საქმე №ას-1390-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ-ი“ (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“, შპს „ტ-ა“, ზ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს-მა“, შპს „ტ-ამ“ და ზ. მ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ-ისა“ (შემდგომ – მოპასუხე შპს) და ამხანაგობა „პ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე ამხანაგობა) მიმართ და მოითხოვეს, შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2007 წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელეთა (ამხანაგობა „კ-ის“ (შემდგომ – ამხანაგობა) წევრები) 2007 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ამხანაგობას საკუთრებაში დაუბრუნდეს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ამხანაგობისათვის გადაცემული უძრავი ქონება და კონკრეტული უძრავი ნივთები – 1867 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1424 კვ.მ შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში აღირიცხოს ამხანაგობის საკუთრებად.
2. მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთო შპს „პ–ი“.
სარჩელის საფუძვლები:
3. მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელეთა შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ამხანაგობა. ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებმა განახორციელეს შენატანები, კერძოდ, მოსარჩელე შპს-ებმა ამხანაგობას საკუთრებაში გადასცეს 1 867 კვ.მ და 1424 კვ.მ შენობა-ნაგებობები, რომლებზეც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამხანაგობის საკუთრების უფლება.
4. 2007 წლის 27 ივნისს მესამე პირსა და ამხანაგობას შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და შეიქმნა მოპასუხე ამხანაგობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა დამფუძნებელთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაერთიანება და მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებმა ამხანაგობაში განახორციელეს შენატანები, მათ შორის, მოპასუხე ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის კუთვნილი 1 867 კვ.მ და 1 424 კვ.მ შენობა-ნაგებობა.
5. მოპასუხე ამხანაგობის მიზანი ვერ იქნა მიღწეული, არანაირი სამშენებლო საქმიანობა არ განხორციელებულა და არც სამომავლოდ მშენებლობის დაწყების პერსპექტივა არ იკვეთება. აღნიშნული სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის – მესამე პირის წილს ამხანაგობაში დაედო ყადაღა, კრედიტორული დავალიანების გადახდევინების მიზნით, და საბოლოოდ მისი წილი საკუთრებაში გადაეცა სხვა მოპასუხე შპს-ს.
6. 2012 წლის 24 მაისს მეორე ამხანაგობის დამფუძნებლებმა – შპს „კ-მა“ და მოპასუხე შპს-მ მოიწვიეს კრება. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან ამხანაგობის ყველა წევრს უპირობოდ ჰქონდა ამხანაგობიდან გასვლისა და განხორციელებული შენატანის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. მიუხედავად შეთანხმებისა, 2012 წლის 24 მაისის კრების ოქმის საფუძველზე ვერ მოხდა ამხანაგობის მიერ განხორციელებული შენატანის დაბრუნება, რადგან ოქმში არასწორად იქნა მითითებული ამხანაგობისთვის დასაბრუნებელი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი. მოპასუხე შპს კი უარს აცხადებს კრების ოქმში შესწორების შეტანაზე.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხე შპს-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა ამხანაგობიდან გასვლა ზიანის მომტანი იქნება მოპასუხისათვის, რადგან არსებობს მშენებლობის დაწყების პერსპექტივა (შემდგომ – მესამე პირი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2007 წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №1-3536) მოსარჩელეების (ამხანაგობის წევრები) 2007 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ამხანაგობას (მოსარჩელეთა) საკუთრებაში დაუბრუნდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ამხანაგობისათვის გადაცემული უძრავი ქონება, 1867 კვ.მ და 1424 კვ.მ შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობის საკუთრებად, რაც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 364-ე მუხლით, მეორე კარის IX თავით და განმარტა, რომ სასამართლოში მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ მოსარჩელე და მოპასუხე. იმავე კოდექსის XI თავის მიხედვით კი, საქმეში მესამე პირად შეიძლება ჩაერთოს მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე.
11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტი საქმეში ჩართული იყო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რაც გამორიცხავს მის უფლებას, ისარგებლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალებებით. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სამართლებრივ ურთიერთობაში არიან მხოლოდ იმ პირთან, რომლის მხარეზეც გამოდიან პროცესში და არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა მოწინააღმდეგე მხარესთან მათ არ აკავშირებთ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მესამე პირის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
13. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებისა და მესამე ნაწილის თანახმად, აპელანტს უკან დაუბრუნდა 7000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე პირმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსსკ-ის 89-ე მუხლის შინაარსზე, 91-ე მუხლის საფუძველზე კი ჩათვალა, რომ იგი ამომწურავია და ჩამოთვლის იმ საპროცესო უფლებებს, რომლებითაც ვერ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირი ვერ სარგებლობს და ადგენს ამავე პირის კანონიერ შესაძლებლობას, ისარგებლოს, ჩამოთვლილის გარდა, მხარისათვის მინიჭებული სხვა ყველა უფლებით, რომელიც ასევე მოიცავს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებასაც. ამავე მუხლით დადგენილი პირობა, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე სარგებლობს მხარის ყველა უფლებით (სსსკ-ის 83-ე მუხლი), გარდა ჩამოთვლილისა, საფუძველს აცლის გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სსსკ-ის 364-ე მუხლს.
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 89-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირს, საქმეში მესამე პირად ჩართვითა და მხარის უფლებების გამოყენებით გავლენა მოახდინოს საბოლოოდ გადაწყვეტილების შინაარსზე, მიმდინარე დავის შედეგზე. სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით უდავოა, რომ 1. მოიცავს არა მხოლოდ პირველ ინსტანციას, არამედ ყველა ინსტანციას და ასევე აღსრულების პროცესსაც. ამ საკითხთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
17. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მესამე პირისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სსსკ-ის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპთან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის რეალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მიღებული განჩინების კანონიერება.
20. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2007 წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №1-3536) მოსარჩელეების (ამხანაგობის წევრები) 2007 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ამხანაგობას (მოსარჩელეთა) საკუთრებაში დაუბრუნდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ამხანაგობისათვის გადაცემული უძრავი ქონება, 1867 კვ.მ და 1424 კვ.მ შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობის საკუთრებად.
21. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ჰქონდათ თუ არა ზემოაღნიშნულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 91-ე მუხლი განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების საპროცესო უფლებებს და ადგენს, რომ მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სსსკ-ის 91-ე მუხლი პირდაპირ არ აწესებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას, თუმცა მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს და სსსკ-ის 364-ე მუხლის ძალით ადგენს, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
25. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი პირდაპირ ასახელებს იმ საპროცესო სტატუსს, რომლის მქონე პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ასეთად მიიჩნევიან უშუალოდ დავის მხარეები და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აღნიშნული სუბიექტების მოთხოვნების განხილვა დისპოზიციურად საფუძვლად უდევს სასარჩელო წარმოებას, შესაბამისად, მათ მიმართ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილების კუთხით რაიმე შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია (სუსგ 30.11.2016წ. საქმე №ას-968-933-2016). კანონის აღნიშნული დანაწესი სააპელაციო საჩივრის შეტანის სუბიექტთა წრის განსაზღვრისათვის სპეციალური ხასიათისაა.
26. მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე დავის საგანთან მიმართებით დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ასეთ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილება „უშუალოდ“ ვერ შეეხება. ესენი არიან პირები, რომელთა უფლებებსა და მოვალეობებზეც ერთ-ერთი მხარის მიმართ, შესაძლებელია შემდგომში გავლენა მოახდონის სასამართლოს გადაწყვეტილებამ (სუსგ 20.07.2018წ. საქმე №ას-687-687-2018).
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მოცემულ დავაში მისი საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა და სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
28. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე დებულება უშუალოდ აპელანტის კანონიერ ინტერესებს არ შეხებია.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე