Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი,

№ას-478-459-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „კ.პ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ნასესხები თანხის ოდენობის შემცირება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 20 სექტემბერს შპს „კ.პ–სა“ (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და მ.დ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, მოვალე, მსესხებელი, აპელანტი ან კასატორი) წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 14-17) , შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 12 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - სამი თვე, 2013 წლის 20 დეკემბერი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - #1 შენობა, საერთო ფართით 472.02 კვ.მ, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი). ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს - გადასახდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. მოვალემ გადაიხადა სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სამის თვის სარგებელი.

3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 9 იანვარს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 20-21). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო 36.00 აშშ დოლარით (0,3%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 20 მარტიდან აღსრულებამდე, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125.54 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

5. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

6. 2015 წლის 11 თებერვალს, მოვალემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ ნოტარიუსის მიერ გაცემულ #150013519 სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის 2800 აშშ დოლარით შემცირებისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

6.1. მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 20 სექტემბერს მოპასუხემ ასესხა 12000 აშშ დოლარი, სამი თვით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვის პირობით; მან სრულად გადაიხადა სამივე თვის სარგებელი; ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომაც გააგრძელა გადახდა და, საერთო ჯამში, მოპასუხეს გადაუხადა 2800 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს ნასესხებ თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი კი, არ არსებობდა.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის ათვლა 2014 წლის 20 მარტიდან არ ადასტურებს 2013 წლის 20 დეკემბრის შემდგომ მოვალის მიერ გარკვეული თანხის გადახდას. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იგი გრძელდება ვალდებულების მთლიან შესრულებამდე.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.1. სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ნასესხები თანხის, 12 000 აშშ დოლარის, 2800 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

1.2. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 9 იანვარს გაცემულ #150013519 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3%-დან შემცირდა 0.05%-მდე.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623ე, 624-ე, 625-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.

9.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ გადაიხადა სამი თვის სარგებელი, რაც შეეხება სესხის ძირითად თანხას, 12 000 აშშ დოლარს, მას არც დადგენილ სამთვიან ვადაში და არც შემდგომ არ დაუბრუნებია.

9.2. საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოვალემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან 2013 წლის 20 დეკემბრის შემდეგ კრედიტორს გადაუხადა 2800 აშშ დოლარი. ამდენად, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა გამსესხებლისათვის არ დაუბრუნებია.

9.3. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტა, იმისათვის, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთი მხარეს არ დაეკისროს, რაც თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს, სასამართლოს, მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსების მიზნით, შეუძლია, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, ვალდებულების შესრულების ყოველი დღის გადაცილებისათვის მსესხებელს დაეკისროს გადაუხდელი თანხის 0.05% (დღეში 6 აშშ დოლარი).

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სესხის ძირითადი თანხის, 2800 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

10.1. აპელანტის მტკიცებით, სადავო სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მას პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა არა 2013 წლის 20 დეკემბრიდან, არამედ - 2014 წლის 20 მარტიდან, რაც სწორედ იმ გარემოებაზე მეტყველებს, რომ იგი აგრძელებდა გადახდას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც და, საერთო ჯამში, კრედიტორს გადაუხადა 2800 აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს თანხა უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) და დამატებით აღნიშნა, რომ კრედიტორის მოთხოვნა - პირგასამტეხლო დაეკისროს მოვალეს 2014 წლის 20 მარტიდან, არ ადასტურებდა 2013 წლის 20 დეკემბრის შემდგომ მოვალის მიერ გარკვეული თანხის გადახდას. ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს მხოლოდ კრედიტორის მიერ სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის მიღების შესახებ წერილობითი დოკუმენტით, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება და მითითება პირგასამტეხლოს დარიცხვის საწყის მომენტზე საკმარისი არ იყო სადავო ფაქტობრივი გარემოების (2800 აშშ დოლარის გადახდის) დასადასტურებლად. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული სასესხო ვალდებულება, რის გამოც არ არსებობდა სადავო სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული, სესხის ძირითადი თანხის (12000 აშშ დოლარის) 2800 აშშ დოლარით შემცირების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

12.1. კასატორმა სააპელაციო საჩივრის იდენტურ პრეტენზიებზე მიუთითა (წინამდებარე განჩინების 10.1 პუნქტი) და აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დასაბუთება 2800 აშშ დოლარის ზედმეტად გადახდის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორს აღსრულება უნდა დაეწყო 2013 წლის 20 დეკემბრიდან და არა 2014 წლის 20 მარტიდან.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან, მათ საპირისპოროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის 2800 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არაა (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

19. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), მუხლი.

20. კასატორის ძირითადი პრეტენზია, ისაა, რომ პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა არა 2013 წლის 20 დეკემბრიდან, არამედ - 2014 წლის 20 მარტიდან, რაც სწორედ იმ გარემოებაზე მეტყველებს, რომ იგი აგრძელებდა გადახდას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც და, საერთო ჯამში, კრედიტორს გადაუხადა 2800 აშშ დოლარი. შესაბამისად, ეს თანხა უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში.

20.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ: სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით.

20.2. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ/მოვალე/კასატორი სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 2800 აშშ დოლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. ამგვარ მტკიცებულებად კი, ვერ შეფასდება მხოლოდ მოვალის ზეპირი განმარტება და პირგასამტეხლოს დარიცხვის საწყის მომენტზე მითითება.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, მტკიცებულება, რის გარეშეც მის მოთხოვნას დაკმაყოფილების პერსპექტივა არ გააჩნია.

22. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 9.3. პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მართებულად გამოიყენეს ამავე კოდექსის 420-ე მუხლი.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014; #ას-1452-1372-2017, 26.01.2018;).

24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი