Facebook Twitter

საქმე №ას-208-197-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით და მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მიმდინარე სააბონენტო და დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 8 333.20 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 17 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს სს ,,თ -ის“ მიმართ არსებული დავალიანება 7 515.15 ლარი გადაუნაწილდა 120 თვეზე. ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 62.63 ლარით, მიუხედავად ხელშეკრულების არსებობისა, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ დაუფარავს.

3. მოსარჩელე ამარაგებს აბონენტს ელექტროენერგიით და იგი ვალდებულია, გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სარჩელის წარდგენის მომენტისათვის მოპასუხეს (აბონენტის №--) გააჩნია დავალიანება 8 333.20 ლარის ოდენობით, საიდანაც მიმდინარე ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანებაა 2 947.47 ლარი, ხოლო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება – 5 385.73 ლარი.

4. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, თუ მოვალე დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს დარჩენილი ვალის სრულად დაფარვა. ამასთან, მოპასუხემ აღიარა აღნიშნული დავალიანების არსებობა. იგი არ იხდის მიმდინარე დარიცხული ჩვენებით დაგროვილ ელექტროენერგიის გადასახადს, რამაც გამოიწვია დავალიანების გაზრდა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავად იმ ბინის მესაკუთრეს არ წარმოადგენს, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს. შესაბამისად, მოსარჩელე საზოგადოების აბონენტია ბინის მესაკუთრე. ამდენად, მოპასუხე, სადავო ვალდებულების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი არ არის.

6. მიუხედავად იმისა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოპასუხემ მოაწერა, დავალიანების აღიარება განხორციელებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ხელის მოწერისას მას არ ჰქონია მესაკუთრის წერილობითი თანხმობა ან მინდობილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილია და უნდა გაუქმდეს.

7. მოპასუხემ ვალის აღიარება და გადანაწილება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ 11 შვილთან ერთად ვერ დარჩებოდა ელექტოენერგიის მიწოდების გარეშე, ხოლო მოსარჩელე სხვა გზით ელექტროენერგიას არ მიაწვდიდა. რაც შეეხება დავალიანებას, რესტრუქტურიზებული დავალიანება არ არის მოხმარებული მის მიერ და, შესაბამისად, უსაფუძვლოა მასზე თანხის დაკისრების მოთხოვნა იმ ელექტროენერგიაზე, რაც მის მიერ არ ყოფილა გახარჯული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების გადახდა 2947,47 ლარის ოდენობით შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილია მესამე პირის (მესაკუთრის) თანხმობის არარსებობის გამო.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის დავალიანება – 8 333,20 ლარი ერიცხება სხვა პირის სახელზე რეისტრირებულ №-- აბონენტს, ხოლო გამრიცხველიანებული უძრავი ქონების მესაკუთრე ლელა კახელაძეა (შემდგომში – მესაკუთრე).

12. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების პირობის თანახმად, მოვალე ვალდებული იყო კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, მათ შორის, მესაკუთრის თანხმობა წარედგინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა.

13. მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებზე და განმარტა, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებულ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებას, მესამე პირის (მესაკუთრის) თანხმობის არარსებობის პირობებში, იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე პირის (მესაკუთრის) თანხმობა, სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირისაგან სავალდებულო თანხმობის გარეშე, დადებული გარიგება მოწონებაუნარიანია, რომელიც მერყევად ბათილ გარიგებად კვალიფიცირდება. მერყევად ბათილი გარიგების დროს მხარეებს ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება არ წარმოეშობათ. მერყევი (დროებითი) მდგომარეობის დასასრული უკავშირდება მესამე პირის თანხმობას ან უარს. ამავე კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული თანხმობა, ანუ მოწონება გარიგების დადების შემდეგ მიცემულ ნებართვას წარმოადგენს, რომლითაც გარიგების სამართლებრივი ნაკლი სწორდება, ხოლო გარიგების შემდგომ მოწონებას უკუძალა აქვს და მოწონებული გარიგება ნამდვილად ითვლება იმავე გარიგების დადების და არა მოწონების მომენტიდან, რაც გულისხმობს, რომ გარიგების მონაწილეთა უფლება-მოვალეობები – წარმოშობილად, ამავე უფლება-მოვალეობების შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები კი ნამდვილად გარიგების დადების მომენტიდან მიიჩნევა.

15. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის გარემოება, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე მესამე პირის (მესაკუთრის) თანხმობა (ანუ მოწონება) წარმოდგენილი არ არის.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში საქმე გვაქვს მერყევად ბათილ გარიგებასთან, რა დროსაც მხარეებმა გარიგების ნამდვილობა მესამე პირის – მესაკუთრის თანხმობას დაუკავშირეს, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის თანხმობა არ არსებობს (არ გაცემულა), სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობის თანახმად, მოპასუხე მოსარჩელესთან სახელშეკრულებო თვითბოჭვაში არ შესულა და შესაბამისად, მას არც დავალიანების გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.

17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებდა აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო გარიგება მესამე პირის (მესაკუთრის) თანხმობას არ საჭიროებდა, ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ბათილია.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „თ-ი“, საქართველოს ელექტრომომარაგების ბაზარზე დომინირებულ ეკონომიკურ აგენტს წარმოადგენს და მას საშუალება აქვს კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად იმოქმედოს და ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

19. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

20. ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

21. საქმეში წარმოდგენილი №-- აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, რესტრუქტურიზებული დავალიანება დაგროვილია 13 წლის განმავლობაში და იგი მოიცავს 1999 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდს.

22. მოპასუხე არც სადავო აბონენტია და არც გამრიცხველიანებული ბინის მესაკუთრე. დღესაც №-- აბონენტი სხვა პირის სახელზეა აღრიცხული, ასევე, სხვა პირია უძრავი ქონების მესაკუთრე.

23. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაგებელში მოპასუხემ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანებული ელექტროენერგიის მის მიერ მოხმარების ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ვალი აღიარა და დავალიანების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ გადანაწილების დროს 11 შვილთან ერთად უშუქო ბინაში ცხოვრობდა და, თუ ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას არ დაეთანხმებოდა, მოსარჩელე მას ელექტროენერგიას არ მიაწვდიდა.

24. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება შედავებული არ არის და არც რაიმე საპირისპირო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში კი სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს, როგორც მომხმარებელს, მოსარჩელისაგან (ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე მიმწოდებლისაგან) წარედგინა ელექტროენერგიის შესყიდვის არასამართლიანი სავაჭრო პირობა, რაც სხვა სუბიექტის მიერ მრავალი წლის განმავლობაში გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანების აღიარებასა და გადახდის ვალდებულების დაკისრებაში გამოიხატა. ამდენად, მოპასუხე საარსებოდ აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობის (ელექტროენერგიის) მიღების მიზნით, სახელშეკრულებო თავისუფლებისა და ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვით, არასამართლიან სავაჭრო პირობაზე – სხვისი ვალის აღიარებისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე დათანხმება მოუხდა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემადგენლობას გვაძლევს და, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია.

25. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, გარდა პალატის მიერ 4.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობისა, ბათილია ასევე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლებით და შესაბამისად, იგი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლებას ვერ წარმოშობს.

26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას, თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოპასუხე მხარემ აღიარა ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების შემდგომ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი და მოსარჩელის მიმართ ელექტროენერგიის მიმდინარე დავალიანების – 2947,47 ლარის ოდენობით არსებობა (იხ.: თბილისის სააპელაცო სასამართლოს 28.11.2016 წლის სხდომის ოქმი), რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გადანაწილებული დავალიანების – 5385,73 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე, ასევე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

30. სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა და არ შეაფასა სარჩელსა და ახსნა-განმარტებაში წარმოდგენილი საფუძვლიანი პრეტენზიები და არგუმენტები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არასწორად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

31. კასატორმა მიუთითა საქმეში არსებულ 2012 წლის 17 სექტემბრის განცხადება-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მიმართა კასატორს და მოითხოვა აბონენტის №--- ბარათზე არსებული დავალიანების გადანაწილება, იმ მოტივით, რომ ეს დავალიანება მოხმარებული იყო მის მიერ და წარადგინა პირადობის მოწმობა, რომლითაც დგინდებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მისი რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც №-- აბონენტის დავალიანება – 7515 ლარი გადანაწილდა 120 თვეზე, ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორციის – 62,63 ლარის ოდენობით.

32. აბონენტის №-- ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2012 წლის ოქტომბერში ხელშეკრულების დადების შემდგომ მის მიერ გადახდილ იქნა როგორც მიმდინარე დავალიანება, ასევე, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პორცია, რითაც მხარემ დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა (მოწმობა) და ამით დაკარგა შეცილების უფლება.

33. სსკ-ის 317-ე და 341-ე მუხლების, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კასატორმა განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლითაც ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის, ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე, შესრულების მოთხოვნა. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ განხორციელდა. შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. იგი იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული აღიარებისაგან, რომ იგი ხელახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. მოცემული ხელშეკრულების ნამდვილად მიჩნევისათვის აუცილებელია ნების გამოვლენიდან ნათლად იკვეთებოდეს, რომ ვალის ამღიარებელს გააჩნია კრედიტორის ვალი და ასეთი ნების გამოვლენა ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითებდეს ვალის არსებობაზე.

34. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მასსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ვალის აღიარებას. აღნიშნული ხელშეკრულებით მოწინააღმდეგე მხარემ იკისრა კასატორისათვის მის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, დადგინდა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ასევე, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, თანხის ოდენობა და შესრულების ვადა.

35. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას საჭირო იყო მესამე პირის (აბონენტის ან უძრავი ქონების მესაკუთრის) თანხმობა (მოწონება), ვინაიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით – მოწინააღმდეგე მხარის პირადობის მოწმობის ასლით და ცესკოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე 2000 წლიდან რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს კასატორის №--- სააბონენტო მისამართზე და წარმოადგენს კასატორის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებელს, რომელმაც კასატორთან განცხადებით მიმართვის საფუძველზე დადო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თუ რა ვალდებულება იკისრა.

36. კასატორმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 2012 წლის ოქტომბერში გადაიხადა როგორც მიმდინარე დავალიანება, ასევე, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პორცია, რითაც მხარემ დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა (მოწონება) და ამით მან დაკარგა შეცილების უფლება.

37. კასატორმა მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

38. კასატორმა ასევე იხელმძღვანელა ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, რომელთა მიხედვით პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის გადანაწილების ლიცენზიატს. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.

39. დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, კასატორმა განმარტა, რომ იგი ელექტროენერგიის მომხმარებლის განაცხადის გარეშე ვერ მოახდენდა რეგისტრირებული აბონენტის მონაცემებში ცვლილების შეტანას, შესაბამისად, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში მოპასუხეს მიეთითა, რომ მესაკუთრის ან ელექტროენერგიის მომხმარებელი პირის ცვლილებისა და ასეთის საჭიროების შემთხვევაში წარმოედგინა დოკუმენტები, რაზეც ხელშეკრულებაში ვადა მითითებული არ არის.

40. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ წარმოადგენდა მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებელს, კასატორი მაინც უფლებამოსილი იქნებოდა, მისთვის მოეთხოვა დავალიანების გადახდა სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ვალის გადაკისრება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოვალის შეცვლას და ვინაიდან, მისი პიროვნება, როგორც წესი, მნიშვნელოვანია კრედიტორისათვის, ამგვარი ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით. განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორის აზრით, იგი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

41. კასატორმა ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორმა დაარღვია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მიერ შესყიდვის ან გაყიდვის უსამართლო ფასების ან სხვა უსამართლო სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას, რადგან თვითონ მოწინააღმდეგე მხარემ მიმართა მას დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების მოთხოვნით.

42. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ მომხმარებლის მიერ არ არის გადახდილი ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

45. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადრე მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელი ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების – ვალის აღიარების კანონიერება. მიმდინარე დავალიანების – 2947,47 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

46. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტების შესაფასებლად მნიშვნელოვანია სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის დავალიანებაა – 5385,73 ლარი. მოპასუხე სადავო აბონენტი და გამრიცხველიანებული ბინის მესაკუთრე არ არის. დღესაც №--- აბონენტი სხვა პირის სახელზეა აღრიცხული, ასევე, სხვა პირია უძრავი ქონების მესაკუთრე.

48. საქმეში წარმოდგენილი №-- აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, რესტრუქტურიზებული დავალიანება დაგროვილია 13 წლის განმავლობაში და იგი მოიცავს 1999 წლის 21 სექტემბრიდან 2012 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდს.

49. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაგებელში მოპასუხემ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანებული ელექტროენერგიის მის მიერ მოხმარების ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ვალი აღიარა და დავალიანების გადანაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ გადანაწილების დროს 11 შვილთან ერთად უშუქო ბინაში ცხოვრობდა და, თუ ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას არ დაეთანხმებოდა, მოსარჩელე მას ელექტროენერგიას არ მიაწვდიდა.

50. მოსარჩელის მიერ არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება შედავებული არ არის და არც რაიმე საპირისპირო მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა.

51. საკასაციო სასამართლო მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მოხმობილ უნდა იქნეს სსკ-ის 54-ე მუხლი, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

52. ზემოთ მითითებული ნორმის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.

53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

54. ამდენად, გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება (სუსგ 1.03.2016წ. საქმე №ას-15-15-2016, 28.02.2018წ. საქმე №ას-28-25-2017, 10.11.2017წ. საქმე №ას-1106-1026-2017, 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014).

55. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტის მომხმარებელია, სადავო გარიგების დადებისას არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაუხდელი ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვია, კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ ოჯახთან ერთად დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა (სუსგ 29.06.2018წ. საქმე №ას-641-641-2018).

56. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2012 წლამდე დავალიანების აღიარების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს არა მერყევად ბათილ გარიგებას, როგორც ეს სააპელაციო პალატამ შეაფასა, არამედ ამგვარი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგება უცილოდ ბათილია, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება.

57. ამდენად, სადავო რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება მართებულად იქნა ცნობილი ბათილ გარიგებად, რომელიც მოპასუხის მხრიდან შეცილებას არ საჭიროებდა. აღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ მოპასუხემ არა მხოლოდ აღიარა სადავო დავალიანება, არამედ დაიწყო მისი გადახდა, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა და შეცილების უფლება დაკარგა.

58. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის მოსაზრება ვერც სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალის გადაკისრების თაობაზეც. კანონის მითითებული დანაწესი სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმად ვერ შეფასდება, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაში საუბარია მოვალის ვალდებულებების მესამე პირისათვის გადაცემაზე. განსახილველ დავაში კი მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობა არ არსებობს.

59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით წინამდებარე დავის მიმართ სწორი სამართლებრივი შედეგი დადგინდა, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძვლის არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი