№ა-1299ა-4-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) – კ.პ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ლ.გ.“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით კ.პ–ს სარჩელის მოპასუხე შპს „ლ.გ.“ მიმართ ზიანის - 4817.46 ლარის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ.გ.“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილი იქნა.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.პ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით კ.პ–ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. 2017 წლის 30 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების უკანასკნელ დღეს წარმოადგენდა 2017 წლის 20 იანვარი, საკასაციო საჩივარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, ელექტრონული წესით, კერძოდ, გადაგზავნილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე 20.01.2017 წელს 21:48 საათზე. გზავნილის ჩაბარება დაფიქსირდა იმავე დღეს. ამდენად, საჩივრის წარდგენა განხორციელდა კანონით დადგენილი 21 დღიანი გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს. კომუნიკაციის აღნიშნული ხერხი გათვალისწინებული და მიღებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში წარდგენილად ჩაითვალოს საკასაციო საჩივარი და განახლდეს საქმის წარმოება.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით კ.პ–ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საქმის წარმოება, კ.პ–ს სარჩელის გამო, შპს „ლ.გ.“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა განახლდეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კ.პ–ს საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.
10. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
11. მოცემულ შემთხვევაში, კ.პ–ს მიერ წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის წამყვანი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კ.პ–ს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონული ფოსტის (tbappeal@court.ge) მისამართზე შესულია 2017 წლის 20 იანვარს, 10:47PM საათზე. აღნიშნული ცნობის თანახმად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შესულია სამუშაო საათების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების მიერ იგი დარეგისტრირდა მომდევნო სამუშაო დღეს, 2017 წლის 23 იანვარს. ცნობას ერთვის მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. ს.ფ. 103-104, ტ.2).
12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ცნობა წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება რომ საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი, კერძოდ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2017 წლის 20 იანვარს, საკასაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე - 2017 წლის 20 იანვარს, 10:47 საათზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ.პ–ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.პ–ს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი