Facebook Twitter

საქმე №ას-1366-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა–ი-კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ფ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა–ი-კ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი გ. ა–სა (შემდგომ – მოსარჩელის მეუღლე) და მოპასუხეს შორის 2014 წლის 2 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში, მოსარჩელე ცნობილ იქნეს სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 22 აგვისტოდან მოსარჩელე აწ გარდაცვლილ მეუღლესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები ცხოვრობდნენ მოსარჩელის მეუღლის ბინაში. 2014 წლის 21 ოქტომბერს ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე და შვილი – მოპასუხე.

3. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინის დატოვება. როგორც შემდგომ საჯარო რეესტრში გაირკვა, 2014 წლის 2 ივლისს მოსარჩელის მეუღლეს კუთვნილი უძრავი ნივთი უჩუქებია შვილისთვის მოპასუხისათვის.

4. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა და მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა. მეუღლის მკვლელობის შემდეგ, როცა მოსარჩელე ტიროდა და გლოვობდა გარდაცვლილს, მოპასუხემ მას მოსთხოვა სახლის დატოვება და ტირილის შეწყვეტა.

5. მოპასუხემ არად ჩააგდო მოსარჩელის მდგომარეობა, ის რომ იგი ინვალიდია, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მეუღლის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებას მისი ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებით და მიიჩნია, რომ დავის განხილვის დროს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 28 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა სხვა ფიზიკური პირი.

10. საყურადღებოა, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნა არამხოლოდ აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი ხასიათისაა, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ნივთის მის სახელზე აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სარჩელის დასაშვებობა შემოწმებულ უნდა იქნეს სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რომლის თანახმადაც, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

11. „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი 2016 წელი). ერთ-ერთ საქმეზე კი საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე №ას-937-887-2015).

12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად გარიგების ბათილად ცნობა თვითკმარ საფუძველს არ წარმოადგენს და საჭიროა მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის არსებობაც. შესაბამისად, ვინაიდან, აუცილებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა, ხოლო სადავო უძრავი ქონების გასხვისება გამორიცხავს ნივთის დაბრუნებას ამჟამინდელი მოპასუხის მიერ, შესაბამისად, ამ მოთხოვნის პირობებში იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია. ამდენად, არ არსებობს იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო (საკასაციო) საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 180-ე მუხლი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ თავდაპირველ სარჩელში წამოყენებული იქნა მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნაც და ახალი გარემოება უძრავი ნივთის მესამე პირისათვის გასხვისების შესახებ წარმოიშვა სააპელაციო ინსტანციაში, სადაც სასარჩელო მოთხოვნის შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა და აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეცვალა ან დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა. სააპელაციო საჩივრის განხილვისა და დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, მოსარჩელეს ეძლეოდა შესაძლებლობა, წარმოეყენებინა ახალი მოთხოვნა გასხვისებული ქონების სამკვიდრო მასაში შეტანისა და, სამკვიდროდან წილის მიღების ნაცვლად, გაყიდვით მიღებული თანხის მემკვიდრისათვის გადაცემის შესახებ.

15. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დავისადმი იურიდიული ინტერესი, რადგან მის ინტერესს წარმოადგენს სწორედ სადავო ქონებაზე მემკვიდრეობის გახსნა და წილის კომპენსაციის მიღება, რასაც იგი შეძლებდა მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა იურიდიული ინტერესი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, რადგან იგი წარმოადგენდა მეუღლის პირველი რიგის მემკვიდრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შესაბამისი იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

20. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

21. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

22. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).

23. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო პრეტენზია შეეხებოდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარებას.

24. სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის დროს მოპასუხემ წარადგინა 2017 წლის 28 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა სხვა ფიზიკურ პირზე.

25. ამდენად, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც ვერ იქნება მიღწეული ის სამართლებრივი შედეგი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება, რომელსაც აღიარებითი სარჩელი მიზნად ისახავდა.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელზე იურიდიული ინტერესის შემოწმების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სააპელაციო პალატის მიერ მითითებული სუსგ 17.03.2016წ. №ას-121-117-2016, 10.11.2015წ. №ას-937-887-2015, ასევე, 9.02.2018წ. №ას-1404-1324-2017), რომელიც ითვალისწინებს აღიარებითი ხასიათის სარჩელის განუხილველად დატოვებას თუ დგინდება, რომ მოსარჩელეს მისი დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესი.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე