Facebook Twitter

საქმე №ას-1586-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ნ--ის“ დირექტორი კ. ნ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ა“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „ბ-ას“ (შემდგომ – საარბიტრაჟო მოსარჩელე, განმცხადებელი) განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, კ. ნ-ს (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი) აეკრძალა კონკრეტულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა გამოყენებული აკრძალვის გაუქმება ან უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის სახით უძრავი ქონების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონისძიების მესამე პირის მოძრავ ქონებაზე – ფერთა შემრევსა და საღებავის ავტომატური მიქსერზე მიმართვა.

3. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას აეკრძალა მინიმუმ 36-ჯერ მეტი ღირებულების მქონე ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვიდრე რეალურად დარჩენილი ვალდებულებაა. ამასთან, განჩინების აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ქონება ბევრად აღემატება კრედიტორის მოთხოვნებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 199-ე მუხლით და მოეთხოვა მოსარჩელისათვის მოწინააღმდეგე მხარის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს საჩივრის მოთხოვნას, მოპასუხემ იშუამდგომლა გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის შეცვლა მესამე პირის მოძრავი ქონებით. მხარემ წარადგინა აუდიტის დასკვნები, რომელთა მიხედვით ხსენებული მოძრავი ქონების – ფერთა შემრევისა და საღებავის ავტომატური მიქსერის ღირებულებაა 10 000 ლარი, ხოლო მოპასუხის კუთვნილი ბინა შეფასებულია 25 000 ლარად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი მოტივებით:

5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია მომავალში საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლებების თავიდან აცილება, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განცხადების შინაარსის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას.

6. კონკრეტულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნაა, დაეკისროთ მოპასუხეებს დავალიანების ძირი თანხა – 6938.02 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო – 943 ლარი (ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლო 1 წლის ფარგლებში) იურიდიული მომსახურების ხარჯი – 400 ლარი, საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისათვის მათ მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი – 300 ლარი და ყველა სხვა ხარჯი, რომელიც აუცილებელი გახდება არბიტრაჟსა თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებითვის.

7. შესაბამისად, სარჩელი რომლის უზრუნველყოფა მოახდინა სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით, წარმოადგენს მიკუთვნებითი სარჩელის კატეგორიას, ანუ აღსრულებით სარჩელს. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელის შემთხვევაშია), არამედ მოპასუხის ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებისაგან აღსრულების ეტაპზე.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტები და განმარტა, რომ არ შეიძლება განსახილველ შემთხვევაში განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს მხარის მიერ მითითებული გარემოებები, ვინაიდან ისინი წარმოადგენს სარჩელის არსებითი განხილვის საგანს და მასზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის არსებითი განხილვის დროს, რის გამოც საჩივრის ავტორის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა ადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიება.

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოები განიხილავენ შუამდგომლობებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკების შემცირება/აღმოფხვრა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ხდება გადაწყვეტილების მიღებამდე.

11. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოაღნიშნული გარემოება, შესაბამისად არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის მისი გაუქმების პროცესუალურ და სამართლებრივ საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სამომავლოდ აღსაძრავი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მხარეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

15. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.

16. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

17. სსსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

18. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

19. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

20. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

21. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

22. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს განმცხადებელსა და თავდებ მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება და განცხადება თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითადი მოვალის – მოპასუხე შპს-ს მიერ იმავე თარიღით გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 8000 ლარი. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხა – 6938.02 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო – 943 ლარი (ასევე სამომავლოდ დასარიცხი პირგასამტეხლო 1 წლის ფარგლებში) იურიდიული მომსახურების ხარჯი – 400 ლარი, საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისთვის მათ მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი – 300 ლარი და ყველა სხვა ხარჯი, რომელიც აუცილებელი გახდება არბიტრაჟსა თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებითვის.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია.

24. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობაზე მიუთითებს.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ვინაიდან ამგვარი საპროცესო ღონისძიების გამოყენების წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა.

26. ამასთან, სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

27. ამდენად, კანონმდებელი უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას როგორც სასამართლოს, ისე მხარის ინიციატივითაც.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველი.

29. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის საგნის – მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების მესამე პირის მოძრავი ქონებით შეცვლის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზიანი ადგება უძრავ ქონებაზე სადავო აკრძალვით და რა სამართლებრივი აუცილებლობითაა აღნიშნული განპირობებული. ამასთან, მოპასუხის კუთვნილ უძრავი ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და მესამე პირის საკუთრებაში არსებულ დანადგარებზე აკრძალვის დადება საარბიტრაჟო სარჩელზე სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემწყობ გარემოებად ვერ შეფასდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ნ-ის“ დირექტორ კ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტისა და 18 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე