელის აღძვრას (იხ. სააპელაციო საჩივარში აპელანტის მითითება: მას შემდეგ, რაც ი. ს–ს ჩაბარდა გადაწყვეტილება 14 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, მან უარი განაცხადა 118 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ნ. დ–ს აღნიშნული თანხა მისთვის არ გადაუცია). უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცნობს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს და მათ მიეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას, იგივე მხარეები მონაწილეობენ, გარდა ამისა, გადაწყვეტილების სუბიექტური კანონიერი ძალიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, ასევე, 266-ე მუხლი). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ როგორც განხილული, ისე _ განსახილველი სარჩელის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი წარმოადგენს, ხოლო მის საგანს _ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობა, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შეცვალა თანხის ოდენობა, არ შეიძლება ახალი სარჩელის აღძვრას დაედოს წინაპირობად, უფრო მეტიც, თუკი მხარისათვის მართლაც გახდა ცნობილი გარემოებები, რომლებიც მოთხოვნის გაზრდის საფუძველს იძლევა, მას არა ახალი სარჩელის აღძვრის, არამედ, საქმის წარმოების განახილების უფლება აქვს (იხ. სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები).

1.2.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს მართლმსაჯულების განხორციელების სტაბილურობა წარმოადგენს, რაც სასამართლო გადაწყვეტილების ე.წ მუდმივობის პრინციპით ხასიათდება. აღნიშნული პრინციპი გარანტირებულია არაერთ შიდასახელმწიფოებრივ თუ საერთაშორისო სამართლის დანაწესში, რომელთაგან ერთ-ერთს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველი ნორმა გარკვეული „ინკვიზიციურობით“ ხასიათდება და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, სასამართლოს ავალდებულებს, გამოიკვლიოს, სახეზე ხომ არ არსებობს ნორმით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. მოხმობილი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, თუ რას წარმოადგენს ნორმის მიზნებისათვის სარჩელის/დავის „საგანი“ და „საფუძველი“:

ა) სარჩელის/დავის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად „საგანი“ არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი;

ბ) რაც შეეხება „საფუძველს“, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.

1.2.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან განსახილველი სარჩელის საგანი და საფუძველი იდენტურია იმ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საგნისა და საფუძვლისა, რომელიც გაუქმებული არ არის და მიღებულია ამავე მხარეებს შორის, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ამასთანავე, რადგანაც განსახილველი სარჩელი, მისი დაუშვებლობის მიუხედავად, სასამართლოს წარმოებაშია, პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

2. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება:

2.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ, ი. დ–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ი. ს–ს (პ/#4-) აეკრძალა ქ.თბილისში, ბაგების სატყეო ტერიტორიასა (ნაკვეთი 139/0--, სკ #01.20.01.139.0--) და ქ.ყვარელში, წ-ოს ქ#4-ში მდებარე უძრავი ნივთების (ს/კ #57.06.57.0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე დავაზე შეწყდა საქმისწარმოება, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მხარეებმა სხვადასხვა დროს მომართეს სასამართლოს, წარმოადგინეს ახალი მტკიცებულებები და იშუამდგომლეს მათი საქმისათვის დართვის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების წინაპირობა, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმ მტკიცებულებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებს მისცეს შეფასება, რომლებიც საქმის ქვედა ინსტანციებშია წარდგენილი, ამ მტკიცებულებათა მიღებას მით უფრო გამორიცხავს ის გარემოება, რომ წინამდებარე განჩინებით საქმისწარმოება შეწყდა, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებს საქმისათვის არ აქვთ მნიშვნელობა და, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, უბრუნებს მხარეებს.

4. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არსებობს საკასაციო სამართალწარმოების გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საფუძველი, ამასთანავე, ვინაიდან დავა პრაქტიკულად მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდა (სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ამავე პრეტენზიას ვეღარ წაუყენებს მოპასუხეს), პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ი.ს–ის მიერ გაწეული ხარჯები მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ი.დ–ს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 187-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება ი. დ–ის სარჩელზე ი. ს–ის მიმართ, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ი. ს–ს (პ/#4--) აეკრძალა ქ.თბილისში, ბაგების სატყეო ტერიტორიასა (ნაკვეთი 139/0--, სკ #01.20.01.139.0--) და ქ.ყვარელში, წ-ოს ქ#4-ში მდებარე უძრავი ნივთების (ს/კ #57.06.57.0--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. ი. დ–ს (პ/#1-) ი. ს–ის (პ/#4-) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4 960 ლარის ანაზღაურება.

6. ი. დ–ს დაუბრუნდეს საკასაციო პასუხზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად და 29.01.2018წ. #ა-387-18 განცხადებაზე დართული _ 24 (ოცდაოთხი) ფურცლად, ხოლო, ი. ს–ს _ 17.01.2018წ. #ა-217-18 განცხადებაზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად და 25.01.2018წ. #ა-342 განცხადებაზე დართული _ 1 (ერთი) ფურცლად.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი