Facebook Twitter

საქმე №ას-1558-1478-2017 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ–ი-ე-ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოპასუხეები ძირითად სარჩელზე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ზ. მ–ი, ა. ე-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შენობის უმკვიდროდ ცნობა, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა (ძირითადი სარჩელი), საცხოვრებელი სადგომის თანამესაკუთრედ ცნობა (მესამე პირის დამოუკიდებელ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. ზ-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ზ. მ–ისა და ა. ე-ას (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა ნ. ს-ისა და ტ. კ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომის (დამხმარე შენობა-ნაგებობა ლიტერ „ბ“ ანუ №-- 7.02 კვ.მ ფართის შენობა) და ე. გ-ას სახელზე აღრიცხული (ლიტერ „ვ“ – №-- 6.09 კვ.მ ფართის) შენობის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხებოდა რამდენიმე თანამესაკუთრის სახელზე. აღნიშნული ქონება მოსარჩელის მამამ შეიძინა გასული საუკუნის 60-იან წლებში. მოსარჩელე წლების მანძილზე ფლობს საცხოვრებელ სადგომს და იხდის გადასახადებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხე სსიპ-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე პირი.

მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა:

4. გ. ტ–ი-ე-ემ (შემდგომში – მესამე პირი) დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა მოსარჩელის, მ. ზ-ისა და მოპასუხე სსიპ-ს მიმართ და მოითხოვა, ნ. ს-ის და ტ. კ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი (დამხმარე შენობა ლიტერ „ბ“, №-- 7.02 კვ.მ შენობა) და ე. გ-ას სახელზე აღრიცხული შენობა (ლიტერ „ვ“ №-- შენობა, 6.09 კვ.მ) ცნობილ იქნეს უმკვიდროდ და საკუთრებაში გადაეცეს მესამე პირს უსასყიდლოდ. მანვე მოითხოვა მოსარჩელის სახელზე იმავე მისამართზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

5. მესამე პირის განმარტებით, მოსარჩელის სახელზე აღრიცხული ქონება ამ უკანასკნელმა მიიღო როგორც ხ. ზ-ის უფლებამონაცვლემ. სადავო უძრავი ნივთი შეიძინეს ხ. და ქ. ზ-ებმა. მესამე პირი ქ. ზ-ის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრეა. მან მიიღო დედის სამკვიდრო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც მესამე პირმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მესამე პირის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. ს-ის და ტ. კ-ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი (დამხმარე შენობა-ნაგებობა ლიტერ „ბ“, №-- 7.02 კვ.მ შენობა), ასევე, ე. გ-ას სახელზე აღრიცხული ლიტერ „ვ“, №---- 6.09 კვ.მ შენობა ცნობილ იქნა უმკვიდროდ და მისი 5/8 ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე ქონების 3/8 ნაწილი კი უსასყიდლოდ გადაეცა მესამე პირს, მესამე პირი ცნობილ იქნა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების 3/8 ნაწილის მესაკუთრედ შემდეგ გარემოებათა გამო:

8. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი ქ.თბილისში, ს-იის ქ. №---ში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. ს-ის, ე. გ-ას, პ. ბ-ის და ტ. კ-ის სახელზე.

9. საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ნ. ს-ი გარდაცვლილია 2012 წლის 7 სექტემბერს, ტ. კ-ი – 2012 წლის 7 სექტემბერს, ე. გ-ა – 2012 წლის 7 სექტემბერს, პ. ბ-ი – 1958 წლის 29 ნოემბერს.

10. 1959 წლის 12 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 1958 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი პ. ბ-ის მემკვიდრეს წარმოადგენს ა. ე-ა, რომელსაც, სადავო სამართალწარმოებიდან გამომდინარე, გზავნილები ბარდებოდა საჯარო შეტყობინების გზით.

11. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ტ. კ-ის, ე. გ-ას და ნ. ს-ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

12. ხ. ზ-ი და ქ. ტ–ი (ქორწინების შემდეგ ზ-ი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1962 წლის 16 ოქტომბრიდან.

13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ხ. და ქ. ზ-ები წარმოადგენდნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლეებს, ამასთან, უდავოა ის გარემოებაც, რომ მითითებულმა პირებმა სადავო ქონებაზე სარგებლობის უფლება მოიპოვეს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და ეკუთვნოდათ მათ თანასაკუთრების უფლებით (სამოქალაქო მოდექსის 1158-ე მუხლი).

14. გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ხ. ზ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 2 ივლისს, ქ. ზ-ი – 2011 წლის 3 ივნისს.

15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1957 წლის 23 ივლისს დაბადებული მესამე პირი არის ქ. ტ–ის (შემდეგში ზ-ის) ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო 1963 წლის 25 მარტს დაბადებული მოსარჩელე – ხ. ზ-ისა და ქ. ზ-ის (ტ–ის) საერთო შვილი.

16. მხარეები არ დავობენ, რომ ხ. ზ-ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე – ქ. ზ-ი (მეუღლე) და მოსარჩელე (ვაჟიშვილი).

17. 2013 წლის 31 ივლისს მესამე პირის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მან მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება. უდავოა ის ფაქტიც, რომ ეს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს მოსარჩელესაც. ამდენად, ქ. ზ-ის სამკვიდროზე თანაბარწილად დარჩა ორი მემკვიდრე – მოსარჩელე და მესამე პირი (სსკ-ის 1328-ე მუხლი და 1336-ე მუხლის პირველი ნაწილი).

18. სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, 1975 წლის 17 იანვრიდან – მესამე პირი, ხოლო 1990 წლის 4 მაისიდან – მოსარჩელე რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. აქვე ირიცხებოდნენ ხ. და ქ. ზ-ები, რომლებიც იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს.

19. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მეუღლეები წარმოადგენდნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლეებს (კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო, მათი მემკვიდრეები – მოსარჩელე და მესამე პირი არიან მათი უფლებამონაცვლეები, შესაბამისად, 5/8 და 3/8 ნაწილებში.

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა არსებობს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის თავდაპირველი თანამოსარგებლის – ხ. ზ-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო სადავო უფლების 1/2 ნაწილზე, რომელიც თანაბარწილად მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა – მეუღლემ და ვაჟმა (სსკ-ის 1421-ე მუხლი). შესაბამისად, მისი მეუღლე გარდაცვალების მომეტისთვის იყო სადავო უფლების 3/4 წილის მესაკუთრე, ხოლო 1/4 ეკუთვნოდა მოსარჩელეს. თავის მხრივ, ქ. ზ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი წილი თანაბარწილად მიიღეს მოსარჩელემ და მესამე პირმა (თითოეულმა – 3/8). ამდენად, ამ უკანასკნელებზე გადავიდა ის უფლება-მოვალეობები, რაც სადავო საცხოვრებელ სადგომზე გააჩნდათ თავდაპირველ მოსარგებლეებს შემდეგი წილობრივი მონაცემებით: მოსარჩელე – 5/8, მესამე პირი – 3/8.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებისა და 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინების საფუძველზე დგინდება, რომ ზემოაღნიშნული მოსარგებლის უფლების რეალიზება სრულად მოახდინა მოსარჩელემ. მითითებული სასამართლო აქტების საფუძველზე, მოსარჩელე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სადავო იმ შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, რომლებზეც სარგებლობის უფლება გააჩნდათ მის გარდაცვლილ მშობლებს.

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დადგენილია, რომ მესამე პირის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზემოთ მითითებული სასამართლო აქტები იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ნ. ს-ის, ტ. კ-ის და ე. გ-ას სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდა.

24. საქმის მასალებითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განახლებული სამართალწარმოების ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი. მისი მოთხოვნები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მას, როგორც თავდაპირველი მოსარგებლე ქ. ზ-ის (ტ-ის) მემკვიდრეს, მოსარჩელესთან ერთად, თანაბარწილად ეკუთვნოდა სადავო ქონების ის ნაწილი, რაც ამ უკანასკნელის სახელზე იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება №-- და №-- შენობა-ნაგებობებს, ამ ნაწილში იგი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მას ამ ნაგებობზე სარგებლობის უფლება დათმობილი ჰქონდა მშობლებისაგან ჯერ კიდევ 1992 წელს, შესაბამისად, მიიჩნევდა, რომ ამ ნაგებობებზე მას სრულად და დამოუკიდებლად უნდა მოეხდინა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მოსარგებლის უფლების რეალიზება.

25. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მესამე პირმა ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას მშობლებისგან ჯერ კიდევ 1992 წელს გადაეცა №-- და №-- შენობა-ნაგებობებზე სარგებლობის უფლება, რის გამოც ამ ნაგებობებზე სრულად და დამოუკიდებლად უნდა მოეხდინა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოსარგებლის უფლების რეალიზება. ამდენად, ამ ნაგებობების ნაწილშიც მისი უფლება რეალიზებადია ქ. ზ-ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 3/8 ნაწილში.

26. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-9 მუხლებით და საქმეში არსებული მასალებით დაადგინა, რომ №-- და №-- შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები – ნ. ს-ი, ტ. კ-ი და ე. გ-ა გარდაიცვალნენ 2012 წლის 7 სექტემბერს. მათ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეებს არ მიუღიათ და არც სამკვიდრო მოწმობის გასაცემად მიუმართავთ ნოტარიუსისათვის. ამდენად, არცერთ მემკვიდრეს სამკვიდრო არ მიუღია, რის გამოც ნ. ს-ის, ტ. კ-ისა და ე. გ-ას სახელზე აღრიცხული სადავო ქონება ცნობილ უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეთ მოსარჩელეს – 5/8 წილით, ხოლო მესამე პირს – 3/ 8 წილის ოდენობით.

27. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდრო აქტივში შედის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე სარგებლობის უფლებაც.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს შეცდომით მიაკუთვნა სადავო უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორს საკუთრებაში გადაეცა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი არ დამდგარა. შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, რამდენადაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების (გარდა №-- და №-- შენობა-ნაგებობებისა) კასატორისათვის მიკუთვნების თაობაზე კანონიერ ძალაშია.

30. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მისთვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მხოლოდ №-- და №-- შენობა-ნაგებობების ნაწილში, რაც არაერთხელ დაზუსტდა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა, აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე თავის დროზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით უარი თქვა.

31. კასატორმა მიიჩნია, რომ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან 3/8 ნაწილის მოწინააღმდეგე მხარისათვის მიკუთვნება წარმოადგენს უხეშ კანონდარღვევას.

32. კასატორმა აღნიშნა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო სადავო შენობა-ნაგებობების (№--, №-- შენობების) ნაწილში, საქმის ხელახალი განხილვისას გამოიკვეთა გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ მან სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით, თუნდაც მოწმეთა ჩვენებით, მკაფიოდ ვერ დაადასტურა, რომ სადავო შენობა-ნაგებობების კანონიერი მოსარგებლის სტატუსი გააჩნდა, ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის მემკვიდრეობა, სწორედ ის და არა მოსარჩელე დაეუფლა სადავო ფართს.

33. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ქ. ზ-ის მიერ მეუღლის სამკვიდროს მიღების ფაქტი. მხოლოდ მესამე პირის მიერ წარდგენილი სამკვიდრო მოწმობა საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს შესაბამისი უფლებების წარმოშობისათვის.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მოსარჩელის სახელზე რიცხული სადავო სახლთმფლობელობის 3/8 წილის მესამე პირისათვის მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივად სწორად კვალიფიცირებისათვის მეტად მნიშვნელოვანია საქმეზე არსებითი ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენა და შეფასება.

37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

38. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გ. ზ-ის, ზ. მ-ის და მ. ზ-ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება ქ.თბილისში, ს-იის ქ.№--ში.

39. თბილისის საქალაქო სასამართლო 2013 წლის 19 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და 9 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე მოსარჩელის სახელზე აღირიცხა ლიტერ „ე-ში“ მდებარე №- შენობაში განთავსებული 75.89 კვ.მ-ს ½ საცხოვრებლი ფართი, დამხმარე ნაგებობები – ლიტერ „ბ“,№-- შენობაში 7.02 კვ.მ-ის ½ ნაწილი, ლიტერ „ს“,№- შენობა 10.41 კვ.მ ½ ნაწილი, ასევე, ლიტერ „ვ“№-- შენობა 6.09 კვ.მ ½ ნაწილი.

40. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის განცხადების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება განახლდა და გაუქმდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ზ-ს საკუთრებაში გადაეცა შენობა-ნაგებობა №-- და №--.

41. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი ქ.თბილისში, ს-იის ქ.№---ში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. ს-ის, ე. გ-ას, პ. ბ-ის და ტ. კ-ის სახელზე.

42. საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ნ. ს-ი გარდაცვლილია 2012 წლის 7 სექტემბერს, ტ. კ-ი – 2012 წლის 7 სექტემბერს, ე. გ-ა – 2012 წლის 7 სექტემბერს, პ. ბ-ი – 1958 წლის 29 ნოემბერს.

43. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ პირთა დანაშთი ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ და ამ ფაქტთან დაკავშირებით არც მხარეები არ დავობენ.

44. ასევე, უდავოდაა დადგენილი, რომ ხ. და ქ. ზ-ები წარმოადგენდნენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ქ.თბილისში, ს-იის ქ.№----ში მდებარე ფართი მოსარგებლეებს. მათ სადავო ქონებაზე სარგებლობის უფლება მოიპოვეს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.

45. ხ. ზ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 2 ივლისს, ქ. ზ-ი კი – 2011 წლის 3 ივნისს.

46. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1957 წლის 23 ივლისს დაბადებული მესამე პირი ქ. ტ–ის (შემდეგში ზ-ის) ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან, ხოლო 1963 წლის 25 მარტს დაბადებული მოსარჩელე – ხ. ზ-ისა და ქ. ზ-ის (ტ–ის) საერთო შვილი.

47. ხ. ზ-ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე – ქ. ზ-ი (მეუღლე) და მოსარჩელე (ვაჟიშვილი).

48. 2013 წლის 31 ივლისს მესამე პირის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მან მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება.

49. სააპელაციო სასანართლომ დაადგინა, რომ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო მოსარჩელემაც. ამდენად, ქ. ზ-ის სამკვიდროზე თანაბარწილად დარჩა ორი მემკვიდრე – მოსარჩელე და მესამე პირი.

50. სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული ცნობების თანახმად, 1975 წლის 17 იანვრიდან – მესამე პირი, ხოლო 1990 წლის 4 მაისიდან – მოსარჩელე რეგისტრირებულია სადავო მისამართზე. აქვე ირიცხებოდნენ ხ. და ქ. ზ-ები, რომლებიც იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს.

51. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიაკუთვნა მესამე პირს ქ.თბილისში, ს-იის ქ.№---ში მდებარე სახლთმფლობელობის 3/8 ნაწილი, ვინაიდან მესამე პირის მოთხოვნით საქმის წარმოება განახლდა დასახელებულ მისამართზე მდებარე მხოლოდ №---- და №---- შენობა-ნაგებობების მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

52. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხარეთათვის ქ.თბილისში, ს-იის ქ.№---ში მდებარე სახლთმფლობელობის მხოლოდ ნაწილის, კერძოდ, №-- და №---- შენობა-ნაგებობების მიკუთვნების თაობაზე, ვინაიდან სადავო უმკვიდრო ქონების დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით უკვე არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოთ დასახელებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება მესამე პირის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების მხოლოდ №---- და №---- შენობა-ნაგებობების ნაწილში განახლების შესახებ, მესამე პირს არ გაუსაჩივრებია და ამავე სახით შესულია კანონიერ ძალაში.

54. სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

55. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ისეთი საკითხი, რომელზეც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.

56. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით უკვე მოწესრიგდა სადავო უძრავი ნივთის ძირითადი ნაწილის კუთვნილების საკითხი და საქმის წარმოება განახლდა მხოლოდ კონკრეტულ დასახელებულ ფართზე. სააპელაციო პალატამ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეაფასა და სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის საფუძველზე მესამე პირს მიაკუთვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დარეგულირებული ფართის ნაწილიც – ქ.თბილისში, ს-იის ქ.№---ში მდებარე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მთლიანი ქონების 3/8.

57. სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

58. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ მოცულობით, რაც მისი განხილვის სფეროს აღემატებოდა, შესაბამისად, დაუშვა იმგვარი საპროცესო დარღვევა, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა შედეგად.

59. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა გამოკვლევისა და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საჭიროება არ დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი უნდა გაუქმდეს და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით უარი ეთქვას მესამე პირის მოთხოვნას ქ.თბილისში, ს-იის ქ.№---ში მდებარე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ქონების 3/8-ის მიკუთვნებაზე. დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

62. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მესამე პირს არ გააჩნდა სადავო ქონებაზე უფლება, რადგან მან ვერ დაადასტურა დედის სამკვიდროს მიღების ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირმა დედის სამკვიდროს მიღება დაადასტურა სამკვიდრო მოწმობის წარდგენით, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებაა, რომელზეც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი, რომლითაც გ. ტ–ი-ე-ე ცნობილ იქნა გ. ზ-ის სახელზე რეგისტრირებული ქ. თბილისში, ს--იის ქ. №----ში მდებარე ს/კ №-- უძრავი ქონების 3/8 ნაწილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გ. ტ–ი-ე-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ზ-ის სახელზე რეგისტრირებული ქ. თბილისში, ს--იის ქ. №----ში მდებარე ს/კ №--- უძრავი ქონების 3/8 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი