¹ბს-108-103(კს-06) 20 მარტი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. შ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
სარჩელის დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 27 მაისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ზ. შ.-მ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 23 ივლისის ¹64 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე 1982 წლიდან მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2002 წლის 6 სექტემბრიდან იგი მუშაობდა ...-ის რაიონულ პროკურორად. ოჯახური მდგომარეობის გამო 2004 წლის 15 ივლისს გენერალურ პროკურორს მიმართა ...-ის პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და თბილისში სამუშაოდ ნებისმიერ თანამდებობაზე გადმოყვანის თხოვნით. 2004 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელეს ელსმენით დაუკავშირდა გენერალური პროკურატურის კადრების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომელი და აცნობა, რომ გათავისუფლებული იყო რაიონული პროკურორის თანამდებობიდან სხვა თანამდებობით დაკმაყოფილების გარეშე. მან იმავე დღესვე მიმართა გენერალურ პროკურორს ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ან წინანდელ თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით. გენერალური პროკურატურის 2004 წლის 6 ოქტომბრის წერილით ეცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში გაუქმდა ...-ის რაიონული პროკურატურა და შესაბამისად, პროკურორის თანამდებობაც, რის გამოც დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან მის მიერვე ხელმოწერილი ოფიციალური გაფრთხილებისა და მისივე პირადი განცხადების საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, მას პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ არასოდეს გაუკეთებია განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდებოდა პროკურატურაში ჩატარებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უნდა გადაყვანილიყო კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 3 თვით, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ხელფასის შენარჩუნებით. კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ კი, თუ არ იარსებებდა აღნიშნული ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, უნდა შემოეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა და დანიშნულიყო პროკურატურის სისტემაში. მიუხედავად მისი არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხეს დღემდე შრომის წიგნაკი არ გადაუცია. ამასთან, ვინაიდან სამსახურიდან პროკურატურის მუშაკების დათხოვნა ხორციელდებოდა იმ პიარკომპანიის ფონზე, რომ «ითხოვდნენ კორუმპირებულ და სახელგატეხილ მუშაკებს» და ამ სახის ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ თვითონაც ასეთ კატეგორიას განეკუთვნებოდა, ამით შეილახა მისი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია და განიცადა მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. შ.-ემ საკუთარი განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურორს და «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა ...-ის რაიონული პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება და თბილისში პროკურატურის ორგანოებში შეძლებისამებრ შესაფერის თანამდებობაზე გადაყვანა. სასამართლოს მითითებით, ზ. შ.-ის განცხადება, ფაქტობრივად, ორი მოთხოვნისაგან შედგებოდა: პირველი _ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება საკუთარი ნება-სურვილით და მეორე _ თბილისში შესაფერის თანამდებობაზე დასაქმება, რომელთაგან პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა გენერალური პროკურორის მიერ, ხოლო მეორე მოთხოვნა, მისი თბილისში გადმოყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან აღნიშნული არ იყო შესაძლებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით ზ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ზ. შ.-ის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო სამოქალაქო საროცესო კოდექსის 364-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, მის მიერ არ იქნა დაცული ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 14 დღე. საქმის მასალების შესაბამისად, აპელანტ ზ. შ.-ეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2005 წლის 1 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი ამ უკანასკნელის მიერ შეტანილი იყო 2005 წლის 16 დეკემბერს. ამდენად, ზ. შ.-ემ გასაჩივრების ვადის დარღვევით შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მისი აღდგენა დაუშვებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. შ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას არ გაუშვია სასამართლო გადაწვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა არა 1 დეკემბერს, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო განმარტავდა, არამედ 2 დეკემბერს, რაც დასტურდებოდა მოსამართლის თანაშემწე ქ. რ.-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომლის წარდგენის საშუალება მას არ მისცემია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით ზ. შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მას საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა არა 1 დეკემბერს, არამედ 2 დეკემბერს, ვინაიდან საქმეში არსებული ხელწერილით (ს.ფ. 85) იკითხებოდა, რომ ზ. შ.-ეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებული ჰქონდა 1 დეკემბერს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილი იყო 16 დეკემბერს (ს.ფ. 87), ანუ მე-15 დღეს, რის გამოც დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. შ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება ზ. შ.-ეს ჩაბარდა 2005 წლის 1 დეკემბერს (ს.ფ. 85). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე აპელანტს საალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს 2005 წლის 16 დეკემბერს (ს.ფ.87).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის 2 დეკემბრიდან და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2005 წლის 15 დეკემბერს, შესაბამისად, ამავე დღეს _ 15 დეკემბერს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2 დეკემბერს, რაც დასტურდებოდა მოსამართლის თანაშემწის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია კასატორის მიერ მხოლოდ 2005 წლის 1 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დასტური. აღნიშნულ მტკიცებულებას კი ვერ აქარწყლებს კერძო საჩივრის ავტორი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორს სათანადო მტკიცებულების წარმოდგენაში ხელი შეეშალა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გამო. როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოებში კერძო საჩივრის განხილვის განმავლობაში კასატორს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებებით და წარმოედგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც მას არ განუხორციელებია, მით უფრო, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი, რომელსაც კანონი უკავშირებს გასაჩივრების ვადის დაწყებას, შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებით და არა მხარის ახსნა-განმარტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზ. შ.-ეს გაშვებული აქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. შ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.