Facebook Twitter

საქმე №ას-1440-1360-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. და კ. ბ-ეები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, წილის განსაზღვრა, ნატურით გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ბ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის (შემდგომში – მოპასუხე), კ. ბ-ის – (შემდგომში – მოსარჩელის ძმისშვილი) მიმართ და მოითხოვა კანონით დადგენილ დროსა და ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიღებულ სამკვიდროს ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, წილის განსაზღვრა და ნატურით გამოყოფა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ქონება რეგისტრირებულია ნ. ა-ის ძე ბ-ის (შემდგომში – მამკვიდრებელი, მოსარჩელის მამა) სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1996 წლის 29 ნოემბერს. აღნიშნული მომენტისათვის ცოცხალი იყო მისი მეუღლე – მ. ბ-ე (შემდგომში – მოსარჩელის დედა), შვილები – მოსარჩელე და მოპასუხე, მოსარჩელის ძმა კი მამკვიდრებლის გარდაცვალების დროს ცოცხალი აღარ იყო.

3. მოსარჩელის დედა 2005 წლის 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მშობლების სამკვიდრო ქონებას.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელის ძმისშვილმა აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს თვითონ ოჯახთან ერთად, შესაბამისად, მოსარჩელე მას ფაქტობრივად ვერ დაეუფლებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის ძმისშვილის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარს ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ სხდომის ოქმზე თანდართული ხელწერილის საფუძველზე გამოარკვია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე აპელანტი და მისი წარმომადგენელი გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 216-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (ს.ფ 307).

8. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი მოსარჩელე 2017 წლის 14 ივნისს 13.00 საათზე დანიშნული სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – ხელწერილის საშუალებით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე მუხლით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით და არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებით, კერძოდ, მარწმუნებელმა შეიყვანა შეცდომაში და სხდომის თარიღი არასწორად აცნობა, ვინაიდან 2017 წლის 14 ივნისს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე არა მხოლოდ აპელანტი, არამედ მისი წარმომადგენელიც იქნა გაფრთხილებული სსსკ-ის 216-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ხელწერილის საშუალებით.

10. გარდა ამისა, საჩივარში მითითებული მიზეზი, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოადგენს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული არ იყო, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იურიდიულად გამართლებული იყო თუ არა სააპელაციო საჩივარი აღნიშნულზე მსჯელობის ვალდებულება სასამართლოს განსახილველ შემთხვევაში არ გააჩნია. 2017 წლის 14 ივნისს 13.00 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი მოსარჩელის გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ მიიჩნევა, ვინაიდან გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებული გარემოებები სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას არ მიეკუთვნება და გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახენ განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. ასევე, გასაჩივრებული განჩინება მიიღო საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, არასწორად დაადგინა და, შესაბამისად, სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

15. კასატორმა ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე საქმეზე №2ბ/3610-13, რომლის თანახმად სსსკ-ის 233-ე მუხლი „განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტში, რომლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს ფორსმაჟორულ ან სხვა მოვლენებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობინებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების სხდომამდე გაკეთება შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა“.

16. კასატორის განმარტებით, მხარე საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა იმის გამო, რომ არასწორად დაიმახსოვრა პროცესის თარიღი. მანამდე მოსარჩელე ოთხჯერ გახლდათ სასამართლოში მოცემული დავის განხილვაზე, რაც სააპელაციო პალატას სათანადოდ არ შეუფასებია და არც თავის გადაწყვეტილებაში აუსახავს. ამდენად, სასამართლო სხდომის თარიღის შეცდომით დამახსოვრება შესაძლოა, ჩაითვალოს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა მოვლენად“.

17. კასატორმა აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების ეჭვგარეშე არსებობისას. მან სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია სამართალწარმოების ორი ძირითადი პრინციპი, კერძოდ, „da mihi facta, dabo tibi ius“ – მომეცი ფაქტები, მოგცემ უფლებებს და მეორე, რომლითაც მხარეებს შორის ვერ დაასრულა დავა და ძალაში დატოვა ისეთი უკანონობა, როგორიცაა პირველი რიგის მემკვიდრის სამკვიდროს გარეშე დატოვება.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე მუხლი).

22. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სააპელაციო პალატას არ აცნობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე.

24. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოცემული დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნული იყო 2018 წლის 10 მაისს. პროცესზე გამოცხადდა როგორც უშუალოდ მოსარჩელე, ისე მისი წარმომადგენელი. მათ ჩამოერთვათ ხელწერილი იმის შესახებ, რომ საქმის განხილვა მოხდებოდა ამავე წლის 14 ივნისს, 13:00 საათზე (ტომი 2, ს.ფ 307).

26. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის განხილვაზე არც აპელანტი მხარე და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოსათვის არ უცნობებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორმა ვერ წარმოადგინა.

28. მხარე ასეთად მიიჩნევს მის მიერ საქმის განხილვის თარიღის არასწორად ჩანიშვნას.

29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

30. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

31. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის თარიღის არასწორად ჩანიშვნა არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. კასატორის მიერ მითითებული საფუძველი კი მეტად სუბიექტურია და დამოკიდებულია პირის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის აღქმაზე. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან შეუძლებელია იმის შემოწმება, ამგვარ ფაქტს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი.

33. აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიობაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, თუ მანამდე რამდენჯერ გამოცხადდა მხარე პროცესზე.

34. სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გარემოების არსებობა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი