Facebook Twitter

საქმე №ას-1084-1004-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. კ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ბ-ე, ნ. ო-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც. კ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ზ. ბ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ნ. ო-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხეებს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს ქობულეთის რაიონის, სოფელ ქვედა სამებაში, 5000,00კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე N01/2 493,47კვ.მ საერთო ფართზე გაფორმებული უძრავი ქონების (შემდეგში: ნასყიდობის საგანი) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელემ დაასახელა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულება.

3. მოსარჩელემ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხა, რომლის გადახდევინების მიზნით დაწყებული იძულებითი აღსრულება წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მოვალეს საკუთრების უფლებით არ ერიცხებოდა ქონება და არც მატერიალური ფასეულობა გააჩნდა.

4. მოგვიანებით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოვალეებს ქობულეთში, სოფელ ქვედა სამებაში საკომლო ჩანაწერების მიხედვით ერიცხებოდათ 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან, ისინი ნებაყოფლობით არ ახდენდნენ საკომლო ჩანაწერების შესაბამისად მათზე რიცხული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით კომლის წევრები, მათ შორის, პირველი მოპასუხე ცნობილი იქნენ კომლის სარგებლობაში არსებული ქონების 0.5ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის 2/5 ნაწილზე მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება დაექვემდებარა საჯარო რეესტრში მათ თანასაკუთრებად რეგისტრაციას. ასევე, ქონების დარჩენილ 3/5 ნაწილზე მესაკუთრეებად ცნობილი იქნენ კომლის წევრები, მათ შორის, პირველი მოპასუხე. მოპასუხეებზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, პირველმა მოპასუხემ 2016 წლის 30 ნოემბერს, საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონება გაასხვისა მეორე მოპასუხეზე.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

6. სარჩელის უარყოფა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააფუძნა შემდეგ დადგენილ გარემოებებზე:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის N1/ბ-1276-2007 განაჩენით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ბ-ეს, ე. ბ-ეს და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრათ 253000 აშშ დოლარის გადახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის #2/1686-12 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განსახილველ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის სარჩელი, რომლითაც მ., ე., მ., დ. ბ-ეები და პირველი მოპასუხე ცნობილი იქნენ რ. ბ-ის კომლის სარგებლობაში არსებული 5000,00 კვმ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 2/5 ნაწილზე მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება დაექვემდებარა საჯარო რეესტრში მათ თანასაკუთრებად რეგისტრაციას, ასევე, ქონების დარჩენილ 3/5-ზე ნაწილზე მ., დ. ბ-ეები და პირველი მოპასუხე ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად.

8. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 გადაწყვეტილებით საკომლო ქონებაზე მესაკუთრეებად ცნობილი იყვნენ ამ განჩინების პ- 6-ში მითითებული პირები, აღნიშნულ ქონებაზე საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 ნოემბერს, პირველი მოპასუხის განცხადების საფუძველზე განხორციელდა მხოლოდ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

9. პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგანი (იხ., ამ განჩინების პ-1) აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის №1/ბ-1276-2007 განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელიც. მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით პირველ მოპასუხეს სხვებთან ერთად (სოლიდარულად) დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 253000 აშშ დოლარის ოდენობით. სისხლის სამართლის საქმიდან პირველი მოპასუხის მიმართ ცალკე წარმოებით იყო გამოყოფილი საქმე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის #1/ბ-1276-2007 განაჩენის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება დამთავრებულია, პირველი მოპასუხის სხვა ქონების რეალიზაციის გზით 253000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსარჩელეს მიღებული აქვს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი არ არის გაცემული, ორივე საქმის თანახმად, ზიანი გამომდინარეობს პირველი მოპასუხისა და სხვების მიერ ერთობლივად მოსარჩელის მიმართ ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენის ფაქტიდან, რაც დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა სარჩელის მიმართ მოსარჩელის მართლზომიერი იურდიული ინტერესის არსებობაზე. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მითითებაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონება აღირიცხება პირველი მოპასუხის საკუთრებაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების საფუძველზე დაკისრებული 253000 აშშ დოლარის გადახდა აღსრულდება.

12. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი ინტერესი, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის თაობაზე მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო საჩივარი დაეფუძნა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 მარტის N11004185-006/005 პასუხს, საიდანაც ირკვევა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ N11004185 სააღსრულებო საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ N1/ბ1276-2007 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ჯერ კიდევ, აღსრულება არ არის დამთავრებული და ამ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მისი აღსრულების მიზნით დაყადაღებულია მოვალეების, მ, ბ-ის, ე. ბ-ისა (რომლებიც ასევე წარმოადგენენ მოვალეებს როგორც საკომლო ქონების თანამესაკუთრეები) და ა. ბ-ის საბანკო ანგარიშები. მითითებული პირები დღემდე რეგისტრირებულნი არიან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში, რასაც ადასტურებს სააღსრულებო წარმოების დაუსრულებლობა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად სისხლის სამართლის საქმიდან პირველი მოპასუხის და სხვათა მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ გარემოება, რამდენადაც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის N1/ბ-1276-2007 განაჩენით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ბ-ეს, ე. ბ-ეს და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო, მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრათ 253000 აშშ დოლარის გადახდა ანუ დადგენილია, რომ ზიანი, რაც დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელემ განიცადა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით განისაზღვრა 253 000 აშშ დოლარით.

18. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რაიმე სხვა სახის ზიანი პირველ მოპასუხეს, გარდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი გარემოებებისა მოსარჩელისათვის არ მიუყენებია.

19. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე №1/ბ-263-2007წ, რომლის თანახმად, ჯ. ვ., სხვა პირებთან ერთად, სოლიდარულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების შესაბამისად, დაზარალებულ მოსარჩელეზე მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 253 600 აშშ დოლარის ანაზღაურება (იხ., ს.ფ. 95).

20. დადგენილია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელს №1/ბ-263-2007 - სააღსრულებო წარმოებისას მიენიჭა №A0061055 (იხ., ს.ფ. 99).

21. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით და მის საფუძველზე 2008 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებებზე, რომლის თანახმად, ჯ. ვ. სხვა პირებთან სოლიდარულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების შესაბამისად, დაზარალებული მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 253 600 აშშ დოლარის ანაზღაურება, ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე დ. ბ-ე და შვილები ნ., მ., ხ. და გ. ვ-ეები (იხ., ს.ფ. 96).

22. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელი მიმართავს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ”სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია № A0061055 სააღსრულებო საქმე, რომლის მიხედვითაც კრედიტორია მოსარჩელე, ხოლო მოვალეა დ. ბ-ე და სხვა, გაცნობებთ, რომ მოვალეების მიერ დავალიანება გადახდილია სრულად. გთხოვთ შეწყვიტოთ იძულებითი აღსრულება” (იხ.,ს.ფ. 101).

23. სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს შეკითხვაზე განმარტეს, რომ თანხა 253600 დოლარის ოდენობით მოსარჩელეს მიღებული აქვს. მაშასადამე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მას თანხა სრულად აქვს მიღებული, მაგრამ მიიჩნევს, რომ რადგან სახეზეა რამდენიმე განაჩენი (მართალია ერთი და იგივე დანაშაულისათვის თუმცა სხვადასხვა პირთა მიმართ) ყველა მათგანი ( განაჩენი) ცალ-ცალკე უნდა დაექვემდებაროს აღსრულებას და უნდა მიიღოს იმდენი 253600 აშშ დოლარი, რამდენი განაჩენიცაა.

24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანხა, რომელიც სხვადასხვა განაჩენებით სოლიდარულად დაეკისრა რამდენიმე პირს, მათ შორის, პირველ მოპასუხეს აღსრულებულია და მოსარჩელეს ეს თანხა მიღებული აქვს.

25. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტის მიერ. აპელანტის მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკამყოფილებას.

27. კასატორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვით, პირველი მოპასუხის და სხვების მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის №1/ბ-1276-2007 განაჩენით და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო საქმე დასრულებულია პირველი მოპასუხისა და სხვა ქონებების რეალიზაციის გზით და ამის შედეგად ამონაგები თანხა მოსარჩელეს მიღებული აქვს.

28. კასატორი მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 მარტის №11004185-006/005 პასუხზე, რომლის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №11004185 სააღსრულებო საქმეზე წარმოება ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული და მის ფარგლებში აღსრულების მიზნით დაყადაღებულია მოვალეების - მ. ბ-ის, ე. ბ-ის (რომლებიც ასევე წარმოადგენენ მოვალეებს, როგორც საკომლო ქონების თანამესაკუთრეები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით) და ა. ბ-ის საბანკო ანგარიშები. კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული პირები დღემდე რეგისტრირებულნი არიან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში, რაც ასევე ადასტურებს სააღსრულებო წარმოების დაუსრულებლობას.

29. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურება პირველი მოპასუხის მიერ შესრულებულად ჩათვალა, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

30. კასატორი მიუთითებს მის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებაზე და განმარტავს, რომ იგი დაკავშირებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ გაცემულ №1/ბ-263-2007 სააღსრულებო ფურცლით მხოლოდ მოვალე ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლეების (მემკვიდრეების) მხრიდან ზიანის ანაზღაურებასთან და მას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურების საკითხთან.

31. კასატორი დამატებით მიუთითებს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში ამჟამად მიმდინარე №11004185 სააღსრულებო საქმეზე, რომელიც განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და იგი მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ №1/ბ1276-2007 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული სააღსრულებო წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

33. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

34. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა, რომელიც მოპასუხეებს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს ქობულეთის რაიონის, სოფელ ქვედა სამებაში, 5000,00კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე N01/2 493,47კვ.მ საერთო ფართზე გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაში მდგომარეობს, ვიდრე საკასაციო პალატა წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების არსებობა.

35. საკასაციო პალატის ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სსსკ-ის 178. 1. „ლ“; 186-ე და 180-ე მუხლებიდან და დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკით, რომლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ.,სუსგ №ას-91-91-2018, 31 ივლისი, 2018 წელი, პ-15). ასეთ დროს, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? (იქვე.).

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში, იხ., №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, აღინიშნა, რომ ,,ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას“.

37. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ვლინდებოდა საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არ იმსჯელა, რამდენად დასაშვები იყო სარჩელი, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი (იხ., ამ განჩინების პ-1, 24), რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები.

38. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, „აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ“ (ციტ: სუსგ №ას-91-91-2018, 31 ივლისი, 2018 წელი, პ-16).

39. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

41. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ადგენს ამხანაგობის მიერ წევრთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ინდივიდუალური საკუთრების დადასტურების წესს და კანონი მოითხოვს ამხანაგობის კრებაზე თანამესაკუთრეთა მხრიდან ნების გამოვლენას. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონტექსტში კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ნამდვილობის დადგენისათვის უნდა შემოწმდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კრებაზე კვორუმის არსებობა, წევრთა მოწვევა და სხვა, თუმცა შემოწმება იმისა, ბათილია თუ არა გარიგება, დამოკიდებულია პრეტენზიის მქონე პირის იურიდიული ინტერესის არსებობაზე, ანუ აღიარებითი სარჩელის ბედი განპირობებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით (იხ., სუსგ №ას-480-448-2017, 9 ივნისი, 2017 წელი, პ-1.5.1).

42. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის დასაშვებობას პროცესუალურად გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ არაა დასაბუთებული, იურიდიულად სასარგებლო რა შედეგს განაპირობებს მისთვის სადავო ნასყიდობის (იხ., ამ განჩინების პპ-1) ბათილად ცნობა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ იკვეთება ის იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რომელიც მოსარჩელეს ამ მოთხოვნათა მიმართ შეიძლება გააჩნდეს.

43. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ბათილობაც აქვს მოსარჩელეს მოთხოვნილი დადებულია პირველ და მეორე მოპასუხეს შორის, რაც შემდგომში, საფუძვლად დაედო ნასყიდობის საგანზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების მეორე მოპასუხეზე გადასვლას, (პირველი მოპასუხე) საკუთრების უფლების მეორე მოპასუხის სახელზე აღრიცხვას. მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხა, რომლის გადახდევინების მიზნით დაწყებული იძულებითი აღსრულება წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მოვალეს (პირველ მოპასუხეს) საკუთრების უფლებით არ ერიცხება ქონება და არც მატერიალური ფასეულობა გააჩნია.

44. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმეზე №1/ბ-263-2007წ, რომლის თანახმად, ჯ. ვ., სხვა პირებთან ერთად, სოლიდარულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების შესაბამისად, დაზარალებულ მოსარჩელეზე მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 253 600 აშშ დოლარის ანაზღაურება (იხ., ს.ფ. 95).

45. დადგენილია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიმართვის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელს №1/ბ-263-2007 - სააღსრულებო წარმოებისას მიენიჭა №A0061055 (იხ., ს.ფ. 99).

46. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით და მის საფუძველზე 2008 წლის 29 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ ვალდებულებებზე, რომლის თანახმად, ჯ. ვ. სხვა პირებთან სოლიდარულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინების შესაბამისად, დაზარალებული მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 253 600 აშშ დოლარის ანაზღაურება, ჯ. ვ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე დ. ბ-ე და შვილები ნ., მ., ხ. და გ. ვ--ეები (იხ., ს.ფ. 96).

47. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელი მიმართავს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ”სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია № A0061055 სააღსრულებო საქმე, რომლის მიხედვითაც კრედიტორია მოსარჩელე, ხოლო მოვალეა დ. ბ-ე და სხვა, გაცნობებთ, რომ მოვალეების მიერ დავალიანება გადახდილია სრულად. გთხოვთ შეწყვიტოთ იძულებითი აღსრულება” (იხ.,ს.ფ. 101).

48. საკასაციო პალატა ყურადღებას მაიქცევს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებას, რომ თანხა 253600 დოლარის ოდენობით მოსარჩელეს მიღებული აქვს.

49. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ უარყოფს თანხის სრულად მიღებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ რადგან სახეზეა რამდენიმე განაჩენი (მართალია ერთი და იგივე დანაშაულისათვის თუმცა სხვადასხვა პირთა მიმართ) ყველა მათგანი (განაჩენი) ცალ-ცალკე უნდა დაექვემდებაროს აღსრულებას და უნდა მიიღოს იმდენი 253600 აშშ დოლარი, რამდენი განაჩენიცაა.

50. ამ ვითარებაში, სრულიადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ თანხა, რომელიც სხვადასხვა განაჩენებით სოლიდარულად დაეკისრა რამდენიმე პირს, მათ შორის, პირველ მოპასუხეს მოსარჩელეს მიღებული აქვს, ხოლო კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 მარტის №11004185-006/005 პასუხის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №11004185 საქმეზე წარმოება ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული და მის ფარგლებში აღსრულების მიზნით დაყადაღებულია მოვალეების - მ. ბ-ის, ე. ბ-ის (რომლებიც ასევე წარმოადგენენ მოვალეებს, როგორც საკომლო ქონების თანამესაკუთრეები, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით) და ა. ბ-ის საბანკო ანგარიშები, არ გააჩნია ვარგისი საპროცესო სამართლებრივი საფუძველი განსახილველ საქმეში აღძრული აღიარებით სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობისათვის.

51. მაშასადამე, მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უნდა უზრუნველყოფდეს აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არაა, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული ინტერესი, რაც პირველი მოპასუხის მიმართ აღუსრულებელი სასამართლო აქტების აღსრულებას ისახავს მიზნად პირველი მოპასუხის საკუთრებაში მატერიალური ფასეულობის (უძრავი ქონების) დაბრუნების გზით, სახეზე არაა. პირიქით, დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების პირველი მოპასუხის მიმართ აღსრულება (იხ., ამ განჩინების პპ:19-24).

52. ამდენად, სარჩელი არ პასუხობს დასაშვებობის კრიტერუმს (სსსკ-ის 180-ე მუხლი). სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

53. იმავდროულად, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობა. გადაწყვეტილებაში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება, განიმარტა, რომ გადაწყვეტილებია აღსრულების უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე” საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდს, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) (ციტ: სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი, პ-15.4.3).

54. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი მოსარჩელისთვის უფლების მიმნიჭებელი ვერ გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველი აღიარებითი სარჩელი სსსკ-ის 180-ე მუხლით დადგენილ სავალდებულო პირობას სარჩელის იურიდიული ინტერესის კრიტერიუმის (როგორიცაა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა) არსებობის შესახებ არ აკმაყოფილებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი].

55. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

56. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ც. კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. ც. კ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი