საქმე №ას-1184-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს პარლამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საიჯარო საფასურის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს პარლამენტმა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ას“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ საიჯარო საფასურის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს – 24105.20 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და 2014 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული №- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ მოპასუხეს შორის გაფორმდა №- და №- საიჯარო ხელშეკრულებები.
3. საიჯარო ხელშეკრულებების 1.1. პუნქტის მიხედვით, მეიჯარემ გადასცა, ხოლო მოიჯარემ მიიღო საქართველოს პარლამენტის შენობაში, 6 ერთეული აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით, 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართი ორწლიანი სარგებლობის უფლებით. ამავე ხელშეკრულებებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 და 290 ლარის ოდენობით. საიჯარო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
4. მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, კერძოდ, საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა დაიწყო 2015 წლის მარტიდან, როდესაც თებერვლის საიჯარო საფასური უნდა გადაეხადა 2015 წლის მარტის ჩათვლით, რაც მის მიერ გადახდილ იქნა 2015 წლის 1 მაისს. აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის – 2015 წლის 23 ოქტომბრისათვის შეადგენს 24 105.20 ლარს.
5. მეიჯარის მხრიდან რამდენჯერმე წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, მოიჯარემ ყოველთვიური საიჯარო საფასურის დროულად გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაიხადა.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი იყო პირგასამტეხლოს სახით 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. მოპასუხემ დაარღვია საიჯარო ქონებით სარგებლობისათვის ყოველთვიური საფასურის გადახდის წესი, რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 50 ლარი (სულ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთანავე, პირგასამტეხლო შეიძლება აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობის და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპი. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახადი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (2 წელი) შეადგენს 15 600 ლარს, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგინა 24 105.20 ლარი, რაც აშკარად აღემატება მოსალოდნელ ზიანს, რომელიც მოპასუხეს შეეძლო, საქართველოს პარლამენტისათვის იჯარის თანხის ვადაგადაცილების გადახდით მიეყენებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და მისი ოდენობა გონივრულ ფარგლებში უნდა შემცირდეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №- და №- საიჯარო ხელშეკრულებები.
11. ხელშეკრულებების 1.1. პუნქტების მიხედვით, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა საიჯარო ქონება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, 6 ერთეული პროდუქტის აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით, 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართი ორწლიანი სარგებლობის უფლებით.
12. 2014 წლის 11 ნოემბერს ხელშეკრულებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 და 290 ლარით მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
13. ამავე ხელშეკრულებების 4.2 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. მოიჯარე მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის 11 ნოემბრის №- და №- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებები.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 581-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 417-ე, 418-ე მუხლებით და მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდებულ გარემოებას, რომ მოპასუხეს 2014 წლის 11 ნოემბრის №- და №- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეუსრულებია. შედეგად, საიჯარო დავალიანების გარდა, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო – 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
16. საქართველოს პარლამენტის დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგინა 24 105.20 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო 8000 ლარის დაკისრების ნაწილში.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში.
18. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
19. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
20. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება Nას-988-1021-2011; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის ას-721-728-2015).
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ 2014 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებების პირობები დაარღვია, მოსარჩელეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნისა და პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება მოპასუხის მიმართ.
22. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესრულებული ვალდებულებისა და, ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, სწორად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სამართლიანად შეამცირა იგი 24 105.20 ლარიდან 8000 ლარამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორმა მიიჩნია, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რა კრიტერიუმით და რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღმოჩნდა მოთხოვნილი პირგასამტეხლო „შეუსაბამოდ მაღალი“ მოცემული დავის ფარგლებში. ამ საკითხის გარკვევის გარეშე კი, სავსებით ბუნდოვანი ხდება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მისი კანონიერება.
26. როცა საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის უამრავი სტუმრის კვებით უზრუნველყოფის საკითხს, შეუძლებელია ზუსტად იმ ზიანის განსაზღვრა, რაც შეიძლება დადგეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისი მტკიცების ტვირთი კასატორს დაეკისრებოდა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობაც, გონივრული, სამართლიანია და სავსებით შეესაბამება სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეს პირგასამტეხლოს დაკისრების მიუხედავად, შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, სასარჩელო მოთხოვნაში მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნა იქნა წარდგენილი და მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია, რისი მოთხოვნის უფლებასაც უშვებს სსკ-ის 419-ე მუხლი. ხოლო, სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ასევე, სსკ-ის 411-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად ითვლება ის ზიანი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
27. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის მთავარი არსი მეიჯარისთვის იყო ის, რომ მოიჯარეს უზრუნველეყო საიჯარო ფართზე კვებისა და ყავის აპარატების ფუნქციონირება, რაც ვალდებულების დარღვევის ან მით უფრო, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მეიჯარისათვის არ ნიშნავს ზიანს მხოლოდ საიჯარო საფასურის სახით, ვინაიდან, კვებით უზრუნველყოფის შესრულებაზე უარი თქმა ისეთი სახელმწიფო დაწესებულებისათვის, სადაც ასეულობით პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი თუ უამრავი სტუმარი იღებს კვებით მომსახურებას, ზიანი გაცილებით დიდი შეიძლება იყოს. შესაბამისად, მხარეების მიერ პირგასამტეხლოს განსაზღვრა და თანაც დათქმული ოდენობით, სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
28. კასატორმა ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ წარმოდგენილ იმ სამართლებრივ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სსკ-ის 8-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
29. კასატორის აზრით, მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დადებული გარიგებების ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სწორედ, რომ გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ვიდრე მხარეთა გონივრული განსჯის საფუძველზე, შეთანხმებით განსაზღვრული მაღალი (და არა „შეუსაბამოდ მაღალი“) პირგასამტეხლოს დაკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი სამართლებრივი საშუალების არსებობა და უგულებელყოფილი იქნება საჯარო წესრიგიც და კეთილსინდისიერების პრინციპიც. ანალოგიური შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანგრძლივმა პრაქტიკამ ნათლად აჩვენა, რომ მხარის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებისათვის უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ თავის არიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია მაღალი პირგასამტეხლოს დაწესება, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, დაბალი პირგასამტეხლოს არსებობის შემთხვევაში ვალდებულებათა უმეტესი ნაწილი ან დარჩება შეუსრულებელი მათზე უარის თქმის გამო ან უკეთეს შემთხვევაში მოხდება მათი შესრულებისთვის განკუთვნილი ვადების (ხანგრძლივად) დარღვევა, რის შემდეგაც მეორე მხარისათვის აზრს კარგავს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება.
30. კასატორმა მიუთითა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც, კერძოდ: საქმე №ბს-1840-17949კ-10, 9 ივნისი, 2011წ. დავის საგანი: ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება. საქმე №ბს-740-734 (2კ-11), 17 იანვარი, 2012წ. დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. ორივე მათგანში არ შემცირებულა დაკისრებული პირგასამტეხლო.
31. კასატორის განმარტებით, როგორც ევროპული, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ დაუშვებელია ერთი პირის უფლებების დაცვის მოტივით დაირღვეს მეორე პირის უფლებები და თავისუფლებები, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ აშკარად იქნა დარღვეული, ვინაიდან ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენისა და მათი შეფასების გარეშე მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო „აშკარად შეუსაბამოდ“.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №- და №- საიჯარო ხელშეკრულებები.
35. ხელშეკრულებების 1.1. პუნქტების მიხედვით, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა საიჯარო ქონება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, 6 ერთეული პროდუქტის აპარატისა და 4 ერთეული ყავის აპარატის განთავსების მიზნით, 12 კვ.მ და 8 კვ.მ ფართი ორწლიანი სარგებლობის უფლებით.
36. 2014 წლის 11 ნოემბერს ხელშეკრულებით საიჯარო ქონებით სარგებლობის ყოველთვიური საფასური განისაზღვრა 390 და 290 ლარით მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
37. ამავე ხელშეკრულებების 4.2 პუნქტების შესაბამისად, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,1% ყოველთვიური საიჯარო ფასის გადაუხდელობისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას 50 ლარი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
38. მოიჯარე მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის 11 ნოემბრის №- და №- საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებები.
39. საქართველოს პარლამენტის დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრამდე შეადგინა 24 105.20 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო 8000 ლარის დაკისრების ნაწილში.
40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებას 8000 ლარამდე.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
43. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
45. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (სუსგ 24.02.2017წ. №ას-862-828-2016).
47. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
48. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
49. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
50. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
51. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
52. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და მას წარმოეშვა მხარეთა შორის დადებული იჯახის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა სწორია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად დავალიანებასთან მიმართებით. აღნიშნული მსჯელობის გასაქარწყლებლად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
54. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური