საქმე №ას-139-131-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „თ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ–ისა (შემდგომში – მოპასუხე) და შპს „ა-ის“ (შემდგომში – მოპასუხე შპს) მიმართ და მოითხოვა, აიკრძალოს მოპასუხისადმი მოსარჩელის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის სამთო და მიწის მინაკუთვნიდან საჯარო გზასთან დამაკავშირებელი საუწყებო გზის მონაკვეთის გადაკეტვა მიწის თხრილების, ფიზიკური ძალისა და სხვა საშუალებების გამოყენებით, ასევე, მოპასუხეების მიერ მიყენებული მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლის 14 ნოემბერსა და 2008 წლის 18 იანვარს გარკვეულ ტერიტორიაზე მიიღო წიაღით სარგებლობის №- და №- ლიცენზიები. შესაბამისად, ლიცენზიებზე მოქმედების ვადით მას დაუწესდა სამთო და მიწის მინაკუთვნები.
3. 2004 წლის 28 იანვარს გარდაბნის რაიონის გამგეობის №-5 დადგენილების საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი წიაღით სარგებლობის №- ლიცენზიის მიწის მინაკუთვნი იჯარის წესით გადაეცა ფიზიკურ პირს, რომელმაც 2011 წლის 26 სექტემბერს, პირდაპირ მიყიდვის გზით, შეისყიდა აღნიშნული ტერიტორია, ხოლო 2012 წლის 12 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს.
4. 2014 წლის 17 ივლისს ამ უკანასკნელმა თვითნებურად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, საავტომობილო გზაზე გათხარა არხი და ადგილზე დააყენა კერძო დაცვის თანამშრომლები, რითაც მოსარჩელეს აღუკვეთა შესაძლებლობა, კარიერიდან გაეზიდა პროდუქცია. არხის ერთადერთი დანიშნულება იყო მოსარჩელის საქმიანობის ხელშეშლა, რადგან ტერიტორია წარმოადგენს მინდორს, სადაც სრულიად უსარგებლოდ გაითხარა არხი.
5. 2014 წლის 23 ივლისს მოპასუხე შპს-ს თანამშრომლებმა კვლავ გადაკეტეს გზა. მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი გზის გახსნა.
6. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეთა აღნიშნული ქმედებებით 17 ივლისიდან 22 ივლისამდე და 23 ივლისს, 4 სამუშაო საათის განმავლობაში მოსარჩელე ვერ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რის შედეგადაც მას მიადგა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც მოსარჩელემ თვითნებურად მოაწყო დატკეპნილი, ქვა-ღორღიანი ნაკვალევი, კარიერსა და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი 160 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, რომელსაც არ გააჩნია სტატუსი. საქმეში წარმოდგენილი დასკვნით დგინდება, რომ არსებული რელიეფი და მდებარეობა იძლევა საშუალებას, კარიერი დაუკავშირდეს ცენტრალურ გზას ამ ტერიტორიაზე არსებული გასასვლელით, მოპასუხის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე. იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ ნახაზზე მითითებული №2 გზის სიგრძე მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე თვითნებურად მოწყობილ შარაგზაზე სამჯერ მეტია ვიდრე და შეადგენს 530 მეტრს, რაც მოსარჩელეს უზრდის ტრანსპორტის ხარჯებს.
8. მოპასუხე შპს-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოების თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან ევალებოდათ მოპასუხის საკუთრების დაცვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის მიმართ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის სამთო და მიწის მინაკუთვნიდან საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მიწის თხრილების, ფიზიკური ძალის და სხვა საშუალებების გამოყენებით გადაკეტვა, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფლობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას.
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 იანვრის №-0 ბრძანებით, ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით, მოსარჩელის სახელზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 20 წლის ვადით.
13. მოსარჩელის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული სამთო მინაკუთვნის პროექტის შესაბამისად, ლიცენზირებული ობიექტი მდებარეობს რაიონული ცენტრიდან 35 კმ-ში. გამოვლინების ახლოს გადის გრუნტის გზა, რომელიც 1.5 კმ-ში უერთდება სოფლებისკენ მიმავალ სასოფლო გზას, საიდანაც თბილისი-თელავის ავტომაგისტრალამდე 1.8 კილომეტრია. პროექტში აღნიშნულია, რომ სამთო მინაკუთვნი მდებარეობს ხელსაყრელ სატრანსპორტო პირობებში.
14. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 12 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 23 მარტს უძრავი ქონებაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. 2011 წლის 23 მარტის განაცხადით აღნიშნულ უძრავ ქონებას დაედო სარგებლობის უფლება. მეიჯარე იყო გარდაბნის რაიონის გამგეობა, მოიჯარე – ფიზიკური პირი. 2011 წლის 23 მარტის განაცხადით სარგებლობის უფლება გაუქმდა იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და უძრავ ნივთზე 2011 წლის 26 სექტემბრის განაცხადით დარეგისტრირდა ხსენებული ფიზიკური პირის – მოიჯახის საკუთრების უფლება. 2012 წლის 12 ივნისის განაცხადით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით.
16. სადავო არ არის, რომ მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების საზღვრებშია მოსარჩელის მფლობელობაში არსებული კარიერის ნაწილი. მოპასუხის საკუთრების საზღვრებში ექცევა ასევე კარიერსა და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ის მონაკვეთი, რომლითაც სარგებლობს მოსარჩელე.
17. 2014 წლის 17 ივლისის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ინსპექტორები იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს №----- ლიცენზიის სამთო მინაკუთვნი. აქტში აღნიშნულია, რომ ინსპექტორებთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფებოდა მოსარჩელის დირექტორი, რომლის განმარტებით, მოპასუხემ 2014 წლის 17 ივლისს მათი მისასვლელი გზის გადაკვეთაზე გააკეთა ტრანშეა (მიწის თხრილი) და შეუზღუდათ კარიერზე მისვლის შესაძლებლობა. ინსპექტორების მიერ ტრანშეას გასწვრივ აღებული კოორდინატებით დადგინდა, რომ კოორდინატები განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. გადაღებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც ერთვის აქტს.
18. მხარეთა შორის სადავოა კარიერსა და საერთო სარგებლობის გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია მოპასუხის საკუთრების საზღვრებში, კერძოდ, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომლითაც შესაძლოა, უზრუნველყოფილ იქნეს კარიერის კავშირი საჯარო გზასთან.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მათი დასაშვებობის, შესახებობისა და უტყუარობის შემოწმებას, აგრეთვე, მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობასა და მათ შეფასებას ერთობლიობაში.
20. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1 ოქტომბრის №--ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული კარიერი საერთო სარგებლობის გზას უკავშირდება გზით, რომლის საფარი მოხრეშილია. აღნიშნული გზა, 2.05.02-85 სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად, განეკუთვნება ადგილობრივი დანიშნულების, მისასვლელ მე-5 კატეგორიის გზას. კარიერამდე მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს.
21. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოპასუხის წარმომადგენლის დაკვეთით მომზადებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 1 ოქტომბრის №-- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: არსებობს თუ არა მოსარჩელესა და სხვა ინდივიდუალური მეწარმის კარიერის დასავლეთით მისასვლელი გზები; უერთდება თუ არა აღნიშნული გზა ნახაზზე მითითებულ მუნიციპალურ გზას ისე, რომ არ იქნეს გამოყენებული მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი; ზემოთ მითითებული გზების არარასებობის პირობებში, იძლევა თუ არა ადგილობრივი რელიეფი გზის მოწყობის საშუალებას ცენტრალურ გზასთან დასაკავშირებლად.
22. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კარიერის დასავლეთით ფაქტობრივი გზა არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კარიერში მოპოვებული პროდუქციის ტრანსპორტირება. კარიერთან ალტერნატიული გზის მოწყობისთვის, ისე რომ გზამ არ გაიაროს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, საჭიროა შედგეს პროექტი შესაბამისი საპროექტო სამსახურების მიერ.
23. მოპასუხის მიერ კარიერთან მისასვლელი ალტერნატიული გზის არსებობის დასტურად წარმოდგენილ იქნა შპს „კ-ე და კომპანიის“ მიერ გაცემული დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დასაველეთით შესაძლებელია გზის გაყვანა ისე, რომ გზა აკავშირებდეს მოსარჩელის კარიერს ცენტრალურ გზასთან. მოპასუხემ ასევე წარადგინა შპს „კ-ე და კომპანიის“ 2016 წლის 24 მარტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი კარიერის 4.5 წერტილებს შორის არ შეინიშნება გზა, ხოლო მათ მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმაზე იმავე კოორდინატებში ასახულია გზა. კარიერის დასავლეთ ნაწილში ტოპოგრაფიულ გეგმაზე არსებული საველე გზების უმეტესი ნაწილი ემთხვევა სიტუაციურ გეგმას.
24. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მოსარჩელემ დაუპირისპირა შპს „M-ს“ მიერ 2016 წლის 16 ივლისს შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №- ლიცენზიის მიმდებარე ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების განმარტებითი ბარათი. განმარტებითი ბარათის თანახმად, მსვლელობა ადგილზე შესრულდა გეოდეზიური ხელსაწყოთი. შპს „კ-ე და კომპანიის“ სიტუაციური ნახაზის ქაღალდის ვერსიაზე მონიშნულ იქნა პოლიგონი, კონკრეტული ნაწილი, რომელზეც უნდა შესრულებულიყო ტერიტორიის დათვალიერება, რათა დადგენილიყო დასავლეთის მხრიდან კარიერამდე მისასვლელი სამანქანო გზის არსებობა. ტერიტორიის აღწერა/დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ტერიტორია შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ქედი, ფერდობი, ბორცვები, ხევი, არხი. ზოგიერთ ადგილას განლაგებულია ხეები და ბუჩქები. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მონიშნულ კონტურზე და მიმდებარედ მოსარჩელის კარიერამდე სამხრეთ-დასავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან მისასვლელი საავტომობილო გზა არ არსებობს. აღნიშნული კონტური (საფეხმავლო გზა) კვეთს ფერდობებს, ბუჩქებს და ხევს. ნახაზზე ნაჩვენებია ლიცენზიის №- სამთო მინაკუთვნში მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც ტერიტორიაზე შედის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.
25. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „M-ს“ განმარტებითი ბარათის და აზომვითი ნახაზების საპირისპიროდ, მოსარჩელემ წარადგინა შპს „კ-ე და კომპანიის“ ახსნა-განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, რომ კარიერზე შეიძლება გზის გაყვანა ორთოფოტოზე მონიშნული ადგილის მიხედვით, თუ მოხდება მისი ბულდოზერით გასწორება და მოხრეშვა ბალასტით.
26. ამდენად, დგინდება, რომ როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს მოწყობილი და ჯეროვანი გამოყენებისთვის გამოსადეგი ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსარჩელის სარგებლობაში არსებული კარიერი დაუკავშირდებოდა საერთო სარგებლობის გზას. რაც შეეხება ალეტრნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობას, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ ასეთი ალტერნატიული გზის მოწყობის თეორიულ შესაძლებლობაზე და აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიცავს განმარტებებს გზის მოწყობის შესაძლებლობის პრაქტიკულად რეალიზებასთან მიმართებაში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია თავად მოპასუხის დაკვეთით მომზადებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 1 ოქტომბრის №-ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კარიერის დასავლეთით ფაქტობრივად გზა არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კარიერში მოპოვებული პროდუქციის ტრანსპორტირება. კარიერთან ალტერნატიული გზის მოწყობისთვის ისე, რომ გზამ არ გაიაროს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე, საჭიროა შედგეს პროექტი შესაბამისი საპროექტო სამსახურების მიერ, ანუ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნა გარკვეულწილად მიუთითებს ასეთი გზის მოწყობის შესაძლებლობაზე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ასეთი გზის მოწყობისთვის აუცილებელი იქნება შესაბამისი პროექტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შესაბამისი პროექტის არარსებობის ან/და უფრო დეტალური ანალიზის გარეშე არ არის მართებული წინამდებარე დავის ფარგლებში ვიმსჯელოთ ისეთი ალტერნატიული გზის რეალურად მოწყობის შესაძლებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს კარიერის ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია მოპასუხის საკუთრების საზღვრებში, წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომლითაც შესაძლოა, უზრუნველყოფილ იქნეს კარიერის ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან.
28. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
29. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
30. მოსარჩელე მოპასუხისაგან კარიერის ცენტრალურ საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის ხუთი დღით გადაკეტვისათვის ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 6074,8 ლარის ოდენობით. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც ზიანის არსებობის ფაქტს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ ასეთ მტკიცებულებად შეფასებული ვერ იქნება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები, 2014 წლის ივნისში რეალიზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია ან/და რეალიზაციის მოცულობის შესახებ ანგარიში, რომლებიც შედგენილია ცალმხრივად მოსარჩელის ფინანსური მენეჯერის მიერ და აღნიშნული ინფორმაციიდან საშუალო მაჩვენებლის გამოყვანა არ გამომდინარეობს კანონის მიზნიდან ზიანის დადგენის და მისი ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 იანვრის №-0 ბრძანებით მიენიჭა კონკრეტულ ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება, აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის 18 იანვარს გაიცა №- ლიცენზია.
32. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას. წიაღის ის უბნები, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის, წარმოადგენენ წიაღით სარგებლობის ობიექტებს.
33. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილია, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება (წიაღით სარგებლობის უფლება) და იგი შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე 2008 წლიდან სარგებლობს კარიერით, აწარმოებს ქვიშა-ხრეშის მოპოვებას და წარმოადგენს აღნიშნული კარიერის მართლზომიერ მფლობელს. მოპასუხე მოსარჩელეს არ აძლევს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების საშუალებას ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ გზაზე მიწაყრილის მოწყობით შეუზღუდა კარიერთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება.
34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 161-ე მუხლისა და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კეთილსინდისიერი მფლობელის უფლების ხელყოფა ან ხელშეშლა მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვის ცნობილი საშუალებით – ნეგატორული სარჩელის სასამართლოში წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
35. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები.
36. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია მოსარჩელის საკუთრების საზღვრებში, წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომლითაც შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნეს კარიერის ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან. ამდენად, გაუმართლებელია მოპასუხის საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთის გადაკეტვა და მოსარჩელისათვის გზით სარგებლობისათვის ხელშეშლა, რომელიც მოსარჩელეს ესაჭიროება სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მინიჭებული უფლების რეალიზების და სამეწარმეო საქმიანობისთვის.
37. სსკ-ის 161-ე მუხლის მეორე წინადადებისა და 992-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.
38. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ზიანის არსებობის ფაქტი დადასტურებული არ არის, არ არსებობს გ- ბ–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა და მოპასუხეს აეკრძალა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის სამთო და მიწის მინაკუთვნიდან საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მიწის თხრილების, ფიზიკური ძალის და სხვა საშუალებების გამოყენებით გადაკეტვა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
40. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
41. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 180-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული.
42. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია აპელანტის არგუმენტზე, რომ საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებულ გზაზე უკანონო ქმედებების აღკვეთა, სასამართლომ მას მიაკუთვნა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო გზა და იმსჯელა სამეზობლო ურთიერთობებზე, რაც არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულით დაირღვა სსსკ-ის 248-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.
43. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 180-ე მუხლი, კერძოდ, იმსჯელა სავალდებულო გზაზე სსკ-ის 180-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც კარიერს დასავლეთის მხრიდან გააჩნია კარიერამდე მისასვლელი რამდენიმე გზა, რომელიც უკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს და უზრუნველყოფს კარიერის ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან.
44. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნები და სამთო მინაკუთვნის პროექტი.
45. 2016 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს „M-ის“ სპეციალისტის 2016 წლის 16 ივლისის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №- ლიცენზიის მიმდებარე ტერიტორიის აზომვითი სამუშაოების განმარტებითი ბარათი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი 2 ფურცლად.
46. მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების სისწორისა და ფაქტობრივ გარემოებებთან შესატყვისობის დადგენის მიზნით, კასატორის 2016 წლის 10 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე შპს „კ-ე და კომპანიის“ ექსპერტების (სპეციალური ცოდნის მქონე პირების) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გაიცა დასკვნა (იხ. 2016 წლის 1 დეკემბრის, №-6-188 წერილის დანართი №-, რომელიც 2016 წლის 1 დეკემბრის, სასამართლო სხდომაზე დაერთო საქმის მასალებს), რომლის თანახმად შპს „კ-ე და კომპანიის” წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეისწავლეს აღნიშნული ტერიტორია, სადაც ხდება ქვა-ღორღის მოპოვება და ამჟამად ფუნქციონირებს კარიერი. აღნიშნულ ობიექტზე შეიძლება გზის გაყვანა ორთოფოტოზე მონიშნული ადგილის მიხედვით, თუ მოხდება მისი ბულდოზერით გასწორება და მოხრეშვა ბალასტით (წარმოდგენილია გზის საპროექტო ტრასაზე აღნიშნული პუნქტირით, რომელიც უმოკლესია) მოსარჩელის კარიერთან. შპს „M-ის“ მიერ წარმოდგენილი დასკვნა კი, თითქოს იქ ხევები, გორებია და შეუძლებელია გზის გაყვანა, თავიანთი რელიეფური რუქის მიხედვით არ დასტურდება. წერილს დაერთო ორთოფოტო, სადაც აღნიშნულია მანქანის ნავალი დღემდე და თუ მას გავასწორებთ, შესაძლებელია გზის გაყვანა.
47. 2016 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით კასატორმა სააპელაციო პალატაში გააკეთა განცხადება სსსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, მტკიცებულების სიყალბის შესახებ, რასაც სასამართლოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
48. გარდაბნის რაიონში სოფ. სააკაძის მიმდებარედ ქვიშა-ხრეში გამოვლინების სამთო მინაკუთვნის პროექტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საველე გზა, რომლითაც დღეის მდგომარეობით მოსარჩელე სარგებლობს არ მიეკუთვნება სამთო მინაკუთვნის პროექტს და არცერთ უწყებას მათთვის ეს გზა არ გადაუცია, რადგანაც იმ პერიოდისათვის ეს საველე გზა არც არსებობდა.
49. სასამართლოში კასატორის მიერ წარდგენილი დასკვნების, აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური გეგმების უტყუარობას ასევე ადასტურებს 2014 წლის 17 სექტემბრის №-4-122 წერილით სასამართლოში წარდგენილი კარიერამდე მისასვლელი გზების ამსახველი ვიდეომასალა.
50. კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და ამჟამად მოპასუხის ნაკვეთებს შორის 2004 წლის 6 ოქტომბრის იჯარის №05/04-43 ხელშეკრულებით გადაეცა ამ მოპასუხის წინამორბედს, რაც უტყუარად მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი უფლებრივად დატვირთული იყო ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამოგეობაში არ მოიპოვება. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფოს იჯარის ხელშეკრულებაზე უარი არ უთქვამს და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ორმხრივად განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნება (რესტიტუცია) არ მომხდარა. 2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სახელმწიფო იღებდა საიჯარო ქირას. აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელის კარიერის დასავლეთ მხარეს არსებობს 3 საველე გზა, რომლითაც კარიერი უკავშირდება საჯარო გზას.
51. კასატორის განმარტებით, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული, კარიერის დასავლეთ მხარეს გზების არსებობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოუკვლევია, რითაც დაირღვა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლები.
52. კასატორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა სსკ-ის მე-18, 115-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 174-ე, 408-ე, 411-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით. მან იმსჯელა მხოლოდ სამეზობლო ურთიერთობებეზე და უცილებელ გზასთან დაკავშირებით საერთოდ არ უმსჯელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მან ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად მოწყობილი გზაც ეკუთვნოდა კარიერს და იგი წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელს, რაც მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან აღნიშნული გზა მდებარეობს სამთო მინაკუთვნის გარეთ. „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2014 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები – მოსარჩელის სამთო მინაკუთვნის პროექტი და გეოლოგიური დასკვნა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტს არ ერთვოდა გრაფიკული ნახაზები და წარმოდგენილ იქნა სამთო მინაკუთვნის არასრული პროექტი, მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა, ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად გამოეკვლია აღნიშნული მტკიცებულება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის გარეშე საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
53. იმჟამინდელი მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელის კანონიერ მფლობელობაში არსებულ გზაზე მოპასუხის უკანონო ქმედებების აღკვეთა. პირველმა ინსტანციამ იხელმძღვანელა სსკ-ის 180-ე მუხლით. ყველაზე მცირე, ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატას ცვილება მაინც უნდა შეეტანა გადაწყვეტილებაში.
54. სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული მონაცემები არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-11 გვერდზე, 4.1. მუხლში მითითებულია, რომ მოსარჩელის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული სამთო მინაკუთვნის პროექტის შესაბამისად, ლიცენზირებული ობიექტი მდებარეობს კონკრეტული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2,5 კმ-ში, ხოლო რაიონულ ცენტრამდე 35 კმ-ია. გამოვლინების ახლოს გადის გრუნტის გზა, რომელიც 1,5 კმ-ში უერთდება სასოფლო გზას, საიდანაც ავტომაგისტრალამდე 1,8 კმ-ია. პროექტში აღნიშნულია, რომ სამთო მინაკუთვნი მდებარეობს ხელსაყრელ სატრანსპორტო პირობებში.
55. გარდაბნის რაიონში, სოფ. სააკაძის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის გამოვლინების სამთო მინაკუთვნის პროექტის თანახმად, მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობი შეადგენს 5,15 ჰექტარს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სამთო-კაპიტალური სამუშაოების ნაწილში აღნიშნულია (იხ. პროექტის მე-12 გვერდი): „კარიერის ზედა ნაწილიდან მუშაობის დასაწყებად საჭიროა 65 მ. სიგრძის საკარიერო გზის გაყვანა სამრეწველო მოედნიდან ამოსაღები საფეხურის სამუშაო ზონამდე (ჩრდილოეთ ნაწილში) გზის გაყვანა მოხდება მიწა-თიხიან გრუნტში და ძირი იქნება ხრეშ-ქვიშიან გრუნტში, რომელზეც მოძრაობა შესაძლებელია დამატებითი მოშანდაკების გარეშე.“
56. აღნიშნული პროექტის თანახმად, მარაგების მოპოვება უნდა დაეწყოთ ჩრდილოეთიდან. ასეთ პირობებში დამუშავების პირველ ეტაპზე ისინი სარგებლობდნენ კარიერის დასავლეთით არსებული სამანქანო გზებით, რადგანაც სურვილის შემთხვევაშიც 5,15 ჰექტარის სამთო მინაკუთვნის ფართობზე ჩრდილოეთით მოპოვებულ მარაგს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადმოიტანდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით. ამიტომ მას შემდეგ, რაც ათვისებულ იქნა ჩრდილოეთით სამთო მინაკუთვნის ტერიტორიის 3/4-ზე მეტი, ნაკლები დანახარჯის გაწევის მიზნით, მოსარჩელემ კასატორის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შიდა საველე გრუნტოვანი გზა უნებართვოდ დააგრძელა და დაიწყო მისი გამოყენება. ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული მარგი წიაღისეულის ჩრდილოეთი ნაწილის მოპოვებისა და გადამუშავების გარეშე აღნიშნულის აუცილებლობა არც კი იარსებებდა, რადგანაც კარიერის ჩრდილოეთ ნაწილის დამუშავების დროს მოსარჩელე იყენებდა დასავლეთით არსებულ იმ საველე გზებს, რომლებიც მიდიოდა როგორც სხვა პირის კარიერამდე, ასევე მოსარჩელის კარიერამდეც და რომლებიც უერთდებიან საჯარო გზას.
57. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 1 ოქტომბრის №- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული კარიერი საერთო სარგებლობის გზას უკავშირდება გზით, რომლის საფარი მოხრეშილია. აღნიშნული გზა, სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.05.02-85 მოთხოვნის შესაბამისად, განეკუთვნება ადგილობრივი დანიშნულების მისასვლელ, მე-5 კატეგორიის გზას. კარიერამდე მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. აღნიშნული ექსპერტიზის ავტორი ექსპერტი ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2014 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმის სახით, რომელმაც ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ კარიერის დასავლეთ მხარეს არის სამანქანო გზები.
58. ამავე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ ბუაძე, რომელიც მოსარჩელისათვის №- ლიცენზიის გაცემისას წარმოადგენდა თანამდებობის მქონე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (ლიცენზიის გამცემ ორგანოში), ხოლო დღეის მდგომარეობით იგი ინდივიდუალური მეწარმეა, რომლის მიერ გაცემული დასკვნა მე-3 დანართად ერთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელს. დაკითხვისას მან განმარტა, რომ სამთო მინაკუთვნის პროექტსა და გეოლოგიურ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული ის გზა, რომლითაც შესაძლებელია კარიერიდან მოპოვებული წიაღისეულის გამოტანა და ტრანსპორტირება. მოსარჩელის კარიერის დასავლეთ მხარეთ არის სამანქანო გზები.
59. კასატორმა მიიჩნია, რომ უტყუარად დაადასტურა, რომ კარიერის დასავლეთით არსებობს სამი საველე-სამანქანო გზა, რომლითაც კარიერი უკავშირდება ცენტრალურ გზას.
60. კასატორის განმარტებით, მართალია, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას, მაგრამ აღნიშნული ხასიათის დავებთან დაკავშირებით, როდესაც მოსამართლეს არ გააჩნია სპეციალური ცოდნა, უნდა მიწვეულიყვნენ სპეციალისტები, რომლებიც შეაჯერებდნენ მტკიცებულებებს.
61. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში (ნახაზებში), მოპასუხემ, თვალსაჩინოების მიზნით, კიდევ ერთხელ ეთხოვა შპს „კ-ე და კომპანიას“ საკუთარი გაცემული დასკვნების, აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური გეგმების, ასევე, შპს „რეესტრსერვისისა“ და ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ ბუაძის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, კატეგორიულად დაეფიქსირებინა არსებობს თუ არა მოსარჩელის კარიერის დასავლეთით გზა, რომელიც აკავშირებს კარიერს საჯარო გზასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ყოველგვარი ეჭვის გამომრიცხავი გარემოების გარეშე შპს „კ-ე და კომპანიამ“ 2017 წლის 19 იანვარს გაცემული დასკვნით დაადასტურა, რომ კარიერის დასავლეთ მხარეს არსებობს სამი გზა, რომელიც ანალოგიურია იმ საველე გზისა, რომლითაც მოსარჩელე დღეის მდგომარეობით სარგებლობს. აღნიშნული მტკიცებულება ახალი არ არის, ვინაიდან საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს „კ---------ე და კომპანიის“ 09.10.2014წ, 16.12.2014წ, 24.03.2016წ, 10.11.2016წ. დასკვნები, აზომვითი ნახაზები და სიტუაციური გეგმები და, ასევე, შპს „რეესტრსერვისისა“ და ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ ბუაძის მიერ 2014 წლის 7 აგვისტოს გაცემული დასკვნები, რომლებიც გაერთიანდა შპს „კ-ე და კომპანიის“ მიერ 2017 წლის 19 იანვარს გაცემულ დასკვნაში.
62. კასატორის განმარტებით, განჩინებაში მითითებული გარემოებები არ იწვევენ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით – სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრულ იურიდიულ შედეგს, რადგან აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ დანაწესს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში.
63. სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა რეალურად არსებობს თუ არა მესაკუთრის – მოპასუხის საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დატვირთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. კარიერის დასავლეთ ნაწილში არსებობს სამი საველე გზა, რაც გამორიცხავს მოპასუხის საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დატვირთვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
65. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
66. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფლობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას.
67. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 იანვრის №-0 ბრძანებით, ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით, მოსარჩელის სახელზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 20 წლის ვადით.
68. მოსარჩელის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული სამთო მინაკუთვნის პროექტის შესაბამისად, ლიცენზირებული ობიექტი მდებარეობს რაიონული ცენტრიდან 35 კმ-ში. გამოვლინების ახლოს გადის გრუნტის გზა, რომელიც 1.5 კმ-ში უერთდება სოფლებისკენ მიმავალ სასოფლო გზას, საიდანაც თბილისი-თელავის ავტომაგისტრალამდე 1.8 კილომეტრია. პროექტში აღნიშნულია, რომ სამთო მინაკუთვნი მდებარეობს ხელსაყრელ სატრანსპორტო პირობებში.
69. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 12 ივნისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
70. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 23 მარტს უძრავი ქონებაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. 2011 წლის 23 მარტის განაცხადით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაუდგინდა სარგებლობის უფლება. მეიჯარე იყო გარდაბნის რაიონის გამგეობა, მოიჯარე – ფიზიკური პირი. 2011 წლის 23 მარტის განაცხადით სარგებლობის უფლება გაუქმდა იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობების ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და უძრავ ნივთზე 2011 წლის 26 სექტემბრის განაცხადით დარეგისტრირდა ხსენებული ფიზიკური პირის – მოიჯახის საკუთრების უფლება. 2012 წლის 12 ივნისის განაცხადით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით.
71. სადავო არ არის, რომ მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების საზღვრებშია მოსარჩელის მფლობელობაში არსებული კარიერის ნაწილი. მოპასუხის საკუთრების საზღვრებში ექცევა ასევე კარიერსა და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ის მონაკვეთი, რომლითაც სარგებლობს მოსარჩელე.
72. 2014 წლის 17 ივლისის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ინსპექტორები იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს №----- ლიცენზიის სამთო მინაკუთვნი. აქტში აღნიშნულია, რომ ინსპექტორებთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფებოდა მოსარჩელის დირექტორი, რომლის განმარტებით, მოპასუხემ 2014 წლის 17 ივლისს მათი მისასვლელი გზის გადაკვეთაზე გააკეთა ტრანშეა (მიწის თხრილი) და შეუზღუდა კარიერზე მისვლის შესაძლებლობა. ინსპექტორების მიერ ტრანშეას გასწვრივ აღებული კოორდინატებით დადგინდა, რომ კოორდინატები განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. გადაღებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა, რომელიც ერთვის აქტს.
73. მხარეთა შორის სადავოა კარიერსა და საერთო სარგებლობის გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია მოპასუხის საკუთრების საზღვრებში, კერძოდ, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომლითაც შესაძლოა, უზრუნველყოფილ იქნეს კარიერის კავშირი საჯარო გზასთან.
74. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
75. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
76. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
77. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.
78. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
79. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 1 ოქტომბრის №- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული კარიერი საერთო სარგებლობის გზას უკავშირდება გზით, რომლის საფარი მოხრეშილია. აღნიშნული გზა სამშენებლო ნორმებისა და წესების 2.05.02-85 მოთხოვნების შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი დანიშნულების, მისასვლელ გზას და წარმოადგენს მე-5 კატეგორიის გზას. კარიერამდე მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს.
80. კასატორის დაკვეთით მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1 ოქტომბრის №- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კარიერის დასავლეთით ფაქტობრივად გზა არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კარიერში მოპოვებული პროდუქციის ტრანსპორტირება. კარიერთან ალტერნატიული გზის მოწყობისთვის, ისე რომ გზამ არ გაიაროს კასატორის მიწის ნაკვეთზე, საჭიროა შედგეს პროექტი შესაბამისი საპროექტო სამსახურების მიერ.
81. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
82. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
83. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
84. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).
85. განსახილველ შემთხვევაში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები – ორივე მხარის მიერ დართული ექსპერტიზის დასკვნები და მათში ასახული ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე დასაბუთებულად ჩათვალა, რომ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთი, რომელიც მოქცეულია მოპასუხის საკუთრების საზღვრებში, წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ კარიერსა და საერთო სარგებლობის გზის დამაკავშირებელ ერთადერთ გზას, რომლითაც შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნეს კარიერის ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან.
86. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
87. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
88. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (ვინაიდან სადავო საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2014 წლის 9 იანვრის №ას- 782-742-2013 განჩინება, სუს 2007 წლის 26 ივლისის ას-144-486-07 განჩინება, სუს 2005 წლის 21 აპრილის №ას-1416-1548-04 გადაწყვეტილება) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
89. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
90. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
91. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ბ–ის მიერ 2017 წლის 15 თებერვალს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. ბ–ს (პირადი №-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ბ–ის მიერ 2017 წლის 15 თებერვალს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი