საქმე №ა-800-ბ-3-2018 12 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – დ. გ-ი-ზ-ი, გ. ნ-იძე, ნ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჭ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლების მოთხოვნა – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ჭ-ის, დ. ჭ-ძისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჭ.-...“-ის მიმართ სამართლებრივი ურთიერთობისა და უფლების აღიარების თაობაზე; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აღიარებულ იქნა ერთი მხრივ, ა. ჭ-ძეს, ე. ს-ს, დ. ჭ-ძესა და, მეორე მხრივ, ამხანაგობა „ჭ. ....“-ს შორის სახელშეკრულებო (ნარდობის) ურთიერთობის არსებობა; აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა უფლება „ა. ....“-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის დამთავრებისა და ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ საკუთრებაში მიიღონ მხარეთა შორის დადებული 2000 წლის 10 ოქტომბრისა და 2001 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული შემდეგი ფართი: 1. ა. ჭ-ძემ - .... გამზ. ....ბ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე 110 კვ.მ, მე-6 სართულზე - 380 კვ.მ, მე-7 სართულზე - 190 კვ.მ, მე-10 სართულზე - 440 კვ.მ და 12 ავტოსადგომი; 2. ე. ს-მა - იმავე მისამართზე იმავე სახლში მე-8 სართულზე 390 კვ.მ და 4 ავტოსადგომი; მე-6 სართულზე - 300 კვ.მ 3 ავტოსადგომი; 3. დ. ჭ-ძემ - იმავე სახლში მე-7 სართულზე 480 კვ.მ და 5 ავტოსადგომი.
2. 2018 წლის 20 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს დ. გ-ი-ზ-მა, გ. ნ-ძემ და ნ. ხ-მა (შემდგომში „განმცხადებლები“) ზ. ჭ-ძის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ა. ჭ-ძისათვის (რომლის მემკვიდრეა ზ. ჭ-ძე) მიკუთვნებული საცხოვრებელი ფართი მოიცავს განმცხადებლების მიერ წლების წინ შესყიდულ ბინებს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მათ უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს და მათი მოწვევის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელი იყო. ამასთან, განმცხადებლებმა განმარტეს, რომ 2017 წლამდე მათ მიერ შესყიდულ ბინებთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ხოლო 2017 წლის გაზაფხულზე გადაეცათ ზ. ჭ-ძის მიერ აღძრული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს განმცხადებლებისაგან მათ მიერ შესყიდული ბინების გამოთხოვას და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემას.
3. განმცხადებლების მითითებით, მათ საკითხის გასარკვევად მიმართეს ამხანაგობა „ჭ. ....“-ს თავმჯდომარეს, ნ. ო-ძეს, რომელმაც 2018 წლის 25 იანვარს გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. ჭ-ძის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა განმცხადებლების საკუთრებაში არსებული ბინების მესაკუთრედ) და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჭ-ძეს (რომლის უფლებამონაცვლეც არის ზ. ჭ-ძე) მიეკუთვნა ქ. თბილისში, .... გამზ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ის ფართები, რომლებიც განმცხადებლებს აქვთ შესყიდული.
4. განმცხადებლების მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეყრდნობა სწორედ უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლებებზე. ამასთან, მათ განმარტეს, რომ საქალაქო სასამართლოშიც წარადგინეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით განმცხადებლებს დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ბ) ამავე სასამართლოს განჩინება აღნიშნული განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
6. ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში განმცხადებლებმა წარმოადგინეს 2017 წლის 20 აპრილსა და 2018 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი განცხადებების ასლები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 მაისისა და 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებები აღნიშნული განცხადებების დასაშვებად ცნობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ დ. გ-ი-ზ-ის, გ. ნ-ძისა და ნ. ხ-ის განცხადება როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულება, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ განმცხადებლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მათი, როგორც დაინტერესებული მხარეების მოუწვევლობის გამო ითხოვენ. ისინი აღნიშნავენ, რომ მოცემული გადაწყვეტილების თაობაზე შეიტყვეს 2018 წლის 25 იანვარს. აღნიშნულის დასტურად კი ისინი განცხადებას ურთავენ 2018 წლის 25 იანვრით დათარიღებულ აქტს (შემდგომში „აქტი“), რომლის შესაბამისად, ერთის მხრივ, განმცხადებლები - დ. გ-ი-ზ-ი, გ. ნ-ძე და ნ. ხ-ი, ხოლო, მეორეს მხრივ, ამხანაგობა „ჭ. ...“-ს თავმჯდომარე ნ. ო-ძე ადასტურებენ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ განმცხადებლებს გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებები.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლების მითითებას, რომ ზემოაღნიშნული აქტი სასამართლომ უნდა მიიჩნიოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ იმგვარ მტკიცებულებად, რომელიც განმცხადებლების მიერ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვას ადასტურებს.
13. საკასაციო სასამართლო, აღნიშნულ აქტს აფასებს იმ მტიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც განმცხადებლებმა ხარვეზის შევსების მიზნით უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინეს.
14. დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის მოიპოვება ერთ-ერთი განმცხადებლის - ნ. ხ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმავე სასამართლოში 2017 წლის 20 აპრილს წარდგენილი განცხადების ასლი და სასამართლოს განჩინება აღნიშნული განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე (იხ. ტ. 5, ს.ფ. 288-300).
15. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შედარებისას მხედველობაში იღებს განმცხადებლების მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას.
16. განმცხადებლები თავად მიუთითებენ, რომ მათ საკასაციო სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან შეიტყვეს და ამავე დროს, ერთ-ერთმა მათგანმა, ნ. ხ-მა ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს წარადგინა განცხადება სასამართლოში 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის აპრილში ნ. ხ-თვის უკვე ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ისე უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე.
18. აღნიშნული ეწინააღმდეგება აქტში მოცემულ ინფორმაციას, რომ ორივე გადაწყვეტილება ნ. ხ-თვის ცნობილი მხოლოდ 2018 წლის 25 მაისს გახდა, რაც აქტის, როგორც მტკიცებულების სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებს, არა მხოლოდ ნ. ხ-თან, არამედ დანარჩენ ორ განმცხადებელთან მიმართებაშიც, რაც სხვა გარემოებებითაც დასტურდება. კერძოდ, დადგენილია და თავად განმცხადებლები მიუთითებენ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე მათ გადაეცათ ზ. ჭ-ძის მიერ აღძრული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა განმცხადებლებისაგან მათ მიერ შესყიდული ბინების გამოთხოვას და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემას (იხ. ტ. 5, ს.ფ. 211). დადგენილია და განმცხადებლებიც მიუთითებენ, რომ აღნიშნული სარჩელი ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებას, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დანარჩენმა ორმა განცხადებელმაც ნ. ხ-ის მსგავსად საკუთარი უფლების დარღვევის თაობაზე ჯერ კიდევ 2017 წლის გაზაფხულზე შეიტყო. შესაბამისად, მათ ჰქონდათ გონივრული დრო იმისათვის, რათა მოეპოვებინათ ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ემყარებოდა მათ მიმართ აღძრული სარჩელი. აღნიშნული ერთ-ერთმა მათგანმა (ნ. ხ-მა) განახორციელა კიდეც და 2017 წლის გაზაფხულზე გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
20. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადას უკავშირებს იმ თარიღს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 25 იანვრის აქტი, რომელზეც მიუთითებენ განმცხადებლები (და რომლითაც, მათივე განცხადებით, დასტურდება საკასაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების მხარეთა მიერ გაცნობის ფაქტი) ვერ მიიჩნევა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად შესაფასებელ სარწმუნო მტკიცებულებად და წარდგენილი განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლებს სხვა ისეთ გარემოებებზე ან მტკიცებულებებზე არ მიუთითებიათ, რაც მათი მხრიდან განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დაცვას დაადასტურებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 425-ე, 426-ე და 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. გ-ი-ზ-ის, გ. ნ-ძისა და ნ. ხ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად მიჩნევის გამო დარჩეს განუხილველად;
2. დ. გ-ი-ზ-ვს (პ/ნ:59001011610) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2018 წლის 19 თებერვალს N25 საგადახდო დავალებით მ. ჩ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
3. გ. ნ-ძეს (პ/ნ: 01009012657) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2018 წლის 19 თებერვალს N25 საგადახდო დავალებით მ. ჩ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
4. ნ. ხ-ზს (პ/ნ: 6....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2018 წლის 09 თებერვალს N0 საგადასახადო დავალებით თ. ც-აძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე