Facebook Twitter

ბს-1085-664(კს-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმართ და მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს დაუბრუნდა სადავო ავტომანქანა “ზილ -130", ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი და მესამე პირის _ შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სარჩელი და მესამე პრის _ შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარი სამმართველოს სარჩელი სადავო ავტომანქანაზე სს “ს." გაკოტრების მმართველსა და ვლია ჩ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დუშეთის რ-ნის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურმა და შს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005 წლის 21 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ მას წარმოდგენილი საქმის მთლიანი მოცულობით განხილის უფლებამოსილება არ გააჩნდა, ვინაიდან საქმე ორ დამოუკიდებელ მოთხოვნას მოიცავდა, რომელთაგან ერთი ხანძარსაწინააღდეგო სამსახურის მიერ ქონების დაბრუნებას შეეხაბოდა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების წესით უნდა განხილულიყო და, მეორე, ვ. ჩ-სა და სს “ს." გაკოტრების მმართველს შორის არსებული დავა ავტომანქანა “ზილ-130-ის" თაობაზე დადებული ხელშEკრულების ბათილად ცნობის თაობაზე კერძო სამართლებრივი ხასიათის იყო და იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალკე წარმოებად უნდა გამოყოფილიყო ადმინისტრაციული დავა ქონებნის დაბრუნების თაობაზე და იგი სამოქალაქო საქმისწარმოების დასრულებამდე უნდა შეჩერებულიყო. ამავე განჩინებით სასამართლომ საქმე განსჯადობით განსახილველად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას გადაუგზავნა.

ხსენებული განჩინება ვ. ჩ-ის წარმომადგენელმა ი. ჩ-მა კერძო საჩივრით გაასაჩვირა და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ გამიჯნული ორი დამოუკიდებელი მოთხოვნა ერთმანეთთან არავთარ სამართლებრივ კავშირში არ იმყოფებოდა და სამოქალაქო საპროცესო კოპდექსის 279-ე მუხლის “დ" პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი საქმის წარმოების შეჩერებისა არ არსებობდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2005 წლის 5 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი იმავე საფუძვლებით არ დააკმაყოფილა და იგი საქმს მასალებთან ერთად უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაუგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასმართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვ. ჩ-ის წარმომადგენლის, ი. ჩ-ის, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვ. ჩ-ი სარჩელის საგანს მისთვის სახელფასო დავალიანების აგარიშში გადაცემული ავტომანქანა “ზილ-130-ის" დუშეთის ხანზარსაწნააღმდეგო რაზმის უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვა წარმოადგენდა, დუშეთის რ-ნის ხანზარსაწინააღმდეგო სამსახური კი შეგებებული სარჩელით “ს." ვ. ჩ-ისათვის სადავო ავრომანქანის მიყიდვას არაკანონიერად მიიჩნევდა და მხარეებს შორის გაფორმებული ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო აღიარებას მოითხოვდა. დამოუკიდებელი სარჩელი საქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო მთავარმა სამმართველომაც წარმოადგინა და “ს." გაკოტრების მმართველსა და ვ. ჩ-ს შორის ავტომანქანა “ზილ-130-ის" თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი საქმე თავისი შინაარსით დამოუკიდებელი ხასიათის მქონე ორ სარჩელს აერთიანებს, პირველი, რომელიც დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას ეხება, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და, მეორე, რომელიც ვ. ჩ-სა და “ს." გაკოტრების მმართველს შორის ავტომანქანის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება. ვინაიდან ეს უკანასკნელი კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე საქმეა, იგი უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად შესაბამის სასამართლოს დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს სამოქალაქო საქმის განხილვამდე და მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება თუ მისი განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის საართლის ან ადმინისტრაციული წესით. ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერებისას მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელის საგნები ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლისა და სამართლებრივი ურთიერთOბიდან გამომდინარეობენ, ვინაიდან, თუ ბათილად იქნა ცნობილი ვ. ჩ-ისა და “ს." გაკოტრების მმართველს შორის ავტომანქანის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაბამისად, საფუძველს მოკლებული გახდა ვ. ჩ-ის სარჩელი სადაო ავტომანქანის დუშეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უკანონო მფლობელობდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები, საქმის წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ჩ-ის წარმომადგენლის, ი. ჩ-ის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელდ დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 205 წლის 21 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.